შპს ,,ჯეოსელისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი მარტი 28, 2018 10:52
მიღების თარიღი მარტი 15, 2018
შპს ,,ჯეოსელისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
I. აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომ ,,კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათისა და თანდართული დოკუმენტაციიდან (Nშ-10/939-18; 21.02.2018) ირკვევა, რომ 2017 წლის 17 მარტს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ მობილური სატელეფონო კავშირის მომსახურებაზე გამოცხადებული კონსოლიდირებული ტენდერის შესაბამისად დადგენილი პირობებით შპს ,,ჯეოსელის“ მიერ მომსახურების მიწოდებისას კომისიის 2010 წლის 21 მაისის N240/9 და 2011 წლის 25 იანვრის N26/9 გადაწყვეტილებებით მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებზე დაკისრებული დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის ვალდებულების დარღვევის საკითხის შესწავლის მიზნით, კომისიის წერილობითი მოთხოვნის (წერილი N08/40-18; 08.01.2018) საფუძველზე შპს ,,ჯეოსელმა“ 2018 წლის 17 იანვარს (კომისიაში რეგისტრაციის N6/268-18; 17.01.2018) კომისიაში წარმოადგინა 2017 წლის მონაცემები და კომისიის 2017 წლის N08/40-18 წერილის დანართში მოცემული ცხრილის მიხედვით მომზადებული კონსოლიდირებული ტენდერის მომხმარებელთა ჯგუფებისათვის შემოსავლების და ხარჯების შესახებ ინფორმაცია.
მოხსენებითი ბარათის თანახმად, შპს ,,ჯეოსელის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის შესწავლის საფუძველზე დადგინდა, რომ 2017 წლის 17 მარტს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ მობილური სატელეფონო კავშირის მომსახურებაზე გამოცხადებული კონსოლიდირებული ტენდერით დადგენილი პირობებით მომხმარებლებისთვის მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები ვერ ფარავს შპს ,,ჯეოსელის“ მიერ ამ მომსახურების მიწოდებისთვის გაწეულ დანახარჯებს, კერძოდ, შპს „ჯეოსელის“ შემთხვევაში ზარალი შეადგენს 7 781 581 ლარს.
კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებით ბარათში ასევე, აღნიშნულია, რომ კომისიის 2010 წლის 21 მაისის N 240/9 და 2011 წლის 25 იანვრის №26/9 გადაწყვეტილებებით შპს „ჯეოსელს“ დაეკისრა დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის ვალდებულება, შემდეგი კონკრეტული პირობებით - არ დაუშვას კონკურენციის შემზღუდველი ქმედებები, მათ შორის, საკუთარი საკომუნიკაციო ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან კონკრეტული მსურველი პირის დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების სატარიფო შეღავათების სუბსიდირება, სხვა ურთიერთჩართული ოპერატორისათვის მიწოდებული მომსახურების, ან სხვადასხვა მომხმარებელთა ხარჯზე.
მოხსენებითი ბარათის თანახმად, შპს ,,ჯეოსელის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ანალიზიდან ირკვევა, რომ ადგილი აქვს შპს „ჯეოსელის“ მხრიდან „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევას, რომლის შესაბამისად, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირი ვალდებულია არ დაუშვას კონკურენციის შემზღუდავი ქმედებები, მათ შორის, მომხმარებელთა რომელიმე ჯგუფის სატარიფო შეღავათების სუბსიდირება სხვა ავტორიზებულ პირთა ან მომხმარებელთა ჯგუფების ხარჯზე.
კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე 2018 წლის 2 მარტს კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ჯეოსელისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ, ხოლო საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2018 წლის 6 მარტი. აღნიშნულის თაობაზე შპს ,,ჯეოსელს“ ეცნობა წერილობითი შეტყობინებით და ასევე, განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება.
კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2018 წლის 6 მარტის სხდომაზე, რომელზეც შპს ,,ჯეოსელის“ წარმომადგენელმა ლ. გიორგაძემ იშუამდგომლა სხდომის გადადების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ კომპანიას ესაჭიროებოდა გონივრული ვადა პოზიციის წარმოსადგენად. კომისიამ დააკმაყოფილა შპს ,,ჯეოსელის“ წარმომადგენლის შუამდგომლობა და საკითხის განხილვა გადადო 2018 წლის 15 მარტისთვის.
კომისიის 2018 წლის 15 მარტის სხდომაზე შპს ,,ჯეოსელის“ წარმომადგენელმა ლ. გიორგაძემ აღნიშნა, რომ როდესაც ტენდერი გამოცხადდა გარკვეული პირობებით, კომპანიამ განახორციელა წინასწარი პროგნოზი, კერძოდ, შეისწავლა დაახლოებით რა იქნებოდა აბონენტის ქცევა, რამდენ ზარს განახორციელებდა, რა იქნებოდა სავარაუდო ინტერნეტ მოხმარება და აშ. შპს ,,ჯეოსელის“ წარმომადგენლის განცხადებით, ამ პროგნოზის მიხედვით, არანაირი სუბსიდირების კვალი არ ჩანდა. საბოლოო შედეგი, როცა ტენდერის დასრულების დროს, ფაქტობრივად რეალური მოხმარება და აბონენტთა ქცევა დაფიქსირდა, აღმოჩნდა ის შედეგი, რაც შპს ,,ჯეოსელმა“ კომისიაში წარმოადგინა შესაბამისი გაანგარიშებების სახით. შპს ,,ჯეოსელის“ წარმომადგენლის განცხადებით, წარმოდგენილი გაანგარიშებების მიხედვით ფიქსირდება სუბსიდირება, თუმცა, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კომპანიას არ ჰქონდა საშუალება ზუსტად გაეთვალა რა იქნებოდა კონკრეტული აბონენტების ქცევა, კომისიას შეუძლია არ გამოიყენოს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომა შპს ,,ჯეოსელის“ მიმართ. შპს ,,ჯეოსელის“ წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ კომპანია სამომავლოდ უფრო ყურადღებით იქნებოდა მსგავსი საკითხების მიმართ, ვინაიდან მისი სურვილი არ არის რაიმე რეგულაციის დარღვევა.
II. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები
1. კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (Nშ-10/939-18; 21.02.2018);
2. კომისიის წერილი შპს ,,ჯეოსელს“ (N08/40-18; 08.01.2018);
3. შპს „ჯეოსელის“ წერილი (N6/268-18; 17.01.2018) კომისიას თანდართული ცხრილით, რომელიც შეიცავს ინფორმაციას 2017 წლის 17 მარტის კონსოლიდირებული ტენდერის მომხმარებელთა ჯგუფებისათვის შემოსავლების და ხარჯების შესახებ;
4. ფიჭური სატელეფონო მომსახურების 2017-2018 წლების კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაცია;
5. ფიჭური სატელეფონო მომსახურების 2017-2018 წლების კონსოლიდირებული ტენდერ(ებ)ის სატენდერო კომისიის 2017 წლის 27 მარტის სხდომის ოქმი N3;
6. ფიჭური სატელეფონო მომსახურების 2018-2019 წლების კონსოლიდირებული ტენდერ(ებ)ის სატენდერო კომისიის 2018 წლის პირველი მარტის სხდომის ოქმი N2;
7. კომისიის გადაწყვეტილება „მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ (N240/9; 21.05.2010);
8. კომისიის გადაწყვეტილება ”მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/ დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ” (N26/9; 25.01.2011);
9. მონაცემები შპს ,,ჯეოსელის“ შესახებ კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
10. შპს ,,ჯეოსელის“ წარმომადგენლის მიერ კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებები.
III. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
1. შპს ,,ჯეოსელი“ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის თარიღი 09.03.2006. ხელახალი რეგისტრაციის თარიღი: 12.02.2012. ავტორიზებული საქმიანობის სახეები: ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა; ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; ფიჭური ორგანიზების ტიპის საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; თანამგზავრული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; ინტერნეტ მომსახურება; მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული მომსახურებით უზრუნველყოფა; თანამგზავრული ინტერნეტ მომსახურება);
2. „მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ კომისიის 2010 წლის 21 მაისის N240/9 გადაწყვეტილებით, მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურების კონკრეტული ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/ დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებად დადგინდნენ შპს ,,მაგთიკომი“ და შპს ,,ჯეოსელი, რომელთაც სხვა სპეციფიკურ ვალდებულებებთან ერთად დაეკისრათ დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის ვალდებულება.
3. „მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/ დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ” კომისიის 2011 წლის 25 იანვრის N26/9 გადაწყვეტილებით, ბოლო მომხმარებლებზე (აბონენტებზე) მოძრავი სატელეფონო ხმოვანი მომსახურების მიწოდების ბაზრის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებად დადგინდნენ შპს ,,მაგთიკომი“ და შპს ,,ჯეოსელი, რომელთაც სხვა სპეციფიკურ ვალდებულებებთან ერთად დაეკისრათ დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის ვალდებულება.
3. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 8 ნოემბრის N2337 განკარგულების საფუძველზე, 2017 წლის 17 მარტს გამოცხადდა კონსოლიდირებული ტენდერი ფიჭური სატელეფონო მომსახურების შესყიდვის მიზნით, შემსყიდველ ორგანიზაციებში საორიენტაციოდ 260 000 დასაქმებულის მომსახურებით უზრუნველსაყოფად.
4. ფიჭური სატელეფონო მომსახურების 2017-2018 წლების კონსოლიდირებული ტენდერ(ებ)ის სატენდერო კომისიის 2017 წლის 27 მარტის N3 სხდომის ოქმი შესაბამისად, კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულებად გამოვლინდნენ შპს ,,მაგთიკომი“ და შპს ,,ჯეოსელი“;
5. ფიჭური სატელეფონო მომსახურების 2017-2018 წლების კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციის 3.19 პუნქტის თანახმად, გამარჯვებული პრეტენდენტის წინადადება ძალაშია 2018 წლის 31 იანვრის ჩათვლით, ხოლო 3.20 პუნქტის თანახმად, ფიჭური სატელეფონო მომსახურების გაწევა უნდა მოხდეს 2018 წლის 31 იანვრის ჩათვლით, გარდა 6.12 პუნქტის ე) და ვ) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, რომელთა თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია ფიჭური სატელეფონო მომსახურების 2018-2019 წლების კონსოლიდირებულ ტენდერში ხელშეკრულებების გაფორმებისა და შესაბამისი პორტირების პროცედურების დასრულებამდე, ასევე, ფიჭური სატელეფონო მომსახურების 2018-2019 წლების კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულის გამოვლენამდე, უწყვეტი ფიჭური სატელეფონო მომსახურებით უზრუნველყოფის აუცილებლობიდან გამომდინარე, შემსყიდველ ორგანიზაციებს გაუგრძელოს ფიჭური სატელეფონო მომსახურების გაწევა ფიჭური სატელეფონო მომსახურების 2017-2018 წლების კონსოლიდირებულ ტენდერში გათვალისწინებული პირობებისა და ტარიფების შესაბამისად.
6. ფიჭური სატელეფონო მომსახურების 2018-2019 წლების კონსოლიდირებული ტენდერ(ებ)ის სატენდერო კომისიის 2018 წლის პირველი მარტის N2 სხდომის ოქმის შესაბამისად, 2018-2019 წლების ფიჭური სატელეფონო მომსახურების კონსოლიდირებული ტენდერში, რომელიც გამოცხადდა 2018 წლის 26 თებერვალს, გამარჯვებულად გამოვლინდნენ შპს ,,მაგთიკომი“, შპს ,,ჯეოსელი“ და შპს ,,ვიონი საქართველო“.
7. შპს ,,ჯეოსელის“ მიერ ფიჭური სატელეფონო მომსახურების 2017-2018 წლების კონსოლიდირებული ტენდერის პირობებით მობილური საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებისას კომისიის 2010 წლის 21 მაისის N240/9 და 2011 წლის 25 იანვრის N26/9 გადაწყვეტილებებით მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებზე დაკისრებული დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის ვალდებულების დარღვევის საკითხის შესწავლის მიზნით, კომისიამ შპს ,,ჯეოსელისგან“ წერილობით გამოითხოვა (N08/40-18; 08.01.2018) ინფორმაცია ფიჭური სატელეფონო მომსახურების 2017-2018 წლების კონსოლიდირებული ტენდერის მომხმარებელთა ჯგუფებისათვის შემოსავლების და ხარჯების შესახებ, კერძოდ, ინფორმაცია აბონენტების რაოდენობის, ტრაფიკის, შემოსავლის, ურთიერთჩართვის ხარჯის, ინტერნეტის ხარჯის, ქსელის დანახარჯებისა და ეკონომიკური შედეგის შესახებ შემდეგი მონაცემების მიხედვით: კორპორატიული ნომრების საუბრები კომპანიის კორპორატიული ქსელის შიგნით (მობილური); კორპორატიული ნომრების საუბრები კომპანიის კორპორატიული ქსელის შიგნით არაკორპორატიულ ნომრებთან; კორპორატიული ნომრების საუბრები კომპანიის კორპორატიული ქსელის შიგნით (ფიქსირებული);კორპორატიული ნომრების საუბრები კომპანიის კორპორატიული ქსელის გარეთ (მობილური ქსელი);კორპორატიული ნომრების საუბრები კომპანიის კორპორატიული ქსელის გარეთ (ფიქსირებული ქსელი); კორპორატიული ნომრების SMS ქსელის შიგნით; კორპორატიული ნომრების SMS ქსელის გარეთ; ფიქსირებული გადასახადი VPN/ ყოველთვიური სააბონენტო - სულ; როუმინგული მომსახურება; მულტიმედიური მომსახურებები (GPRS;MMS და ა.შ); სხვა დამატებითი სერვისები; ინტერნეტ მომსახურება; ბლექბერის სერვისი, საერთაშორისო მიმართულებით განხორციელებული ზარები; კორპორატიულ ნომრებზე შემომავალი საერთაშორისო ზარის დასრულებიდან მიღებული შემოსავალი; კორპორატიულ ნომრებზე შემომავალი ადგილობრივი ზარის დასრულებიდან მიღებული შემოსავალი; ტენდერით გათვალისწინებული სხვა მომსახურებები; სულ შემოსავალი/ხარჯი; სხვა კომპანიის კორპორატიულ ნომრებზე განხორციელებული ზარები, მათ შორის, ფიქსირებული ქსელი და მობილური ქსელი;
8. კომისიის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე შპს ,,ჯეოსელმა“ 2018 წლის 17 იანვარს (კომისიაში რეგისტრაციის N6/268-18; 17.01.2018) კომისიაში წარმოადგინა 2017 წლის მონაცემები და კომისიის 2017 წლის 8 იანვრის N08/40-18 წერილის დანართში მოცემული ცხრილის მიხედვით მომზადებული ფიჭური სატელეფონო მომსახურების 2017-2018 წლების კონსოლიდირებული ტენდერის მომხმარებელთა ჯგუფებისათვის შემოსავლების და ხარჯების შესახებ ინფორმაცია.
9. შპს ,,ჯეოსელის“ წერილით (N6/268-18; 17.01.2018) კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაციიდან ირკვევა, რომ 2017 წლის 17 მარტს გამოცხადებული ფიჭური სატელეფონო მომსახურების 2017-2018 წლების კონსოლიდირებული ტენდერის პირობებით მომხმარებლებისთვის მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები ვერ ფარავს შპს ,,ჯეოსელის“ მიერ ამ მომსახურების მიწოდებისთვის გაწეულ დანახარჯებს, რის შედეგადაც შპს „ჯეოსელის“ ზარალი შეადგენს 7 781 581 ლარს.
10. ბოლო ერთი წლის განმავლობაში შპს ,,ჯეოსელის“ მიმართ არ გამოყენებულა ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი დარღვევისთვის.
IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები
1. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას;
2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე ზედამხედველობის განხორციელება და მათი დარღვევისას კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება. ამავე კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას;
3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
4. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირი ვალდებულია არ დაუშვას კონკურენციის შემზღუდავი ქმედებები, მათ შორის, მომხმარებელთა რომელიმე ჯგუფის სატარიფო შეღავათების სუბსიდირება სხვა ავტორიზებულ პირთა ან მომხმარებელთა ჯგუფების ხარჯზე.
5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში დენადი ხასიათის დარღვევის აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არაუმეტეს 30000 ლარისა.
6. „მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ კომისიის 2010 წლის 21 მაისის N240/9 გადაწყვეტილების 4.4 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, შპს ,,ჯეოსელი“, როგორც მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურების კონკრეტული ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/ დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირი, ვალდებულია არ დაუშვას კონკურენციის შემზღუდველი ქმედებები, მათ შორის, საკუთარი საკომუნიკაციო ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან კონკრეტული მსურველი პირის დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების სატარიფო შეღვათების სუბსიდირება, სხვა ურთიერთჩართული ოპერატორისათვის მიწოდებული მომსახურების, ან სხვადასხვა მომხმარებელთა ხარჯზე;
7. „მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/ დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ” კომისიის 2011 წლის 25 იანვრის N26/9 გადაწყვეტილების 4.1 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, შპს ,,ჯეოსელი“, როგორც ბოლო მომხმარებლებზე (აბონენტებზე) მოძრავი სატელეფონო ხმოვანი მომსახურების მიწოდების ბაზრის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირი, ვალდებულია არ დაუშვას კონკურენციის შემზღუდავი ქმედებები, მათ შორის, მომხმარებელთა რომელიმე ჯგუფის სატარიფო შეღავათების სუბსიდირება სხვა ავტორიზებულ პირთა ან მომხმარებელთა ჯგუფების ხარჯზე.
ადმინისტრაციული წარმოების მასალებით დადასტურებულია, რომ 2017 წლის 17 მარტს გამოცხადებული ფიჭური სატელეფონო მომსახურების 2017-2018 წლების კონსოლიდირებული ტენდერის პირობებით მომხმარებლებისთვის მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები ვერ ფარავს შპს ,,ჯეოსელის“ მიერ ამ მომსახურების მიწოდებისთვის გაწეულ დანახარჯებს, რის შედეგადაც შპს „ჯეოსელის“ ზარალი შეადგენს 7 781 581 ლარს. აღნიშნული გარემოებით დასტურდება, რომ შპს ,,ჯეოსელმა“ მოახდინა მომხმარებელთა ჯგუფის სატარიფო შეღავათების სუბსიდირება სხვა ავტორიზებულ პირთა და მომხმარებელთა ჯგუფების ხარჯზე, რითაც დაარღვია დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის სპეციფიკური ვალდებულება, როგორც მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურების კონკრეტული ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/ დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე, ასევე, ბოლო მომხმარებლებზე (აბონენტებზე) მოძრავი სატელეფონო ხმოვანი მომსახურების მიწოდების ბაზრის სეგმენტზე. აქედან გამომდინარე, შპს ,,ჯეოსელის“ მიერ დარღვეულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი, 33-ე მუხლის პირველი პუნქტი და კომისიის 2010 წლის 21 მაისის N240/9 და 2011 წლის 25 იანვრის N26/9 გადაწყვეტილებები, რისთვისაც შპს ,,ჯეოსელის“ მიმართ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახით გამოყენებულ უნდა იქნეს წერილობითი გაფრთხილება.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” მე-11 მუხლის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტების, 31-ე მუხლის პირველი პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის, 95-ე, 98-ე და 99-ე მუხლების, „მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ კომისიის 2010 წლის 21 მაისის N240/9 გადაწყვეტილებისა და და ,,მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/ დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ” კომისიის 2011 წლის 25 იანვრის N26/9 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს ,,ჯეოსელს“ მიეცეს წერილობითი გაფრთხილება ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 33-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ 2010 წლის 21 მაისის N240/9 გადაწყვეტილების 4.4 პუნქტის ა) ქვეპუნქტისა და ”მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/ დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ” კომისიის 2011 წლის 25 იანვრის N26/9 გადაწყვეტილების 4.1 პუნქტის ა) ქვეპუნქტის დარღვევის გამო;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ჯეოსელისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;
3. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ჯეოსელისთვის“ ჩაბარების დღიდან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) შპს „ჯეოსელისთვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
5. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ე. ჭახრაკია) შპს „ჯეოსელისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2 და მე-5 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (დ.გოგიჩაიშვილი).
|
კომისიის თავმჯდომარე |
|
კახი ბექაური |
|
კომისიის წევრი |
|
ვახტანგ აბაშიძე |
|
კომისიის წევრი |
|
ელისო ასანიძე |
|
კომისიის წევრი |
|
გიორგი ფრუიძე |
|
კომისიის წევრი |
|
მერაბ ქათამაძე |
