შპს „ ჯეოსელის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი მარტი 20, 2018 17:20
მიღების თარიღი მარტი 15, 2018
შპს „ ჯეოსელის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ შპს „ჯეოსელმა“ 2018 წლის 26 თებერვლის წერილით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/1046-18) კომისიაში წარმოადგინა 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით კორპორატიული მომხმარებლების სია, აბონენტების რაოდენობისა და შემოსავლების მითითებით. შპს „ჯეოსელი“ ითხოვს კომერციულ საიდუმლოებად იქნას ცნობილი აღნიშნული წერილის დანართზე (CD დისკზე) ჩაწერილი ინფორმაცია.
კომისიამ განიხილა შპს „ჯეოსელის“ 2018 წლის 26 თებერვლის №შ-6/1046-18 წერილი კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე და აღნიშნული წერილის დანართით წარმოდგენილ ინფორმაციასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ დეტალური ინფორმაცია, რომლის კომერციულ საიდუმლოებად ცნობას ითხოვს შპს „ჯეოსელი“ შემდეგ მონაცემებს შეიცავს: კომპანიების დასახელებას, აღნიშნული კომპანიებისგან საშუალოდ ერთი თვის შემოსავლებს და მათ სარგებლობაში არსებული სატელეფონო ნომრების რაოდენობას.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ჯეოსელის“ მიერ 2018 წლის 26 თებერვლის №შ-6/1046-18 წერილით წარმოდგენილი ინფორმაცია ეხება კომპანიების ჩამონათვალს, რომლებთანაც შპს „ჯეოსელს“ აქვს ინდივიდუალური მიდგომა, რაც გამოიხატება თითოეული ასეთი მომხმარებლის მომსახურების სპეციფიკური მოთხოვნების გათვალისწინებასა და შესაბამის სატარიფო პოლიტიკაში, რაც თავის მხრივ კომერციულ საიდუმლოებას წარმოადგენს. შესაბამისად, შპს „ჯეოსელის“ მხრიდან ასეთი სპეციფიკური მომსახურების პირობებისა და სატარიფო პოლიტიკის განსაზღვრის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება ზიანს მიაყენებს შპს „ჯეოსელის“ კონკურენტუნარიანობას და საშუალებას მისცემს კონკურენტს განახორციელოს მიზნობრივი აქტივობები შპს „ჯეოსელის“ არსებული კონკრეტული მომხმარებლების მიმართ, მათი გადაყვანის მიზნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის პირველი ნაწილის, ასევე „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომერციული საიდუმლოება ეს არის ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად, გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31–ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, პროფესიული და კომერციული ინფორმაცია გასაიდუმლოვდება უვადოდ. კომერციული საიდუმლოება ღიად უნდა გამოცხადდეს, თუ მას აღარ გააჩნია ის ღირებულება, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული, ხოლო ამავე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოების და მისი ვადის გაგრძელების შესახებ ადმინისტრაციულ ორგანოს შეაქვს შესაბამის რეესტრში.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის, 31–ე მუხლის, ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-19 მუხლის მე–4 პუნქტის და 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „ჯეოსელის“ მოთხოვნა, 2018 წლის 26 თებერვლის წერილის (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/1046-18) დანართით კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდეს;
2. კომერციულ საიდუმლოებად ცნობილ იქნას 2018 წლის 26 თებერვლის წერილის (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/1046-18) დანართით CD -დისკზე ჩაწერილი ინფორმაცია;
3. ინფორმაცია კომერციულ საიდუმლოებად ჩაითვალოს შპს „ჯეოსელის“ მიერ ინფორმაციის გასაიდუმლოების შესახებ კომისიისათვის მომართვიდან ვიდრე არ დაკარგავს იმ ღირებულებას რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული;
4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31–ე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, სათანადო წესით შესაბამის რეესტრში შეტანა(ნ. ჯავახიძე);
5. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ჯეოსელისთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);
6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს „ჯეოსელისათვის“ ჩაბარების დღიდან.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, N6) ერთი თვის ვადაში;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (დ. გოგიჩაიშვილი).
|
კომისიის თავმჯდომარე |
|
კახი ბექაური |
|
კომისიის წევრი |
|
ვახტანგ აბაშიძე |
|
კომისიის წევრი |
|
ელისო ასანიძე |
|
კომისიის წევრი |
|
გიორგი ფრუიძე |
|
კომისიის წევრი |
|
მერაბ ქათამაძე |
