წვდომის მენიუ

შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 167 / 18

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 24, 2018 14:20

მიღების თარიღი მარტი 27, 2018

შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

 

 1.    საქმის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას სსიპ „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ მომართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/553-18 31.01.18.), რომლის თანახმად შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-მა 2018 წლის 28 იანვარს გადაცემა “P.S.”-ში საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევით გამოიყენა მონაკვეთი საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ დამზადებული სიუჟეტიდან.  სსიპ „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ მოითხოვა კომისიის მიერ აღნიშნული საკითხის შესწავლა და შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების გამოყენება.

კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-მა  გადაცემა “P.S.”-ში გამოიყენა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ მომზადებული გადაცემის ნაწილი, კერძოდ, ქართველ სპორტსმენთან - ლევან გორგაძესთან, „სკაიპის“ საშუალებით ჩაწერილი ექსკლუზიური ინტერვიუ. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გადაცემის ჩანაწერი შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის ეთერში განთავსდა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ლოგოს გარეშე.

კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივ ბარათში (07.03.2018 Nშ-10/1251-18) აღნიშნულია, რომ „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, გამოიყენოს თავისი გადაცემა ნებისმიერი ფორმით, გადაცემის ყოველი ფორმით გამოყენებისათვის ანაზღაურების მიღების უფლების ჩათვლით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად „გადაცემის გამოყენების განსაკუთრებული უფლება ნიშნავს უფლებას, ნება დართოს ან აკრძალოს ა) გადაცემის ჩაწერა ბ) გადაცემის ჩანაწერის რეპროდუცირება დ) გადაცემის გადაცემა ეთერში“. 

კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის მოსაზრებით, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლით გათვალისწინებულია მომიჯნავე უფლებების თავისუფალი გამოყენების შესაძლელობა, ნებართვის და ჰონორარის გადახდის გარეშე, ანუ მომიჯნავე უფლებების გარკვეული შეზღუდვები, თუმცა წინამდებარე შემთხვევა არ აკმაყოფილებს არც ერთ პირობას, რომელიც გათვალისწინებულია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტით. გარდა ამისა, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,  ამ კანონით გათვალისწინებულ მომიჯნავე უფლებათა შეზღუდვები ხელს არ უშლის შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის ნორმალურ გამოყენებას და უსაფუძვლოდ არ ლახავს შემსრულებლის, ფონოგრამის ან ვიდეოგრამის დამამზადებლისა და მაუწყებლობის ორგანიზაციის კანონიერ ინტერესებს.“ შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის მიერ პირველი არხის სიუჟეტის ნაწილის ასეთი გამოყენება ლახავს „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის 51-ე მუხლით გარანტირებულ მაუწყებლის კანონიერ ინტერესს, რადგან მისი კანონიერი ინტერესი იყო მითითებულიყო მისი ლოგო გადაცემაზე რადგან მას ეკუთვნოდა მომიჯნავე უფლება მასზე და ასეთი ფორმით გამოყენებისათვის ეკუთვნოდა სათანადო ჰონორარი.  ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტმა მიიჩნია, რომ შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ უნდა ჩაითვალოს მომიჯნავე უფლებების დამრღვევად „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვინაიდან მოხდა მაუწყებლობის ორგანიზაციის განსაკუთრებული უფლებების დარღვევა, რომლებიც „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლით არის გათვალისწინებული.

შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სათვის ადმინისტრაციული პასუხიმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვა დაინიშნა 2018 წლის 16 მარტს, 15:00 საათზე, რის თაობაზეც შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს ეცნობა წერილობითი შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება. საკითხის განხილვაზე ასევე მოწვეული იქნა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“.

კომისიის 2018 წლის 16 მარტის სხდომაზე გამოცხადდა შპს „ტელეკომპანია რუსთავი 2“-ის წარმომადგენელი დ.ბერუჩაშვილი და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წარმომადგენელი დ.ბერძენიშვილი.

კომისიის 2018 წლის 16 მარტის სხდომაზე შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის წარმომადგენელმა დ. ბერუჩაშვილმა აღიარა დარღვევის ფაქტი და აღნიშნა, რომ აღნიშნული დარღვევა გამოწვეული იყო ტელეკომპანიის თანამშრომლის ადამიანური შეცდომით. კომისიამ მხარეებს შესთავაზა მორიგება და მისცა ვადა მოსარიგებლად. საკითხის განხილვა გადაიდო 2018 წლის 27 მარტისთვის.

კომისიის 2018 წლის 27 მარტის სხდომაზე გამოცხადდა შპს „ტელეკომპანია რუსთავი 2“-ის წარმომადგენელი დ.ბერუჩაშვილი და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წარმომადგენელი დ.ბერძენიშვილი. მხარეებმა აღნიშნეს, რომ მათ შორის მორიგება ვერ შედგა.

II. კომისიის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები

1. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის 07.03.2018 Nშ-10/1251-18 სამსახურებრივი ბარათი;

2. სადავო სიუჟეტის ვიდეო ჩანაწერი დატანილი  DVD-ზე;

3. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 31.01.2018 Nშ-6/553-18 განცხადება;

4. 2018 წლის 16 და 27 მარტის კომისიის სხდომებზე შპს ‘სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის წარმომადგენლის დ.ბერუჩაშვილის მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტება;

5. 2018 წლის 16 და 27 მარტის კომისიის სხდომებზე  სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლის დ. ბერძენიშვილის მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტება.

III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

1. შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ წარმოადგენს მაუწყებლობაზე ავტორიზებულ პირს (მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა. მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა. მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა. ავტორიზაციის თარიღი; 15.07.2015) და ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა;

2. 2018 წლის 27 იანვარს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საინფორმაციო პროგრამა „მოამბის“ 21:00 საათიან გამოშვებაში განთავსდა ცნობილ ქართველ სპორტსმენთან ლევან გორგაძესთან სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ჟურნალისტის მიერ, „სკაიპის“ მეშვეობით, ჩაწერილი ექსკლუზიური ინტერვიუ;

3. შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის  2018 წლის 28 იანვრის გადაცემა “P.S”.-ში გამოყენებული იქნა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ მომზადებული გადაცემის 30 წამიანი მონაკვეთი - ქართველ სპორტსმენთან ლევან გორგაძესთან  „სკაიპის“ მეშვეობით ჩაწერილი ინტერვიუს ამსახველი ვიდეოჩანაწერი. აღნიშნული გადაცემის მონაკვეთი  შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის სამაუწყებლო ეთერში განთავსდა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ლოგოს გარეშე;

4. შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლისგან არ მოუპოვებია შესაბამისი ნებართვა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გადაცემის ნაწილის საკუთარ სამაუწყებლო ბადეში განთავსების თაობაზე.

5. სსიპ „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ მომართა კომისიას და მოითხოვა საკითხის შესწავლა და შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების მიღება;

6. შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე არ დაკისრებია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მსგავსი/ანალოგიური სამართალდარღვევისთვის.

IV. სამართლებრივი საფუძველი და დასაბუთება

1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;

2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ი) ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ფუნქციას წარმოადგენს საავტორო და მომიჯნავე უფლებების, მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის, აგრეთვე რეკლამის შესახებ საკანონმდებლო აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი, ხოლო ამავე პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს მაუწყებლის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება;

3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად,  ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

4. „ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის  №609 დადგენილებით) და ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების  მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის № 879 დადგენილებით)   მიერთებით, საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი;

5. „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლისა და  „ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების” მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით, თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება დართონ სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით.  შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ რა ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით, ამ ნორმის გამოყენებისათვის აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა ნაწარმოების საშუალებები და ხერხები;

6. ,,ბერნის კონვენციისა” და „ისმო-ს ხელშეკრულების”  აღნიშნულ დანაწესთან სრულ შესაბამისობაშია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ანდა უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება);

7. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს. კერძოდ, ავტორი ან  საავტორო უფლების სხვა მფლობელი უფლებამოსილია სალიცენზიო ხელშეკრულების საფუძველზე გადასცეს ლიცენზიანტს ნაწარმოების გამოყენების უფლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესითა და პირობებით;

8. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის თანახმად, სალიცენზიო ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით;

9. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მა­უწ­ყებ­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას ეკუთ­ვნის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი უფ­ლე­ბა, გამო­ი­ყე­ნოს თა­ვი­სი გა­და­ცე­მა ნე­ბის­მი­ე­რი ფორ­მით, გა­და­ცე­მის ყო­ვე­ლი ფორმით გა­მო­ყე­ნე­ბი­სათ­ვის ანაზღაურების მი­ღე­ბის უფ­ლე­ბის ჩათ­ვლით. ამავე მუხლის მეორე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, გა­და­ცე­მის გა­მო­ყე­ნე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი უფ­ლე­ბა ნიშ­ნავს უფლე­ბას, ნე­ბა დარ­თოს ან აკ­რძა­ლოს გა­და­ცე­მის ჩანა­წე­რის რეპ­რო­დუ­ცი­რე­ბა, გარდა იმ შემ­თხვე­ვისა, რო­დე­საც გა­და­ცე­მა ჩა­წე­რი­ლია მა­უწ­ყებ­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის თან­ხმო­ბით და რეპ­რო­დუ­ცი­რე­ბა ხორ­ცი­ელ­დე­ბა იმა­ვე მიზ­ნით, რის­თვი­საც მოხ­და მი­სი ჩა­წე­რა;

10. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას;

11. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს მაუწყებლის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება;

12. ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ი) ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კომისის ფუნქციას წარმოადგენს  საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საკანონმდებლო აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი;

13. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,  მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის მიერ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ მომზადებული გადაცემის, შესაბამისი  ნებართვის გარეშე, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ლოგოს გარეშე, საკუთარ ეთერში განთავსებით, დაირღვა „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის“ ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლი,  ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლი, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის   ვ) ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე და 42-ე მუხლები, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის  451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტი.

კომისია აღნიშნავს, რომ  შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე არ დაკისრებია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მსგავსი/ანალოგიური სამართალდარღვევისთვის, შესაბამისად შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს  უნდა დაეკისროს გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. 

V. სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ“ ბერნის კონვენციის  მე-11bis  მუხლის,   „საავტორო უფლებების შესახებ“ ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 98-ე და 99-ე მუხლების, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე და 42-ე მუხლების, 50-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, 58-ე მუხლის, „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) და ი) ქვეპუნქტების, 451 მუხლის მე-10 პუნქტის  ა) და ვ) ქვეპუნქტებისა და 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს მიეცეს გაფრთხილება „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis  მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ” ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე და 42-ე მუხლების, 50-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის დარღვევის გამო;

2. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ნ. ჯავახიძე) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სა და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;

3. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ.ხუხუნაიშვილი) შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სთვის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

5. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული  ასლის  შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სთვის   ჩაბარების დღიდან;

6.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების  დეპარტამენტს (ი. მახარაძე).

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები