წვდომის მენიუ

„შპს ბადაგის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე

ნომერი: 153 / 18

გამოქვეყნების თარიღი მარტი 28, 2018 10:56

მიღების თარიღი მარტი 15, 2018

 „შპს ბადაგის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე

I. საქმის აღწერა

„ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და 44-ე მუხლის პირველი პუნქტის, ასევე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 36-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტმა „შპს ბადაგის“ ოფისში, მდებარე ქ. თბილისი, ზ/ფონიჭალა, მე-4 კორპ, მე-2 სად., მე-9 სართული, ბინა 52, 2018 წლის 11 იანვარს განახორციელა „შპს ბადაგის“ მიერ საკაბელო ქსელში არსებული არხების შემოწმება, რომლის შედეგებიც აისახა 2018 წლის 11 იანვრის N04 შემოწმების აქტში. შემოწმებისას გაირკვა, რომ „შპს ბადაგი“ საკუთარი საკაბელო ქსელით ახდენს შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტს: „სტერეო+“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხს“, „1 გასართობი“, “პალიტრანიუსი”, “საფერავი TV”, „ობიექტივი“, „იმედი“, „რუსთავი2“, „მაესტრო“, „კავკასია“,  „სარაფან“, „აჭარა“, „ერთსულოვნება“, „Music Box“, „TV პირველი“, „იბერია“, „ქართული არხი“, „HiTV“, „კარუსელი“, „ინდიისკოე კინო“, „რენ ტვ“, „კუხნია“, “Music Box ru”, “კინოპრემიერა”, „მუჟსკოე კინო“, „რაგბი TV“, “THT”, „პიატნიცა“, „დომ კინო“, „მირ“, „TV3“, “OPT”, “RTR პლანეტა”,  “CTC”, “RUTV”, „შანსონ“, „როსია 24“, „2“, “Khazar”.

2018 წლის 11 იანვრის N04 შემოწმების აქტის საფუძველზე, აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტმა მოამზადა 2018 წლის 29 იანვრის №შ-10/445-18 სამსახურებრივი ბარათი, სადაც აღინიშნა, რომ 2018 წლის 29 იანვრის მდგომარეობით „შპს ბადაგს“ არ წარმოუდგენია შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ტრანზიტის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია: „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „ტვ პალიტრა“, „საფერავი ტვ“, „რუსთავი2“, „იმედი“, „მაესტრო“, „კავკასია“, „ერთსულოვნება“, „ტვ პირველი“, „2“ (სომხური შანტ ტვ), „Khazar” (აზერბაიჯანული). შესაბამისად, აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ აღნიშნული სამაუწყებლო არხების ტრანზიტი ხორციელდება არამართლზომიერად.

კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის 2018 წლის 29 იანვრის (№შ-10/445-18) სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე, დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება „შპს ბადაგისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე,  მის მიერ საკუთარ სამაუწყებლო ბადეში სამაუწყებლო პროდუქციის საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით გადაცემის გამო. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თარიღად განისაზღვრა 2018 წლის 19 თებერვალი. აღნიშნულის თაობაზე „შპს ბადაგს“ 2018 წლის 16 თებერვალს ფოსტით გაეგზავნა შეტყობინება (03/562-18) და განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება. შპს „ბადაგს“ შეტყობინება არ ჩაბარდა. 2018 წლის 16 თებერვლის (N03/562-18) შეტყობინება, დანართებითურთ მას გაეგზავნა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, ასევე ფიზიკურად ჩაბარდა 2018 წლის 21 თებერვალს.

2018 წლის 15 თებერვალს „შპს ბადაგმა“ წერილობითი სახით (Nშ-6/826-18) წარმოადგინა შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ტრანზიტის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია: „ერთსულოვნება“,  „ტვ პირველი“, „ტვ პალიტრა“.

2018 წლის 19 თებერვალს შპს „ბადაგმა“ Nშ-6/849-18 წერილობითი სახით წერილით წარმოადგინა შემდეგი სამაუწყებლო არხის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ტრანზიტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია:

სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 2018 წლის 15 თებერვლის წერილი N625/02 წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ შპს „ბადაგის“ 2018 წლის 12 თებერვლის განცხადების პასუხად, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ თანახმაა შპს „ბადაგმა“ თავისი საკაბელო ქსელით განახორციელოს საზოაგდოებრივი მაუწყებლის 1-ლი და მე-2 სატელევიზიო არხების ტრანზიტი;

ტელეკომპანია „კავკასიის“ 2018 წლის 16/02/2018 წლის N18/008 თანხმობის წერილი შპს „ბადაგის“ მიერ მისი კუთვნილ საკაბელო ქსელში განახორციელოს ტელეკომპანია „კავკასიის“ სატელევიზიო სიგნალის ტრანზიტი.

შპს „საფერავი TV-ს“ 2018 წლის 16 თებერვლის წერილი შპს „ბადაგს“, სადაც აღნიშნულია, რომ შპს „ბადაგი“ უფლებამოსილია მოახდინოს მათი არხის რეტრანსლირება შპს „ბადაგის“ ქსელში.

„Khazar TV-ს“ ელექტრონული ფოსტით 2018 წლის 25 იანვრის თანხმობა, რათა შპს „ბადაგმა“ განახორციელოს „Khazar TV-ს“ ტრანსლირება.

თუმცა, 2018 წლის 21 თებერვლის მდგომარებით, სამაუწყებლო არხების: „რუსთავი2“, „იმედი“, „მაესტრო“, „2“ (სომხური შანტ ტვ), მართლზომიერი ტრანზიტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია „შპს ბადაგს“ არ წარმოუდგენია.

შპს „ბადაგისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საკითხის განხილვა ორჯერ გადაიდო და ჩაინიშნა 2018 წლის 15 მარტს. 2018 წლის 15 მარტის სხდომაზე გამოცხადდა შპს „ბადაგის“ წარმომადგენელი მერაბ მახარობლიშვილი, რომელმაც აღიარა ზემოაღნიშნული არხების არამართლზომიერი ტრანზიტის ფაქტი.

II. კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები:   

1. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (№შ-10/445-18, 29.01.2018) თანდართული დოკუმენტაციით;

2. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების  რეგულირების დეპარტამენტის 2018 წლის 11 იანვრის შემოწმების აქტი N04;

3. შპს „ბადაგის“ შემოწმების პროცესის აუდიო-ვიდეო ჩანაწერი (CD);

4. შპს „ბადაგის“ 2018 წლის 25 იანვრის წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/412-18);

5. შპს „ბადაგის“ 2018 წლის 15 თებერვლის წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/826-18);

6. კომისიის 2018 წლის 16 თებერვლის N03/562-18 წერილი შპს „ბადაგს“ და ამ წერილის შპს „ბადაგისთვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტები;

7. შპს „ბადაგის“ 2018 წლის 26 თებერვლის წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/1062-18);

8. კომისიის 2018 წლის 27 თებერვლის N03/661-18 წერილი შპს „ბადაგს“ და ამ წერილის შპს „ბადაგისთვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;

9. მონაცემები კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან და ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმე (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან შპს „ბადაგის“ შესახებ.

III.       კომისიის მიერ დადგენილი  ფაქტობრივი გარემოებები:

1. შპს „ბადაგი“ არის ავტორიზებული პირი. ავტორიზაციის თარიღი: 01/02/2010; ავტორიზებული საქმიანობის სახე: A.F.1. ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა: კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებით და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; B.F.2. მაუწყებლობის ტრანზიტი: ტელემაუწყებლობის ტრანზიტი;

2. შპს „ბადაგს“ საქართველოს ტერიტორიაზე  სამაუწყებლო არხების უცვლელი სახით გადაცემის უფლება მოპოვებული უნდა ჰქონდეს ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საავტორო ან მომიჯნავე (მათ შორის ექსკლუზიური) უფლების მფლობელთან დადებული ხელშეკრულების ან/და სანებართვო წერილების  საფუძველზე;

3. 2018 წლის 11 იანვარს 13:02 საათზე შპს „ბადაგის“ ოფისში მის. ქ. თბილისი, ზ/ფონიჭალა, მე-4 კორპ, მე-2 სად, მე-9 სართ, ბინა 52, კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ (ზ. კვირველია, ი. ბაღაშვილი) განხორციელდა შპს „ბადაგის“ მიერ სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე გადაცემის მართლზომიერების შემოწმება, რის თაობაზეც გაფორმდა შემოწმების აქტი №04.  შემოწმების აქტს ხელს აწერენ კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირებების დეპარტამენტის თანამშრომლები: ზ.კვირკველია და ი.ბაღაშვილი და შპს „ბადაგის“ მენეჯერი გიორგი ჩაბრაძე;

4. შემოწმებისას გაირკვა, რომ „შპს ბადაგი“ საკუთარი საკაბელო ქსელით ახდენს შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტს: „სტერეო+“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხს“, „1 გასართობი“, “პალიტრანიუსი”, “საფერავი TV”, „ობიექტივი“, „იმედი“, „რუსთავი2“, „მაესტრო“, „კავკასია“,  „სარაფან“, „აჭარა“, „ერთსულოვნება“, „Music Box“, „TV პირველი“, „იბერია“, „ქართული არხი“, „HiTV“, „კარუსელი“, „ინდიისკოე კინო“, „რენ ტვ“, „კუხნია“, “Music Box ru”, “კინოპრემიერა”, „მუჟსკოე კინო“, „რაგბი TV“, “THT”, „პიატნიცა“, „დომ კინო“, „მირ“, „TV3“, “OPT”, “RTR პლანეტა”,  “CTC”, “RUTV”, „შანსონ“, „როსია 24“, „2“ (სომხური), “Khazar”.

5. 2018 წლის 11 იანვრის განხორციელებული შემოწმების სისწორე დასტურდება 2018 წლის 11 იანვრის №04 შემოწმების აქტით, რომელიც შედგენილია ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36–ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, ასევე, შემოწმების პროცესის აუდიო-ვიზუალური ჩანაწერით;

6. შპს „ბადაგს“ 2018 წლის 22 თებერვლის მდგომარეობით არ ჰქონდა წარმოდგენილი სამაუწყებლო არხების „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „საფერავი ტვ“, „რუსთავი2“, „იმედი“, „მაესტრო“, „კავკასია“ „2“ (სომხური), „Khazar” (აზერბაიჯანული) მართლზომიერი ტრანზიტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

7. შპს „ბადაგის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე მსგავსი ან იგივე დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა.

IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას;

2. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.

3. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად;

4. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–19 მუხლის მე–2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კომისიამ უნდა დაიცვას კონფიდენციალურობა მიწოდებული ინფორმაციისა, რომელიც ითვლება კომერციულ საიდუმლოებად ან პერსონალურ მონაცემებად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად. განზოგადებული ინფორმაცია მომსახურების ბაზრის თაობაზე, ასევე მონაცემები აბონენტთა რაოდენობის, ტრაფიკის, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შესახებ არ შეიძლება იყოს კონფიდენციალური. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად,. ამავე მუხლის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო  ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები;

6. „ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” 1886 წლის 9 სექტემბრის ბერნის კონვენცია (შემდგომში „ბერნის კონვენცია“) რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის №609 დადგენილებით. ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების  მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულება (შემდგომში „ისმოს ხელშეკრულება“) რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის № 879 დადგენილებით. ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენცია (შემდგომში „რომის კონვენცია“) რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 17 თებერვლის №3344 დადგენილებით. „ბერნის კონვენციასთან“, „რომის კონვენციასთან“ და „ისმოს ხელშეკრულებასთან“   მიერთებით, საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებები;

7. „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლისა და  „ინტელექტუალური საკუთრების  მსოფლიო ორგანიზაციის საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების” მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით, თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება დართონ სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით. შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ  ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით; ამ ნორმის გამოყენებისათვის კი აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა;

8. ,,ბერნის კონვენციისა” და „ისმო-ს ხელშეკრულების”  აღნიშნულ დანაწესთან სრულ შესაბამისობაშია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ან/და უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება);

9. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა. „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად,მაუწყებლობის ორგანიზაციას უფლება აქვს ნება დართოს ან აკრძალოს თავისი გადაცემების რეტრანსლაცია;

10. ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, რაც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ნიშნავს ნება დართოს ან აკრძალოს: ა) გადაცემის ჩაწერა; ბ) გადაცემის ჩანაწერის რეპროდუცირება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადაცემა ჩაწერილია მაუწყებლობის ორგანიზაციის თანხმობით  და რეპროდუცირება ხორციელდება იმავე მიზნით, რისთვისაც  მოხდა მისი ჩაწერა; გ) გადაცემის ერთდროულად გადაცემა ეთერში და კაბელით ხელახალი გადაცემა შესაბამისად საეთერო და საკაბელო მაუწყებლობის სხვა ორგანიზაციის მიერ; დ) გადაცემის გადაცემა ეთერში ან კაბელით; ე) გადაცემის საჯარო გადაცემა ადგილებში, სადაც შესვლა ფასიანია. ვ) გადაცემის ჩანაწერის გავრცელება საზოგადოებაში გაყიდვის ან საკუთრების სხვა ფორმით გადაცემის გზით; ზ) გადაცემის ჩანაწერის გაქირავება ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემა; თ) გადაცემის ჩანაწერის გადაცემა სადენებით ანდა უსადენო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეული ადგილიდან და დროს;

11. ამავე კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია მაუწყებლის ორგანიზაციის გადაცემის გამოყენება მისი თანხმობის გარეშე. ამავე კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ ან/და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას;

12. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტი არის ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე-ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე-ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ არსებითად ხორციელდება მაუწყებლის ტელე ან რადიოარხის ტრანზიტი;

13. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს;

14. ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.

15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ სამაუწყებლო “რუსთავი2-ის”, “იმედის”, “მაესტროს” და “2” (სომხური) არხების  შესაბამისი ხელშეკრულებების გარეშე საკაბელო ქსელით უცვლელი სახით გადაცემით, შპს „ბადაგის “მიერ დარღვეულია „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლი, ,,საავტორო უფლებების შესახებ“ ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლი, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლი, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლები და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი, რაც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის შესაბამისად, სანქცირების საფუძველია.

16. კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის  2018 წლის 15 მარტის სხდომაზე, ასევე, განხილულ იქნა 6 სამაუწყებლო არხის: ,,იმედი“, ,,რუსთავი 2“, ,,მაესტრო“, ,,კომედი არხი“, ,,მარაო“ და ,,GDS“ არამართლზომიერი ტრანზიტის გამო მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი, სადაც კომპანიები, აღნიშნული სამაუწყებლო არხების მართლზომიერად გავრცელების საფუძვლად მიუთითებდნენ ამ არხების დისტრიბუციის ექსკლუზიური უფლებების მქონე კომპანია შპს ,,მედია რაითს ჯორჯიას“ მიერ ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულების დასადებად გამართული მოლაპარაკებების კეთილსინდისიერად წარმართვის მოთხოვნის შეუსრულებლობას. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული სამაუწყებლო არხების არამართლზომიერი ტრანზიტის გამო კომპანიები ცნო სამართალდამრღვევად, კომისიამ კანონით მისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში ისინი გაათავისუფლა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან, ვინაიდან, კომისიას მაუწყებელსა და მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს შორის ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულების დასადებად გამართული მოლაპარაკებების კეთილსინდისიერად წარმართვის მოთხოვნის შეუსრულებლობასთან დაკავშირებით აქამდე გადაწყვეტილება არ მიუღია, რაც, კომისიის აზრით, ხელს შეუწყობდა კომპანიების მიერ აღნიშნული საკითხისადმი ერთგვაროვან მიდგომას და სამართალდარღვევის პრევენციას.  ამასთან, გადაწყვეტილების მიღების დროისთვის ცნობილი გახდა, რომ შპს ,,მედია რაითს ჯორჯიამ“ მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირებისთვის ხელმისაწვდომი გახადა მათთვის შეთავაზებულ პაკეტში შემავალი 6 ქართული სამაუწყებლო არხის: ,,იმედი“, ,,რუსთავი 2“, ,,მაესტრო“, ,,კომედი არხი“, ,,მარაო“ და ,,GDS“ ინდივიდუალური ფასიანი ტრანზიტი, რაც მხარეებს შორის მოლაპარაკებების დროს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენდა. აღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ მიიჩნია, რომ მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების სამართალდამრღვევებად ცნობითა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან განთავისუფლებით, ასევე მათთვის სამაუწყებლო  არხების  არამართლზომიერად გავრცელების აკრძალვით დაცული იქნებოდა კანონიერებისა და პროპორციულობის პრინციპი, ასევე, მიიღწეოდა ის მიზნები, რაც ზოგადად გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით.

17. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ბადაგის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების, ასევე მისთვის საქართველოს ტერიტორიაზე სამაუწყებლო არხების: „რუსთავი2-ის“, „იმედის“, „მაესტროს“ და „2“ (სომხური)  არამართლზომიერად გადაცემის აკრძალვის დაკისრების შემთხვევაში დაცული იქნება კომპანიებისადმი ერთგვაროვანი მიდგომა, კანონიერების, თანასწორობისა და პროპორციულობის პრინციპი, ასევე მიიღწევა ზოგადად საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მიზნები.

V.    სარეზოლუციო ნაწილი:

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, 98-ე, 99-ე მუხლების, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ” ინტელექტუალური საკუთრების  მსოფლიო ორგანიზაციის „საავტორო უფლებების შესახებ“ ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45) პუნქტის, მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ)  ქვეპუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის ბ) პუნქტის,  36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების, ასევე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავის, 103-ე, 104-ე და 105-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად 

 გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა: 

1. შპს ”ბადაგი” (საიდ. ნომ:204929284) ცნობილ იქნეს სამართალდამრღვევად „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis  მუხლის, ინტელექტუალური საკუთრების  მსოფლიო ორგანიზაციის „საავტორო უფლებების შესახებ” ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის   დარღვევის გამო;

2. შპს „ბადაგი“ გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან;

3. მიეცეს შპს „ბადაგს“ ორკვირიანი ვადა სამაუწყებლო არხების: „რუსთავი2-ის“, „იმედისა“ და „მაესტროს“, „2“  (სომხური) გავრცელების უფლების მოსაპოვებლად, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ, მართლზომიერი ტრანზიტის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის არარსებობის შემთხვევაში, ურუნველყოს აღნიშნული არხების არამართლზომიერი ტრანზიტის აღმოფხვრა;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) ამ გადაწყვეტილების შპს “ბადაგისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;

5. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. ჭელიძე) შპს „ბადაგისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

6. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს “ბადაგისთვის“  ჩაბარების დღიდან;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.,  N6) შპს “ბადაგისთვის“  ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

8. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-4 და მე-5 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე).

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები