შპს ,,ზანდო 2004“-სთვის სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი მარტი 28, 2018 10:41
მიღების თარიღი მარტი 15, 2018
შპს ,,ზანდო 2004“-სთვის სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე
I. საქმის აღწერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (№შ-10/1119-18; 28.02.2018) საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ზანდო 2004“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, შპს „ზანდო 2004“-ს მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის გამო.
კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (№შ-10/1119-18, 28.02.2018) თანახმად, კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ 2018 წლის 14 თებერვალს განხორციელდა შპს „ზანდო 2004“-ს შემოწმება კომპანიის ოფისში, რომელსაც ესწრებოდა შპს „ზანდო 2004“-ს დირქტორი გ. ზელინსკი. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა შემოწმების აქტი N25. შემოწმების შედეგად გამოირკვა, რომ შპს „ზანდო 2004“ საკუთარი ქსელით ახდენს შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირებას: „GDS“, „ობიექტივი“, „რუსთვი 2“, „ტვ პირველი“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „იმედი“, „ერთსულოვნება“, „კომედი არხი“, „Футбол 1“, „Россия 1“, “Vip Megahit”, “Nat Geo Wilde”, “HTB”, “Матч”, „ТНТ comedy“, “Домашний”,“Discovery“, “ORT”, „СТС”, „ტვ ზარი“, “Рен ТВ”.
კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულებების და კომისიის აპრატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული მონიტორინგის საფუძველზე, ირკვევა, რომ 2018 წლის 14 თებერვლის მდგომარეობით, კომპანიას კომისიაში არ წარმოუდგენია არცერთი სამაუწყებლო არხის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
შპს „ზანდო 2004“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2018 წლის 15 მარტი. შპს „ზანდო 2004“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისა და საკითხის განხილვის დღის, დროისა და ადგილის შესახებ კომპანიას გაეგზავნა შეტყობინება (N03/816-18; 7.03.2018) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით შპს „ზანდო 2004“-ს განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2018 წლის 15 მარტის სხდომაზე გამოცხადდა შპს „ზანდო 2004“-ის დირექტორი გ. ზელინსკი, რომელმაც აღიარა დარღვევა და განაცხადა, რომ 2018 წლის 14 თებერვალს შპს „ზანდო 2004“-ის მიერ ხორციელდებოდა სხდომაზე დასახელებული სამაუწყებლო არხების არამართლზომიერი ტრანზიტი.
II. კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები:
1. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის 2018 წლის 28 თებერვლის N10/1119-18 სამსახურებრივი ბარათი;
2. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის 2018 წლის 14 თებერვლის შემოწმების აქტი N25;
3. შემოწმების დამსწრე მოწმის პირადობის მოწმობის ასლი;
4. შემოწმების პროცესის აუდიო-ვიდეო ჩანაწერი (CD);
5. შპს „ზანდო 2004“-ს შესახებ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
6. შპს „ზანდო 2004“-ს შესახებ ამონაწერი კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან;
7. შპს „ზანდო 2004“-ის წარმომადგენლის მიერ კომისიის 2018 წლის 15 მარტის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებები.
III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
- შპს ,,ზანდო 2004” არის ავტორიზებული პირი (კომისიაში ავტორიზაციის თარიღი: 01/02/2010; ავტორიზებული საქმიანობის სახეები: B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი; A.F.1 ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი)ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა);
- 2018 წლის 14 თებერვალს, 11:35 საათზე, შპს „ზანდო 2004“-ს ოფისში, მისამართზე ქ. სამტრედია, რუსთაველის ქ. N21. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის თანამშრომლების (ზ. კვირკველია, ი. ბაღაშვილი) მიერ განხორციელდა შპს ,,ზანდო 2004“-ს მიერ სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე გადაცემის მართლზომიერების შემოწმება, რის თაობაზეც გაფორმდა შემოწმების აქტი №25. შემოწმების აქტს ხელს აწერენ კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლები ზურაბ კვირკველია, იოსებ ბაღაშვილი და შემოწმების აქტის შედგენის დამსწრე მოწმე გ.ზელინსკი;
- შემოწმების შედეგად დაფიქსირდა, რომ 2018 წლის 14 თებერვალს, შპს ,,ზანდო 2004“ საკუთარი საკაბელო ქსელით ახორციელებდა საქართველოს ტერიტორიაზე შემდეგი სამაუწყებლო არხების რეტრანსლირებას: „GDS“, „ობიექტივი“, „რუსთვი 2“, „ტვ პირველი“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „იმედი“, „ერთსულოვნება“, „კომედი არხი“, „Футбол 1“, „Россия 1“, “Vip Megahit”, “Nat Geo Wilde”, “HTB”, “Матч”, „ТНТ comedy“, “Домашний”,“Discovery“, “ORT”, „СТС”, „ტვ ზარი“, “Рен ТВ”;
- 2018 წლის 14 თებერვალს განხორციელებული შემოწმების სისწორე დადასტურდა 2018 წლის 14 თებერვლის №25 შემოწმების აქტით, რომელიც შედგენილია ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36–ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, ასევე, შემოწმების პროცესის აუდიო-ვიზუალური ჩანაწერით;
- შპს ,,ზანდო 2004“-ს გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის კომისიაში არ ჰქონდა წარმოდგენილი შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია: „GDS“, „ობიექტივი“, „რუსთვი 2“, „ტვ პირველი“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „იმედი“, „ერთსულოვნება“, „კომედი არხი“, „Футбол 1“, „Россия 1“, “Vip Megahit”, “Nat Geo Wilde”, “HTB”, “Матч”, „ТНТ comedy“, “Домашний”,“Discovery“, “ORT”, „СТС”, „ტვ ზარი“, “Рен ТВ”;
- შპს „ზანდო 2004“-ს მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ანალოგიური დარღვევისთვის „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.
IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
1. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას;
2. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას;
3. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად;
4. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–19 მუხლის მე–2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კომისიამ უნდა დაიცვას კონფიდენციალურობა მიწოდებული ინფორმაციისა, რომელიც ითვლება კომერციულ საიდუმლოებად ან პერსონალურ მონაცემებად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად. განზოგადებული ინფორმაცია მომსახურების ბაზრის თაობაზე, ასევე მონაცემები აბონენტთა რაოდენობის, ტრაფიკის, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შესახებ არ შეიძლება იყოს კონფიდენციალური. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად, ხოლო ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები;
6. „ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის №609 დადგენილებით), ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის №879 დადგენილებით) და ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციასთან მიერთებით (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 17 თებერვლის №3344 დადგენილებით), საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი;
7. „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლისა და „ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების” მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით, თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება დართონ სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით. შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით; ამ ნორმის გამოყენებისათვის კი აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა საშუალებები და ხერხები;
8. ,,ბერნის კონვენციისა” და „ისმო-ს ხელშეკრულების” აღნიშნულ დანაწესთან სრულ შესაბამისობაშია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ან/და უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება);
9. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს. „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას უფლება აქვს ნება დართოს ან აკრძალოს თავისი გადაცემების რეტრანსლაცია;
,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, რაც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ნიშნავს ნება დართოს ან აკრძალოს:
ა) გადაცემის ჩაწერა;
ბ) გადაცემის ჩანაწერის რეპროდუცირება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადაცემა ჩაწერილია მაუწყებლობის ორგანიზაციის თანხმობით და რეპროდუცირება ხორციელდება იმავე მიზნით, რისთვისაც მოხდა მისი ჩაწერა;
გ) გადაცემის ერთდროულად გადაცემა ეთერში და კაბელით ხელახალი გადაცემა შესაბამისად საეთერო და საკაბელო მაუწყებლობის სხვა ორგანიზაციის მიერ;
დ) გადაცემის გადაცემა ეთერში ან კაბელით;
ე) გადაცემის საჯარო გადაცემა ადგილებში, სადაც შესვლა ფასიანია.
ვ) გადაცემის ჩანაწერის გავრცელება საზოგადოებაში გაყიდვის ან საკუთრების სხვა ფორმით გადაცემის გზით;
ზ) გადაცემის ჩანაწერის გაქირავება ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემა;
თ) გადაცემის ჩანაწერის გადაცემა სადენებით ანდა უსადენო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეული ადგილიდან და დროს;
10. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია მაუწყებლის ორგანიზაციის გადაცემის გამოყენება მისი თანხმობის გარეშე. ამავე კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ ან/და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას;
11. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ი1” ქვეპუნქტის შესაბამისად, კაბელით ხელახალი გადაცემა არის სადენით ან საჰაერო გზით, სატელიტური კავშირის ჩათვლით, საზოგადოებისთვის განკუთვნილი ტელე და რადიოპროგრამების საწყისი გადაცემის ერთდროულად, შეუწყვეტლად და შეუკვეცავად ხელახალი გადაცემა კაბელით ან მიკროტალღური სისტემის მეშვეობით. ამავე მუხლის „ჟ” ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო გადაცემა არის ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მონაცემთა ბაზის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის გამოსახულების ან/და ხმის გადაცემა ეთერში, კაბელით ან სხვა საშუალებით (გარდა ნაწარმოების ან ფონოგრამის ასლების გავრცელებისა) ისე, რომ გადაცემის გამოსახულება ან/და ხმა შესაძლებელია აღიქვან პირებმა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს, იმ ადგილზე (ადგილებზე), რომელიც იმდენადაა დაშორებული გადაცემის ადგილიდან, რომ ასეთი გადაცემის გარეშე გამოსახულება ან/და ხმა არ შეიძლება აღქმულ იქნას მიღების ადგილზე (ადგილებზე), მათ შორის, გადაიცეს ისე, რომ საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტები, მონაცემთა ბაზები ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან;
12. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტი არის ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე-ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე-ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ არსებითად ხორციელდება მაუწყებლის ტელე ან რადიოარხის ტრანზიტი;
13. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს;
14. ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.
შპს „ზანდო 2004“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა გაიმართა 2018 წლის 15 მარტის კომისიის სხდომაზე, სადაც აღინიშნა, რომ სატელევიზიო არხების: „GDS“, „ობიექტივი“, „რუსთვი 2“, „ტვ პირველი“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „იმედი“, „ერთსულოვნება“, „კომედი არხი“, „Футбол 1“, „Россия 1“, “Vip Megahit”, “Nat Geo Wilde”, “HTB”, “Матч”, „ТНТ comedy“, “Домашний”,“Discovery“, “ORT”, „СТС”, „ტვ ზარი“, “Рен ТВ” შესაბამისი ხელშეკრულებების გარეშე სამომხმარებლო პაკეტში ჩასმით და საკაბელო ქსელით ტრანზიტული გავრცელებით, შპს „ზანდო 2004“-ს მიერ დარღვეულია „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლი, ,,საავტორო უფლებების შესახებ“ ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლი, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლი, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლები და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი რაც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის შესაბამისად, სანქცირების საფუძველია.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2018 წლის 15 მარტის სხდომაზე, ასევე, განხილულ იქნა 6 სამაუწყებლო არხის: ,,იმედი“, ,,რუსთავი 2“, ,,მაესტრო“, ,,კომედი არხი“, ,,მარაო“ და ,,GDS“ არამართლზომიერი ტრანზიტის გამო მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი, სადაც კომპანიები, აღნიშნული სამაუწყებლო არხების მართლზომიერად გავრცელების საფუძვლად მიუთითებდნენ ამ არხების დისტრიბუციის ექსკლუზიური უფლებების მქონე კომპანია შპს ,,მედია რაითს ჯორჯიას“ მიერ ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულების დასადებად გამართული მოლაპარაკებების კეთილსინდისიერად წარმართვის მოთხოვნის შეუსრულებლობას. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული სამაუწყებლო არხების არამართლზომიერი ტრანზიტის გამო კომპანიები ცნო სამართალდამრღვევად, კომისიამ კანონით მისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში ისინი გაათავისუფლა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან, ვინაიდან, კომისიას მაუწყებელსა და მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს შორის ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულების დასადებად გამართული მოლაპარაკებების კეთილსინდისიერად წარმართვის მოთხოვნის შეუსრულებლობასთან დაკავშირებით აქამდე გადაწყვეტილება არ მიუღია, რაც, კომისიის აზრით, ხელს შეუწყობდა კომპანიების მიერ აღნიშნული საკითხისადმი ერთგვაროვან მიდგომას და სამართალდარღვევის პრევენციას. ამასთან, გადაწყვეტილების მიღების დროისთვის ცნობილი გახდა, რომ შპს ,,მედია რაითს ჯორჯიამ“ მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირებისთვის ხელმისაწვდომი გახადა მათთვის შეთავაზებულ პაკეტში შემავალი 6 ქართული სამაუწყებლო არხის: ,,იმედი“, ,,რუსთავი 2“, ,,მაესტრო“, ,,კომედი არხი“, ,,მარაო“ და ,,GDS“ ინდივიდუალური ფასიანი ტრანზიტი, რაც მხარეებს შორის მოლაპარაკებების დროს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენდა. აღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ მიიჩნია, რომ მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების სამართალდამრღვევებად ცნობითა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან განთავისუფლებით, ასევე მათთვის სამაუწყებლო არხების არამართლზომიერად გავრცელების აკრძალვით დაცული იქნებებოდა კანონიერებისა და პროპორციულობის პრინციპი, ასევე, მიიღწეოდა ის მიზნები, რაც ზოგადად გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ზანდო 2004“-ის სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების, ასევე მისთვის საქართველოს ტერიტორიაზე სამაუწყებლო არხების: „ერთსულოვნება“, „ტვ პირველი“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „ობიექტივი“,„Футбол 1“, „Россия 1“, “Vip Megahit”, “Nat Geo Wilde”, “HTB”, “Матч”, „ТНТ comedy“, “Домашний”,“Discovery“, “ORT”, „СТС”, „ტვ ზარი“, “Рен ТВ” „GDS“, „რუსთვი 2“, „იმედი“, „კომედი არხი“ ”არამართლზომიერი გადაცემის ორი კვირის ვადაში კანონის შესაბამისობაში მოყვანის დავალდებულებით დაცული იქნება კომპანიებისადმი ერთგვაროვანი მიდგომა, კანონიერების, თანასწორობისა და პროპორციულობის პრინციპი.
V. სარეზოლუციო ნაწილი:
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, 98-ე, 99-ე მუხლების, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ” ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის „საავტორო უფლებების შესახებ“ ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45) პუნქტის, მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის ბ) ქვეპუნქტის, 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
- შპს „ზანდო 2004” -ი ცნობილ იქნას სამართალდამრღვევად „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის „საავტორო უფლებების შესახებ” ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის დარღვევის გამო;
- შპს „ზანდო 2004“-ი გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან;
- მიეცეს შპს „ზანდო 2004“-ს ორკვირიანი ვადა შემდეგი სამაუწყებლო არხების: „ობიექტივი“, „ტვ პირველი“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „ერთსულოვნება“, „Футбол 1“, „Россия 1“, “Vip Megahit”, “Nat Geo Wilde”, “HTB”, “Матч”, „ТНТ comedy“, “Домашний”,“Discovery“, “ORT”, „СТС”, „ტვ ზარი“, “Рен ТВ”, „GDS“, „რუსთვი 2“, „იმედი“, „კომედი არხი“ გავრცელების უფლების მოსაპოვებლად, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ, მართლზომიერი ტრანზიტის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის არარსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს აღნიშნული არხების არამართლზომიერი გადაცემის დაუყოვნებლივ შეწყვეტა;
- დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ზანდო 2004“-სთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა;
- დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ. ამირიძე) შპს „ზანდო 2004“-სთვის სანქცირების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
- გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ზანდო2004“-სთვის ჩაბარების დღიდან;
- გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) შპს „ზანდო 2004“-სთვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
- კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილებზე (მე-4 და მე-5 პუნქტების გარდა) შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე).
|
კომისიის თავმჯდომარე |
|
კახი ბექაური |
|
კომისიის წევრი |
|
ვახტანგ აბაშიძე |
|
კომისიის წევრი |
|
ელისო ასანიძე |
|
კომისიის წევრი |
|
გიორგი ფრუიძე |
|
კომისიის წევრი |
|
მერაბ ქათამაძე |
