წვდომის მენიუ

შპს „დი +“-ის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ

ნომერი: 124 / 20

გამოქვეყნების თარიღი მარტი 14, 2018 10:22

მიღების თარიღი მარტი 06, 2018

შპს „დი +-ის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ 2018 წლის 05 თებერვალს კომისიას განცხადებით მიმართა (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/649-18) შპს „დი +“-მა კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაციის, კერძოდ აბონენტებთან გაფორმებული ხელშეკრულებების (შემდგომში - „სააბონენტო ხელშეკრულებები“)  კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე. კომისიამ კომპანიას სთხოვა დაეზუსტებინა, თუ კონკრეტულად რა ნაწილში ითხოვდა წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობას. 2018 წლის 19 თებერვლის განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/885-18) კომპანიამ დააზუსტა მოთხოვნა და მოითხოვა წარმოდგენილი ხელშეკრულებების კომერციულ საიდუმლოებად ცნობა მომხმარებლების მიერ შერჩეული პაკეტის შესახებ ინფორმაციის ფარგლებში.

კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის პირველი ნაწილის, ასევე „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“  მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომერციული საიდუმლოება ეს არის ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად,  გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას.

შპს „დი +“-ის  მიერ 2018 წლის 05 და 19 თებერვლის განცხადებებით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/649-18 და Nშ-6/885-18) მოთხოვნილია წარმოდგენილი სააბონენტო ხელშეკრულებების ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობა.  

აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტმა შეისწავლა წარმოდგენილი განცხადება, აგრეთვე წარმოდგენილი ხელშეკრულებები და მიიჩნია, რომ შპს „დი +“-ის მიერ კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტაცია, შინაარსობრივად ნაწილობრივ შეიცავს კომერციული საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას, რადგან მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეიცავს ცნობებს მომხმარებლების მიერ შერჩეული პაკეტების შესახებ, რისმა გამჟაღვნებამაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს კომპანიის კონკურენტუნარიანობას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „დი +“-ის 2018 წლის 05 და 19 თებერვლის განცხადებები (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/649-18 და Nშ-6/885-18) უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, კომპანიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია მათ მიერ მოთხოვნილ ნაწილში ცნობილ უნდა იქნას კომერციულ საიდუმლოებად. გასათვალისწინებელია, რომ შპს „დი +“-ის მიერ კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტაციის ზემოაღნიშნული ნაწილების საჯაროდ დატოვებამ,  შესაძლოა ზიანი მიაყენოს კომპანიის კონკურენტუნარიანობას.    

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31–ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, პროფესიული და კომერციული ინფორმაცია გასაიდუმლოვდება უვადოდ. კომერციული საიდუმლოება ღიად უნდა გამოცხადდეს, თუ მას აღარ გააჩნია ის ღირებულება, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული, ხოლო ამავე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოების და მისი ვადის გაგრძელების შესახებ ადმინისტრაციულ ორგანოს შეაქვს შესაბამის რეესტრში.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის, 31–ე მუხლის, ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-19 მუხლის მე–4 პუნქტის და 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დაკმაყოფილდეს შპს „დი +“-ის 2018 წლის 05 და 19 თებერვლის განცხადებები (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/649-18 და Nშ-6/885-18):     

ცნობილ იქნას 2018 წლის 05 თებერვლის განცხადებით წარმოდგენილი სააბონენტო ხელშეკრულებები კომერციულ საიდუმლოებად, მომხმარებლების მიერ შერჩეული პაკეტის შესახებ ინფორმაციის ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში ცნობილ იქნას ღიად.    

2. ინფორმაცია შპს „დი +“-ის კომერციულ საიდუმლოებად ჩაითვალოს შპს „დი +“-ის მიერ ინფორმაციის განსაიდუმლოების შესახებ კომისიისათვის მომართვამდე ან იქამდე, სანამ იგი არ დაკარგავს იმ ღირებულებას, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31–ე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, სათანადო წესით შესაბამის რეესტრში შეტანა (ნ. ჯავახიძე);

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „დი +“-სთვის გაგზავნა (ნ.ჯავახიძე).

5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს „დი +“-სთვის ჩაბარების დღიდან; 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, N6) 1 თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები