წვდომის მენიუ

შპს „სისტემა +“-ის სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე

ნომერი: 151 / 18

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 05, 2018 11:11

მიღების თარიღი მარტი 15, 2018

შპს „სისტემა +“-ის სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე

 I.     საქმის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (№შ-10/1107-18, 28.02.2018) თანახმად, 2018 წლის 23 იანვარს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ   განხორციელდა  შპს „სისტემა +“-სთვის შემოწმება პროგრამების აუდიო-ვიზუალური დათვალიერება-მოსმენის საშუალებით და გადაცემის დროის დაფიქსირებით. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა შემოწმების აქტი №12. შემოწმება ჩატარდა ქ. თბილისში, წერეთლის გამზ. N55, კოპრ. N1  შპს „სისტემა+“-ს ოფისში კომპანიის  ტექნიკოსის გ.ოსიყმაშვილის თანდასწრებით. შემოწმების შედეგად გამოირკვა, რომ  შპს „სისტემა+“-ს მიერ საქართველოს ტერიტორიაზე  ხორციელდება შემდეგი სამაუწყებლო არხების ტრანზიტი: „ტვ პირველი“, “რუსთავი 2”, „მაესტრო“, „კავკასია“, „პალიტრა ტვ“, „სილქ უნივერსალი“, “1 გასართობი“, „ქართული არხი“, „ერთსულოვნება“, „იმედი“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, „აჭარა“, „ობიექტივი“, „იბერია“, „BBB (ბასტი ბუბუ), „ენკი ბენკი“,“Охота и Рыбалка”, „DW“, “Интер +”, “Россия К”, “История”, “Карусель”, “360 tune box”,“РЕН ТВ”, “Setanta sport+”, “Setanta sport”, „Мама“, “Film box House”, “Film box”,  “Домашный”, “Docu box”, “Fashion box”, “Fus & Fun box”, “Fight box”, “O!”, “XXI”, “Зоопарк”, “Р” (Русский роман),“СТС”,“МИР”,“Моя планета”, “24 Техно”, “Еврокино”, “Русский иллюзион”, ”Иллюзион+”, “ACB”, „Eurosport 1“, “National Geographic”, “Nat Geo Wilde”, “Наука’’, „Сарафан“, “TLC”,“Живая планета”, “Da Vinchi”, “Eurosport 2”, „Перец“, “RTVi”, “TV 1000 ру.кино”, “Телекафе”, „Детский“, “Erox”, “TV 1000”, “TV 1000 action”, “Viasat History”, “Viasat Explorer”, “Viasat Nature”, “Viasat sport”,„სტარვიზია“, “Travel”, “World Fashion”, „Совершенно секретно“, „Мулт“, „Бобер“, “Дом Кино премиум”, “Дом Кино“, “Euronews”, “Музыка Первого”, “Россия 24”,“РТР планета”,  „რაგბი ტვ“, “Шансон ТВ”.

კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული მონიტორინგის საფუძველზე, ირკვევა, რომ  შპს „სისტემა +“-ს  2018 წლის 28 თებერვლის მდგომარეობით კომისიაში არ წარმოუდგენია შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია: „რუსთავი 2“, „მაესტრო“, „იმედი“, „Р“ (Русский роман). შესაბამისად, დეპარტამენტს მიაჩნია, რომ  შპს „სისტემა+“-ს  მიერ ზემოაღნიშნული არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირება ხორციელდება არამართლზომიერად.     

კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (№შ-10/1107-18, 28.02.2018) საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „სისტემა+“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2018 წლის 15 მარტს. აღნიშნულის თაობაზე შეტყობინება ფოსტით გაეგზავნა შპს „სისტემა +“ და განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება.  შეტყობინება (N03/826-18; 07.03.2018) კომპანიას ჩაბარდა 2018 წლის 9 მარტს.

 შპს „სისტემა +“-მა  2018 წლის 13 მარტს კომისიაში წარმოადგინა ახსნა-განმარტება (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/1326-18,13.03.2018), რომელშიც აღნიშნულია, რომ მონიტორინგის ჩატარების პროცესში დადგინდა რომ კომპანიის ქსელით გადაიცემოდა სამაუწყებლო არხი  „Р“ (Русский роман), თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს გამოწყეული იყო ტექნიკური ხარვეზით. ახსნა-განმარტებში აღნიშნულია, რომ გამოიკითხა კომპანიის მორიგე ოპერატორი, რომლის ახსნა-განმარტებიდან ირკვევა, რომ იმ სიხშირეზე სადაც მონიტორინგის განხორციელების დროს ჩართული იყო სამაუწყებლო არხი  „Р“ (Русский роман), უნდა ყოფილიყო ტელეარხი „Доктор“ . ეს ორივე არხი ერთი თანამგზავრიდან  - ABS -2 EXXPRES AMU-დან ვრცელდება ერთ სიხშირეზე. ოპერატორის განმარტებით ღამის საათებში მოხდა დენის ძაბვის ვარდნა, რა დროსაც მოხდა ტელეარხ „Доктор“-ის „Р“ (Русский роман)-ზე გადართვა, რაც ოპერატორმა დროულად ვერ შენიშნა.  შპს „სისტემა +“-ის ახსნა-განმარტებაში ასევე აღნიშნულია, რომ დენის ძაბვის ცვალებადობა ხშირად იწვევს ერთ სიხშირეზე მყოფი არხების გადანაცვლებას. მიმღების გადატვირთვის დროს ხდება ხელახალი ამოყვანა არხების. სწორედ ასეთ შემთხვევას ქონდა ადგილი მოცემულ შემთხვევაში. ახსნა-განმარტებაში ასევე აღნიშნულია, რომ ზემოაღნიშნულის გამო მორიგე ოპერატორს მიეცა საყვედური. კომპანიისა არანაირი დაინტერესება, განზრახვა ან/და მიზანი არ ჰქონია არამართლზომიერად განეთავსებინა ეს არხი ქსელში, რადგან კომპანიას გააჩნია არაერთი ხელშეკრულება იმ არხებზე, რომლებიც ჯერ არ არის განთავსებული ქსელში, შესაბამისად, არ ჩართავდნენ იმ არხს, რაზეც ნებართვა არ გააჩნიათ.    

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „სისტემა +“ ითხოვს შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებას და მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი სამაუწყებლო არხის „Р“ (Русский роман)-ის ტრანზიტი არ ჩაითვალოს არამართლზომიერად.

2018 წლის 13 მარტს კომისიაში ასევე წარმოდგენილ იქნა შპს „სისტემა +“-ის ახსნა-განმარტება (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/1327-18, 13.03.2018) თანდართული დოკუმენტაციით ( მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების, მათ შორის, შპს „სისტემა +“ 2017 წლის 1 დეკემბრის მომართვა (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/9148-17, 4.12.2017); მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების, მათ შორის, შპს „სისტემა +“-ის 2017 წლის 19 დეკემბრის მომართვა (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/9485-17, 19.12.2017), რომელშიც აღნიშნულია, რომ შპს „სისტემა +“-ის ქსელში ტელეარხები „რუსთავი 2“, „მაესტრო“, „იმედი“ ტრანზიტი ხორციელდება კანონის საფუძველზე, კერძოდ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე, რომლის თანახმად, მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს შეუძლია უფასოდ, შესაბამისი მაუწყებლის ნებართვის გარეშე განახორციელოს ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული მაუწყებლის მაუწყებლობის ტრანზიტი, თუ მაუწყებელი დაარღვევს ამ მუხლის მე-8 პუნქტში აღნიშნულ კეთილსინდისიერების მოთხოვნას ან შეწყვეტს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირთან ტრანზიტის ხელშეკრულებას ხელშეკრულების პირობების დარღვევით. შპს „სისტემა +“-ის მიერ სადაოდ იქნა გამხდარი სწორედ ის ფაქტი, რომ მაუწყებელმა, რომლებიც ითხოვდნენ ფასიანი ხელშეკრულებების გაფორმებას სატრანზიტო კომპანიებისგან, დაარღვიეს კეთილსინდისიერი მოლაპარაკების პრინციპი. როგორც ახსნა-განმარტებაშია აღნიშნული, ზემოაღნიშნულის თაობაზე კომისიას ეცნობა 2017 წლის 4 დეკემბერს და 19 დეკემბერს და კომისიას ეთხოვა საკითხის შესწავლა, ასევე ეცნობა რომ აღნიშნული არხები ჩართული იყო შპს „სისტემა +“-ის ქსელში. შესაბამისად, შპს „სისტემა +“-მა მიიჩნია, რომ მანამ, სანამ არ დადგინდებოდა ტელეკომპანიების „რუსთავი 2“-ის, „მაესტროს“, „იმედის“ მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლის მე-8 პუნქტის დარღვევის ან არ დარღვევის ფაქტი, მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი შპს „სისტემა +“ უფლებამოსილია გამოიყენოს კანონით მისთვის მინიჭებული ე.წ. Must offer-ის პრინციპი („მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლის მე-6  პუნქტი).

შპს „სისტემა +“-ის ახსნა-განმარტებაში ასევე აღნიშნულია, რომ მონიტორინგის ჩატარების პერიოდში ტელეარხების  „რუსთავი 2“, „მაესტროს“, „იმედის“ ტრანზიტი შპს „სისტემა +“-ის ქსელში ხორციელდებოდა მართლზომიერად, ვინაიდან, კომისიის მიერ დღემდე არ ყოფილა შესწავლილი 2017 წლის 19 დეკემბრის მომართვაში დასმული საკითხები და არ მიუღია გადაწყვეტილება დაირღვა თუ არა მაუწყებლების მხრიდან „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისი ქვეპუნქტები, და ვინაიდან მონიტორინგის ჩატარების პერიოდშიკომისიისთვის უკვე ცნობილი იყო, რომ კომპანია  შპს „სისტემა+“-ს ჩართული ქონდა ტელეარხები   „რუსთავი 2“, „მაესტრო“, „იმედი“ კანონის საფუძველზე და ამ პერიოდისთვის არ ქონდა კომისიას მიღებული რაიმე საწინააღმდეგო გადაწყვეტილება. შესაბამისად,  შპს „სისტემა+“-ს არ უნდა დაეკისროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ამ არხების არამართლზომიერი ტრანზიტისთვის და არ უნდა დაევალოს მისი გათიშვა.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2018 წლის 14 დეკემბრის N04/4274-17 წერილით ავტორიზებულ პირებს, მათ შორის, შპს „სისტემა +“ ეცნობათ, რომ შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ მოპოვებული აქვს სამაუწყებლო არხების ,,იმედი“, ,,რუსთავი 2“, ,,მაესტრო“, ,,კომედი არხი“, ,,მარაო“ და ,,GDS“ ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულების გაფორმების უფლება მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებთან. აღნიშნულიდან გამომდინარე 2017 წლის 1 დეკემბერს შპს „მედია რაითს ჯორჯიამ“ კომისიას მომართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის N შ-6/9134-17, Nშ-6980-17), რომლითაც კომისიას სთხოვს მონიტორინგი გაუწიოს  და აღკვეთოს სამაუწყებლო არხების ,,იმედი“, ,,რუსთავი 2“, ,,მაესტრო“, ,,კომედი არხი“, ,,მარაო“ და ,,GDS“ არასანქცირებული რეტრანსლირება. კომისიის წერილით (N04/4274-17, 14.12.2018) შპს „სისტემა +“ ეთხოვა ზემოაღნიშნულის გათვალისწინება თავის საქმიანობაში და უმოკლეს ვადებში საქმიანობის შესაბამისობაში მოყვანა.

კომისიის 2018 წლის 15 მარტის სხდომაზე გამოცხადდა შპს „სისტემა +“-ის
 წარმომადგენელი თ.ბერუაშვილი, რომელიც, ასევე არის „საკაბელო ტელევიზიების კავშირის“ აღმასრულებელი დირექტორი, რომელმაც განაცხადა, რომ შპს „სისტემა +“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლის მე-6 და მე-8 პუნქტების შესაბამისად მართლზომიერად ახორციელებდა არხების ტრანზიტს. მან ასევე აღნიშნა, რომ კომისიის მიერ მათთვის მიცემული 2 კვირიანი ვადა ხელშეკრულების გასაფორმებლად მცირეა. შესაძლოა ამ პერიოდში მათ ვერ მოასწრონ მოლაპარაკებების წარმოება და ჩამოყალიბდეს არაერთგვაროვანი მიდგომა. შესაძლოა  ვერ მორიგდნენ ფასზე. ასევე,  შესაძლოა პაკეტები დაიშალოს, მაგრამ ცალ-ცალკე პაკეტი აღმოჩნდეს უფრო ძვირი. თ.ბერუაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მისთვის გაუგებარია როგორ უნდა იყოს ყველა ოპერატორისთვის ერთნაირი ფასი, როცა ტექნოლოგიები აბსოლუტურად განსხვავებულია. ზოგიერთ ოპერატორს გადახვევა-დაპაუზების ფუნქციით აძლევენ ჩვენების უფლებას. თ.ბერუაშვილს მიაჩნია,რომ არ შეიძლება ერთი და იგივე ფასი იყოს დადგენილი მხოლოდ ტრანზიტისთვის და ტრანზიტთან ერთად გადახვევა-დაპაუზების სერვისისთვის, ფასები უნდა დადგინდეს ტექნოლოგიური შესაძლებლობების მიხედვით.

II.  კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები:   

1. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (№შ-10/1107-18, 28.02.2018) თანდართული დოკუმენტაციით;

2. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების  რეგულირების დეპარტამენტის 2018 წლის 13 იანვრის შემოწმების აქტი N12;

3. შპს „სისტემა +“-ის შემოწმების პროცესის აუდიო-ვიდეო ჩანაწერი (CD);

4. შპს „სისტემა +“-ის შემოწმების დამსწრე პირის - გ.ო პირადობის მოწმობის ასლი;

5. კომისიის 2013 წლის 14 იანვრის N04/80-13 წერილი და ამ წერილის შპს „სისტემა +“-სთვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი - საფოსტო ქვითარი N010003903578;

6. მონაცემები კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან და ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმე (არაკომერციაული) იურიდიული პირების რეესტრიდან შპს „სისტემა +“-ის შესახებ;

7. კომისიის წერილი (N04/4274-17, 14.12.2018) გაგზავნილი მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებთან, მათ შორის, შპს „სისტემა +“-სთან და აღნიშნული წერილის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (გზავნილის კოდი:AP01003808591);

8. შპს „სისტემა +“-ის ახსნა-განმარტება (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/1326-18,13.03.2018);

9. შპს „სისტემა +“-ის ახსნა-განმარტება (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/1327-18, 13.03.2018);

10. შპს „სისტემა +“-ის წარმომადგენლის თ.ბერუაშვილის ახსნა-განმარტება მიცემული კომისიის 2018 წლის 15  მარტის სხდომაზე. 

III. კომისიის მიერ დადგენილი  ფაქტობრივი გარემოებები:

  1. შპს „სისტემა +“ არის ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი 10/02/2010; ავტორიზებული საქმიანობის სახე: A.F.1 ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა: ოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი: ტელემაუწყებლობის ტრანზიტი);
  2. შპს „სისტემა +“-ს საქართველოს ტერიტორიაზე  სამაუწყებლო არხების უცვლელი სახით გადაცემის უფლება მოპოვებული უნდა ჰქონდეს ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საავტორო ან მომიჯნავე (მათ შორის ექსკლუზიური) უფლების მფლობელთან დადებული ხელშეკრულების ან/და სანებართვო წერილების  საფუძველზე;
  3. 2013 წლის 14 იანვრის №04/80-13 წერილით (შპს „სისტემა +“-ს ჩაბარდა 16.01.2013; ქვითრის ნიმერი: N010003903578) მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებს, მათ შორის შპს „სისტემა +“ ეცნობა და განემარტა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზებული პირის მიერ ხორციელდება ტელე ან რადიოარხის ტრანზიტი, არა უშუალოდ ტელე ან რადიომაუწყებელთან გაფორმებული ხელშეკრულების, არამედ შუამავალ /დისტრიბუტორ/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ტელე ან რადიოარხის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერად ტრანზიტის დასადასტურებლად, ავტორიზებულმა პირმა კომისიაში უნდა წარმოადგინოს: ა) ავტორიზებულ პირსა და შუამავალ /დისტრიბუტორ/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულება; ბ) შუამავლობის /დისტრიბუციის/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; გ) ტელე ან რადიომაუწყებლის ოფიციალური დადასტურება ტელე ან რადიოარხის სამაუწყებლო ბადეებში განთავსებული სამაუწყებლო პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტული გავრცელების უფლების ფლობის შესახებ. ამავე წერილით მას განემარტა, რომ თუ სამაუწყებლო არხის რეტრანსლირება ხორციელდება ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, აუცილებელია კომისიაში აღნიშნული სამაუწყებლო არხის პროგრამებზე საავტორო და მომიჯნავე უფლების მქონე პირის/ კომპანიის ნებართვის წერილის წარმოდგენა (Permission Letter), რომელშიც აღნიშნული იქნება ა) ნებართვა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მიერ სამაუწყებლო არხის საქართვლოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ; ბ) დადასტურება სამაუწყებლო არხის ბადეში განთავსებული პროგრამების საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების უფლების შესახებ; ასევე, განემარტა მის მიერ მომხმარებლისათვის შეთავაზებულ პაკეტებში ყოველი სამაუწყებლო არხის ცვლილების (დამატების) შემთხვევაში, აგრეთვე მოქმედი ხელშეკრულების ვადის გასვლისას ახალი ვადით ხელშეკრულების გაგრძელებისას შესაბამისი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენის ვალდებულება კომპანიის მიერ შესაბამისი სამაუწყებლო არხის პაკეტში ჩასმამდე/ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე;
  4. კომისიის 2018 წლის 14 დეკემბრის N04/4274-17 წერილით ავტორიზებულ პირებს, მათ შორის, შპს „სისტემა +“ ეცნობათ, რომ შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ მოპოვებული აქვს სამაუწყებლო არხების ,,იმედი“, ,,რუსთავი 2“, ,,მაესტრო“, ,,კომედი არხი“, ,,მარაო“ და ,,GDS“ ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულების გაფორმების უფლება მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებთან. აღნიშნულიდან გამომდინარე 2017 წლის 1 დეკემბერს შპს „მედია რაითს ჯორჯიამ“ კომისიას მომართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის N შ-6/9134-17, Nშ-6980-17), რომლითაც კომისიას სთხოვს მონიტორინგი გაუწიოს  და აღკვეთოს სამაუწყებლო არხების ,,იმედი“, ,,რუსთავი 2“, ,,მაესტრო“, ,,კომედი არხი“, ,,მარაო“ და ,,GDS“ არასანქცირებული რეტრანსლირება. კომისიის წერილით (N04/4274-17, 14.12.2018) შპს „სისტემა +“ ეთხოვა ზემოაღნიშნულის გათვალისწინება თავის საქმიანობაში და უმოკლეს ვადებში საქმიანობის შესაბამისობაში მოყვანა;
  5. 2018 წლის 23 იანვარს, 12:05 საათზე, შპს „სისტემა +“-ს ოფისში, მისამართზე: ქ. თბილისში, წერეთლის გამზ. N55, კოპრ. N1, კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ (ზ. კვირველია, ი. ბაღაშვილი) განხორციელდა შპს „სისტემა +“-ის მიერ სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე გადაცემის მართლზომიერების შემოწმება, რის თაობაზეც გაფორმდა შემოწმების აქტი №12.  შემოწმების აქტს ხელს აწერენ კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის თანამშრომლები: ზ.კვირკველია და ი.ბაღაშვილი, შემოწმებისა და შემოწმების აქტის შედგენის დამსწრე მოწმე, გ.ო;
  6. შემოწმების შედეგად დაფიქსირდა, რომ  შპს „სისტემა +“ საკუთარი საკაბელო ქსელით ავრცელებს შემდეგ სამაუწყებლო არხებს: „ტვ პირველი“, “რუსთავი 2”, „მაესტრო“, „კავკასია“, „პალიტრა ტვ“, „სილქ უნივერსალი“, “1 გასართობი“, „ქართული არხი“, „ერთსულოვნება“, „იმედი“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, „აჭარა“, „ობიექტივი“, „იბერია“, „BBB (ბასტი ბუბუ), „ენკი ბენკი“,“Охота и Рыбалка”, „DW“, “Интер +”, “Россия К”, “История”, “Карусель”, “360 tune box”,“РЕН ТВ”, “Setanta sport+”, “Setanta sport”, „Мама“, “Film box House”, “Film box”,  “Домашный”, “Docu box”, “Fashion box”, “Fus & Fun box”, “Fight box”, “O!”, “XXI”, “Зоопарк”, “Р” (Русский роман),“СТС”,“МИР”,“Моя планета”, “24 Техно”, “Еврокино”, “Русский иллюзион”, ”Иллюзион+”, “ACB”, „Eurosport 1“, “National Geographic”, “Nat Geo Wilde”, “Наука’’, „Сарафан“, “TLC”,“Живая планета”, “Da Vinchi”, “Eurosport 2”, „Перец“, “RTVi”, “TV 1000 ру.кино”, “Телекафе”, „Детский“, “Erox”, “TV 1000”, “TV 1000 action”, “Viasat History”, “Viasat Explorer”, “Viasat Nature”, “Viasat sport”,„სტარვიზია“, “Travel”, “World Fashion”, „Совершенно секретно“, „Мулт“, „Бобер“, “Дом Кино премиум”, “Дом Кино“, “Euronews”, “Музыка Первого”, “Россия 24”,“РТР планета”,  „რაგბი ტვ“, “Шансон ТВ”.;
  7. 2018 წლის 10 იანვარს განხორციელებული შემოწმების სისწორე დადასტურდა 2018 წლის 23 იანვრის №12 შემოწმების აქტით, რომელიც შედგენილია ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36–ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, ასევე, შემოწმების პროცესის აუდიო-ვიზუალური ჩანაწერით;
  8. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შპს „სისტემა +“-ს  2018 წლის 28 თებერვლის მდგომარეობით კომისიაში არ ჰქონდა წარმოდგენილი შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია:  “რუსთავი 2”, „მაესტრო“, „იმედი“, “Р” (Русский роман);
  9. შპს „სისტემა +“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა. 

IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

  1. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას;
  2. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას;
  3. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად;
  4. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–19 მუხლის მე–2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კომისიამ უნდა დაიცვას კონფიდენციალურობა მიწოდებული ინფორმაციისა, რომელიც ითვლება კომერციულ საიდუმლოებად ან პერსონალურ მონაცემებად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად. განზოგადებული ინფორმაცია მომსახურების ბაზრის თაობაზე, ასევე მონაცემები აბონენტთა რაოდენობის, ტრაფიკის, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შესახებ არ შეიძლება იყოს კონფიდენციალური. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად,    ხოლო ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
  5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო  ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები;
  6. „ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის  №609 დადგენილებით),   ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების  მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის №879 დადგენილებით) და ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციასთან  მიერთებით (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 17 თებერვლის №3344 დადგენილებით), საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი;
  7. „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლისა და  „ინტელექტუალური საკუთრების  მსოფლიო ორგანიზაციის საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების” მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით, თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება დართონ სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით. შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ  ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით; ამ ნორმის გამოყენებისათვის კი აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა საშუალებები და ხერხები;
  8. ,,ბერნის კონვენციისა” და „ისმო-ს ხელშეკრულების”  აღნიშნულ დანაწესთან სრულ შესაბამისობაშია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ან/და უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება);
  9. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს. „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას უფლება აქვს ნება დართოს ან აკრძალოს თავისი გადაცემების რეტრანსლაცია;
  10. ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, რაც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ნიშნავს ნება დართოს ან აკრძალოს: ა) გადაცემის ჩაწერა; ბ) გადაცემის ჩანაწერის რეპროდუცირება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადაცემა ჩაწერილია მაუწყებლობის ორგანიზაციის თანხმობით  და რეპროდუცირება ხორციელდება იმავე მიზნით, რისთვისაც  მოხდა მისი ჩაწერა; გ) გადაცემის ერთდროულად გადაცემა ეთერში და კაბელით ხელახალი გადაცემა შესაბამისად საეთერო და საკაბელო მაუწყებლობის სხვა ორგანიზაციის მიერ; დ) გადაცემის გადაცემა ეთერში ან კაბელით; ე) გადაცემის საჯარო გადაცემა ადგილებში, სადაც შესვლა ფასიანია. ვ) გადაცემის ჩანაწერის გავრცელება საზოგადოებაში გაყიდვის ან საკუთრების სხვა ფორმით გადაცემის გზით; ზ) გადაცემის ჩანაწერის გაქირავება ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემა; თ) გადაცემის ჩანაწერის გადაცემა სადენებით ანდა უსადენო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეული ადგილიდან და დროს;
  11. ამავე კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია მაუწყებლის ორგანიზაციის გადაცემის გამოყენება მისი თანხმობის გარეშე. ამავე კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ ან/და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას;
  12. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტი არის ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე-ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე-ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ არსებითად ხორციელდება მაუწყებლის ტელე ან რადიოარხის ტრანზიტი;
  13. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს;
  14. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, გაფრთხილებისა და დაჯარიმების შესახებ ადმინისტრაციული წარმოება იწყება კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ დაინტერესებული მხარისათვის შეტყობინების გაგზავნის (დაზღვეული საფოსტო გზავნილით ან ტელეფონოგრამით) მომენტიდან;
  15. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად,  მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს შეუძლია უფასოდ, შესაბამისი მაუწყებლის ნებართვის გარეშე განახორციელოს ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული მაუწყებლის მაუწყებლობის ტრანზიტი, თუ მაუწყებელი დაარღვევს ამ მუხლის მე-8 პუნქტში აღნიშნულ კეთილსინდისიერების მოთხოვნას ან შეწყვეტს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირთან ტრანზიტის ხელშეკრულებას ხელშეკრულების პირობების დარღვევით; ამავე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, ფასიანი ტრანზიტის შემთხვევაში ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული მაუწყებელი და მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი ვალდებული არიან, კეთილსინდისიერად წარმართონ მოლაპარაკებები ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულების დასადებად. კეთილსინდისიერების მოთხოვნა არ ჩაითვლება შესრულებულად, თუ რომელიმე მხარე: ა) დაუსაბუთებელ უარს აცხადებს ფასიანი ტრანზიტის შესახებ მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე; ბ) აშკარად აჭიანურებს ფასიანი ტრანზიტის შესახებ მოლაპარაკებებს; გ) ტრანზიტისთვის ითხოვს შეუსაბამოდ მაღალ ან დაბალ საფასურს იმ საფასურთან შედარებით, რომელსაც იგივე მაუწყებელი სხვა ავტორიზებული პირებისგან ითხოვს. შეუსაბამობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ ტრანზიტის საფასურსა და სხვა მაუწყებლების მიერ მოთხოვნილ საფასურს შორის განსხვავება 10%-ს აღემატება; დ) ითხოვს ფასიანი ტრანზიტის სხვა ისეთ პირობებს, რომლებიც მეორე მხარეს სამაუწყებლო ან ფასიანი ტრანზიტის ბაზრის სხვა სუბიექტებთან შედარებით აშკარად დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებს; ე) მოითხოვს მეორე მხარისგან, არ დადოს გარიგება სამაუწყებლო ან ფასიანი ტრანზიტის ბაზრის სხვა სუბიექტებთან; ვ) დაუსაბუთებელ უარს აცხადებს ფასიანი ტრანზიტის პირობების შესახებ მეორე მხარის წინადადებების განხილვაზე; ზ) მესამე პირთან დებს ისეთ გარიგებას, რომლის ერთ-ერთი პირობაა ამ მხარის ვალდებულება, არ დადოს ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულება სხვა პირთან;

კომისია აღნიშნავს, რომ „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მა­უწ­ყებ­ლო­ბის ორგანიზაციას ეკუთვნის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი უფ­ლე­ბა  გამოიყენოს თა­ვი­სი გა­და­ცე­მა ნებისმიერი ფორ­მით, გადაცემის ყო­ვე­ლი ფორმით გამოყენებისათ­ვის ანაზღაურების მიღების უფ­ლე­ბის ჩათ­ვლით.  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლის მე-6 პუნქტი აწესებს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების მიერ უფასოდ, შესაბამისი მაუწყებლის ნებართვის გარეშე განახორციელოს მაუწყებლის მაუწყებლობის ტრანზიტი, თუ მაუწყებელი დაარღვევს ამ მუხლის მე-8 პუნქტში აღნიშნულ კეთილსინდისიერების მოთხოვნას ან შეწყვეტს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირთან ტრანზიტის ხელშეკრულებას ხელშეკრულების პირობების დარღვევით. კომისიას მიაჩნია, რომ მაუწყებლის მიერ ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულების დასადებად მოლაპარაკებების კეთილსინდისიერად წარმართვის მოთხოვნის დარღვევას, რაზედაც მიუთითებს შპს ,,სისტემა +“, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, ადგენს არა მოლაპარაკებებში ჩართული სუბიექტი, არამედ ნეიტრალური, კომპეტეტური ორგანო - კომისია, რის შემდეგაც მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ  პირს წარმოეშვება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული უფლება - უფასოდ, შესაბამისი ნებართვის გარეშე განახორციელოს მაუწყებლის მაუწყებლობის ტრანზიტი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ სამაუწყებლო არხების:  “რუსთავი 2”, „მაესტრო“, „იმედი“, “Р” (Русский роман) შესაბამისი ხელშეკრულებების გარეშე საკაბელო ქსელით უცვლელი სახით გადაცემით, შპს „სისტემა +“-ის მიერ დარღვეულია „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლი, ,,საავტორო უფლებების შესახებ“ ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლი, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლი, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლები და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ბ) ქვეპუნქტი, რაც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის შესაბამისად, სანქცირების საფუძველია.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის  2018 წლის 15 მარტის სხდომაზე, ასევე, განხილულ იქნა 6 სამაუწყებლო არხის: ,,იმედი“, ,,რუსთავი 2“, ,,მაესტრო“, ,,კომედი არხი“, ,,მარაო“ და ,,GDS“ არამართლზომიერი ტრანზიტის გამო მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი, სადაც კომპანიები, აღნიშნული სამაუწყებლო არხების მართლზომიერად გავრცელების საფუძვლად მიუთითებდნენ ამ არხების დისტრიბუციის ექსკლუზიური უფლებების მქონე კომპანია შპს ,,მედია რაითს ჯორჯიას“ მიერ ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულების დასადებად გამართული მოლაპარაკებების კეთილსინდისიერად წარმართვის მოთხოვნის შეუსრულებლობას. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული სამაუწყებლო არხების არამართლზომიერი ტრანზიტის გამო კომპანიები ცნო სამართალდამრღვევად, კომისიამ კანონით მისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში ისინი გაათავისუფლა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან, ვინაიდან, კომისიას მაუწყებელსა და მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს შორის ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულების დასადებად გამართული მოლაპარაკებების კეთილსინდისიერად წარმართვის მოთხოვნის შეუსრულებლობასთან დაკავშირებით აქამდე გადაწყვეტილება არ მიუღია, რაც, კომისიის აზრით, ხელს შეუწყობდა კომპანიების მიერ აღნიშნული საკითხისადმი ერთგვაროვან მიდგომას და სამართალდარღვევის პრევენციას.  ამასთან, გადაწყვეტილების მიღების დროისთვის ცნობილი გახდა, რომ შპს ,,მედია რაითს ჯორჯიამ“ მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირებისთვის ხელმისაწვდომი გახადა მათთვის შეთავაზებულ პაკეტში შემავალი 6 ქართული სამაუწყებლო არხის: ,,იმედი“, ,,რუსთავი 2“, ,,მაესტრო“, ,,კომედი არხი“, ,,მარაო“ და ,,GDS“ ინდივიდუალური ფასიანი ტრანზიტი, რაც მხარეებს შორის მოლაპარაკებების დროს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენდა. აღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ მიიჩნია, რომ მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების სამართალდამრღვევებად ცნობითა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან განთავისუფლებით, ასევე მათთვის სამაუწყებლო  არხების  არამართლზომიერად გავრცელების აკრძალვით დაცული იქნებებოდა კანონიერებისა და პროპორციულობის პრინციპი, ასევე, მიიღწეოდა ის მიზნები, რაც ზოგადად გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით,  კომისიას მიაჩნია, რომ  შპს „სისტემა +“-ის სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების, ასევე მისთვის საქართველოს ტერიტორიაზე სამაუწყებლო არხების: “რუსთავი 2”, „მაესტრო“, „იმედი“, “Р” (Русский роман) არამართლზომიერი გადაცემის ორი კვირის ვადაში კანონის შესაბამისობაში მოყვანის დავალდებულებით დაცული იქნება კომპანიებისადმი ერთგვაროვანი მიდგომა, კანონიერების, თანასწორობისა და პროპორციულობის პრინციპი.

 V.   სარეზოლუციო ნაწილი:

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, 98-ე, 99-ე მუხლების, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ” ინტელექტუალური საკუთრების  მსოფლიო ორგანიზაციის „საავტორო უფლებების შესახებ“ ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45) პუნქტის, მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ)  ქვეპუნქტის,  45-ე მუხლის პირველი  პუნქტის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის ბ) პუნქტის,  36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

 გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

  1. შპს „სისტემა +“ ცნობილ იქნეს სამართალდამრღვევად „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis  მუხლის, ინტელექტუალური საკუთრების  მსოფლიო ორგანიზაციის „საავტორო უფლებების შესახებ” ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის   დარღვევის გამო;
  2. შპს „სისტემა +“ გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან;
  3. მიეცეს შპს „სისტემა +“ ორი კვირის ვადა საქართველოს ტერიტორიაზე სატელევიზიო არხების “რუსთავი 2”, „მაესტრო“, „იმედი“, “Р” (Русский роман)  გავრცელების უფლების მოსაპოვებლად, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ, მართლზომიერი ტრანზიტის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის არარსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს  აღნიშნული არხების არამართლზომიერი გადაცემის დაუყოვნებლივ შეწყვეტა;
  4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „სისტემა +“-სთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;
  5. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „სისტემა +“-სთვის  ჩაბარების დღიდან;
  6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.,  N6) შპს „სისტემა +“-სთვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
  7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-4 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე).

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები