შპს „ტვ-გლდანის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი მარტი 29, 2018 16:53
მიღების თარიღი მარტი 15, 2018
შპს „ტვ-გლდანის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე
I. საქმის აღწერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (№შ-10/442-18, 26.01.2018) თანახმად, 2018 წლის 10 იანვარს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ განხორციელდა შპს „ტვ-გლდანის“ შემოწმება პროგრამების აუდიო-ვიზუალური დათვალიერება-მოსმენის საშუალებით და გადაცემის დროის დაფიქსირებით. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა შემოწმების აქტი №2. შემოწმება ჩატარდა ქ. თბილისში, მოსამართზე: გლდანის მე-7 და მე-8 მკრ. შორის მდებარე სავაჭრო ცენტრში, შპს „ტვ-გლდანის“ ოფისში, კომპანიის დირექტორის მ.მახარობლიშვილის თანდასწრებით. შემოწმების შედეგად გამოირკვა, რომ შპს „ტვ-გლდანი“ საკუთარი ქსელით ახდენს შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირებას: „კავკასია“, „1 გასართობი“, “რუსთავი 2”, „იმედი“, „სტერეო+“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „აჭარა“, „ერთსულოვნება“, „HI TV“ (ევრიკა), „სტარვიზია“, „იბერია“, „ტვ პირველი“, “ობიექტივი”, „ენკი-ბენკი“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, „Индийское Кино“, „НТВ кинохит“, „Music Box” (ტელეკომპანია თბილისი), “TV3” (რუსული),“ „Мужское Кино“, “НТВ МИР”, “TV 1000”, “Еврокино”, ”Иллюзион+”, „Пятница“, „Viasat sport“, „НТВ Киносемья”, “RTVi”, „Кухня“, “Феникс кино”, “Сарафан”, „СТС“, „KXL“, „რაგბი ტვ“, „ТНТ music“, “Охота и Рыбалка”, “Кинокомедия”, “РЕН ТВ”, “Домашний”, “Кинопремьера”, “Viasat Explorer”, „Шансон“, „Моя планета“, “RU TV”(music one).
კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული მონიტორინგის საფუძველზე, ირკვევა, რომ შპს „ტვ-გლდანს“ 2018 წლის 26 იანვრის მდგომარეობით კომისიაში არ წარმოუდგენია შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია: “რუსთავი 2”, „იმედი“, „ტვ პირველი“, „ერთსულოვნება“. შესაბამისად, შპს „ტვ-გლდანის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულებების შესწავლის საფუძველზე, დეპარტამენტს მიაჩნია, რომ შპს „ტვ-გლდანის“ მიერ ზემოაღნიშნული არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირება ხორციელდება არამართლზომიერად.
კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (№შ-10/442-18, 26.01.2018) საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ტვ-გლდანისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2018 წლის 15 თებერვალი. აღნიშნულის თაობაზე შეტყობინება ფოსტით გაეგზავნა შპს „ტვ-გლდანს“ და განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება. შეტყობინება (N03/482-18; 09.02.2018) კომპანიას ჩაბარდა 2018 წლის 10 თებერვალს.
2018 წლის 6 თებერვალს კომისიაში შემოვიდა შპს „ტვ-გლდანის“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/671-18; 06.02.2018), რომლითაც წარმოდგენილ იქნა სამაუწყებლო არხების სანებართვო წერილები: „ქართული არხის“ (სანებართვო წერილის თარიღი: 23.01.2018), „TV პირველის“ (თარიღი: 29.01.2018) და „ ერთსულოვნების“ (თარიღი: 30.01.2018).
2018 წლის 14 თებერვალს კომისიაში შემოვიდა შპს „საქართველოს საპატრიარქო ტელევიზია ერთსულოვნების“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/799-18; 14.02.2018), რომელშიც აღნიშნულია, რომ შპს „საქართველოს საპატრიარქო ტელევიზია ერთსულოვნებას“ 2017 წლის დეკემბრის თვეში სიტყვიერი თხოვნით მომართა შპს „ტვ-გლდანის“ დირექტორმა, მაუწყებლობის რეტრანსლაციის გაგრძელებასთან დაკავშირებით, რაზეც კომპანიის მხრიდან მიცემულ იქნა ზეპირი თანხმობა, თუმცა წერილობითი პასუხი გაცემულ იქნა მიმდინარე წლის 30 იანვარს.
2018 წლის 14 თებერვალს კომისიაში შემოვიდა შპს „ტელეკომპანია პირველის“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/800-18; 14.02.2018), რომელშიც აღნიშნულია, რომ შპს „ტვ-გლდანმა“ 2017 წლის დეკემბრის თვეში ზეპირსიტყვიერად მომართა შპს „ტელეკომპანია პირველს“ მაუწყებლის ტრანსლირებასთან დაკავშირებით, რაზეც კომპანიის მხრიდან ზეპირსიტყვიერი თანხმობა მიიღო, ხოლო 2018 წლის 30 იანვარს წერილობით დადასტურდა.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2018 წლის 15 თებერვლის სხდომაზე, გამოცხადდა შპს „ტვ-გლდანის“ დირექტორი მ.მახარობლიშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ ჰქონდა ზეპირსიტყვიერი თანხმობა „ტვ პირველსა“ და „ერთსულოვნებასთან“, თუმცა მათი მხრიდან წერილობითი თანხმობა გაცემულ იქნა მოგვიანებით, რაც წარმოდგენილ იქნა კომისიაში.
მ.მახარობლიშვილმა განმარტა, რომ სამაუწყებლო არხების „იმედისა“ და „რუსთავი 2“-ის ტრანზიტთან დაკავშირებით არაკეთილსინდისიერად წარიმართა მოლაპარაკება. იგი არ თვლის, რომ საქმე აქვთ შპს „მედია რაითს ჯორჯიათან“, ვინაიდან მისი მარწმუნებლები არიან „რუსთავი 2“, „იმედი“ და „მაესტრო“. მ.მახარობლიშვილი არ ეთანხმება შპს „მედია რაითს ჯორჯიას“, რომ ეს არხები მათი პროდუქტია და ისე გაყიდიან, როგორც მათ სურდათ. მაუწყებელსა და ტრანზიტორ კომპანიას შორის ურთიერთობებს არეგულირებს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლი, რომლის მე-8 პუნქტი და ქვეპუნქტები იძლევა იმის გარკვევის საშუალებას, შპს „ტვ-გლდანმა“ გააჭიანურა და არ მოინდომა ხელშეკრულების გაფორმება, თუ ეს იყო შპს „მედია რაითს ჯორჯიასა“ და მისი მარწმუნებელების „იმედისა“ და „რუსთავი 2“-ის გამო. შპს „მედია რაითს ჯორჯიამ“ წერილი მისწერა ათობით ტრანზოტორ ოპერატორს ისე, რომ არ იყო დარეგისტრირებული, არ ჰყავდა მარწმუნებელი და არ გააჩნდა არავითარი უფლება. შემდგომი წერილით წარმოადგინეს ინფორმაცია, რომ პაკეტში არის 6 არხი და საფასურია 4 ლარი ერთ მოწყობილობაზე. პაკეტში შეტანილი აქვთ როგორც ეროვნული, ისე სპეციალიზებული მაუწყებლები. ამ საერთო მაუწყებლებიდან 3 არის სხვადასხვა კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომლებსაც კომისიაში გავლილი აქვთ მაუწყებლობაზე ავტორიზაცია. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლში არაფერია ნათქვამი კერძო მაუწყებლებზე. მ.მახარობლიშვილს მიაჩნია, რომ მათ ჰქონდათ ასეთი შემოთავაზების უფლება, მაგრამ არ ჰქონდათ მოთხოვნის უფლება. მათ მოთხოვნა არ შეცვალეს მიუხედავად ოპერატორების მხრიდან მრავალჯერადი თხოვნისა, რომ დაეშალათ პაკეტი და „რუსთავი 2“-ის, „იმედის“, „მაესტროს“ ტრანზიტისთვის ცალ-ცალკე დაედგინათ ფასი, რათა ტრანზიტორებს ჰქონოდა იმის საშუალება, რომ ამოერჩია საერთო მაუწყებელი, რომლის ტრანზიტზეც დადებდა ხელშეკრულებას. მ.მახარობლიშვილმა აღნიშნა, რომ კანონის შესაბამისად, შეუსაბამობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ ტრანზიტის საფასურსა და სხვა მაუწყებლების მიერ მოთხოვნილ საფასურს შორის განსხვავება 10%-ს აღემატება. მისთვის უცნობია, რასთან შეფარდებით უნდა დათვალოს ეს 10%.
მ.მახარობლიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ ბოლო წერილში აღნიშნულია, რომ გააფორმეს ხელშეკრულება შპს „მაგთიკომთან“, საფასური არის 1,5 ლარი. ხელშეკრულება არის დაპაუზება-გადახვევაზე, სხვადასხვა ტექნოლოგიაზე გაფორმებული. როდესაც შპს „მედია რაითს ჯორჯია“ 4 ლარიდან ჩამოვიდა 1,5 ლარზე, ტრანზიტორების შეკითხვა იყო - რა მომსახურებისთვის ითხოვდნენ ამ თანხას? 111 ტრანზიტორი კომპანიიდან მხოლოდ 2 კომპანიას აქვს გადახვევა-დაპაუზების საშუალება, ხოლო დანარჩენებს არა. ამავე კანონის მოთხოვნაა, რომ არ უნდა ჩააყენონ რომელიმე კომპანია დისკრიმინაციულ მდგომარეობაში. მ.მახარობლიშვილმა განაცხადა, რომ შპს „მაგთიკომთან“ შედარებით შპს „ტვ-გლდანი“ და მისი მსგავსი კომპანიები დგებიან დისკრიმინაციულ მდგომარეობაში, ვინაიდან შპს „მაგთიკომს“ აქვს გადახვევა-დაპაუზების საშუალებაც და უფლებაც, აბონენტი მას ანიჭებს უპირატესობას. შპს „მედია რაითს ჯორჯია“ ორივეს უწესებს გადასახადს 1,5 ლარის ოდენობით. თუ შპს „მაგთიკომს“ 1,5 ლარს სთავაზობენ, მაშინ მათ სიმბოლურად მაინც, ნაკლები უნდა შესთავაზონ. მ.მახარობლიშვილმა ასევე, აღნიშნა, რომ შპს „მედია რაითს ჯორჯიამ“ წარმოადგინა ხელშეკრულების პროექტი და შემდეგ შპს „მაგთისთან“ გაფორმებული ხელშეკრულება. ეჭვი გამოიწვია იმან, რომ ხელშეკრულების მე-4 პუნქტის თანახმად, მათ შეეძლოთ ნებისმიერი არხის გათიშვის დაუყოვნებლივ მოთხოვნა. შპს „მედია რაითს ჯორჯიამ“, რომელიც არ ექცევა კომისიის რეგულირების სფეროში, შეიძლება ნებისმიერ დროს მოითხოვოს, მაგალითად „კურიერის“ ან რომელიმე გასართობი გადაცემის გათიშვა.
კომისიის 2018 წლის 15 თებერვლის სხდომაზე შპს „ტვ-გლდანის“ მიერ მიცემული ახსნა-განმარტების მოსმენის შემდეგ, საქმის ყველა გარემოებების შესწავლის მიზნით, კომისიამ საჭიროდ მიიჩნია შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ სხდომაზე მოწვევა შესაბამისი ახსნა-განმარტებების მოსმენის მიზნით, რის გამოც კომისიის სხდომა გადაიდო და დაინიშნა 2018 წლის 22 თებერვალს, 15 საათზე.
კომისიის 2018 წლის 20 თებერვლის N03/575-18 შეტყობინებით შპს „მედია რაითს ჯორჯია“ მოწვეულ იქნა კომისიის 2018 წლის 22 თებერვლის სხდომაზე შპს „ტვ-გლდანისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვაში მონაწილეობის მისაღებად. ამასთან, შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით ეთხოვა ახსნა-განმარტების წარმოდგენა. კომისიის შეტყობინება თანდართული ადმინისტრაციული წარმოების მასალებით (N03/575-18;20.02.2018) კომპანიას ჩაბარდა 2018 წლის 20 თებერვალს (გზავნილის კოდი: AP01004172427; ჩაბარების თარიღი:20.02.2018; ჩაიბარა: ე.კიკოზაშვილმა).
კომისიის 2018 წლის 20 თებერვლის N03/576-18 წერილით შპს „ტვ-გლდანს“ გაეგზავნა შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ 2017 წლის პირველი დეკემბრის წერილი (კომისიაში რეგისტაციის Nშ-6/9134-17;01.12.2017) თანდართული დოკუმენტაციით (სამაუწყებლო არხებიდან მიღებული ცნობები შპს „მედია რაითს ჯორჯიასთვის“ მესამე პირებთან ფასიანი ტრანზიტის თაობაზე ხელშეკრულების გაფორმების უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე; მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებთან გაგზავნილი წერილი და აღნიშნული წერილის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; ხელშეკრულება მაუწყებლობის ფასიანი ტრანზიტის შესახებ; შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი განცხადება, რომლითაც ითხოვს მაუწყებლობის ტრანზიტორების მონიტორინგს და 2017 წლის 1 დეკემბრიდან განხორციელებული არამართლზომიერი ტრანზიტის აღკვეთას), რომელიც ჩაბარდა 2018 წლის 20 თებერვალს (გზავნილის კოდი:AP01004172426; ჩაბარების თარიღი: 20.02.2018; ჩაიბარა: კ.კირაკოსიანმა).
კომისიაში 2018 წლის 20 თებერვალს შემოვიდა შპს „ტვ-გლდანის“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/923-18; 20.02.2018) თანდართული დოკუმენტაციით („საკაბელო ტელევიზიების კავშირის“ 2017 წლის 2 ივნისის წერილი გაგზავნილი შპს „მედია რაითს ჯორჯიასთვის“; „საკაბელო ტელევიზიების კავშირის“ 2017 წლის 14 ივნისის წერილი გაგზავნილი შპს „მედია რაითს ჯორჯიასთვის“ ; „საკაბელო ტელევიზიების კავშირის“ 2017 წლის 25 ივლისის წერილი გაგზავნილი შპს „მედია რაითს ჯორჯიასთვის“; მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების, მათ შორის შპს „ტვ-გლდანის“ მიერ 2017 წლის 21 სექტემბერს შპს „მედია რაითს ჯორჯიასთვის“, შპს „სამაუწყებლო კომპანიას რუსთავი 2“-სთვის, შპს „ტელეიმედისთვის“, შპს „სტუდია მაესტროსთვის“, შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-სთვის და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისთვის გაგზავნილი წერილი; შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ 2017 წლის 10 ოქტომბრის წერილი გაგზავნილი შპს „ტვ-გლდანისთვის“ და სხვა ავტორიზებული პირებისთვის (პასუხი 2017 წლის 21 სექტემბრის წერილზე); შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ 2017 წლის 28 აპრილის წერილი გაგზავნილი მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირებისათვის; შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ 2017 წლის 25 მაისის წერილი გაგზავნილი მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირებისათვის და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისათვის; შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ 2017 წლის 27 ივლისის წერილი გაგზავნილი „საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირისათვის“; შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ წერილი (არ არის დათარიღებული) გაგზავნილი მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირებისათვის, რომლითაც ითხოვს 2017 წლის 1 დეკემბრიდან სამაუწყებლო არხების ტრანზიტის შეწყვეტას ან ფასიანი ტრანზიტის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებას ერთ აბონენტზე 1.5 ლარის ღირებულებით 6 სამაუწყებლო არხზე.). შპს „ტვ-გლდანის“ წერილში აღნიშნულია, რომ 2017 წლის 9 ივნისს მაუწყებლობის ტრანზიტორი კომპანიების მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ წარმომადგენელმა კატეგორიული უარი განაცხადა ტრანზიტორების მიერ დაყენებულ შეთავაზებაზე, მოთხოვნებზე და სხვა პირობებზე. შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ პირობების მიუღებლობისა და კანონსაწინააღმდეგო მოთხოვნების გამო შემდგომი ურთიერთობები გაგრძელდა წერილობით. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 2017 წლის 14 ივნისის მიმართვაში შპს „ტვ-გლდანი“ და სხვა ოპერატორები ითხოვდნენ:1.ჩამოთვლილი სამაუწყებლო არხების გავრცელება ყველა სხვა ტექნოლოგიითაც გამხდარიყო ფასიანი; 2. დაეშალათ პაკეტი; 3. შემოთავაზებული ფასი 4 ლარი იყო შეუსაბამოდ მაღალი; 4. წარმოდგენილი ხელშეკრულების პროექტი შეიცავდა არაადეკვატურ და კანონსაწინააღმდეგო პირობებს. ხოლო, 2017 წლის 21 სექტემბრის წერილში შპს „ტვ-გლდანი“ და სხვა ტრანზიტორები ითხოვდნენ: 1. პაკეტის დაშლას; 2. 1.5 ლარის გაშლას ტრანზიტზე, გადახვევაზე და დაპაუზებაზე; 3. მაუწყებლებისაგან კონტენტისა და გადახვევა დაპაუზების კანონიერი ფლობის დოკუმენტაციას; 4. შესთავაზეს 1.5 ლარის არხებზე გაშლის თავიანთი ხედვა.
შპს „ტვ-გლდანის“ წერილში ასევე აღნიშნულია, რომ შპს „მედია რაითს ჯორჯიასგან“ მიღებული აქვთ 5 წერილი, რომლიდანაც არც ერთში არ არის მათ მოთხოვნებზე პასუხი გაცემული. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შპს „ტვ-გლდანი“ თვლის, რომ შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ მიერ დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლის მე-8 პუნქტი. ხოლო, ამავე კანონის 401 მუხლის მე-6 პუნქტიდან გამომდინარე უფლება აქვთ უფასოდ, საერთო მაუწყებლის ნებართვის გარეშე მოახდინონ მათი არხების რეტრანსლირება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შპს „ტვ-გლდანმა“ მოითხოვა „რუსთავი 2“-სა და „იმედის“ არამართლზომიერ ტრანზიტთან დაკავშირებით შპს „ტვ-გლდანისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული წარმოების შეწყვეტა.
კომისიის 2018 წლის 21 თებერვლის N03/600-18 წერილით შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ დამატებით გადაეცა შპს „ტვ-გლდანის“ წერილი თანდართული დოკუმენტაციით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/923-18; 20.02.2018), რომელიც კომპანიას ჩაბარდა ხელზე 2018 წლის 21 თებერვალს.
კომისიის 2018 წლის 22 თებერვლის სხდომაზე გამოცხადდნენ შპს „ტვ-გლდანის“ დირექტორი მ.მახარობლიშვილი და შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ დირექტორი ზ.ნაყეური და იურისტი ვ.მამულია. კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2018 წლის 22 თებერვლის სხდომა გადაიდო და დაინიშნა 2018 წლის 6 მარტს, 15 საათზე. აღნიშნუილის თაობაზე, კანონით დადგენილი წესების შესაბამისად მხარეები გაფრთხილებულ იქნენ სხდომაზევე.
2018 წლის 28 თებერვალს კომისიაში შემოვიდა შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ ახსნა-განმარტება (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/1123-18, 28.02.2018), რომელშიც აღნიშნულია, რომ შპს „მედია რაითს ჯორჯიას“, ტელეარხებისგან მინიჭებული უფლებების რეალიზაციის პროცესში არ დაურღვევია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დაწესებული მოთხოვნები, მათ შორის კანონის 401 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნები. შესაბამისად, არ არსებობს შპს „ტვ-გლდანის“ (შემდგომში „ტრანზიტორი“, „საჩივრის ავტორი“) წარმომადგენლების მიერ მითითებული, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში „კანონი“) 401 მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მიერ ტელეარხების (რუსთავი 2, იმედი, მაესტრო, GDS, მარაო და კომედი - შემდგომში „ტელეარხები“) უფასოდ, შესაბამისი ანზაღაურების გადახდის გარეშე ანდა ტელეარხებისგან გაცემული ნებართვის გარეშე რეტრანსლირების საფუძველი.
როგორც ახსნა-განმარტებაშია აღნიშნული, 2017 წლის 1 დეკემბრის შემდგომი პერიოდიდან შპს „ტვ-გლდანი“ ახორციელებს „იმედისა“ და „რუსთავი 2“-ის რეტრანლირებას თავის საკაბელო ქსელში არხებისგან გაცემული უფასო რეტრანსლირების შესაბამისი ნებართვის გარეშე. ასევე, ტრანზიტორმა უარი განაცხადა მაუწყებლობის ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულების გაფორმებაზე. შესაბამისად, 2017 წლის 1 დეკემბრიდან მოყოლებული მიმდინარე პერიოდამდე შპს „ტვ-გლდანი“ ახორციელებს შესაბამისი არხების ტრანზიტს არასანქცირებულად და მისი წარმომადგენლის მიერ დაფიქსირებული პოზიციიდან გამომდინარე აშკარაა, რომ ის არ აპირებს შეწყვიტოს აღნიშნული ქმედება. ტრანზიტორის წარმომადგენლის მითითებით 2017 წლის 1 დეკემბრიდან ის ახორციელებს მაუწყებლობის ტრანზიტს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე, რის თაობაზეც მან გაუგზავნა წერილი/შეტყობინება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში „კომისია“). შპს „მედია რაითს ჯორჯია“ აღნიშნავს, რომ ტრანზიტორს არასწორად ესმის მის მიერ მითითებული პუნქტის საფუძველზე მაუწყებლობის ტრანზიტის უფასოდ განხორციელების წინაპირობა, ვინაიდან, პუნქტში მითითებული წინაპირობის - 401 მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული კეთილსინდისიერების დარღვევის ფაქტის არსებობას ადგენს კომისია და არა დაინტერესებული სუბიექტური მხარე, რომელსაც წარმოადგენს ტრანზიტორი (შპს „ტვ-გლდანი“). ტრანზიტორი ვალდებული იყო (კანონის 401 მუხლის მე-11 პუნქტი) შესაბამისი ფორმისა და პროცედურების დაცვით მიემართა კომისიისთვის კანონის 401 მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევის დადგენის მოთხოვნითა და 401 მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე, მისთვის ხსენებული არხების უფასოდ რეტრანსლირების უფლების მინიჭებისთვის. მხოლოდ კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე შეიძლება ჩაითვალოს, რომ არსებობს 401 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული უფლების გამოყენების საფუძველი. ამისგან განსხვავებით, ტრანზიტორმა თავად გადაწყვიტა, რომ შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ მხრიდან დაირღვა კანონის მოთხოვნები და ის უფლებამოსილია თავისი ნებით განახორციელოს ზემოაღნიშნული არხების უფასო ტრანზიტი.
შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ ახსნა-განმარტებაში ასევე აღნიშნულია, რომ ტრანზიტორმა (2018 წლის 15 თებერვლის კომისიის სხდომის შემდგომ) 20 თებერვალს მიმართა კომისიას საჩივრით და მოითხოვა შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ მიმართ 401 მუხლის მე-8 პუნქტის დანაწესების დარღვევის დადგენა და შესაბამისად, მისთვის 401 მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე „რუსთავი 2“-სა და „იმედის“ უფასოდ რეტრანსლირების უფლების მინიჭება. საგულისხმოა, რომ მიუხედავად იმისა, თუ რა გადაწვეტილებას მიიღებს კომისია ხსენებულ საჩივართან დაკავშირებით, ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ ტრანზიტორი 2017 წლის 1 დეკემბრიდან მოყოლებული, კომისიის მიერ შესაბამისი გადაწვეტილების მიღებამდე (ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი საჩივარი დაკმაყოფილდა) პერიოდში უკანონოდ ახორციელებდა ხსენებული ტელეარხების ტრანზიტს. ტრანზიტორი თავის, 2018 წლის 20 თებერვლის განცხადებით/საჩივრით მოითხოვს - დადგინდეს შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ მხრიდან მაუწყებლობის შესახებ კანონის 401 მუხლის მე-8 პუნქტის მოთხოვნათა დარღვევა და მიეცეს მას ტელეარხების („იმედი“ და „რუსთავი 2“) უფასოდ, შესაბამისი მაუწყებლის ნებართვის გარეშე რეტრანსლირების უფლება, ასევე შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება მის მიმართ პასუხიმგებლობის დაკისრების თაობაზე. შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ მიაჩნია, რომ შპს „ტვ-ლდანის“ ეს მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების არანაირი წინაპირობა. საჩივარში ტრანზიტორი მიუთითებს, რომ შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ მხრიდან დარღვეულია კანონის 401 მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები, თუმცა არანაირ მითითებას არ აკეთებს პუნქტის რომელი კონკრეტული ქვეპუნქტები იქნა დარღვეული, რის გამოც რთულია კონკრეტული პასუხის გაცემა.
შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ ახსნა-განმარტებაში ასევე აღნიშნულია, რომ ტრანზიტორი (შპს „ტვ-გლდანი) თავის (2018 წლის 20 თებერვლის) განცხადებაში უთითებს, რომ 2017 წლის 9 ივნისს, „მედია რაითს ჯორჯიასა“ და ტრანზიტორებს შორის გამართულ შეხვედრაზე შპს „მედია რაითს ჯორჯიამ“ კატეგორიული უარი განცხადა მათ მიერ შემოთავაზებული პირობებისა და მოთხოვნების მიღებაზე, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ ახსნა-განმარტებაში აღნიშნულია, რომ მიუხედავად შეხვედის ფორმატის სირთულისა, განხილულ იქნა არაერთი საკითხი, რომლებთან დაკავშირებითაც ერთმანეთს გააცნეს თავიანთი პოზიციები და შესაბამისი არგუმენტაცია. ახსნა-განმარტებაში აღნიშნულია, რომ შეხვედრის დასრულებისას (ისევე როგორც შეხვედრის მსვლელობისას არაერთხელ) შპს „მედია რაითს ჯორჯია“ ოპერატორებს დაპირდა, რომ განიხილავდა და შესაძლებლობების ფარგლებში მიიღებდა მათ მოთხოვნებს. შპს „მედია რაითს ჯორჯია“ ახსნა-განმარტებაში აღნიშნავს, რომ თავად ტრანზიტორებსაც (რომლებიც მრავლად იყვნენ წარმოდგენილი შეხვედრაზე) არ გააჩნდათ ერთიანი პოზიცია.
როგორც შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ ახსნა-განმარტებაში არის აღნიშნული, ტრანზიტორის მიერ მითითებული 2017 წლის 14 ივნისის მიმართვაში დაყენებული პირველი მოთხოვნა - არხების გავრცელების ყველა ტექნოლოგიით გამხდარიყო ფასიანი - არ გამომდინარეობს კანონიდან და არ შეესაბამება მის მოთხოვნებს. საკაბელო ტელევიზიების კავშირის (შემდგომში „კავშირი“) მიერ წარმოდგენილ ტრანზიტორთა დიდი ნაწილი აღნიშნული მოთხოვნის დაყენებისას აქცენტს აკეთებდა მულტიპლექს ოპერატორის მიერ არხების უფასოდ გავრცელების აღკვეთაზე. კერძოდ, საუბარია შპს „სტერეო +“ - ზე (ს/კ 204986408), რომელიც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გაცემული შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე ახორციელებს სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულების - ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის უზრუნველყოფას, ამასთან აღნიშნული პირის მიერ მაყურებლისთვის სიგნალის მიწოდება ხდება უფასოდ, მაშინ, როდესაც თავად ტრანზიტორი ისევე, როგორც კავშირში გაერთიანებული ყველა სხვა პირი, ხსენებული სამაუწყებლო არხების ტრანზიტს ახორციელებს მაყურებლისთვის შესაბამისი ღირებულების დარიცხვისა და მათგან სოლიდური შემოსავლის მიღების სანაცვლოდ. შპს „მედია რაითს ჯორჯია“ ამასთან, აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის 522 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელი და ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის მფლობელი ავტორიზებული პირი ვალდებული არიან, ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმებთან „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საეთერო მაუწყებლობაზე ავტორიზებული მაუწყებლები დაუშვან არადისკრიმინაციული, ერთგვაროვანი პირობებით და ხარჯებზე ორიენტირებული ტარიფებით, აგრეთვე მიაწოდონ მათ ერთგვაროვანი ხარისხის მომსახურება. შპს „მედია რაითს ჯორჯია“ აღნიშნავს, რომ ზემოხსენებული გარემოებების გათვალისწინებით მაუწყებელი მოკლებულია შესაძლებლობას, თანხის გადახდა დააკისროს მულტიპლექს ოპერატორს მისი ეთერის გავრცელებისთვის, მეტიც კანონი პირდაპირ განსაზღვრავს, რომ მაუწყებელი თავად უხდის ოპერატორს შეთანხმებულ ღირებულებას, სანაცვლოდ კი ოპერატორი უზრუნველყოფს მაუწყებლის ციფრული სიგნალის გავრცელებას საქართველოს ტერიტორიის უდიდეს ნაწილზე. ამასთან, ასეთ შემთხვევაში მაყურებლისთვის სიგნალის მიღება არის სრულიად უფასო. ცხადია, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლით გათვალისწინებული ტერმინი „მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი“ ამავე მუხლის რეგულაციებთან მიმართებაში არ გულისხმობს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონისა და შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე მოქმედ ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელ პირს, რაც იმთავითვე ნათელი იყო როგორც ტრანზიტორისთვის ასევე, კავშირისათვის და მათ მიერ წამოყენებული ეს პირობა ემსახურებოდა ფასიანი ტრანზიტის შესახებ მოლაპარაკების გაჭიანურებას, რაც "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად ეწინააღმდეგება ფასიანი ტრანზიტის შესახებ მოლაპარაკების კეთილსინდისიერად წარმართვის პრინციპებს, კერძოდ: "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 401 მუხლის მე-8 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ფასიანი ტრანზიტის შემთხვევაში ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული მაუწყებელი და მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი ვალდებული არიან, კეთილსინდისიერად წარმართონ მოლაპარაკებები ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულების დასადებად. კეთილსინდისიერების მოთხოვნა არ ჩაითვლება შესრულებულად, თუ რომელიმე მხარე აშკარად აჭიანურებს ფასიანი ტრანზიტის შესახებ მოლაპარაკებებს. 2018 წლის 28 თებერვლის (კომისიაში რეგირტაციის Nშ-6/1123-18) ახსნა-განმარტებაში შპს „მედია რაითს ჯორჯია“ აღნიშნავს, რომ იმავე წერილში დაყენებული მეორე მოთხოვნა შეეხებოდა - პაკეტის სახით წარმოდგენილი არხების დაშლას, რისი ვალდებულებაც ასევე არ გამომდინარეობს კანონიდან და რამოდენიმე სამაუწყებლო არხის მაუწყებლობის ტრანზიტის უფლების ერთიანად, ერთი პაკეტის სახით ტრანზიტორისთვის შეთავაზება არ ეწინააღმდეგება საქართველოში მოქმედ არცერთ კანონსა თუ ნორმატიულ აქტს. აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილება ეწინააღმდეგობოდა მაუწყებლებისა და შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ კომერციულ ინტერესებს და შესაბამისად, ვერ იქნა გათვალისწინებული კომპანიის მიერ.
შპს „მედია რაითს ჯორჯია“ თავის ახსნა-განმარტებაში ასევე აღნიშნავს, რომ მოთხოვნილი ფასი 6 არხისგან შემდგარი პაკეტისთვის იყო გათვალისწინებული და ბუნებრივია არხების ცალ-ცალკე დისტრიბუციის შემთხვევაში თითო არხის ტრანზიტის ღირებულება გაცილებით მეტია ვიდრე ექვსივე არხისა ერთად. თავად ტრანზიტორი, ისევე როგორც მაუწყებლობის რეტრანსლირებაზე ავტორიზებული სხვა პირები საკუთარ მომსახურებას აბონენტებს სთავაზობენ პაკეტების სახით, რა დროსაც ისინი არ აძლევენ აბონენტებს საშუალებას საბაზისო პაკეტიდან აირჩიონ რომელიმე კონკრეტული არხი/არხები და ამის საფუძველზე დაარიცხონ აბონენტს საბაზისო პაკეტის ღირებულებაზე ნაკლები გადასახადი. ამის ფონზე, შპს „მედია რაითს ჯორჯიასთვის“ გაუგებარია კანონის რომელი კონკრეტული დანაწესის დარღვევას ხედავს ტრანზიტორი მათ ქმედებაში. შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ ახსნა-განმარტებაში ასევე აღნიშნულია, რომ იმავე წერილში დაყენებული მესამე მოთხოვნა - შეეხებოდა შეთავაზებული ფასის (4 ლარი დღგ-ის გარეშე, ტრანზიტორის აბონენტის თითოეულ მოწყობილობაზე) შემცირებას. ტრანზიტორის აღნიშნული მოთხოვნა დაკმაყოფილდა შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ მიერ და ტრანზიტზე ავტორიზებული პირებისთვის საბოლოო შეთავაზე განისაზღვრა შემდეგი ოდენობით - 1.5 ლარი ტრანზიტორის თითოეული აქტიური აბონენტისთვის. შპს „მედია რაითს ჯორჯია“ აღნიშნავს, რომ ტრანზიტორთა ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით ფასი შემცირდა თითქმის 3-ჯერ, ამასთანავე ამოირიცხა აბონენტების სხვა მოწყობილობებისთვის დამატებითი გადასახადიც, რაც ერთიანობაში იყო არსებითი დათმობა შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ მხრიდან. 2018 წლის 15 თებერვალს გამართულ კომისიის სხდომაზე (შემდგომში „სხდომა“) ტრანზიტორის წარმომადგენელმა, კომპანიის თავდაპირველ შეთავაზებაში გაცხადებულ სახელშეკრულებო ღირებულების დათვლის მექანიზმთან დაკავშირებით, რომელიც მოიცავდა მათი აბონენტების თითოეულ მოწყობილობას, განაცხადა, რომ ჩვეულებრივ აბონენტს გააჩნია რამდენიმე მოწყობილობა, რომელზეც იღებს მათ მომსახურებას, ხოლო იურიდიული პირის (აბონენტის) შემთხვევაში ამ მოწყობილობათა რიცხვი შეიძლება ასამდეც იყოს. შპს „მედია რაითს ჯორჯია“ აღნიშნავს, რომ ტრანზიტორის წარმომადგენელს დაავიწყდა იმის აღნიშვნაც, რომ თავად ტრანზიტორი (ისევე, როგორც სხვა ტრანზიტორები) აბონენტს დამატებითი მოწყობილობის მეშვეობით მათი მომსახურების მიღებაში უწესებს დამატებით გადასახადს. მიუხედავად ამისა, შპს „მედია რაითს ჯორჯიამ“ უარი თქვა აბონენტის დამატებითი მოწყობილობებიდან გამომდინარე ფასის დაანგარიშების მექანიზმზე.
შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ ახსნა-განმარტებაში ასევე აღნიშნულია, რომ ტრანზიტორი ასევე უთითებს საკაბელო ტელევიზიების კავშირის მიერ 2017 წლის 21 სექტემბერს გამოგზავნილ წერილში დაყენებულ მოთხოვნებზე, რომელიც შეეხებოდა შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ მიერ უფლების გადაცემის ფარგლებს, კერძოდ, მოიცავდა თუ არა ეს უფლება გადახვევა-დაპაუზების უფლებასაც, თუ წარმოადგენდა მხოლოდ უცვლელი სახით რეტრანლირების უფლებას. იმ შემთხვევაში, თუ შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ მიერ გაცემული უფლება მოიცავდა გადახვევა-დაპაუზების უფლებას, მხარე ითხოვდა კომპანიას შეეთავაზებინა მისთვის მხოლოდ უცვლელი სახით რეტრანსლირების უფლება შემცირებული ფასით, გამომდინარე იქიდან, რომ მას არ გააჩნდა შესაბამისი ტექნოლოგია, რომელიც უზრუნველყოფდა გადახვევა-დაპაუზების უფლების სრული მოცულობით რეალიზაციას. შპს „მედია რაითს ჯორჯია“ ახსნა-განმარტებაში აღნიშნავს, რომ დაყენებული მოთხოვნა თავისთავად აბსურდულია, გამომდინარე იქიდან, რომ მხარეს არ გააჩნია კომერციული უნარი სრული მოცულობით გამოიყენოს შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ მიერ შეთავაზებული პროდუქტი, ის ითხოვს პროდუქტის მოდიფიცირებას და ამის საფუძველზე ფასის შემცირებას. კომისიის სხდომაზე ტრანზიტორმა ასევე გამოთქვა მსგავსი მოსაზრება, რომლის დასაბუთებაც სცადა იმ გარემოებით, რომ გადახვევა-დაპაუზების ფუნქციის გამოყენება და ამ სახით აბონენტებისთვის მომსახურების შეთავაზება შეუძლია მხოლოდ 2 კომპანიას 111 ტრანზიტორიდან, თუმცა, როგორც ახსნა-განმარტებაშია აღნიშნული, მხარეს დაავიწყდა იმის აღნიშვნა, რომ 2018 წლის დეკემბრის მდგომარეობით ტელემაუწყებლობის ტრანზიტორთა მიერ გავრცელებული მომსახურებით სარგებლობს 570 690 აბონენტი, რომელთაგან 465 815 აბონენტი სწორედ ამ ორი კომპანიის მომსახურებას იღებს და შესაბამისად, იყენებს გადახვევა-დაპაუზების ფუნქციასაც (მონაცემები აღებულია კომისიის ანალიტიკური პორტალიდან). ახსნა-განმარტებაში აღნიშნულია, რომ შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ მხრიდან ტელეარხების რეტრანლირების უფლების ტრანზიტორებისთვის გადაცემა გადახვევა-დაპაუზების ფუნქციის ჩათვლით არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება ჩაითვალოს მსგავსი ფუნქციის არ მქონედ ტრანზიტორთა დისკრიმინაციულ მდგომარეობაში ჩაყენებად. ის რომ აბონენტები ამჯობინებენ ორი კონკრეტული ტრანზიტორის მომსახურებას დანარჩენ 106 ტრანზიტორს მიუთითებს მხოლოდ მათ მიერ სამომხმარებლო ბაზრისთვის შეთავაზებული მომსახურების პირობების არაკონკურენტუნარიანობაზე, რაშიც „მედია რაითს ჯორჯიას“ ბრალი ნამდვილად არ მიუძღვის. ახსნა-განმარტებაში ასევე აღნიშნულია, რომ ტრანზიტორის მოთხოვნა ასევე შეეხებოდა მაუწყებლების კონტენტის შემოწმებისა და შესაბამისი ხელშეკრულებების გადაცემას. ტელემაუწყებლები არანაირი ფორმით არ არიან ანგარიშვალდებულნი ტრანზიტორების წინაშე საკუთარ კონტენტზე კანონიერი უფლებების ქონის მტკიცების საკითხში. აღნიშნულ ფუნქციას ატარებს კომისია, რომელიც პერიოდულად ამოწმებს კიდეც ტელემაუწყებლების უფლებებს ამ უკანასკნელთა მიერ გავრცელებულ კონტენტზე. შპს „მედია რაითს ჯორჯია“ დამატებით განმარტავს, რომ პაკეტურად შეთავაზებული არხების ფასი განსხვავდება მათი დამოუკიდებლად დისტრიბუციის შემთხვევაში არსებული ფასისგან, რაც ზოგადად ტრანზიტორებისთვის, როგორც პაკეტური მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციებისთვის თავისთავად ნათელი უნდა იყოს.
შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ 2018 წლის 28 თებერვლის ახსნა-განმარტებაში აღნიშნულია, რომ ზემოაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ტრანზიტორებს ეცნობათ მათი პოზიცია, როგორც უკვე დასახელებულ შეხვედრაზე, ასევე არაერთხელ სატელეფონო საუბრებში. გარდა ამისა, მათი თითოეული შემოთავაზება განხილულ იქნა მათ მიერ. შეთავაზების მიღების შემთხვევაში აღნიშნული ისახებოდა ტრანზიტორებისთვის გადაგზავნილ ხელშეკრულების პროექტში, რომლის პირობებიც პერიოდულად იცვლებოდა და ყოველი ცვლილების თაობაზე ეცნობებოდა ყველა ტრანზიტორს ერთიანად, გაგზავნილი საფოსტო შეტყობინების საფუძველზე. ზეპირი და სატელეფონო კომუნიკაციის არარსებობის შემთხვევაშიც, კი ხელშეკრულების პროექტი ზედმიწევნით ასახავს შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ პოზიციას ტრანზიტორთა მიერ შემოთავაზებულ პირობებთან დაკავშირებით.
შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ ასხნა-განმარტებაში აღნიშნულია, რომ უფლების გადაცემის სანაცვლოდ მათ მიერ მოთხოვნილი ფასი გამომდინარეობს თითეული ტრანზიტორის აქტიური აბონენტების რაოდენობიდან, რომელიც შეუძლებელია ჩაითვალოს დისკრიმინაციულად. ყველა ტრანზიტორებისთვის შეთავაზებული ფასი იდენტურია და წარმოადგენს 1.5 ლარს ტრანზიტორის თითოეული აქტიური აბონენტისთვის. აღნიშნული ფორმულა შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ აძლევს საშუალებას უფლების გადაცემის სანაცვლოდ ტრანზიტორებს დაუწესოს გადახდის ერთიანი, არადისკრიმინაციული მეთოდი. შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ მიაჩნია, რომ შპს „ტვ-გლდანის“ წარმომადგენელს არასწორად ესმის კანონის 401 მუხლის მე-8 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის დანაწესი, რომლითაც მაუწყებელს ეძლევა საშუალება/უფლება მოითხოვოს საკუთარი მაუწყებლობის რეტრანსლირებისთვის განსხვავებული ფასი თითოეული ტრანზიტორისგან, თუმცა აღნიშნული სხვაობა არ უნდა აღემატებოდეს 10%-ს. შპს „მედია რაითს ჯორჯია“ აღნიშნავს, რომ ნორმის ანალიზი არც ერთ შემთხვევაში არ აძლევთ იმ დასკვნამდე მისვლის საშუალებას რომ მაუწყებელი ვალდებულია შესთავაზოს სხვადასხვა ტრანზიტორს განსხვავებული ფასი 10%-იანი სხვაობის დაცვით. შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ მიერ შეთავაზებული ფასის კალკულაციის მექანიზმი თითოეული ტრანზიტორისთვის აყენებს აბსოლუტურად იდენტურ ფასს, რაც ვერ ჩაითვლება დისკრიმინაციად ან/და შეუსაბამოდ მაღალი/დაბალი ფასის მოთხოვნად. ახსნა-განმარტებაში აღნიშნულია, რომ გაუგებარია რას ეფუძნება ტრანზიტორის მოსაზრება, რომ ის არ „ყიდის“ არხებს და ამის ნაცვლად საკუთარ საქმიანობას უწოდებს „სატელეკომუნიკაციო ქსელით არხების მიწოდებას“. ის თავადვე განმარტავს, რომ მის პაკეტში არის რამდენიმე უცხოური არხი, რომელშიც თავად იხდის ფულს, მაგრამ არ ყიდის ამ არხებსაც და მხოლოდ თავისი მომსახურებით აბონენტების დაინტერესების მიზნით (თავად) ყიდულობს მათ. მხარის მიერ მოყვანილი მსჯელობიდან და მის მიერ ფაქტობრივად განხორციელებული საქმიანობიდან აშკარად იკვეთება, რომ - ტრანზიტორი საკუთარ აბონენტებს „სატელეკომუნიკაციო ქსელით არხების მიწოდების“ მომსახურებას უწევს, რის სანაცვლოდაც იღებს აბონენტებისგან გადასახადს, რაც წარმოადგენს ჩვეულებრივ ეკონომიკურ საქმიანობას, რომლის შინაარსიც არ იცვლება მიუხედავად იმისა დავარქმევთ ამას „არხების გაყიდვას“, თუ „სატელეკომუნიკაციო ქსელით არხების მიწოდებას“.
შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ 2018 წლის 28 თებერვლის (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/1123-18) ახსნა-განმარტებაში აღნიშნულია, რომ შპს „მედია რაითს ჯორჯია“ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში აწარმოებდა მოლაპარაკებებს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებთან, მათთან საქმიანი ურთერთობების ჩამოყალიბების სურვილის გამო მათი კომპანია წავიდა არაერთ დათმობაზე ამ პერიოდის განმავლობაში (ხსენებული ექვსი არხის ფასიან რეჟიმში გადაყვანის პერიოდმა თავდაპირველად დაგეგმილი 2017 წლის 1 ივნისისა გადაიწია 2017 წლის 1 დეკემბრამდე, ამასთანავე ამ პერიოდის განმავლობაში არც ერთ ტრანზიტორს არ შეზღუდვია არხის უფასოდ რეტრანსლირების უფლება; არსებითად შემცირდა თავდაპირველად მოთხოვნილი ფასი და მისი დაანგარიშების მეთოდიც). შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ მხრიდან სრული მოცულობით დაცულ იქნა კანონით დაკისრებული საკმაოდ მკაცრი მოთხოვნები და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ურთიერთობა თითოეულ ტრანზიტორთან მიმდინარეობდა კანონის დანაწესთა შესაბამისად. აღნიშნულის ფონზე თავად ტრანზიტორების დიდი ნაწილი უწყვეტ რეჟიმში ცდილობდა მიმდინარე პროცესების შეფერხებას, რისი ერთ-ერთი გამოვლინებაც არის განსახილველი საჩივარი, რომლის კომისიის მხრიდან დაკმაყოფილების არანაირი საფუძველი არ არსებობს.
2018 წლის 28 თებერვალს შემოვიდა შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ წერილობითი შუამდგომლობა (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/1124-18, 28.02.2018), რომლითაც მოითხოვა მიმდინარე ადმინისტრაციულ წარმოებაში შპს „ტელეიმედის“ და შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის მონაწილეობა, რადგან განსახილველ საკითხთან დაკავშირებით კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით შესაძლოა არსებითად გაუარესდეს დასახელებული მაუწყებლების სამართლებრივი მდგომარეობა.
კომისიის 2018 წლის 6 მარტის სხდომაზე გამოცხადდა შპს „ტვ-გლდანის“ დირექტორი მ.მახარობლიშვილი და შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ წარმომადგენლები შოთა ჩავლეიშვილი, ვლადიმერ მამულია და დირექტორი - ზურაბ ნაყეური.
კომისიის 2018 წლის 6 მარტის სხდომაზე განხილულ იქნა შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ წერილობითი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/1124-18, 28.02.2018) შუამდგომლობა შპს „ტვ-გლდანისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე განხილვაში სამაუწყებლო კოპმანიების - შპს „ტელეიმედის“ და შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის მონაწილეობის თაობაზე, რაც კომისიის მიერ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, ზემოაღნიშნული პირების საკითხის განხილვაში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შპს „ტვ-გლდანისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა გადაიდო და დაინიშნა 2018 წლის 15 მარტს, 15 საათზე. აღნიშნულის თაობაზე სხდომაზე დამსწრე პირები გაფრთხილებულ იქნენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
კომისიის 2018 წლის 7 მარტის N03/814-18 და N815-18 წერილებით შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და შპს „ტელეიმედი“ მოწვეულ იქნენ კომისიის 2018 წლის 15 მარტის სხდომაზე. კომისიის 2018 წლის 7 მარტის N03/814-18 წერილი შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ ჩაბარდა 2018 წლის 9 მარტს, ხოლო კომისიის 2018 წლის 7 მარტის N815-18 წერილი შპს „ტელეიმედს“ ჩაბარდა 2018 წლის 12 მარტს.
2018 წლის 15 მარტს კომისიაში შემოვიდა შპს „ტვ-გლდანის“ წერილობითი განმარტება სამაუწყებლო არხების „იმედისა“ და „რუსთავი 2“-ის რეტრანსლირების გამო სანქცირებასთან დაკავშირებით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/1386-18, 15.03.2018), რომელშიც აღნიშნულია, რომ შპს „მედია რაითს ჯორჯიასთან“ მოლაპარაკების პროცესში 2017 წლის 14 ივნისს, 25 ივლისს, 21 სექტემბრს შპს „ტვ-გლდანისა“ და ტრანზიტორების მიერ მიწერილ წერილებს, რომლითაც უყენებდნენ გარკვეულ მოთხოვნებს და პირობებს, შპს „მედია რაითს ჯორჯიამ“ პასუხი გასცა მხოლოდ 2018 წლის 28 თებერვალს (შპს „ტვ-გლდანს ჩაბარდა 1 მარტს), ხელშეკრულების გაფორმების ვადა კი 2017 წლის 1 დეკემბერს ამოიწურა (დაირღვა 401 მუხლის მე-8 პუნქტის ა), ბ), და ვ) ქვეპუნქტები). ამასთან, გამიზნულად, მხოლოდ ერთ ტრანზიტორთან შეთანხმებით („მაგთი“ ), შპს „მედია რაითს ჯორჯიამ“ ტრანზიტორებს დაუდგინა ხელშეკრულების პირობები, ისიც კანონსაწინააღმდეგო პუნქტებით (შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ და შპს „მაგთიკომს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების მუხ.4.1 და 2.3.1. ერთ პაკეტში). შესაბამისად, დაირღვა „მაუწყებლობის სესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლის მე-8 პუნქტის დ) ქვეპუნქტი. შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ 2017 წლის სექტემბრის და 10 ოქტომბრის წერილებით შპს „ტვ-გლდანს“ ეცნობა თითქოსდა პირობები დადგინდა მსხვილ კომპანიებთან მოლაპარაკების საფუძველზე (კანონი არ ანსხვავებს მსხვილ და წვრილ კომპანიებს). სინამდვილეში კი შემდეგი ხელშეკრულება კომპანია „სილქნეტთან“ გაფორმდა სამი თვის შემდეგ - 30 ნოემბერს.
შპს „ტვ-გლდანის“ წერილობით განმარტებაში ასევე აღნიშნულია, რომ შპს „მედია რაითს ჯორჯია“ ტრანზიტორებს სთავაზობს ისეთი ტექნოლოგიების (გადახვევა-დაპაუზება) შეძენას, რომელთა კანონიერად გამოყენება მოითხოვს ავტორიზაციის მოდერნიზაციას - საკანონმდებლო ცვლილებებს. შესაბამისად, დაირღვა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლის მე-8 პუნქტის დ) ქვეპუნქტი. ხოლო, მოლაპარაკების პროცესში შპს „ტვ-გლდანის“ და ტრანზიტორების მიერ მიწერილი 2017 წლის 14 ივნისის, 25 ივლისის, 21 სექტემბრის წერილებში, რომლითაც იყო წარდგენილი გარკვეულ მოთხოვნები და პირობები, შესაძლოა იყო შპს „მედია რაითს ჯორჯიასთვის“ ან საერთო მაუწყებლებისათვის რაიმე მიუღებელი ან შესასწორებელი, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ დარწმუნებულები იყვნენ მხოლოდ ერთ ტრანზიტორთან შეთანხმებით დაადგენდნენ ხელშეკრულების პირობებს, შპს „მედია რაითს ჯორჯიამ“ და საერთო მაუწყებლებმაც იგნორირება გაუკეთეს ტრანზიტორების მრავალგზის მიმართვას. მთელი მიმოწერის მასალები წარდგენილია კომისიაში, ხოლო 2017 წლის 21 სექტემრის წერილის ასლი მოლაპარაკების გაჭიანურებისა შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ მხრიდან მოსალოდნელი კანონდარღვევის შესახებ სექტემბერშივე ჩაბარდა კომისიას.
შპს „ტვ-გლდანის“ მიერ 2018 წლის 15 მარტს წარმოდგენილ წერილობით განმარტებაში პასუხი არის გაცემული შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ მიერ 2018 წლის 28 თებერვალს (კომისიაში რეგისრაციის Nშ-6/1123-18, 28.02.2018) კომისიაში წარმოდგენილ ახსნა-განმარტებაში მოყვანილ არგუმენტებზე. შპს „ტვ-გლდანი“ არ ეთანხმება შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ არგუმენტაციას იმასთან დაკავშირებით, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ 401 მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული კეთილსინდისიერების ფაქტის არსებობას ადგენს კომისია და, რომ ტრანზიტორი ვალდებული იყო კანონის 401 მუხლის 11-ე პუნქტის შესაბამისი ფორმისა და პროცედურების დაცვით მიემართა კომისიისათვის. შპს „ტვ-გლდანის“ განმარტებაში აღნიშნულია, რომ შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ ახსნა-განმარტებაში არასწორად არის განმარტებული კანონის მოთხოვნები, კერძოდ: კანონი არ ადგენს კომისიისათვის მიმართვის ვადებს და პროცედურებს კომისიის მიერ არ არის დადგენილი და თავის საიტზე განთავსებული მიმართვის თუ საჩივრის რაიმე განსაზღვრული ფორმა. შპს „ტვ-გლდანმა“ წერილობით განმარტებაში ასევე აღნიშნა, რომ ტრანზიტორმა ჯერ კიდევ 2017 წლის 21 სექტემბერს აცნობა კომისიას შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ მხრიდან მოლაპარაკების ფაქტიურად შეწყვეტის შესახებ, ასევე 1 დეკემბერს კომისიაში კომისიის თავმჯდომარისა და წევრების 14-მდე ტრანზიტორის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს სიტყვიერად, ხოლო 2017 წლის 4 დეკემბერს წერილობით აცნობა კომისიას 2017 წლის 1 დეკემბრიდან ტრანზიტორის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლის მე-6 პუნქტის გამოყენების შესახებ. შპს „ტვ-გლდანის“ წერილობით განმარტებაში აღნიშნულია, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მე-6 პუნქტის თანახმად, ტრანზიტორს „შეუძლია უფასოდ“ მაუწყებლის ნებართვის გარეშე განახორციელოს მაუწყებლობის ტრანზიტი თუ მაუწყებელი დაარღვევს იმავე მუხლის მე-8 პუნქტში აღნიშნულ კეთილსინდისიერების მოთხოვნას. ასევე, კანონში (მუხ.401,პ.11) მითითებულია, რომ მხარეს „შეუძლია“ მიმართოს კომისიას. ამრიგად: კანონი იმპერატიულად ადგენს, რომ ტრანზიტორს „შეუძლია უფასოდ“ მაუწყებლის ნებართვის გარეშე განახორციელოს მაუწყებლობის ტრანზიტი და აღნიშნულიდან გამომდინარე ტრანზიტორს „შეუძლია“ განსაზღვროს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლის მე-6 პუნქტის გამოყენების შესაძლებლობა; კანონი არ ავალდებულებს ტრანზიტორს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული უფლების გამოყენებისათვის წინასწარ მიმართოს კომისიას.
შპს „ტვ-გლდანი“ ასევე არ ეთანხმება შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ არგუმენტაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ტრანზიტორი 2017 წლის 1 დეკემბრიდან კომისიის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე პერიოდში უკანონოდ ახორციელებდა ხსენებული ტელეარხების ტრანზიტს. შპს „ტვ-გლდანის“ წერილობით განმარტებაში აღნიშნულია, რომ საერთო მაუწყებლების არხების მიმართ კანონი (მუხ.401,პ.6.) ცალსახად მიუთითებს, რომ თუ მაუწყებელი დაარღვევს იმავე მუხლის მე-8 პუნქტში აღნიშნულ მოთხოვნას ტრანზიტორს „შეუძლია უფასოდ“ მაუწყებლის ნებართვის გარეშე განახორციელოს მაუწყებლობის ტრანზიტი და არ ავალდებულებს მას წინასწარ მიმართოს კომისიას. ასევე, მაუწყებლის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლის მე-6 პუნქტის დარღვევის დროს, კერძოდ, თუ მაუწყებელი ხელშეკრულების პირობების დარღვევით შეწყვეტს ტრანზიტორთან მაუწყებლობის ტრანზიტის ხელშეკრულებას, ტრანზიტორმა დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ე.ი. არ უნდა შეწყვიტოს მაუწყებლობის ტრანზიტი, რადგან ხელშეკრულების პირობები მაუწყებლის მიერ დარღვეულია. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლის მე-6 პუნქტით, ხელშეკრულების პირობების დარღვევით შეწყვეტა და მე-8 პუნქტის მოთხოვნები გათანაბრებულია. აღნიშნულიდან გამომდინარე აშკარაა, რომ შპს „მედია რაით ჯორჯიას“ დასკვნა მითითებული ტლეარხების „რუსთავი 2“-ის და „იმედის“ ტრანზიტის უკანონოდ განხორციელების შესახებ არასწორია.
შპს „ტვ-გლდანი“ ასევე არ ეთანხმება შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ არგუმენტაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ტრანზიტორების მიერ მოლაპარაკებების ხელოვნურად გაჭიანურება მოხდა მულტიპლექს ოპერატორთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობის გამო. ასევე, რომ მულტიპლექს ოპერატორი არ წარმოადგენს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონით (მუხ.2.,პ.ჰ45) განსაზღვრულ „მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს“, რადგანაც მაუწყებლობის ტრანზიტის მიწისზედა სადგურების გამოყენებით განხორციელებისათვის მას შეძენილი აქვს სათანადო ლიცენზია. შპს „ტვ-გლდანის“ წერილობით განმარტებაში აღნიშნულია, რომ მულტიპლექს ოპერატორის ავტორიზაციის რეგისტრაციის პირობებში სწორედ მაუწყებლობის ტრანზიტია მითითებული, გამოყენებული ტექნოლოგიის დაკონკრეტების გარეშე. რადგანაც კანონში სხვა რაიმე მოთხოვნა აღნიშნულთან მიმართებით გათვალისწინებული არ არის, ამდენად არ შეიძლება ჩაითვალოს, რომ მულტიპლექს ოპერატორი არ არის „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით (მუხ.2.,პ.ჰ45) განსაზღვრული „მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი“ და მასზე არ ვრცელდება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლით განსაზღვრული რეგულაციები. ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ აღებულ ვალდებულებებთან დაკავშირებით შპს „ტვ-გლდანი“ აღნიშნავს, რომ სატრანზიტო ოპერატორების მიერ გაწეული იაფფასიანი მომსახურების და კოლოსალური ძალისხმევის შედეგად საქართველოს მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა ვერც კი იგრძნო ეს პროცესი, რადგან მათ ტრანზიტორების მიერ უცვლელად, ისევე როგორც ეს იყო ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლამდე, მიეწოდებოდათ ქართული არხების სიგნალი როგორც ციფრულ, ასევე ანალოგურ ფორმატში. აღნიშნულიდან გამომდინარე ცხადია, რომ ტრანზიტორების მხრიდან მოლაპარაკებების რაიმე სახით გაჭიანურების მცდელობასაც კი არ ჰქონია ადგილი.
შპს „ტვ-გლდანი“ თავის წერილობით განმარტებაში ასევე განმარტებას აკეთებს შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ პოზიციასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, ტრანზიტორების მოთხოვნა პაკეტის სახით წარმოდგენილი არხების დაშლის შესახებ, ეწინააღმდეგება მაუწყებლებისა და შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ კომერციულ ინტერესებს და რისი ვალდებულებაც ასევე კანონიდან არ გამომდინარეობს. შპს „ტვ-გლდანის“ წერილობით განმარტებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს კანონის მოთხოვნები საქართველოს ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის პირად, კომერციულ თუ სხვა მოსაზრებებზე მაღლა დგას. მედია სივრცეში მხოლოდ საბაზრო ეკონომიკის პრინციპების აღიარება შეუძლებელია, ამიტომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით (მუხ.401, პ.1) ავტორიზებულ საერთო საეთერო მაუწყებელს მიენიჭა როგორც სავალდებულო, ისე ფასიანი ტრანზიტის განურჩევლად ყველა მომხმარებლისათვის მიწოდების მოთხოვნის უფლება. ამასთან, „სავალდებულო ტრანზიტის“ ცნება საერთო მაუწყებლებს აძლევს გარანტიას მუდმივად განახორციელონ მაუწყებლობის ტრანზიტი ტრანზიტორის საკუთარი ქსელის მეშვეობით. ამავდროულად, კანონმდებელმა ტრანზიტორის და მომხმარებლის ძირითადი კონსტიტუციური უფლებების დაცვის მიზნით კანონში შეიტანა „სავალდებულო მიწოდების“ ცნება, რაც აისახა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლის მე-6 და მე-8 პუნქტების მეშვეობით. აღნიშნულ რეგულაციებთან სპეციალიზირებულ მაუწყებელს საერთო არაფერი აქვს. საერთო მაუწყებლების მიერ მოსახლეობის მრავალმხრივი ინფორმაციული უზრუნველყოფა, როგორც „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება“, არ უნდა იყოს დამოკიდებული სპეციალიზირებული მაუწყებლობის ფასზე და კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, რაიმე პაკეტში საერთო მაუწყებელთან ერთად განთავსებაზე ან სხვა პირობებზე. კანონიდან გამომდინარე ვერც საერთო მაუწყებელი დააყენებს სხვა საერთო ან სპეციალიზირებული მაუწყებლის აუცილებელი პაკეტირების პირობებს.
შპს „ტვ-გლდანის“ 2018 წლის 15 მარტის წერილობით განმარტებაში შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ მიერ აბონენტის ყოველ მოწყობილობაზე დადგენილი ფასის 4 ლარის 1,5 ლარით შეცვლასთან, როგორც ტრანზიტორების მოთხოვნის დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით აღინიშნულია, რომ ტრანზიტის ფასი 4 ლარი აბონენტის ყველა მოწყობილობაზე მოქმედებდა 2017 წლის სექტემბერში კომპანია „მაგთისთან“ ხელშეკრულების გაფორმებამდე. ფასი 1.5 ლარი და შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ მიერ შემუშავებული ყველა ტრანზიტორისათვის სტანდარტული ხელშეკრულების პირობები დადგენილი იქნა მხოლოდ ერთ კომპანიასთან (კომპანია „მაგთი“) მოლაპარაკების შედეგად, რაც დადასტურებულია შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ 2017 წლის სექტემბრის და 10 ოქტომბრის წერილში. შპს „ტვ-გლდანი“ წერილობით განმარტებაში აღნიშნავს, რომ სრულიად ცხადია, რომ აბონენტის ყოველ მოწყობილობაზე 4 ლარის საფასურის დადგენა წინასწარ მომზადებული სცენარით განსაზღვრული ნაბიჯი იყო. ასეთივე წარმატებით იყო შესაძლებელი მოეთხოვათ აბონენტის თითოეულ მოწყობილობაზე 10 ან მეტი ლარი, შემდეგ კი ფასის დაკლების გზით განეცხადებიათ, რომ სერიოზული დათმობა განახორციელეს ტრანზიტორებისა და საბოლოო მომხმარებლის სასარგებლოდ. ამ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სწორედ აღნიშნულ საწყის ფასს, რადგან ის უკვე ნათლად მიუთითებს შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ მიზანზე, შემდგომ ნაბიჯზე - 2018 წლის ბოლოს ტრანზიტის ფასის მომატებაზე. ცნობილია, რომ ამ მიზნით შპს „მედია რაითს ჯორჯია“ ხელშეკრულებას აფორმებს მხოლოდ ერთი წლის ვადით. შპს „ტვ-გლდანს“ მიაჩნია, რომ ოთხი თვის განმავლობაში 300%-ით მაღალი ფასის შენარჩუნება მხოლოდ მოლაპარაკების გაჭიანურების მცდელობა იყო. შესაბამისად, შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ მიერ დაირღვა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლის მე-8 პუნქტის ა), ბ) და ვ) ქვეპუნქტები.
შპს „ტვ-გლდანი“ ასევე აღნიშნავს, რომ შპს „მედია რაითს ჯორჯია“ თავის ახსნა-განმარტებაში აღნიშნავს მაუწყებლობის ტრანზიტის ერთსა და იმავე ფასს „Time shift”-ის სერვისის არსებობისა და არ არსებობის შემთხვევაში. შპს „მაედია რაითს ჯორჯია თვლის“, რომ ის ბაზარზე ყიდის საკუთარ პროდუქტს და მყიდველის პრობლემაა იყიდის მას, თუ არა. ეს მოსაზრება, დასახელებულ პროდუქტთან დაკავშირებით, სწორად უნდა ჩაითვალოს. მაგრამ, როგორც შპს „ტვ-გლდანის“ წერილობით განმარტებაშია აღნიშნული, საკითხი ეხება რეგულირებად მედია სივრცეს, სადაც მოქმედებს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 401 მუხლით დადგენილი სამუდამო გარანტიები საერთო მაუწყებლის მაუწყებლობის ტრანზიტის მუდმივად განხორციელებასთან დაკავშირებით ტრანზიტორის კუთვნილ ქსელშიდა „ელქტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონით (მუხ.2, პ.ჰ45) განსაზღვრული მოთხოვნები. შპს „ტვ-გლდანის“ წერილობით განმარტებაში აღნიშნულია, რომ საერთაშორისო საავტორო სამართალი, კერძოდ ბერნის კონვენცია, 1971წ., მუხ.11bis,პ.(1), პოზიცია (ii)) ითვალისწინებს ავტორის უფლებას ნება დართოს „ეთერით გადაცემული ნაწარმოების ნებისმიერ საჯარო გადაცემაზე სადენით ან ეთერით ხელახლა გადაცემის მეშვეობით, თუ მას ახორციელებს არა პირვანდელი, არამედ სხვა ორგანიზაცია“. როგორც ვხედავთ მთავარია ტერმინი „ხელახლა გადაცემა“ და სადენი და ეთერი ამ შემთხვევაში გაიგივებულია. „ეთერით ხელახლა გადაცემა“ ნიშნავს ერთი სამაუწყებლო ორგანიზაციის მიერ სხვა სამაუწყებლო ორგანიზაციის საეთერო გადაცემის ეთერით ერთდროულ გადაცემას“ (რომის კონვენცია, 1961წ., მუხ.3, პ.(g). ამრიგად, „ელქტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით (მუხ.2, პ.ჰ45) განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, მაუწყებლის მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულმა ოპერატორმა სადენით ან ეთერით ხელახლა გადაცემის მეშვეობით უნდა განახორციელოს მაუწყებლობის მხოლოდ ტრანზიტი. ყველა სხვა შემთხვევა საჭიროებს კანონით გათვალისწინებულ დამატებით რეგულაციებს. გამოდის რომ ტრანზიტორმა უნდა შეიძინოს პროდუქტი, რომლის გამოყენების უფლებაც მას არ აქვს. შესაბამისად, შპს „ტვ-გლდანი აღნიშნავს, რომ დაირღვა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლის მე-8 პუნქტის დ) ქვეპუნქტი.
შპს „ტვ-გლდანი“ თავის წერილობით განმარტებაში ასევე აღნიშნავს, რომ არ ეთანხმება შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ ახსნა-განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ მაუწყებლის სამართლებრივი უფლებების არსებობის შემოწმება მის გადაცემებში გამოყენებულ პროდუქტებზე არის მხოლოდ მარეგულირებელი კომისიის პრეროგატივა. შპს „ტვ-გლდანი“ წერილობით განმარტებაში აღნიშნავს, რომ აღნიშნული წინააღმდეგობაში მოდის მარეგულირებელი კომისიის (04.01.2013წ. №04/80-13) ცირკულიარულ წერილში ჩამოყალიბებულ პოზიციასთან, რომელშიც კომისია ცალსახად მოითხოვს ტრანზიტორისაგან არა მარტო კონტენტზე სამართლებრივ უფლებებს, არამედ ტრანზიტორის მიერ თვით მაუწყებლობის პროდუქტზეც მისი უფლებამფლობელის მიერ გაცემული უფლებების გარკვევას და მართლზომიერების დადგენას. მეორე მხრივ გაკვირვებას იწვევს შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ მოთხოვნა, რომ ტრანზიტორისათვის გამჭვირვალე არ იყოს მაუწყებლის მიერ გადაცემების პროდუქტების კანონიერი გზით მოპოვების საკითხი. როგორც შპს „ტვ-გლდანის“ წერილობით განმარტებაშია აღნიშნული, მიმდინარე წლის იანვარში კომისიამ ტრანზიტორებს გადასცა მაუწყებლების გადაცემებთან დაკავშირებული სამართლებრივი მასალები, რომელთა შესწავლაც ჯერ კიდევ გრძელდება. თუმცა უკვე შეიძლება ითქვას სამაუწყებლო ბადეში არსებულ ცალკეულ პროდუქტზე, რომლებზედაც მაუწყებელს არ აქვს უფლებამფლობელის ნებართვა Time Shift-ის განხორციელებაზე, როგორც ეს მითითებულია შესაბამის ხელშეკრულებებში. ცხადია რატომ არის შპს „მედია რაითს ჯორჯია“ ტრანზიტორის მიერ მაუწყებლების გადაცემებთან დაკავშირებული სამართლებრივი მასალების შესწავლის წინააღმდეგი.
შპს „ტვ-გლდანის“ წერილობით განმარტებაში აღნიშნულია, რომ შპს „მედია რაითს ჯორჯიასთვის“ 2017 წლის 14 ივნისს, 25ივლისს, ხოლო 2017 წლის 21 სექტემბერს, როგორც შპს „მედია რაით ჯორჯიასთვის“, ასევე კომისიისათვის და მაუწყებლებისათვის ტრანზიტორების მიერ გაგზავნილ წერილებში მითითებულ მოთხოვნებზე და პირობებზე პასუხები მიღებული იქნა მხოლოდ 2018 წლის 1 მარტს კომისიისათვის 2018 წლის 28 თებერვალს წარდგენილი ახსნა-განმარტებითი ბარათის სახით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შპს „ტვ-გლდანი“ აღნიშნავს, რომ შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ და ასევე მისი მარწმუნებელი საერთო მაუწყებლებლების მიერ დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლის მე-8 პუნქტის ბ), გ), დ) და ვ) ქვეპუნქტები. აღნიშნულიდან გამომდინარე ტრანზიტორს შეუძლია იმავე მუხლის მე-6 პუნქტის გამოყენება.
კომისიის 2018 წლის 15 მარტის სხდომაზე გამოცხადდა შპს „ტვ-გლდანის“ დირექტორი მ.მახარობლიშვილი და შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ წარმომადგენლები შ.ჩავლეიშვილი, ვ.მამულია და დირექტორი - ზ.ნაყეური. სხდომას ასევე ესწრებოდნენ შპს „ტელეიმედის“ იურისტი ნ.ბაშალიშვილი და შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის იურისტი დ.ბერუჩაშვილი.
II. კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები:
- კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (№შ-10/442-18, 26.01.2018) თანდართული დოკუმენტაციით;
- კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის 2018 წლის 10 იანვრის შემოწმების აქტი N02;
- შპს „ტვ-გლდანის“ შემოწმების პროცესის აუდიო-ვიდეო ჩანაწერი (CD);
- შპს „ტვ-გლდანის“ შემოწმების დამსწრე პირის - მ.მახარობლიშვილის პირადობის მოწმობის ასლი;
- შპს „ტვ-გლდანის“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/671-18; 06.02.2018);
- შპს „საქართველოს საპატრიარქო ტელევიზია ერთსულოვნების“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის N შ-6/799-18; 14.02.2018);
- შპს „ტელეკომპანია პირველის“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/800-18; 14.02.2018);
- შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ წერილი (კომისიაში რეგისტაციის Nშ-6/9134-17;01.12.2017) თანდართული დოკუმენტაციით (სამაუწყებლო არხებიდან მიღებული ცნობები შპს „მედია რაითს ჯორჯიასთვის“ მესამე პირებთან ფასიანი ტრანზიტის თაობაზე ხელშეკრულების გაფორმების უფლებამოსილების თაობაზე; მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებთან გაგზავნილი წერილი და აღნიშნული წერილის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; ხელშეკრულება მაუწყებლობის ფასიანი ტრანზიტის შესახებ; შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი განცხადება, რომლითაც ითხოვს მაუწყებლობის ტრანზიტორების მონიტორინგს და 2017 წლის 1 დეკემბრიდან განხორციელებული არამართლზომიერი ტრანზიტის აღკვეთას) შპს „ტვ-გლდანის“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/923-18; 20.02.2018);
- შპს „ტვ-გლდანის წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/923-18; 20.02.2018) თანდართული დოკუმენტაციით („საკაბელო ტელევიზიების კავშირის“ 2017 წლის 2 ივნისის წერილი გაგზავნილი შპს „მედია რაითს ჯორჯიასთვის“; „საკაბელო ტელევიზიების კავშირის“ 2017 წლის 14 ივნისის წერილი გაგზავნილი შპს „მედია რაითს ჯორჯიასთვის“ ; „საკაბელო ტელევიზიების კავშირის“ 2017 წლის 25 ივლისის წერილი გაგზავნილი შპს „მედია რაითს ჯორჯიასთვის“; მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების, მათ შორის შპს „ტვ-გლდანის“, მიერ 2017 წლის 21 სექტემბერს შპს „მედია რაითს ჯორჯიასთვის“, შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ 2017 წლის 10 ოქტომბრის წერილი შპს „ტვ-გლდანს“ და სხვა ავტორიზებულ პირებს (პასუხი 2017 წლის 21 სექტემბრის წერილზე); შპს „სამაუწყებლო კომპანიას რუსთავი 2“-სთვის, შპს „ტელეიმედისთვის“, შპს „სტუდია მაესტროსთვის“, შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-სთვის გაგზავნილი წერილი; შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ 2017 წლის 28 აპრილის წერილი გაგზავნილი მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირებისათვის; შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ 2017 წლის 25 მაისის წერილი გაგზავნილი მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირებისათვის და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისათვის; შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ 2017 წლის 27 ივლისის წერილი გაგზავნილი „საქართველოს საკაბელო ტელევიზიებისთვის“; შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ წერილი (არ არის დათარიღებული) გაგზავნილი მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირებისათვის, რომლითაც ითხოვს 2017 წლის 1 დეკემბრიდან სამაუწყებლო არხების ტრანზიტის შეწყვეტას ან ფასიანი ტრანზიტის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებას ერთ აბონენტზე 1.5 ლარის ღირებულებით 6 სამაუწყებლო არხზე.);
- შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ წერილობითი ახსნა-განმარტება (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/1123-18, 28.02.2018);
- შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ წერილობითი შუამდგომლობა (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/1124-18, 28.02.2018);
- შპს „ტვ-გლდანის“ წერილობითი განმარტება სამაუწყებლო არხების „იმედისა“ და „რუსთავი 2“-ის რეტრანსლირების გამო სანქცირებასთან დაკავშირებით (კომისიაში რეგისტრაციის N შ-6/1386-18, 15.03.2018);
- კომისიის 2013 წლის 14 იანვრის N04/80-13 წერილი და ამ წერილის შპს „ტვ-გლდანისთვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი - საფოსტო ქვითარი N010003903493;
- მონაცემები კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან და ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმე (არაკომერციაული) იურიდიული პირების რეესტრიდან შპს „ტვ-გლდანის“ შესახებ;
- შპს „ტვ-გლდანის“ დირექტორის მ.მახარობლიშვილის ახსნა-განმარტება მიცემული კომისიის სხდომებზე;
III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
1. შპს „ტვ-გლდანი“ არის ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი 01/02/2010; ავტორიზებული საქმიანობის სახე: A.F.1 ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა:
2. კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.4 აგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი) გატარების საშუალებებითა და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა: კოაქსიალური (საკაბელო) მაგისტრალური სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; კოაქსიალური (საკაბელო) მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი: ტელემაუწყებლობის ტრანზიტი);
3. შპს „ტვ-გლდანს“ საქართველოს ტერიტორიაზე სამაუწყებლო არხების უცვლელი სახით გადაცემის უფლება მოპოვებული უნდა ჰქონდეს ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საავტორო ან მომიჯნავე (მათ შორის ექსკლუზიური) უფლების მფლობელთან დადებული ხელშეკრულების ან/და სანებართვო წერილების საფუძველზე;
4. 2013 წლის 14 იანვრის №04/80-13 წერილით (შპს „ტვ-გლდას“ ჩაბარდა 16.01.2013; ქვითრის ნიმერი: N010003903493) მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებს, მათ შორის შპს „ტვ-გლდანს“ ეცნობა და განემარტა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზებული პირის მიერ ხორციელდება ტელე ან რადიოარხის ტრანზიტი, არა უშუალოდ ტელე ან რადიომაუწყებელთან გაფორმებული ხელშეკრულების, არამედ შუამავალ /დისტრიბუტორ/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ტელე ან რადიოარხის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერად ტრანზიტის დასადასტურებლად, ავტორიზებულმა პირმა კომისიაში უნდა წარმოადგინოს: ა) ავტორიზებულ პირსა და შუამავალ /დისტრიბუტორ/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულება; ბ) შუამავლობის /დისტრიბუციის/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; გ) ტელე ან რადიომაუწყებლის ოფიციალური დადასტურება ტელე ან რადიოარხის სამაუწყებლო ბადეებში განთავსებული სამაუწყებლო პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტული გავრცელების უფლების ფლობის შესახებ. ამავე წერილით მას განემარტა, რომ თუ სამაუწყებლო არხის რეტრანსლირება ხორციელდება ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, აუცილებელია კომისიაში აღნიშნული სამაუწყებლო არხის პროგრამებზე საავტორო და მომიჯნავე უფლების მქონე პირის/ კომპანიის ნებართვის წერილის წარმოდგენა (Permission Letter), რომელშიც აღნიშნული იქნება ა) ნებართვა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მიერ სამაუწყებლო არხის საქართვლოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ; ბ) დადასტურება სამაუწყებლო არხის ბადეში განთავსებული პროგრამების საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების უფლების შესახებ; ასევე, განემარტა მის მიერ მომხმარებლისათვის შეთავაზებულ პაკეტებში ყოველი სამაუწყებლო არხის ცვლილების (დამატების) შემთხვევაში, აგრეთვე მოქმედი ხელშეკრულების ვადის გასვლისას ახალი ვადით ხელშეკრულების გაგრძელებისას შესაბამისი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენის ვალდებულება კომპანიის მიერ შესაბამისი სამაუწყებლო არხის პაკეტში ჩასმამდე/ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე;
5. 2018 წლის 10 იანვარს, 11:30 საათზე, შპს „ტვ-გლდანის“ ოფისში, მისამართზე: ქ. თბილისში, გლდანის მე-7 და მე-8 მკრ. შორის მდებარე სავაჭრო ცენტრი, კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ (ზ. კვირველია, ი. ბაღაშვილი) განხორციელდა შპს „ტვ-გლდანის“ მიერ სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე გადაცემის მართლზომიერების შემოწმება, რის თაობაზეც გაფორმდა შემოწმების აქტი №02. შემოწმების აქტს ხელს აწერენ კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის თანამშრომლები: ზ.კვირკველია და ი.ბაღაშვილი, შემოწმებისა და შემოწმების აქტის შედგენის დამსწრე მოწმე, მ. მახარობლიშვილი;
6. შემოწმების შედეგად დაფიქსირდა, რომ შპს „ტვ-გლდანი“ საკუთარი საკაბელო ქსელით ავრცელებს შემდეგ სამაუწყებლო არხებს: „კავკასია“, „1 გასართობი“, “რუსთავი 2”, „იმედი“, „სტერეო+“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „აჭარა“, „ერთსულოვნება“, „HI TV“ (ევრიკა), „სტარვიზია“, „იბერია“, „ტვ პირველი“, “ობიექტივი”, „ენკი-ბენკი“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, „Индийское Кино“, „НТВ кинохит“, „Music Box” (ტელეკომპანია თბილისი), “TV3” (რუსული),“ „Мужское Кино“, “НТВ МИР”, “TV 1000”, “Еврокино”, ”Иллюзион+”, „Пятница“, „Viasat sport“, „НТВ Киносемья”, “RTVi”, „Кухня“, “Феникс кино”, “Сарафан”, „СТС“, „KXL“, „რაგბი ტვ“, „ТНТ music“, “Охота и Рыбалка”, “Кинокомедия”, “РЕН ТВ”, “Домашний”, “Кинопремьера”, “Viasat Explorer”, „Шансон“, „Моя планета“, “RU TV”(music one);
7. 2018 წლის 10 იანვარს განხორციელებული შემოწმების სისწორე დადასტურდა 2018 წლის 10 იანვრის №02 შემოწმების აქტით, რომელიც შედგენილია ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36–ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, ასევე, შემოწმების პროცესის აუდიო-ვიზუალური ჩანაწერით;
8. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შპს „ტვ-გლდანს“ 2018 წლის 26 იანვრის მდგომარეობით კომისიაში არ ჰქონდა წარმოდგენილი შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია: “რუსთავი 2”, „იმედი“, „ტვ პირველი“, „ერთსულოვნება“; 2018 წლის 6 თებერვალს კომისიაში შემოსული შპს „ტვ-გლდანის“ წერილიდან (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/671-18; 06.02.2018) ირკვევა, რომ კომპანიამ შემოწმების შემდგომ პერიოდში მოიპოვა სამაუწყებლო არხების რეტრანსლირების უფლება, რის დასტურადაც წარმოდგენილია სანებართვო წერილები შემდეგ სამაუწყებლო არხებზე: „ქართული არხის“ (სანებართვო წერილის თარიღი: 23.01.2018), „TV პირველის“ (თარიღი: 29.01.2018) და „ერთსულოვნება“ (თარიღი: 30.01.2018); 2018 წლის 14 თებერვალს კომისიაში შემოვიდა შპს „საქართველოს საპატრიარქო ტელევიზი ერთსულოვნების“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციი Nშ-6/799-18; 14.02.2018), რომელშიც აღნიშნულია, რომ შპს „საქართველოს საპატრიარქო ტელევიზია ერთსულოვნებას“ 2017 წლის დეკემბრის თვეში სიტყვიერი თხოვნით მომართა შპს „ტვ-გლდანის“ დირექტორმა, მაუწყებლობის რეტრანსლაციის გაგრძელებასთან დაკავშირებით, რაზეც კომპანიის მხრიდან მიცემულ იქნა ზეპირი თანხმობა, ხოლო, წერილობითი თანხმობა გაცემულ იქნა მიმდინარე წლის 30 იანვარს; 2018 წლის 14 თებერვალს კომისიაში შემოვიდა შპს „ტელეკომპანია პირველის“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/800-18; 14.02.2018), რომელშიც აღნიშნულია, რომ შპს „ტვ-გლდანმა“ 2017 წლის დეკემბრის თვეში მომართა შპს „ტელეკომპანია პირველს“ მაუწყებლის ტრანსლირებასთან დაკავშირებით, რაზეც კომპანიის მხრიდან ზეპირსიტყვიერი თანხმობა მიიღო, რაც 2018 წლის 30 იანვარს წერილობით დადასტურდა;
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიჩნეულ იქნა, რომ შპს „ტვ-გლდანი“ შემოწმების მომენტში მართლზომიერად ახორციელებდა სამაუწყებლო არხების „TV პირველის“ და „ერთსულოვნების“ ტრანზიტს;
9. ამ გადაწყვეტილების მიღების მდგომარეობით შპს „ტვ-გლდანს“ კომისიაში არ წარმოუდგენია სამაუწყებლო არხების „რუსთავი 2“-ის და „იმედის“ საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
10. შპს „ტვ-გლდანის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა.
IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
- ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას;
- ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას;
- ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად;
- ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–19 მუხლის მე–2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კომისიამ უნდა დაიცვას კონფიდენციალურობა მიწოდებული ინფორმაციისა, რომელიც ითვლება კომერციულ საიდუმლოებად ან პერსონალურ მონაცემებად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად. განზოგადებული ინფორმაცია მომსახურების ბაზრის თაობაზე, ასევე მონაცემები აბონენტთა რაოდენობის, ტრაფიკის, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შესახებ არ შეიძლება იყოს კონფიდენციალური. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად, ხოლო ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები;
- „ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის №609 დადგენილებით), ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის №879 დადგენილებით) და ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციასთან მიერთებით (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 17 თებერვლის №3344 დადგენილებით), საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი;
- „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლისა და „ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების” მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით, თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება დართონ სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით. შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით; ამ ნორმის გამოყენებისათვის კი აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა საშუალებები და ხერხები;
- ,,ბერნის კონვენციისა” და „ისმო-ს ხელშეკრულების” აღნიშნულ დანაწესთან სრულ შესაბამისობაშია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ან/და უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება);
- „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს. „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას უფლება აქვს ნება დართოს ან აკრძალოს თავისი გადაცემების რეტრანსლაცია;
- ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, გამოიყენოს თავისი გადაცემა ნებისმიერი ფორმით, გადაცემის ყოველი ფორმით გამოყენებისათვის ანაზღაურების მიღების უფლების ჩათვლით. რაც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ნიშნავს ნება დართოს ან აკრძალოს: ა) გადაცემის ჩაწერა; ბ) გადაცემის ჩანაწერის რეპროდუცირება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადაცემა ჩაწერილია მაუწყებლობის ორგანიზაციის თანხმობით და რეპროდუცირება ხორციელდება იმავე მიზნით, რისთვისაც მოხდა მისი ჩაწერა; გ) გადაცემის ერთდროულად გადაცემა ეთერში და კაბელით ხელახალი გადაცემა შესაბამისად საეთერო და საკაბელო მაუწყებლობის სხვა ორგანიზაციის მიერ; დ) გადაცემის გადაცემა ეთერში ან კაბელით; ე) გადაცემის საჯარო გადაცემა ადგილებში, სადაც შესვლა ფასიანია. ვ) გადაცემის ჩანაწერის გავრცელება საზოგადოებაში გაყიდვის ან საკუთრების სხვა ფორმით გადაცემის გზით; ზ) გადაცემის ჩანაწერის გაქირავება ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემა; თ) გადაცემის ჩანაწერის გადაცემა სადენებით ანდა უსადენო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეული ადგილიდან და დროს;
- ამავე კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია მაუწყებლის ორგანიზაციის გადაცემის გამოყენება მისი თანხმობის გარეშე. ამავე კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ ან/და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას;
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტი არის ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე-ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე-ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ არსებითად ხორციელდება მაუწყებლის ტელე ან რადიოარხის ტრანზიტი;
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს;
- „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, გაფრთხილებისა და დაჯარიმების შესახებ ადმინისტრაციული წარმოება იწყება კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ დაინტერესებული მხარისათვის შეტყობინების გაგზავნის (დაზღვეული საფოსტო გზავნილით ან ტელეფონოგრამით) მომენტიდან;
- „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-17 პუნქტის შესაბამისად, თუ არ არსებობს გაფრთხილების ან ჯარიმის საფუძველი, ადმინისტრაციული წარმოება წყდება;
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საზოგადოებრივ მაუწყებელს, სათემო მაუწყებელს, ამ კანონის შესაბამისად ავტორიზებულ საერთო საეთერო ან/და თანამგზავრულ მაუწყებელს, რომელიც მაუწყებლობს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მომსახურების მიწოდების ზონაში (თანამგზავრული მაუწყებლის მაუწყებლობის ზონა ამ მუხლის მიზნებისათვის არის ქვეყნის მთელი ტერიტორია), აგრეთვე ავტორიზებულ საერთო საეთერო მაუწყებელს, რომლის მაუწყებლობა საეთერო მაუწყებლობის განხორციელების შედეგად ხელმისაწვდომია საქართველოს მოსახლეობის არანაკლებ 20%-ისათვის, უფლება აქვთ, მოსთხოვონ მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს ასეთი მაუწყებლის სატელევიზიო არხის მომხმარებლისათვის შეთავაზებულ ყველა პაკეტში განთავსება („სავალდებულო ტრანზიტი“). ამ შემთხვევაში მაუწყებელს არ წარმოეშობა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირისგან მაუწყებლის სიგნალის ტრანზიტისათვის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება;
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს შეუძლია უფასოდ, შესაბამისი მაუწყებლის ნებართვის გარეშე განახორციელოს ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული მაუწყებლის მაუწყებლობის ტრანზიტი, თუ მაუწყებელი დაარღვევს ამ მუხლის მე-8 პუნქტში აღნიშნულ კეთილსინდისიერების მოთხოვნას ან შეწყვეტს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირთან ტრანზიტის ხელშეკრულებას ხელშეკრულების პირობების დარღვევით; ამავე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, ფასიანი ტრანზიტის შემთხვევაში ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული მაუწყებელი და მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი ვალდებული არიან, კეთილსინდისიერად წარმართონ მოლაპარაკებები ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულების დასადებად. კეთილსინდისიერების მოთხოვნა არ ჩაითვლება შესრულებულად, თუ რომელიმე მხარე: ა) დაუსაბუთებელ უარს აცხადებს ფასიანი ტრანზიტის შესახებ მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე; ბ) აშკარად აჭიანურებს ფასიანი ტრანზიტის შესახებ მოლაპარაკებებს; გ) ტრანზიტისთვის ითხოვს შეუსაბამოდ მაღალ ან დაბალ საფასურს იმ საფასურთან შედარებით, რომელსაც იგივე მაუწყებელი სხვა ავტორიზებული პირებისგან ითხოვს. შეუსაბამობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ ტრანზიტის საფასურსა და სხვა მაუწყებლების მიერ მოთხოვნილ საფასურს შორის განსხვავება 10%-ს აღემატება; დ) ითხოვს ფასიანი ტრანზიტის სხვა ისეთ პირობებს, რომლებიც მეორე მხარეს სამაუწყებლო ან ფასიანი ტრანზიტის ბაზრის სხვა სუბიექტებთან შედარებით აშკარად დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებს; ე) მოითხოვს მეორე მხარისგან, არ დადოს გარიგება სამაუწყებლო ან ფასიანი ტრანზიტის ბაზრის სხვა სუბიექტებთან; ვ) დაუსაბუთებელ უარს აცხადებს ფასიანი ტრანზიტის პირობების შესახებ მეორე მხარის წინადადებების განხილვაზე; ზ) მესამე პირთან დებს ისეთ გარიგებას, რომლის ერთ-ერთი პირობაა ამ მხარის ვალდებულება, არ დადოს ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულება სხვა პირთან;
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, რომელიმე მხარის მიერ ამ მუხლის პირველი, მე-3, მე-6, მე-7 ან/და მე-8 პუნქტის დარღვევის შემთხვევაში მეორე მხარეს შეუძლია საჩივრით მიმართოს კომისიას.
კომისია აღნიშნავს, რომ „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება გამოიყენოს თავისი გადაცემა ნებისმიერი ფორმით, გადაცემის ყოველი ფორმით გამოყენებისათვის ანაზღაურების მიღების უფლების ჩათვლით. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლის მე-6 პუნქტი აწესებს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების მიერ უფასოდ, შესაბამისი მაუწყებლის ნებართვის გარეშე განახორციელოს მაუწყებლის მაუწყებლობის ტრანზიტი, თუ მაუწყებელი დაარღვევს ამ მუხლის მე-8 პუნქტში აღნიშნულ კეთილსინდისიერების მოთხოვნას ან შეწყვეტს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირთან ტრანზიტის ხელშეკრულებას ხელშეკრულების პირობების დარღვევით. კომისიას მიაჩნია, რომ მაუწყებელის მიერ ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულების დასადებად მოლაპარაკებების კეთილსინდისიერად წარმართვის მოთხოვნის დარღვევას, რაზედაც მიუთითებს შპს ,,ტვ-გლდანი“. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, ადგენს არა მოლაპარაკებებში ჩართული სუბიექტი შპს ,,ტვ-გლდანი“, არამედ ნეიტრალური, კომპეტეტური ორგანო - კომისია, რის შემდეგაც მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს წარმოეშვება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული უფლება - უფასოდ, შესაბამისი ნებართვის გარეშე განახორციელოს მაუწყებლის მაუწყებლობის ტრანზიტი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ სამაუწყებლო არხების: „რუსთავი 2“-სა და „იმედის“ შესაბამისი ხელშეკრულებების გარეშე საკაბელო ქსელით უცვლელი სახით გადაცემით, შპს „ტვ-გლდანის“ მიერ დარღვეულია „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლი, ,,საავტორო უფლებების შესახებ“ ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლი, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლი, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლები და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი, რაც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის შესაბამისად, სანქცირების საფუძველია.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2018 წლის 15 მარტის სხდომაზე, ასევე, განხილულ იქნა 6 სამაუწყებლო არხის: ,,იმედი“, ,,რუსთავი 2“, ,,მაესტრო“, ,,კომედი არხი“, ,,მარაო“ და ,,GDS“ არამართლზომიერი ტრანზიტის გამო მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი, სადაც კომპანიები, აღნიშნული სამაუწყებლო არხების მართლზომიერად გავრცელების საფუძვლად მიუთითებდნენ ამ არხების დისტრიბუციის ექსკლუზიური უფლებების მქონე კომპანია შპს ,,მედია რაითს ჯორჯიას“ მიერ ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულების დასადებად გამართული მოლაპარაკებების კეთილსინდისიერად წარმართვის მოთხოვნის შეუსრულებლობას. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული სამაუწყებლო არხების არამართლზომიერი ტრანზიტის გამო კომპანიები ცნო სამართალდამრღვევად, კომისიამ კანონით მისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში ისინი გაათავისუფლა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან, ვინაიდან, კომისიას მაუწყებელსა და მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს შორის ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულების დასადებად გამართული მოლაპარაკებების კეთილსინდისიერად წარმართვის მოთხოვნის შეუსრულებლობასთან დაკავშირებით აქამდე გადაწყვეტილება არ მიუღია, რაც, კომისიის აზრით, ხელს შეუწყობდა კომპანიების მიერ აღნიშნული საკითხისადმი ერთგვაროვან მიდგომას და სამართალდარღვევის პრევენციას. ამასთან, გადაწყვეტილების მიღების დროისთვის ცნობილი გახდა, რომ შპს ,,მედია რაითს ჯორჯიამ“ მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირებისთვის ხელმისაწვდომი გახადა მათთვის შეთავაზებულ პაკეტში შემავალი 6 ქართული სამაუწყებლო არხის: ,,იმედი“, ,,რუსთავი 2“, ,,მაესტრო“, ,,კომედი არხი“, ,,მარაო“ და ,,GDS“ ინდივიდუალური ფასიანი ტრანზიტი, რაც მხარეებს შორის მოლაპარაკებების დროს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენდა. აღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ მიიჩნია, რომ მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების სამართალდამრღვევებად ცნობითა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან განთავისუფლებით, ასევე მათთვის სამაუწყებლო არხების არამართლზომიერად გავრცელების აკრძალვით დაცული იქნებებოდა კანონიერებისა და პროპორციულობის პრინციპი, ასევე, მიიღწეოდა ის მიზნები, რაც ზოგადად გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ტვ-გლდანის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების, ასევე მისთვის საქართველოს ტერიტორიაზე სამაუწყებლო არხების: “რუსთავი 2”-ს და „იმედის“ არამართლზომიერი გადაცემის ორი კვირის ვადაში კანონის შესაბამისობაში მოყვანის დავალდებულებით დაცული იქნება კომპანიებისადმი ერთგვაროვანი მიდგომა, კანონიერების, თანასწორობისა და პროპორციულობის პრინციპი.
V. სარეზოლუციო ნაწილი:
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, 98-ე, 99-ე მუხლების, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ” ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის „საავტორო უფლებების შესახებ“ ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45) პუნქტის, მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის ბ) პუნქტის, 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
- შპს „ტვ-გლდანი“ ცნობილ იქნეს სამართალდამრღვევად „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის „საავტორო უფლებების შესახებ” ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის დარღვევის გამო;
- შპს „ტვ-გლდანი“ გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან;
- მიეცეს შპს „ტვ-გლდანს“ ორი კვირის ვადა საქართველოს ტერიტორიაზე სატელევიზიო არხების „რუსთავი 2”-ის და „იმედის“ გავრცელების უფლების მოსაპოვებლად, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ, მართლზომიერი ტრანზიტის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის არარსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს აღნიშნული არხების არამართლზომიერი გადაცემის დაუყოვნებლივ შეწყვეტა;
- დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ტვ-გლდანისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;
- გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ტვ-გლდანისთვის“ ჩაბარების დღიდან;
- გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) შპს „ტვ-გლდანისთვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
- კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-4 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე).
|
კომისიის თავმჯდომარე |
|
კახი ბექაური |
|
კომისიის წევრი |
|
ვახტანგ აბაშიძე |
|
კომისიის წევრი |
|
ელისო ასანიძე |
|
კომისიის წევრი |
|
გიორგი ფრუიძე |
|
კომისიის წევრი |
|
მერაბ ქათამაძე |
