წვდომის მენიუ

შპს ,,Voxbone“-სთვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 102 / 24

გამოქვეყნების თარიღი მარტი 14, 2018 10:07

მიღების თარიღი თებერვალი 22, 2018

შპს ,,Voxbone“-სთვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ  

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია") აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებებით მიმართა შპს ”Voxbone”-მა  (კომისიაში რეგისტრაციის №(შ-8/5158-17, 11/07/2017) 1000 სააბონენტო ნომერზე ქ. თბილისში ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილო­ბების იდენტიფიცირებისათვის, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”Voxbone”  წარმოადგენს ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

B.F.1. ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება:

ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;

საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;

საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;

B.F.5. სხვა ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურება:

სხვა ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურება.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე  მუხლის  შესაბამისად, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა გაიცემა კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით; ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა გაიცემა მხოლოდ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული საქმიანობის განსახორციელებლად, უვადოდ, ყოველწლიური განახლებით. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებელი იხდის „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილ სანებართვო მოსაკრებელს და „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ შესაბამისად განსაზღვრულ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურს.

,,სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 30-ე პუნქტის თანახმად, დადგენილია ნუმერაციის რესურსით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებელი, რომელიც ერთ ნებართვაზე შეადგენს 100 ლარს და ირიცხება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში.

კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტისა და მე-8 მუხლის ა)ქვეპუნქტის შესაბამისად, ნებართვა გაიცემა -  გეოგრაფიული  ნომრებზე და  მისი გამოყენება შესაძლებელია ერთი ნუმერაციის ზონის ფარგლებში; ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასური ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილო­ბების იდენტიფიცირებისათვის შეადგენს - 0,10 ლარს - 1 სააბონენტო ნომერზე;

კომისიამ, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შეისწავლა შპს ”Voxbone”-ის მიერ წარმოდგენილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობა  კომისიის  2012 წლის 21  თებერვლის  №2  დადგენილებით  დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-3 მუხლის მოთხოვნებთან და აღნიშნავს, რომ შპს ”Voxbone”-ის მიერ წარმოდგენილი განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია აკმაყოფილებს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემისთვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს; კერძოდ, შპს ”Voxbone”-ის  მიერ კომისიაში წარმოდგენილია სანებართვო განცხადება, ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებლის - 100 ლარის და რესურსით სარგებლობის საფასურის - 100 ლარის (0,10 ლარი 1 სააბონენტო ნომერზე) საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი საბუთები.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ შპს ”Voxbone” არ ფლობს ნუმერაციის რესურსს ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილო­ბების იდენტიფიცირებისათვის ქ. თბილისში შესაბამისად, მასზე ვერ გავრცელდება კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის N2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნქტით დადგენილი შეზღუდვა გაცემული ნუმერაციის რესურსის საერთო ოდენობის 75%-ის ათვისებასთან დაკავშირებით.

 კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 21 პუნქტის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია ვალდებულია ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 14 დღით ადრე უზრუნველყოს ელექტრონული კომუნიკაციის და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების რეალურ დროში მოპოვების, ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირების ტექნიკური შესაძლებლობების, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის საინფორმაციო-ტექნოლოგიური და სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის ტექნიკური მახასიათებლების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობა და ამ ინფორმაციის კომისიისთვის მიწოდება, ხოლო მობილური საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურებაზე ავტორიზებულმა პირმა აგრეთვე უნდა უზრუნველყოს გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის, მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის აქტივაციის დაფიქსირების ტექნიკური შესაძლებლობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობა და ამ ინფორმაციის კომისიისთვის მოწოდება.

კომისია აღნიშნავს, რომ 2018 წლის 22 თებერვლის სხდომას ესწრებოდა კომპანიის წარმოადგენელი ნათია ოთარაძე. სხდომაზე აღინიშნა, რომ კომპანია ავტორიზებულია 2009 წლიდან თუმცა დღემდე არ არის რეგისტრირებული საგადასახადო აღრიცხვის ერთიან რეესტრში. სხდომაზე დაფიქსირებულ იქნა კომისიის წევრ მერაბ ქათამაძის განსხვავებული აზრი, რომელმაც აღნიშნა, რომ  შპს „Voxbone“-ს დღემდე არ წარმოუდგენია ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი ამონაწერი რეესტრიდან ან საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობა. კერძოდ, ზემოაღნიშნული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად ავტორიზაციის დეკლარაციაში მითითებული უნდა იყოს:

„ა) ინდივიდუალური მეწარმისათვის – სახელი, გვარი, დაბადების ადგილი და თარიღი, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები,სამუშაო და საცხოვრებელი ადგილების მისამართები;

ბ) იურიდიული პირისათვის – საფირმო სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი (ადგილსამყოფელი), მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი”.

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრი განმარტებულია „საქართველოს კანონში საჯარო რეესტრის შესახებ“  თავი IV1 :

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრი

მუხლი 20 1 . მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის წარმოების პრინციპები

1. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სუბიექტების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ასევე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემები.

2. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში სუბიექტის რეგისტრაციის საფუძვლები და რეესტრის წარმოების წესი განისაზღვრება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით. რეგისტრაციის დამატებითი პირობები განისაზღვრება „მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი“.

ზემოაღნიშნული ინსტრუქცია „მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ შემდეგნაირად განსაზღვრავს ამონაწერთან დაკავშირებულ დამატებით პირობას: მუხლი 7. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან

პუნქტი 10. ამონაწერს აქვს იგივე იურიდიული ძალა, რაც საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობას“.

აღნიშნული სამი დოკუმენტი ერთობლივად ადგენს, რომ ავტორიზაციის დეკლარაციაში მითითებული უნდა იყოს:

  • ან ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.
  • ან საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობა.
  • მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრი არის მხოლოდ და მხოლოდ საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონში ცალკე თავად გამოყოფილი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრი.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის უწყებრივი რეესტრში Voxbone-ის რეგისტრაციის ორგანოდ მითითებულია „ბელგიის ოფიციალური ბიულეტენი”. მსგავსი ინტერპრეტაცია კანონსაწინააღმდეგოა. ამასთანავე ეს ინტერპრეტაცია საშუალებას აძლევს უცხოეთში რეგისტრირებულ პირს, გამოიყენოს საქართველოს სახელმწიფოს კუთვნილი რესურსი ისე, რომ სამეწარმეო საქმიანობისაგან მიღებული შემოსავლები აარიდოს საქართველოს საგადასახადო სისტემას და არ მოახდინოს არავითარი ანგარიშსწორება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტთან. მსგავს პრაქტიკას აქვს კიდევ ერთი ნეგატიური შედეგი: იგი დისკრიმინაციულია საქართველოში რეგისტრირებული კომპანიების მიმართ.

ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე კომისიის წევრმა მერაბ ქათამაძემ მხარი არ დაუჭირა შპს ,,Voxbone“-სთვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემის საკითხს.

კომისიის თავმჯდომარემ გაიზიარა ბატონი მერაბის პოზიცია და აღნიშნა, რომ  უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი კომპანიები, რომლებიც საქართველოში ახორციელებენ ეკონომიკურ საქმიანობას, გადასახადის გადახდის მიზნით, ვალდებულნი არიან აღირიცხონ გადასახადის გადამხდელად საგადასახადო აღრიცხვის ერთიან რეესტრში და აიღონ საიდენტიფიკაციო ნომერი. ამავე დროს კომისიის თავმჯდომარემ გაიზიარა კომისიის წევრის ბატონ ვახტანგ აბაშიძის პოზიციაც იმის თაობაზე, რომ კომისიის  მიდგომა და პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით წერილობითაც ეცნობოს შპს ,,Voxbone“-ს .

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის,  ,,სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 30-ე პუნქტის და კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით, სამი ხმა ერთის წინააღმდეგ (მომხრე კომისიის წევრები: კახი ბექაური, ვახტანგ აბაშიძე, გიორგი ფრუიძე, წინააღმდეგი,  კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე):

გ ა დ ა წ ყ  ვ ი ტ ა:

1.  მიეცეს შპს ”Voxbone”-ს  ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N421 ნებართვა და განესაზღვროს შემდეგი სანებართვო პირობები:

ა) ნუმერაციის რესურსი: 282 5XXX,  სულ 1 000 (ათასი) სააბონენტო ნომერი  ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილო­ბების იდენტიფიცირებისათვის, ავტორიზებული საქმიანობისთვის;

ბ) გეოგრაფიული ზონა: ქ. თბილისი;

გ) ნებართვის მოქმედების ვადა: 2018 წლის 22 თებერვლიდან, უვადო, ყოველწლიური განახლებით;

დ) ნებართვის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში;

2.  ეცნობოს შპს ”Voxbone”-ს, რომ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის განახლება ხორციელდება ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემიდან/განახლებიდან 1 წლის ამოწურვამდე (2019 წლის 22 თებერვლამდე) ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდით. გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიისთვის წარდგენა უნდა მოხდეს ვადის გასვლამდე 10 სამუშაო დღით ადრე;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი) სათანადო მონაცემების კომისიის სანებართვო რეესტრში შეტანა და სანებართვო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ. ჯავახიძე) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის     შპს ”Voxbone”-ისთვის გაგზავნა;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) შპს ”Voxbone”-ისთვის  გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან ერთი  თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები