შპს „სტერეო+“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 16, 2018 10:21
მიღების თარიღი მარტი 15, 2018
შპს „სტერეო+“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
I. საქმის აღწერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (06.02.18 Nშ-10/654-18) საფუძველზე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „სტერეო+“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე. აღნიშნული მოხსენებითი ბარათის თანახმად, შპს „სტერეო+“-სთვის განსაზღვრულია შემდეგი სალიცენზიო პირობა: “მაღალი გარჩევადობის (HD) ფორმატის მონაცემთა მიწოდება 8 მგბ/წმ (ვიდეო გამოსახულების - მინიმუმ 7 მგბ/წმ) სიჩქარით და სტანდარტული გარჩევადობის (SD) ფორმატის მონაცემთა მიწოდება 2.15 მგბ/წმ (ვიდეო გამოსახულების - მინიმუმ 1.7 მგბ/წმ) სიჩქარით (აღნიშნული სიჩქარე განსაზღვრულია, როგორც სტატისტიკური მულტიპლექსირების საშუალო სიჩქარე ერთი კვირის განმავლობაში და მოიცავს ვიდეო, აუდიო და სუბტიტრირების შესაბამისი მონაცემების გადაცემას)”, რომელიც კომპანია „დიგიტას“ მიერ დაფუძნებული იყო EBU-ს მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტზე: Technical Report 015, Defining Spectrum Requirements of Broadcasting in the UHF Band, Geneva 2012. კომისიის მიერ ჩატარებული ერთკვირიანი შემოწმებით 22.01.2018-28.01.2018 (იხ. შემოწმების აქტები 275, 276, 22-28 იანვარი, 2018 წელი) დგინდება, რომ შპს „სტერეო+“-ის მიერ ეს პარამეტრები არ კმაყოფილდება.
კომისიის 2014 წლის 10 ივლისის N363/1 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის დ.მ) ქვეპუნქტის შესაბამისად, B MUX -ის ფარგლებში სტერეო+ ვალდებულია ქსელის ფარგლებში უზრუნველყოს მაღალი გარჩევადობის (HD) ფორმატის მონაცემთა მიწოდება 8 მგბ/წმ (ვიდეო გამოსახულების - მინიმუმ 7 მგბ/წმ) სიჩქარით და სტანდარტული გარჩევადობის (SD) ფორმატის მონაცემთა მიწოდება 2.15 მგბ/წმ (ვიდეო გამოსახულების – მინიმუმ 1.7 მგბ/წმ) სიჩქარით (აღნიშნული სიჩქარე განსაზღვრულია, როგორც სტატისტიკური მულტიპლექსირების საშუალო სიჩქარე ერთი კვირის განმავლობაში და მოიცავს ვიდეო, აუდიო და სუბტიტრირების მონაცემების გადაცემას. აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის დ.ჟ.გ.) ქვეპუნქტის შესაბამისად, E MUX -ის ფარგლებში სტერეო+ ვალდებულია ქსელის ფარგლებში უზრუნველყოს მაღალი გარჩევადობის (HD) ფორმატის მონაცემთა მიწოდება 8 მგბ/წმ (ვიდეო გამოსახულების - მინიმუმ 7 მგბ/წმ) სიჩქარით და სტანდარტული გარჩევადობის (SD) ფორმატის მონაცემთა მიწოდება 2.15 მგბ/წმ (ვიდეო გამოსახულების – მინიმუმ 1.7 მგბ/წმ) სიჩქარით (აღნიშნული სიჩქარე განსაზღვრულია, როგორც სტატისტიკური მულტიპლექსირების საშუალო სიჩქარე ერთი კვირის განმავლობაში და მოიცავს ვიდეო, აუდიო და სუბტიტრირების მონაცემების გადაცემას.
კომისიის მიერ შპს „სტერეო+“-ის შემოწმების შედეგად, 2018 წლის 28 იანვარს შედგენილი N275 და N276 შემოწმების აქტების შესაბამისად, შპს „სტერეო+“-ის მიერ MUX E და MUX B ლიცენზიების ფარგლებში, ღია ეთერით სატელევიზიო სიგნალის გავრცელებისას, ყველა HD სატელევიზიო არხზე ვიდეო გამოსახულების გადაცემისას დაფიქსირდა 7 მგბ/წმ-ზე გაცილებით ნაკლები საშუალო სიჩქარე (მაქსიმუმ 4.824 მგბ/წმ), ხოლო უმეტეს SD სატელევიზიო არხებზე ვიდეო გამოსახულების გადაცემისას დაფიქსირდა 1.7 მგბ/წმ-ზე ნაკლები საშუალო სიჩქარე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „სტერეო+“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვადაინიშნა 2018 წლის 15 მარტს 15:00 სთ-ზე, რის შესახებ შპს ,,სტერეო+“-ს ეცნობა წერილობითი შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე, განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
2018 წლის 15 მარტის კომისიის სხდომაზე გამოცხადდა შპს „სტერეო+“-ის დირექტორი დ.ზილფიმიანი, რომელმაც დაადასტურა, რომ კომისიის გაზომვები სწორია იმ მეთოდიკიდან გამომდინარე, რითაც გაზომვა განხორციელდა და მთვლელმა ის აჩვენა, რაც აქტებშია შეტანილი. მისი განმარტებით, კვანძი, რომელიც ნაკადს უზრუნველყოფს და აგენერირებს, ეწოდება ენკოდერი. შპს „სტერეო+“-ს ერთ-ერთი საუკეთესო ენკოდერი აქვს. ენკოდერის მუშაობის პრინციპი შემდეგია: არსებობს VBR და CBR სტანდარტები და არსებობს CBR სტანდარტში ზედა ლიმიტის შეზღუდვა. VBR ნიშნავს ცვლად ბიტრეიტს. როდესაც კი არ იზღუდება, არამედ საჭიროების, კადრის მიხედვით იცვლება ნაკადი. ერთსა და იმავე ენკოდერს რომ სხვადასხვა სიგნალი მიეწოდოს, შედეგი იქნება სხვადასხვა. თუ სიგნალი არის კარგი, ის 2.15 მგბ/წმ სიჩქარეს აგენერირებს. კომპანიას პროფილაქტიკის და გაზომვის უფლება აქვს მხოლოდ ღამის 2 საათიდან დილის 5 საათამდე. ყველა არხს აქვს თავისი ენკოდერი. ამ პერიოდში მაგალითად, „ტელეიმედის“ სიგნალი გაიშვას სხვა, ნებისმიერი არხის მაგივრად სხვის ენკოდერში და დაფიქსირდა გარკვეული სიჩქარე. იგივე ენკოდერი, ყოველგვარი ცვლილების გარეშე, თუ ერთი არხის შემთხვევაში აფიქსირებდა დაბალ სიჩქარეს, ზუსტად იმავე სიჩქარეს დააფიქსირებს, რასაც „ტელეიმედის“ ენკოდერი. ეს ენკოდერის თვისებაა. თუ მასში არ არის ცვლილებები, ენკოდერი დიდ ნაკადს არ აგენერირებს, ვინაიდან ის პატარა ნაკადითაც კი SD-ს ხარისხით გადის ამ სტანდარტს. ეს ის შემთხვევაა, როდესაც გაზომვის მეთოდიკა განაპირობებს შედეგს. დ.ზილფიმიანმა აღნიშნა, რომ შპს „სტერეო+“-ის ბრალი არ შეიძლება იყოს მაუწყებლის მიერ იმდენად არატევადი სიგნალის მიწოდება, რომ შპს „სტერეო+“-ის ენკოდერი მას 1,5 მგბ/წმ სიჩქარითაც ერევა, სრულად აღწერს და გადასცემს. შპს „სტერეო+“-ს არ დაურღვევია სტანდარტული გარჩევადობის (SD) ფორმატის მონაცემთა 2.15 მგბ/წმ სიჩქარით მიწოდების ვალდებულება. მან თხოვნით მიმართა კომისიას, შეიმუშაონ ერთობლივი გაზომვის მეთოდიკა და გამოთქვა მზადყოფნა, რომ მისი დასწრების გარეშე სათაო სადგურში ჩატარდეს გაზომვები.
2018 წლის 15 მარტის კომისიის სხდომაზე გამოცხადდა ასევე შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრის“ წარმომადგენელი ბ.ადამია, რომელმაც აღნიშნა, რომ შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრის“ მულტიპლექსი, რომელიც არის საზოგადოებრივი, არ არის სრულად დატვირთული, დატვირთულია 12,7 მგბ/წმ-ით, მიღებული შემოსავალი არ არის საკმარისი. აღნიშნულის გათვალისწინებით, კომპანიამ დაიწყო შემოსავლების ძიება. კანონმდებლობის შესაბამისად, თუ შპს „სტერეო+“-ის მულტიპლექსები დაიტვირთება, მაუწყებლები შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრის“ მულტიპლექსებზე უნდა გადავიდნენ. ბ.ადამიას განმარტებით, მათ გაზომეს და შედეგმა აჩვენა, რომ შპს „სტერეო+“-ს მულტიპლექსში სიჩქარეები დაკლებულია, როგორც SD-ს, ისე HD არხებზე. შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრის“ წარმომადგენლის განმარტებით, მათ მიერ განხორციელებული გაზომვების შემდეგ, შპს „სტერეო+“-მა ყველა SD არხი გაასწორა და ყველას პარამეტრი არის 1700კბ/წმ. HD-ს პარამეტრებიც რომ გაასწოროს, ამ მოცულობაში ვეღარ ჩაატევს ამდენ არხს. ამისთვის საჭიროა, რომ 4 არხი ამოვიდეს მათი მულტიპლექსიდან და გადავიდეს შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრის“ მულტიპლექსებზე. ამ შესაძლებლობიდან გამომდინარე, შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრმა“ მიმართა კომისიას, რათა დაარეგულიროს ეს მდგომარეობა.
II. ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გამოკვლეული მტკიცებულებები
1. კომისიის აპარატის რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (06.02.18 Nშ-10/654-18);
2. შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრის“ წერილი კომისიას (№ შ-6/264-18, 17.01.2018);
3. კომისიის 2018 წლის 28 იანვრის N275 და N276 შემოწმების აქტები;
4. შპს „სტერეო+“-სთვის ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის შესახებ კომისიის 2014 წლის 10 ივლისის N363/1 გადაწყვეტილება;
5. კომისიის 2018 წლის 15 მარტის სხდომაზე შპს „სტერეო+“-ის დირექტორის დ.ზილფიმიანისა და შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრის“ წარმომადგენლის ბ.ადამიას მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტებები;
III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
1. შპს „სტერეო+“ კომისიის 2014 წლის 10 ივლისის N363/1 გადაწყვეტილების შესაბამისად, წარმოადგენს ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის MUX E და MUX B ლიცენზიების მფლობელს;
2. შპს „სტერეო+“ კომისიის 2014 წლის 10 ივლისის N363/1 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის დ.მ.) და მეორე პუნქტის დ.ჟ.გ) ქვეპუნქტების შესაბამისად, ვალდებულია ღია ეთერით სატელევიზიო სიგნალის გავრცელებისას უზრუნველყოს მაღალი გარჩევადობის (HD) ფორმატის მონაცემთა მიწოდება 8 მგბ/წმ (ვიდეო გამოსახულების - მინიმუმ 7 მგბ/წმ) სიჩქარით და სტანდარტული გარჩევადობის (SD) ფორმატის მონაცემთა მიწოდება 2.15 მგბ/წმ (ვიდეო გამოსახულების – მინიმუმ 1.7 მგბ/წმ) სიჩქარით (აღნიშნული სიჩქარე განსაზღვრულია, როგორც სტატისტიკური მულტიპლექსირების საშუალო სიჩქარე ერთი კვირის განმავლობაში და მოიცავს ვიდეო, აუდიო და სუბტიტრირების მონაცემების გადაცემას);
3. კომისიის მიერ შპს „სტერეო+“-ის შემოწმების შედეგად, 2018 წლის 28 იანვარს შედგენილი N275 და N276 შემოწმების აქტების შესაბამისად, შპს „სტერეო+“-ის მიერ MUX E და MUX B ლიცენზიების ფარგლებში, ღია ეთერით სატელევიზიო სიგნალის გავრცელებისას, ყველა HD სატელევიზიო არხზე ვიდეო გამოსახულების გადაცემისას დაფიქსირდა 7 მგბ/წმ-ზე გაცილებით ნაკლები საშუალო სიჩქარე (მაქსიმუმ 4.824 მგბ/წმ), ხოლო უმეტეს SD სატელევიზიო არხებზე ვიდეო გამოსახულების გადაცემისას დაფიქსირდა 1.7 მგბ/წმ-ზე ნაკლები საშუალო სიჩქარე.
IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად;
2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა.
3. შპს „სტერეო+“ კომისიის 2014 წლის 10 ივლისის N363/1 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის დ.მ.) და მეორე პუნქტის დ.ჟ.გ) ქვეპუნქტების შესაბამისად, ვალდებულია ღია ეთერით სატელევიზიო სიგნალის გავრცელებისას უზრუნველყოს მაღალი გარჩევადობის (HD) ფორმატის მონაცემთა მიწოდება 8 მგბ/წმ (ვიდეო გამოსახულების - მინიმუმ 7 მგბ/წმ) სიჩქარით და სტანდარტული გარჩევადობის (SD) ფორმატის მონაცემთა მიწოდება 2.15 მგბ/წმ (ვიდეო გამოსახულების – მინიმუმ 1.7 მგბ/წმ) სიჩქარით (აღნიშნული სიჩქარე განსაზღვრულია, როგორც სტატისტიკური მულტიპლექსირების საშუალო სიჩქარე ერთი კვირის განმავლობაში და მოიცავს ვიდეო, აუდიო და სუბტიტრირების მონაცემების გადაცემას).
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „სტერეო+“-ის მიერ MUX E და MUX B ლიცენზიების ფარგლებში, ღია ეთერით სატელევიზიო სიგნალის გავრცელებისას, HD სატელევიზიო არხზე ვიდეო გამოსახულების მაქსიმუმ 4.824 მგბ/წმ სიჩქარითა და SD სატელევიზიო არხებზე ვიდეო გამოსახულების 1.7 მგბ/წმ-ზე ნაკლები საშუალო სიჩქარით გადაცემით, დარღვეულია კომისიის 2014 წლის 10 ივლისის N363/1 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის დ.მ.) და მეორე პუნქტის დ.ჟ.გ) ქვეპუნქტებით განსაზღვრული სალიცენზიო ვალდებულებები.
კომისია აღნიშნავს, რომ, ვინაიდან კომისიას შპს „სტერეო+“-ის მიმართ უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში არ გამოუყენებია სანქცია ანალოგიური დარღვევისთვის, შპს „სტერეო+“-ს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უნდა დაეკისროს გაფრთხილება. ამავდროულად, სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით შპს „სტერეო+“-ს უნდა დაევალოს MUX E და MUX B ლიცენზიებით განსაზღვრული საქმიანობის სალიცენზიო ვალდებულებებთან შესაბამისობაში მოყვანა.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, კომისიის 2014 წლის 10 ივლისის N363/1 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის დ.მ) ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის დ.ჟ.გ.) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შესაბამისად, ერთხმად,
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „სტერეო+“-ს დაეკისროს გაფრთხილება სალიცენზიო ვალდებულებების, კერძოდ, კომისიის 2014 წლის 10 ივლისის N363/1 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის დ.მ) და მე-2 პუნქტის დ.ჟ.გ.) ქვეპუნქტების დარღვევის გამო;
2. დაევალოს შპს “სტერეო +“ MUX E და MUX B ლიცენზიებით განსაზღვრული საქმიანობის სალიცენზიო ვალდებულებებთან შესაბამისობაში მოყვანა;
3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ნ. ჯავახიძე) წინამდებარე გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის დაუყოვნებლივ გაგზავნა შპს „სტერეო+“-სთვის;
4. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ.ხუხუნაიშვილი) წინამდებარე გადაწყვეტილების კომისიის უწყებრივ რეესტრში აღრიცხვა;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., N6) შპს „სტერეო+“-სთვის ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების (გარდა მე-3 პუნქტისა) შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტს (ს.შავგულიძე).
|
კომისიის თავმჯდომარე |
|
კახი ბექაური |
|
კომისიის წევრი |
|
ვახტანგ აბაშიძე |
|
კომისიის წევრი |
|
ელისო ასანიძე |
|
კომისიის წევრი |
|
გიორგი ფრუიძე |
|
კომისიის წევრი |
|
მერაბ ქათამაძე |
