წვდომის მენიუ

შპს „ალიანსი ტივის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გათავისუფლების თაობაზე

ნომერი: 149 / 18

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 05, 2018 10:51

მიღების თარიღი მარტი 15, 2018

შპსალიანსი ტივისსამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გათავისუფლების თაობაზე

I.     საქმის აღწერა  

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია შემდგომში („კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების  დეპარტამენტის 2018 წლის 28 თებერვლის №შ-10/1099-18 სამსახურებრივი ბარათი (თანდართული მასალა: კომისიაში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ 2018  წლის 23 იანვარს შპს „ალიანსი ტივის“ მიმართ შედგენილი შემოწმების აქტი №11;  ვიდეო ჩანაწერი - 1 CD. 2 ეგზ; შემოწმების დამსწრე მოწმის პირადობის მოწმობის ასლი; შპს „ალიანსი ტივის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტაცია - 16 ფურც.), რომლის თანახმად, ირკვევა, რომ 2018 წლის 23 იანვარს კომისიის აპარატის  აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების  დეპარტამენტში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ განხორციელდა შპს „ალიანსი ტივის“  შემოწმება პროგრამების აუდიო-ვიზუალური დათვალიერება-მოსმენის საშუალებით და გადაცემის დროის დაფიქსირებით. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა შემოწმების აქტი №11. შემოწმება ჩატარდა ქ. თბილისი, შუამთის ქ. N15. შპს „ალიანსი ტივის“ ოფისში, შემოწმებას ესწრებოდა კომპანიის მენეჯერი მ. ბ.

შემოწმების შედეგად გამოირკვა, რომ  შპს „ალიანსი ტივი“  საკუთარი  ქსელით ახდენს შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირებას: „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, “რუსთავი 2”, „იმედი“, „ობიექტივი“, „მაესტრო“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, “HI TV”, “Домашный”,  „ტვ პირველი“, „იბერია“, „სილქ უნივერსალი“, “ORT”, “РТР планета”, „Детский Мир“,“TV 1000”, “TV 1000 action”,“TV 1000 ру.кино”, „Теленовела“, “Русский иллюзион”, “VIP Megahit”, “Шансон ТВ”, “Viasat Nature”, “Диалог о рыбалке”, „ქართული არხი“, „ТВЦ“, “Е”, “CTC”, “Дом Кино“, “Карусель”, “Россия К”, “Телекафе”.   

შპს „ალიანსი ტივის“ 2018 წლის 23 იანვრის მდგომარეობით კომისიაში არ წარმოუდგენია შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია: “რუსთავი 2”, „იმედი“, „მაესტრო“, “HI TV”,“ORT”, “РТР планета”, „Теленовела“, “Диалог о рыбалке”, „ქართული არხი“, “Дом Кино“, “Карусель”, “Россия К”, “Телекафе”.

შესაბამისად, შპს „ალიანსი ტივის“  მიერ კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულებების შესწავლის საფუძველზე, კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების  დეპარტამენტს  მიაჩნია, რომ შპს „ალიანსი ტივის“ მიერ ზემოაღნიშნული არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირება ხორციელდება არამართლზომიერად.

კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების  დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (28.02.2018; Nშ-10/1099-18) საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2018 წლის 2 მარტს კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ალიანსი ტივისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2018 წლის 15 მარტს 15:00 საათზე. აღნიშნულის თაობაზე შპს „ალიანსი ტივის“ ეცნობა შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე, განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.

2018 წლის 13 მარტს კომისიაში შემოვიდა შპს „ალიანსი ტივის“ (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/1329-18) ახსნა-განმარტება, რომელშიც აღნიშნულია, რომ შპს „ალიანსი ტივის“ ქსელში ტელეარხები „რუსთავი 2“, „მაესტრო“, „იმედი“ ტრანზიტი ხორციელდება კანონის საფუძველზე, კერძოდ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე, რომლის თანახმად, მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს შეუძლია უფასოდ, შესაბამისი მაუწყებლის ნებართვის გარეშე განახორციელოს ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული მაუწყებლის მაუწყებლობის ტრანზიტი, თუ მაუწყებელი დაარღვევს ამ მუხლის მე-8 პუნქტში აღნიშნულ კეთილსინდისიერების მოთხოვნას ან შეწყვეტს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირთან ტრანზიტის ხელშეკრულებას ხელშეკრულების პირობების დარღვევით. შპს „ალიანსი ტივის“ მიერ სადაოდ იქნა გამხდარი სწორედ ის ფაქტი, რომ მაუწყებელმა, რომლებიც ითხოვდნენ ფასიანი ხელშეკრულებების გაფორმებას სატრანზიტო კომპანიებისგან, დაარღვიეს კეთილსინდისიერი მოლაპარაკების პრინციპი. როგორც ახსნა-განმარტებაშია აღნიშნული, ზემოაღნიშნულის თაობაზე კომისიას ეცნობა 2017 წლის 4 დეკემბერს და 19 დეკემბერს და კომისიას ეთხოვა საკითხის შესწავლა, ასევე ეცნობა რომ აღნიშნული არხები ჩართული იყო შპს „ალიანსი ტივის“ ქსელში. შესაბამისად, შპს „ალიანსი ტივიმ“ მიიჩნია, რომ მანამ, სანამ არ დადგინდებოდა ტელეკომპანიების „რუსთავი 2“-ის, „მაესტროს“, „იმედის“ მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლის მე-8 პუნქტის დარღვევის ან არ დარღვევის ფაქტი, მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი შპს „ალიანსი ტივი“ უფლებამოსილია გამოიყენოს კანონით მისთვის მინიჭებული ე.წ. Must offer-ის პრინციპი („მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლის მე-6  პუნქტი).

2018 წლის 13 მარტს  შპს „ალიანსი ტივიმ“ კომისიაში ასევე წარმოადგინა ა(ა)იპ „საკაბელო ტელევიზიების კავშირთან“ 2017 წლის 26 დეკემბერს გაფორმებული დამატებითი შეთანხმება 2016 წლის ხელშეკრულების ვადის გაგრძელებაზე. აღნიშნული შეთანხმება შეეხება კომისიის 2018 წლის 23 იანვრის N11 შემოწმების აქტში დაფიქსირებულ შემდეგ სამაუწყებლო არხებს: “Дом Кино“, “Карусель”, “Россия К”, “Телекафе”.

2018 წლის 15 მარტის კომისიის სხდომაზე გამოცხადდა შპს „ალიანსი ტივის“ დირექტორი დ.ბედიაშვილი, რომელსაც გარდა წარმოდგენილი წერილობითი ახსნა-განმარტებისა,  ზეპირსიტყვიერად პოზიცია არ დაუფიქსირებია.

II.   კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები

1. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების  დეპარტამენტის 2018 წლის 28 თებერვლის №შ-10/1099-18 სამსახურებრივი ბარათი თანდართული დოკუმენტაციით;

2. აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების  რეგულირების დეპარტამენტის 2018 წლის 23 იანვრის  შემოწმების აქტი №11;

3. შპს „ალიანსი ტივის“ შემოწმების ჩატარების დამადასტურებელი აუდიო-ვიზუალური ჩანაწერი - 1 (CD დისკი);

4. შპს „ალიანსი ტივის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

5. შპს „ალიანსი ტივის“ წერილობითი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/1329-18)  ახსნა-განმარტება;

6.  კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან  მონაცემები და ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან შპს „ალიანსი ტივის“ შესახებ;

III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

1. კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემებით, შპს „ალიანსი ტივი“ არის ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირი (კომისიაში ავტორიზაციის თარიღი: 12.02.2010; ავტორიზებული საქმიანობის სახეები: A.F.1 ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელით და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა: კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი: ტელემაუწყებლობის ტრანზიტი);

2. 2018 წლის 23 იანვარს განხორციელდა შპს „ალიანსი ტივის“  შემოწმება ქ.თბილისში, მისამართზე: შუამთის ქ. N15 შპს „ალიანსი ტივის“  ოფისში კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ. შემოწმებას ესწრებოდა შპს „ალიანსი ტივის“ მენეჯერი მ. ბ. (პირადი №010120XXXXX). აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა შემოწმების აქტი №11. შემოწმების აქტს ხელს აწერენ კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებული უფლებამოსილი პირები: ზ. კ. და ი.ბ. შემოწმების აქტის შედგენის დამსწრე მოწმე –მ. ბ. ;

3. შემოწმების შედეგად დაფიქსირდა, რომ 2018 წლის 23 იანვარს შპს „ალაინსი ტივი“ საკუთარი საკაბელო ქსელით ახორციელებდა შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირებას: „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, “რუსთავი 2”, „იმედი“, „ობიექტივი“, „მაესტრო“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, “HI TV”, “Домашный”,  „ტვ პირველი“, „იბერია“, „სილქ უნივერსალი“, “ORT”, “РТР планета”, „Детский Мир“,“TV 1000”, “TV 1000 action”,“TV 1000 ру.кино”, „Теленовела“, “Русский иллюзион”, “VIP Megahit”, “Шансон ТВ”, “Viasat Nature”, “Диалог о рыбалке”, „ქართული არხი“, „ТВЦ“, “Е”, “CTC”, “Дом Кино“, “Карусель”, “Россия К”, “Телекафе”.      

4. შემოწმების სისწორე დადასტურდა 2018 წლის 23 იანვრის N11 შემოწმების აქტით, რომელიც შედგენილია ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36–ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად და შემოწმების პროცესის ვიდეო ჩანაწერით - 1 (CD) დისკით;

5. გადაწყვეტილების მიღების დროს შპს „ალიანს ტვ“-ს კომისიაში არ წარმოუდგენია ტრანზიტის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია  შემდეგ სამაუწყებლო არხებზე: “რუსთავი 2”, „იმედი“, „მაესტრო“, “HI TV”,“ORT”, “РТР планета”, „Теленовела“, “Диалог о рыбалке”, „ქართული არხი.

6. შპს „ალიანსი ტივის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.

IV.  სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება 

1. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას;

2. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.

3. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად;

4. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–19 მუხლის მე–2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კომისიამ უნდა დაიცვას კონფიდენციალურობა მიწოდებული ინფორმაციისა, რომელიც ითვლება კომერციულ საიდუმლოებად ან პერსონალურ მონაცემებად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად. განზოგადებული ინფორმაცია მომსახურების ბაზრის თაობაზე, ასევე მონაცემები აბონენტთა რაოდენობის, ტრაფიკის, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შესახებ არ შეიძლება იყოს კონფიდენციალური. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად,. ამავე მუხლის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო  ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები;

6. „ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” 1886 წლის 9 სექტემბრის ბერნის კონვენცია (შემდგომში „ბერნის კონვენცია“) რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის  №609 დადგენილებით. ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების  მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულება (შემდგომში „ისმოს ხელშეკრულება“) რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის № 879 დადგენილებით. ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენცია (შემდგომში „რომის კონვენცია“) რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 17 თებერვლის №3344 დადგენილებით. „ბერნის კონვენციასთან“, „რომის კონვენციასთან“ და „ისმოს ხელშეკრულებასთან“   მიერთებით, საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებები;

7. „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლისა და  „ინტელექტუალური საკუთრების  მსოფლიო ორგანიზაციის საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების” მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით, თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება დართონ სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით. შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ  ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით; ამ ნორმის გამოყენებისათვის კი აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა;

8. ,,ბერნის კონვენციისა” და „ისმო-ს ხელშეკრულების”  აღნიშნულ დანაწესთან სრულ შესაბამისობაშია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ან/და უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება);

9. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა. „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობლობის ორგანიზაციას უფლება აქვს ნება დართოს ან აკრძალოს თავისი გადაცემების რეტრანსლაცია;

10. ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, რაც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ნიშნავს ნება დართოს ან აკრძალოს: ა) გადაცემის ჩაწერა; ბ) გადაცემის ჩანაწერის რეპროდუცირება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადაცემა ჩაწერილია მაუწყებლობის ორგანიზაციის თანხმობით  და რეპროდუცირება ხორციელდება იმავე მიზნით, რისთვისაც  მოხდა მისი ჩაწერა; გ) გადაცემის ერთდროულად გადაცემა ეთერში და კაბელით ხელახალი გადაცემა შესაბამისად საეთერო და საკაბელო მაუწყებლობის სხვა ორგანიზაციის მიერ; დ) გადაცემის გადაცემა ეთერში ან კაბელით; ე) გადაცემის საჯარო გადაცემა ადგილებში, სადაც შესვლა ფასიანია. ვ) გადაცემის ჩანაწერის გავრცელება საზოგადოებაში გაყიდვის ან საკუთრების სხვა ფორმით გადაცემის გზით; ზ) გადაცემის ჩანაწერის გაქირავება ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემა; თ) გადაცემის ჩანაწერის გადაცემა სადენებით ანდა უსადენო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეული ადგილიდან და დროს;

11. ამავე კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია მაუწყებლის ორგანიზაციის გადაცემის გამოყენება მისი თანხმობის გარეშე. ამავე კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ ან/და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას;

12. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45 ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტი არის ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე-ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე-ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ არსებითად ხორციელდება მაუწყებლის ტელე ან რადიოარხის ტრანზიტი;

13. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს;

14. ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.

კომისია აღნიშნავს, რომ „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მა­უწ­ყებ­ლო­ბის ორგანიზაციას ეკუთვნის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი უფ­ლე­ბა  გამოიყენოს თა­ვი­სი გა­და­ცე­მა ნებისმიერი ფორ­მით, გადაცემის ყო­ვე­ლი ფორმით გა­მო­ყე­ნე­ბი­სათ­ვის ანაზღაურების მიღების უფ­ლე­ბის ჩათვლით.  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლის მე-6 პუნქტი აწესებს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების მიერ უფასოდ, შესაბამისი მაუწყებლის ნებართვის გარეშე განახორციელოს მაუწყებლის მაუწყებლობის ტრანზიტი, თუ მაუწყებელი დაარღვევს ამ მუხლის მე-8 პუნქტში აღნიშნულ კეთილსინდისიერების მოთხოვნას ან შეწყვეტს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირთან ტრანზიტის ხელშეკრულებას ხელშეკრულების პირობების დარღვევით. კომისიას მიაჩნია, რომ მაუწყებელის მიერ ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულების დასადებად მოლაპარაკებების კეთილსინდისიერად წარმართვის მოთხოვნის დარღვევას, რაზედაც მიუთითებს შპს ,,ალიანსი ტივი“, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, ადგენს არა მოლაპარაკებებში ჩართული სუბიექტი შპს ,,ალიანსი ტივი“, არამედ ნეიტრალური, კომპეტეტური ორგანო - კომისია, რის შემდეგაც მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ  პირს წარმოეშვება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული უფლება - უფასოდ, შესაბამისი ნებართვის გარეშე განახორციელოს მაუწყებლის მაუწყებლობის ტრანზიტი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ სამაუწყებლო არხების: “რუსთავი 2”, „იმედი“, „მაესტრო“, “HI TV”,“ORT”, “РТР планета”, „Теленовела“, “Диалог о рыбалке”, „ქართული არხის“ შესაბამისი ხელშეკრულებების და სანებართვო წერილების გარეშე საკაბელო ქსელით უცვლელი სახით გადაცემით, შპს „ალიანსი ტივის“ მიერ დარღვეულია „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლი, ,,საავტორო უფლებების შესახებ“ ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლი, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლი, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლები და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი, რაც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის შესაბამისად, სანქცირების საფუძველია.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის  2018 წლის 15 მარტის სხდომაზე, ასევე, განხილულ იქნა 6 სამაუწყებლო არხის: ,,იმედი“, ,,რუსთავი 2“, ,,მაესტრო“, ,,კომედი არხი“, ,,მარაო“ და ,,GDS“ არამართლზომიერი ტრანზიტის გამო მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი, სადაც კომპანიები, აღნიშნული სამაუწყებლო არხების მართლზომიერად გავრცელების საფუძვლად უთითებდნენ ამ არხების დისტრიბუციის ექსკლუზიური უფლებების მქონე კომპანია შპს ,,მედია რაითს ჯორჯიას“ მიერ ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულების დასადებად გამართული მოლაპარაკებების კეთილსინდისიერად წარმართვის მოთხოვნის შეუსრულებლობას. მიუხედავად იმისა, რომ კომისიამ აღნიშნული სამაუწყებლო არხების არამართლზომიერი ტრანზიტის გამო კომპანიები ცნო სამართალდამრღვევად, კანონით მისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში ისინი გაათავისუფლა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან, ვინაიდან, კომისიას მაუწყებელსა და მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს შორის ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულების დასადებად გამართული მოლაპარაკებების კეთილსინდისიერად წარმართვის მოთხოვნის შეუსრულებლობასთან დაკავშირებით აქამდე გადაწყვეტილება არ მიუღია, რაც, კომისიის აზრით, ხელს შეუწყობდა კომპანიების მიერ აღნიშნული საკითხისადმი ერთგვაროვან მიდგომას და სამართალდარღვევის პრევენციას.  ამასთან, გადაწყვეტილების მიღების დროისთვის ცნობილი გახდა, რომ შპს ,,მედია რაითს ჯორჯიამ“ მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირებისთვის ხელმისაწვდომი გახადა მათთვის შეთავაზებულ პაკეტში შემავალი 6 ქართული სამაუწყებლო არხის: ,,იმედი“, ,,რუსთავი 2“, ,,მაესტრო“, ,,კომედი არხი“, ,,მარაო“ და ,,GDS“ ინდივიდუალური ფასიანი ტრანზიტი, რაც მხარეებს შორის მოლაპარაკებების დროს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენდა. აღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ მიიჩნია, რომ მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების სამართალდამრღვევებად ცნობითა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებით, ასევე მათთვის სამაუწყებლო  არხების  არამართლზომიერად გავრცელების აკრძალვით დაცული იქნებოდა კანონიერებისა და პროპორციულობის პრინციპი, ასევე, მიიღწეოდა ის მიზნები, რაც ზოგადად გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ალიანსი ტივის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების, ასევე მისთვის საქართველოს ტერიტორიაზე სამაუწყებლო არხების:  “რუსთავი 2”, „იმედი“, „მაესტრო“, “HI TV”,“ORT”, “РТР планета”, „Теленовела“, “Диалог о рыбалке”, „ქართული არხის“ არამართლზომიერად გადაცემის აკრძალვის დაკისრების შემთხვევაში დაცული იქნება კომპანიებისადმი ერთგვაროვანი მიდგომა, კანონიერების, თანასწორობისა და პროპორციულობის პრინციპი, ასევე მიიღწევა ზოგადად საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მიზნები.

 V.    სარეზოლუციო ნაწილი: 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, 98-ე, 99-ე მუხლების, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ” ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის „საავტორო უფლებების შესახებ“ ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45) ქვეპუნქტის, მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 45-ე მუხლის პირველი  პუნქტის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის ბ) ქვეპუნქტის,  36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების, ასევე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავის, 103-ე, 104-ე და 105-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად 

  :

1. შპს „ალიანსი ტივი“ ცნობილ იქნას სამართალდამრღვევად „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis მუხლის, ინტელექტუალური საკუთრების  მსოფლიო ორგანიზაციის „საავტორო უფლებების შესახებ” ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის   დარღვევის გამო;

2. გათავისუფლდეს შპს „ალიანსი ტივი“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან;

3. მიეცეს შპს „ალიანსი ტივის“ ორკვირიანი ვადა შემდეგი სამაუწყებლო არხების: “რუსთავი 2”, „იმედი“, „მაესტრო“, “HI TV”,“ORT”, “РТР планета”, „Теленовела“, “Диалог о рыбалке”, „ქართული არხის“ გავრცელების უფლების მოსაპოვებლად, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ, მართლზომიერი ტრანზიტის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის არარსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს აღნიშნული არხების არამართლზომიერი გადაცემის დაუყოვნებლივ შეწყვეტა;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) ამ გადაწყვეტილების შპს „ალიანსი ტივისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;

5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ალიანსი ტივისთვის“  ჩაბარების დღიდან;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.,  N6) შპს „ალიანსი ტივისთვის“  ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

7. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-4 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე).

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები