წვდომის მენიუ

შპს „სტუდია მაესტროს“ წინააღმდეგ ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდის“, ა(ა)იპ „თანასწორობის მოძრაობის“, ა(ა)იპ „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“, ა(ა)იპ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივისა“ და ა(ა)იპ „შავი და ბალტიის ზღვის ალიანსის“ განცხადების განხილვის შესახებ

ნომერი: 133 / 16

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 05, 2018 10:53

მიღების თარიღი მარტი 13, 2018

შპს სტუდია მაესტროსწინააღმდეგ ()იპ მედიის განვითარების ფონდის, ()ი თანასწორობის მოძრაობის“, ()იპტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“, ()იპსაქართველოს დემოკრატიული ინიციატივისადა ()იპშავი და ბალტიის ზღვის ალიანსისგანცხადების  განხილვის შესახებ 

I.     საქმის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (15.01.18 Nშ-6/214-18) მომართეს ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდმა“, ა(ა)პ „თანასწორობის მოძრაობამ“, ა(ა)იპ „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა“, ა(ა)იპ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივამ“ და ა(ა)იპ „შავი და ბალტიის ზღვის ალიანსმა“ (შემდგომში „არასამთავრობო ორგანიზაციები“). განცხადების ავტორები ასაჩივრებენ შპს „სტუდია მაესტროს“ მიერ, თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში საჩივრის განხილვისას პროცედურულ დარღვევებს. განცხადების თანახმად, მათ 2017 წლის 2 ნოემბერს საჩივრით მიმართეს შპს ,,სტუდია მაესტროს” თვითრეგულირების ორგანოს, რომელმაც არ მიიღო განსახილველად საჩივარი, იმ საფუძვლით, რომ საჩივრის ავტორები არ წარმოადგენდნენ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად დაინტერესებულ პირებს. საჩივრის ავტორთა ჯგუფმა შპს „სტუდია მაესტროს“ თვითრეგულირების მექანიზმის საჩივარი გაასაჩივრეს თვითრეგულირების სააპელაციო ორგანოში, რომელმაც ძალაში დატოვა თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილება.

ა(ა)იპ ,,მედიის განვითარების ფონდი“ და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები თავიანთ განცხადებაში უთითებენ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლზე, რომელიც ითვალისწინებს, რომ მაუწყებელი ვალდებულია ქცევის კოდექსის საფუძველზე შექმნას თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას. განცხადების ავტორები ასევე ეყრდნობიან ,,მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ მე-11 მუხლს, რომლის თანახმად, საჩივრის განხილვისას მაუწყებელმა (სააპელაციო ორგანომ) უნდა უზრუნველყოს ყველა დაინტერესებული პირის დასწრება.

მოთხოვნა:

1. შპს „სტუდია მაესტროს“  მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის ფაქტის შესწავლა კომისიის მიერ და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებასთან დაკავშირებით  ზეპირი მოსმენა გაიმართა 2018 წლის 22 თებერვლისა და 6 მარტის კომისიის სხდომებზე.

2018 წლის 22 თებერვლის და 6 მარტის კომისიის სხდომებზე გამოცხადდნენ  შპს „სტუდია მაესტროს“ წარმომადგენლები ა.ლაშხი და ნ.ბაშალიშვილი, ასევე ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდის“ წარმომადგენელი მ.პატარიძე. კომისიის მიერ საკითხის ზეპირი მოსმენის დროს, შპს „სტუდია მაესტროს“ ა.ლაშხის განმარტებით, არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნა დაკმაყოფილებულია შპს „სტუდია მაესტროს“ თვითრეგულირების ორგანოს მიერ. ვინაიდან, მათ დავა განაგრძეს თვითრეგულირების ორგანოს სააპელაციო ინსტანციაში და კომისიაში, ცხადია მათ მიზანს წარმოადგენს  დაინტერესებული პირის პრეცედენტული განმარტება. ა.ლაშხმა განაცხადა, რომ მაუწყებლის სადავო გადაცემასთან დაკავშირებით არსებობს რეალური დაინტერესებული პირი, ადამიანი, რომელიც იმყოფებოდა ეთერში და ვის მიმართაც გაკეთდა განცხადებები. ამ პირებმა საერთოდ არ იციან, რომ დღეს ამ თემაზე საკითხის განხილვა მიმდინარეობს. საინტერესოა ამ პირთა პოზიცია, რამდენად აქვთ სურვილი, მათ მიმართ უფლების დარღვევის საკითხი გახდეს ასეთი განხილვის საგანი. ა. ლაშხის განცხადებით, ნებისმიერ იურიდიული პირს, რომელიც წესდებაში მიუთითებს ამა თუ იმ მიზანს,  შესაძლოა ნებისმიერ დავაში დაინტერესებულ პირი გახდეს, რაც ალოგიკურია.

კომისიის მიერ საკითხის ზეპირი მოსმენის დროს ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდის“ წარმომადგენელმა მ. პატარიძემ აღნიშნა, რომ   თვითრეგულირების ორგანოს ეფექტურობის ძირითადი განმსაზღვრელი არის თვითრეგულირების ორგანოს მიერ საჯარო გადაწყვეტილების მიღება. მისი განმარტებით, ვერ ჩაითვლება ეფექტურად, როდესაც მაუწყებელი ჟურნალისტს მიმართავს რეკომენდაციით და მოუწოდებს რომ დარღვევა აღარ გამეორდეს. მ.პატარიძემ ასევე აღნიშნა, რომ  ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდის“ პირდაპირი მოვალეობაა მედიის განვითარება. მათი წესდების თანახმად, მათი ვალდებულებაა თვითრეგულირების ეფექტიანი განვითარება, თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმის არსი კი მდგომარეობს იმაში, რომ ნებისმიერმა მაუწყებელმა განიხილოს საქმეები და მოიწვიოს დაინტერესებული მხარეები. ალოგიკურია, როცა უფლებადამცველ ორგანიზაციებს უცხადებენ, რომ  მათ არ ეხება, როცა ტელევიზიით ადამიანის უფლება ირღვევა. მ.პატარიძის განცხადებით, შპს „სტუდია მაესტროს“ ჟურნალისტის განცხადებებით მოხდა გარკვეული იდენტობის მატარებელი ჯგუფის სექსუალური ნიშნით დისკრიმინაცია. მ.პატარიძემ ასევე აღნიშნა, რომ, ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც დაინტერესებული პირის მოტივით, არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივრებს არ განიხილავენ მაუწყებლები. არათანმიმდევრული პრაქტიკა არსებობს ამ მიმართულებით და პრეცედენტული იქნება კომისიის გადაწყვეტილება, თუ კომისია განმარტავს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები არიან დაინტერესებული პირები, ეს მათ დაეხმარებათ სამომავლოდ, სხვა მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოსთვის საჩივრით მიმართვის დროს, რადგან ამ მაუწყებელს უკვე ეცოდინება, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია წარმოადგენს დაინტერესებულ მხარეს. ეს პრობლება არის ძირითადი, რაც პირდაპირ ზიანს აყენებს თვითრეგულირების ორგანოს. მ.პატარიძის განმარტებით, 2016 წელს შპს „სტუდია მაესტროს“ თვითრეგულირების ორგანოში შევიდა 20 საჩივარი, აქედან ნახევარზე მეტი საჩივრები შეტანილი იქნა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ.

 II.   კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

1. ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდმა“, ა(ა)პ „თანასწორობის მოძრაობამ“, ა(ა)იპ „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა“, ა(ა)იპ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივამ“ და ა(ა)იპ „შავი და ბალტიის ზღვის ალიანსმა“ მიმართეს შპს „სტუდია მაესტროს“ თვითრეგულირების ორგანოს, მაუწყებლის 27 ოქტომბრის ეთერში განთავსებულ გადაცემასთან დაკავშირებით და მოითხოვეს შპს „სტუდია მაესტროს“ ჟურნალისტის მხრიდან „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 31-ე და 32-ე მუხლების (მრავალფეროვნების, თანასწორობისა და შემწყნარებლობისა პრინციპების) დარღვევის ფაქტის შესწავლა;

2. შპს „სტუდია მაესტროს“ ეთერში განთავსებული სადავო გადაცემა შეეხებოდა ერთ-ერთი ფეხბურთელის მიერ საფეხბურთო მატჩში ლგბტ თემის მხარდამჭერი სამკლაურით მონაწილეობის ფაქტს. გადაცემაში სტუმრის სახით მონაწილეობდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელი. გადაცემის  წამყვანის მიერ დასმული შეკითხვები და წარმოთქმული გამონათქვამები საჩივრის ავტორთა მიერ შეფასდა, როგორც ლგბტ თემის უფლებების შემლახავ განცხადებებად.

3. შპს „სტუდია მაესტროს“ თვითრეგულირების ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება საჩივრის განუხილველად დატოვებასთან დაკავშირებით, იმ მოტივით, რომ საჩივარი არ იყო შეტანილი დაინტერესებული პირების მიერ, თუმცა გადაწყვეტილებაში ნამსჯელია საჩივარზე, პრაქტიკულად დაკმაყოფილებულია და აღნიშნულია, რომ შესაბამისი გადაცემის პასუხისმგებელ პირებზე გაიცა სათანადო რეკომენდაციები;

4. აღნიშნული გადაწყვეტილება არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაასაჩივრეს შპს სტუდია მაესტროს“ თვითრეგულირების სააპელაციო ორგანოში, რომელმაც ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება;

5. არასამთავრობო ორგანიზაციებმა მომართეს კომისიას და მოითხოვეს მაუწყებლის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის ფაქტის დაფიქსირება და მაუწყებლის სანქცირებასთან დაკავშირებით შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება. ამასთან, ა(ა)იპ მედიის განვითარების ფონდის წარმომადგენელმა კომისიაში საკითხის განხილვის პროცესში დააზუსტა მოთხოვნა და მოითხოვა იმსჯელოს კომისიამ შპს „სტუდია მაესტროს“ სადავო გადაცემასთან მიმართებაში არასამთავრობო ორგანიზაციების დაინტერესებულ პირად ცნობის თაობაზე.

III.   წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება 

  1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია ქცევის კოდექსის საფუძველზე შექმნას თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას;
  2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა, გარდა ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმებისა, აგრეთვე სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას ან სასამართლოს (შენიშვნა: საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით (10.10.2009 N1/3/421,422) არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–14 მუხლის მე–2 პუნქტის სიტყვები ,,გარდა  ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56–ე ... მუხლებით გათვალისწინებული ნორმებისა" იმ ნაწილში, რომელიც ეხება 56-ე მუხლის მე–4 პუნქტის სიტყვებს „...ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი  პროგრამის ან რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავს უხამსობას“, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით);
  3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად, დაინტერესებული პირი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მაუწყებლის საქმიანობა;
  4. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მომხმარებელთა განცხადებებსა და საჩივრებს კომისია განიხილავს ზეპირი მოსმენით, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესით, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი გამონაკლისებისა და იმ შემთხვევებისა, როდესაც სადავო საკითხების გადაწყვეტა არ მოითხოვს ორგანიზებული პროცედურების განხორციელებას. მომხმარებელთა იმ განცხადებებსა და საჩივრებს, რომლებიც შეეხება პირთა ფართო წრის ინტერესებს, კომისია განიხილავს მხოლოდ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით;
  5. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის შესაბამისად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს კომისია;
  6. „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციას წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება;
  7. კომისიის 2009 წლის 12 მარტის N2 დადგენილებით დამტკიცებული „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს  გადაწყვეტილების მიღება  მიუკერძოებელი და სამართლიანი პროცედურის საფუძველზე და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად უზრუნველყოს საჩივრის განხილვის გამჭვირვალე პროცესი;
  8. „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ მე-11 მუხლის თანახმად, საჩივრის განხილვისას მაუწყებელმა (სააპელაციო ორგანომ) უნდა უზრუნველყოს ყველა დაინტერესებული პირის დასწრება. საჩივართან და სააპელაციო საჩივართან აპელაციასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება უნდა იყოს წერილობითი და დასაბუთებული. მიღებული გადაწყვეტილება ეგზავნება ყველა დაინტერესებულ მხარეს;
  9. „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ მე-5 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, დაინტერესებული მხარე განმარტებულია, როგორც ნებისმიერი პირი, რომელსაც ეხება ან რომელიც ნახსენებია პროგრამაში ან მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილებაში.

შპს „სტუდია მაესტრო“ წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის თარიღი: 13.07.2012 მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა, მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა) და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი მას, როგორც მაუწყებელს ავალდებულებს „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ საფუძველზე შექმნას თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას, ხოლო „მაუწყებელთა ქცევის კოდექსი“ განსაზღვრავს იმ პროცედურებს, რა პროცედურების დაცვითაც მაუწყებელი ვალდებულია განახორციელოს რეაგირება თვითრეგულირების ფარგლებში შესულ საჩივრებთან დაკავშირებით.

კომისია აღნიშნავს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც არ წარმოადგენენ  კანონით დადგენილი წესით იმ პირის უფლებებს,  რომლებიც იქნენ მოხსენიებულნი ან რომელთა უფლებებსაც შესაძლოა შეხებოდა მაუწყებლის გადაცემა,  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად არ წარმოადგენენ დაინტერესებულ პირებს შპს „სტუდია მაესტროს“ ეთერში განთავსებულ გადაცემასთან მიმართებით.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ მე-11 მუხლის თანახმად, მაუწყებლის მიმართ ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნას წარმოადგენს, რომ საჩივართან და სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით მიღებული იქნას გადაწყვეტილება, რომელიც იქნება წერილობითი და დასაბუთებული.

კომისია აღნიშნავს, რომ მიუხედავად, იმისა, რომ საჩივრის ავტორებს ეცნობათ მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს პოზიცია საჩივრის განუხილველად დატოვებასთან დაკავშირებით, აღნიშნულ დოკუმენტში სრულად არის ჩამოყალიბებული მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს დამოკიდებულება გასაჩივრებული გადაცემის მიმართ და აღწერილია თვითრეგულირების ორგანოს მიერ გატარებული ღონისძიება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, კერძოდ შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა სადავო გადაცემის პასუხისმგებელ პირებზე.

ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ შპს „სტუდია მაესტროს“ თვითრეგულირების ორგანოს საჩივრით მიმართეს არაუფლებამოსილმა პირებმა, მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანომ მოახდინა დროული და დასაბუთებული რეაგირება.

2018 წლის 13 მარტის კომისიის სხდომაზე, კენჭისყრამდე, კომისიის წევრმა ელისო ასანიძემ აღნიშნა, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით მკაცრად არის შემოფარგლული იმ პირთა წრე, რომელთა საჩივრის განხილვის ვალდებულება აქვს მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს. აქედან გამომდინარე, არსებით მნიშვნელობას იძენს თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილება საჩივრის განსახილველად მიღებაზე უარის თქმის შესახებ იმ საფუძვლით, რომ საჩივრის ავტორი არ არის დაინტერესებული პირი და შესაბამისად, უფლებამოსილი პირი, იდაოს მაუწყებლის პროგრამაში გასული მასალის თაობაზე. ამავე დროს, „მაუწყებელთა ქცევის კოდექსი“ ითვალისწინებს თვითრეგულირების ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის გამჭვირვალე პროცედურის აუცილებლობას. ე.ასანიძემ კომისიის სხდომაზე დააყენა შუამდგომლობა, კენჭი ეყარათ კომისიის გადაწყვეტილების პროექტისთვის შემდეგი პუნქტის დამატებაზე:  „განემარტოს შპს „სტუდია მაესტროს“, რომ საჩივრის განხილვის გამჭვირვალე პროცედურის უზრუნველყოფის მიზნით საჩივრის დასაშვებობის საკითხის განხილვისას თვითრეგულირების ორგანოს სხდომაზე უზრუნველყოფილი უნდა იყოს საჩივრის ავტორის მიწვევა“. კომისიის წევრის ე.ასანიძის შუამდგომლობას მხარი არ დაუჭირეს კომისიის წევრებმა (კ.ბექაურმა, ვ.აბაშიძემ, გ.ფრუიძემ და მ.ქათამაძე), ვინაიდან მიაჩნიათ, რომ თვითრეგულირების ორგანოსთვის საჩივრის ავტორთა მიმართვის მიზანი მიღწეული იქნა (საჩივარი დაკმაყოფილდა), შესაბამისად, გასაჩივრებაზე არაუფლებამოსილი პირის მიწვევა თვითრეგულირების ორგანოში საკითხის განხილვაზე არ იყო სავალდებულო.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ სახეზე არ არის შპს „სტუდია მაესტროსთვის“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციის დაკისრების საფუძველი და არასამთავრობო ორგანიზაციათა საჩივარი შპს „სტუდია მაესტროს“ მიმართ არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ე) ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, მე-14 მუხლის,  კომისიის 2009 წლის 12 მარტის N2 დადგენილებით დამტკიცებული „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ მე-10 და მე-11 მუხლების შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შპს ,,სტუდია მაესტრო“-ს წინააღმდეგ ა(ა)იპ ,,მედიის განვითარების ფონდის“, ა(ა)პ „თანასწორობის მოძრაობის“, ა(ა)იპ „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“, ა(ა)იპ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივისა“ და ა(ა)იპ „შავი და ბალტიის ზღვის ალიანსის“ განცხადება არ დაკმაყოფილდეს;

2. დაევალოს კომისიის  ადმინისტრაციას (ნ. ჯავახიძე) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მხარეებისთვის გაგზავნა დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით;

3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი მხარეებისთვის ჩაბარების დღიდან;

4. კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) მხარეთათვის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა);

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები