რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F103 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2017 წლის 15 ივნისის №403/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 06, 2018 17:46
მიღების თარიღი თებერვალი 22, 2018
რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F103 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2017 წლის 15 ივნისის №403/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს ”სტუდია მაესტრომ” (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/6-18, 03.01.18) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F103 ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”სტუდია მაესტრო“ ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F103 ლიცენზიას კომისიის 2017 წლის 15 ივნისის №403/1 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 4482 მჰც ± 14 მჰც; მიმართულება: ქ. თბილისის ტერიტორიიდან მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე; სიხშირული ზოლის სიგანე 28 მჰც; გასხივების სიმძლავრე 0,5 ვატი; მობილური ჩართვების განსახორციელებლად, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის;
ბ) რადიოსიხშირული სპექტრი: 5886 მჰც ± 14 მჰც; მიმართულება: მთაწმინდის სატელევიზიო ანძიდან – საკაბელო ქსელის სათაო სადგურამდე (ქ. თბილისი, ნ. ბოხუას ქ. N6); რადიოსიხშირული ზოლის სიგანე 28 მჰც; გასხივების სიმძლავრე 0,5 ვატი; ცალმხრივი რადიოსარელეო ხაზების ფუნქციონირებისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის;
გ) გეოგრაფიული არეალი: ქ. თბილისი;
დ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2027 წლის 15 ივნისის ჩათვლით;
კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა წარმოადგენს ლიცენზიის გაუქმების ერთ-ერთ საფუძველს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის 2018 წლის 18 იანვრის №18/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F103 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2017 წლის 15 ივნისის №403/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით. ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2018 წლის 22 თებერვალი 15:00 საათი, ხოლო გადაწყვეტილების მიღების თარიღად ზეპირი მოსმენის გამართვიდან 10 სამუშაო დღე.
კომისიის 2018 წლის 22 თებერვლის სხდომას ესწრებოდა შპს ”სტუდია მაესტროს” წარმომადგენელი რუსუდან მაჭავარიანი. კომისიის სხდომაზე არ გამოვლენილა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F103 ლიცენზიის გაუქმების დამაბრკოლებელი რაიმე გარემოება. შესაბამისად კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F103 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2017 წლის 15 ივნისის №403/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება ზეპირი მოსმენის დასრულებისთანავე.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის მე-2 ნაწილის და IX თავის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1.გაუქმდეს შპს ”სტუდია მაესტროს” კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F103 ლიცენზია და ძალადაკარგულად გამოცხადდეს კომისიის 2017 წლის 15 ივნისის №403/1 გადაწყვეტილება;
2.დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ) ლიცენზიის გაუქმების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა;
3.დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”სტუდია მაესტროსთვის” გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);
4.გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნების დღიდან;
5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კმ; №6) შპს ”სტუდია მაესტროსთვის” აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
6.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).
კომისიის თავმჯდომარე |
|
კახი ბექაური |
კომისიის წევრი |
|
ვახტანგ აბაშიძე |
კომისიის წევრი |
|
გიორგი ფრუიძე |
კომისიის წევრი |
|
მერაბ ქათამაძე |