წვდომის მენიუ

სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წინააღმდეგ ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ საჩივრის განხილვის თაობაზე

ნომერი: 172 / 16

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 16, 2018 10:18

მიღების თარიღი მარტი 29, 2018

სსიპ  „საზოგადოებრივი მაუწყებლისწინააღმდეგ ()იპსაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისსაჩივრის განხილვის თაობაზე

I.     საქმის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს რომ კომისიას საჩივრით (Nშ-6/791-18; 14.02.2018) მომართა ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“. საჩივრის თანახმად, სსიპ „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ უარი განაცხადა ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ წარდგენილი აუდიო-ვიზუალური მასალის სოციალური რეკლამის სტატუსით საკუთარ სამაუწყებლო ეთერში განთავსებაზე. 

სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიმართ ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადების განსახილველად მიღების თაობაზე კომისიამ 2018 წლის 22 თებერვლის მოსამზადებელ სხდომაზე მიიღო N97/16  გადაწყვეტილება და  საკითხის არსებითი განხილვა დაინიშნა 2018 წლის 15 მარტს, რის თაობაზეც მხარეები მოსამზადებელ სხდომაზე გაფრთხილდნენ კანონის შესაბამისად.

კომისიის 2018 წლის 15 მარტის სხდომაზე გამოცხადდნენ ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელი და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ იურისტი დ. ბერძენიშვილი.

ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელმა მ. გოგოსაშვილმა კომისიის სხდომაზე აღნიშნა, რომ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის“ წარდგენილი აუდიო-ვიზუალური მასალა აკმაყოფილებს სოციალური რეკლამისთვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-2 მუხლის ჰ7) ქვეპუნქტის თანახმად, სოციალური რეკლამა არის საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისკენ, საქველმოქმედო მიზნების მიღწევისკენ, მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ ან/და საზოგადოების ქცევის პოზიტიური თვალსაზრისით შეცვლის ხელშეწყობისკენ მიმართული რეკლამა, რომელიც არ არის არც კომერციული და არც წინასაარჩევნო რეკლამა და არ შეიცავს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, კერძო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ გაწეული მომსახურების რეკლამას. სადავო ვიდეო რგოლი მიზნად ისახავს მოსახლეობის ინფორმირებას 1984 წელს მიღებულ სამართალდარღვევათა კოდექსის, რომელიც ვერ აკმაყოფილებს სამართლიანი პროცესის მოთხოვნებს, ცვლილებების საჭიროების თაობაზე. ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენლის განმარტებით, ვიდეო რგოლში არის მოწოდება იმის თაობაზე, რომ ერთად უნდა განხორციელდეს აღნიშნული ცვლილება, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის“ წარდგენილი რგოლი ემსახურება: ა) საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობას - ვიდეო-რგოლი ემსახურება ისეთი ცვლილებების განხორციელებისკენ მოწოდებას, რომელიც დააკმაყოფილებს სამართლიანი პროცესების მოთხოვნას; ბ) საქველმოქმედო მიზნების მიღწევას - სამართალდარღვევათა კოდექსის შეცვლით გაუმჯობესდება არა ერთი პირის პროცესუარული მდგომარეობა; გ) მნიშვნელობან საზოგადოებრივ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას - მოსახლეობას აწვდის ინფორმაციას მოქმედი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის ხარვეზებთან დაკავშირებით და მისი შეცვლის საჭიროებაზე; დ) საზოგადოებრივი ქცევის პოზიტიური თვალსაზრისით  შეცვლის ხელშეწყობას - საზოგადოებას მოუწოდებს დაიცვან საკუთარი უფლებები სამართლებრივი გზით, მოითხოვონ საკანონმდებლო ცვლილებები. ამასთან, ა(ა)იპ „საქართველოს იურისტთა ასოციაციის“ განმარტებით, სადავო ვიდეო რგოლი არ არის არც კომერციული და არც წინასაარჩევნო რეკლამა, იგი არ შეიცავს სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანოს, კერძო ან საჯარო სამართლის იურიდიული  პირის მიერ გაწეული  მომსახურების რეკლამას, არ ხდება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მომსახურების თაობაზე ინფორმაციის გავრცელბა.

ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტა ასოციაციის“ მ. გოგოსაშვილი განმარტებით, სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ არ ჰქონდა უფლება უარი ეთქვა წარდგენილი სარეკლამო რგოლების სამაუწყებლო ეთერში განთავსებაზე და კომისიისგან მოითხოვა საკითხის შესწავლა და სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებლისთვის“ ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ სამართალდარღვევათა კოდექსის ცვლილებასთან დაკავშირებული ვიდეო რგოლის სამაუწყებლო ბადეში სოციალური რეკლამის სტატუსით განთავსების დავალდებულება.

2018 წლის 15 მარტის კომისიის სხდომაზე, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ იურისტმა დ.ბერძენიშვილმა აღნიშნა, რომ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის“ წარდგენილი ვიდეო-რგოლი არ აკმაყოფილებს სოციალური რეკლამისთვის კანონით დადგენილ მოთხოვნებს. ვიდეო რგოლი ემსახურება ისეთი ცვლილების განხორციელებისკენ მოწოდებას, რომელიც დააკმაყოფილებს სამართლიანი პროცესის მოთხოვნებს, თუმცა კლიპში არ იკვეთება რა ცვლილებებზეა საუბარი. ვიდეო რგოლი არ ემსახურება საქველმოქმედო მიზნების მიღწევას და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, ვინაიდან, არ ხდება კონკრეტული პროექტის თაობაზე ინფორმაციის გავრცელება. ვიდეო რგოლში არ არის მინიშნება კოდექსის რა ნაწილი მოითხოვს ცვლილებას. დ. ბერძენიშვილმა, კომისიის სხდომაზე ასევე განაცხადა, რომ კომისიას აქვს დანერგილი პრაქტიკა სოციალურ რეკლამასთან დაკავშირებით და მოიყვანა „ლურჯი ფარის“ მაგალითი, სადაც საუბარი იყო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებზე, თუმა კომისიის მიერ აღნიშნული არ იქნა მიჩნეული საზოგადოებრივ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართულ სოციალურ რგოლად. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ არ მიაჩნია, რომ ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ წარდგენილი ვიდეო რგოლი უნდა განთავსდეს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში სოციალური რეკლამის სტატუსით.

ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის“ წარდგენილ ვიდეო რგოლთან დაკავშირებით კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის  დასკვნაში (N10/1585-18, 15.03.18) აღნიშნულია, რომ სარეკლამო რგოლი ვერ აკმაყოფილებს სოციალური რეკლამის საკანონმდებლო დეფინიციას, ვინაიდან სარეკლამო რგოლი არ ემსახურება რაიმე კონკრეტული პროექტის, პროცესის ან აქტივობის თაობაზე ინფორმაციის გავრცელებას, შესაბამისად, ეს რგოლი არ შეიძლება ჩაითვალოს საზოგადოებრივი სიკეთის ან მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართულად. ამასთან, ვიდეო რგოლის მთავარ გზავნილს წარმოადგენს ის, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი არღვევს მოქალაქეების  უფლებებს და საჭიროებს მის შეცვლას, რაც თავსი მხრივ წარმოადგენს შეფასებას, შესაბამისად, კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ აღნიშნული ვიდე რგოლი არ წარმოადგენს სოციალურ რეკლამას.

კომისიამ, ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების  მიღება    2018 წლის  29 მარტს  დანიშნა, რის თაობაზეც მხარეები 2018 წლის 15 მარტის  სხდომაზე გაფრთხილდნენ.

 II.   კომისიის მიერ შესწავლილი მტკიცებულებები

1. ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ საჩივარი (Nშ-6/791-18; 14.02.2018);

2. ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ მომზადებული ვიდეო რგოლი დატანილი CD-ზე;

3. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წერილი (7.02.2018 N516/02) ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისათვის“ გაგზავნილი;

4. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის 2018 წლის 15 მარტის Nშ-10/1385-18 დასკვნა;

5. ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტის მ. გოგოსაშვილის და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ იურისტის დ.ბერძენიშვილის მიერ 2018 წლის 15 მარტის კომისიის სხდომაზე გაკეთებული ახსნა-განმარტებები;

III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

1. ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“  2018 წლის 18 იანვარს მიმართა  სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“,  სამაუწყებლო ბადეში კომერციული რეკლამის სტატუსით ვიდეო რგოლის განთავსების მოთხოვნით;

2. სსიპ „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ მიიჩნია, რომ წარდგენილი ვიდეო რგოლი არ აკმაყოფილებს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სოციალური რეკლამისთვის განსაზღვრულ კრიტერიუმებს და უარი უთხრა ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ ვიდეო რგოლის სოციალური რეკლამის სტატუსით სამაუწყებლო ბადეში განთავსებაზე;

IV.  სამართლებრივი საფუძველი და დასაბუთება

1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ტ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი არის როგორც საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, ამ კანონის საფუძველზე ტელემაუწყებლობის ან/და რადიომაუწყებლობის განმახორციელებელი ლიცენზიის მფლობელი ან/და ავტორიზებული პირი;

2. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-15 პუნქტის შესაბამისად, სამაუწყებლო რეკლამა არის როგორც მაუწყებლის მიერ გავრცელებული (გადაცემული) კომერციული, სოციალური ან წინასაარჩევნო რეკლამა, გარდა მაუწყებლის მიერ საკუთარ ან დამოუკიდებელ პროგრამასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებისა, რომელიც არის ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე, საქონელზე, მომსახურებაზე, სამუშაოზე, იდეასა და წამოწყებაზე ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და ემსახურება ფიზიკური ან იურიდიული პირის, საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყებისადმი ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას;

3.  „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, სამაუწყებლო რეკლამისა და სპონსორობის საკითხები რეგულირდება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით, ხოლო რეკლამისადმი ზოგადი მოთხოვნები, ალკოჰოლიანი სასმელებისა და თამბაქოს ნაწარმის, სექსუალური ხასიათის პროდუქციის, სამედიცინო ნაწარმის (მომსახურების), ჩვილ ბავშვთა ხელოვნური კვების, იარაღის, ფასიანი ქაღალდების რეკლამის, აგრეთვე რეკლამის წარმოების, განთავსებისა და გავრცელების დროს არასრულწლოვანთა დაცვის საკითხები რეგულირდება ამ კანონის შესაბამისად; 

4. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის წ) ქვეპუნქტის თანახმად, რეკლამა  არის კომერციული, სოციალური ან წინასაარჩევნო რეკლამა, გარდა მაუწყებლის მიერ საკუთარ ან დამოუკიდებელ პროგრამასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებისა, რომელიც არის ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე, საქონელზე, მომსახურებაზე, სამუშაოზე, იდეასა და წამოწყებაზე ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და ემსახურება ფიზიკური ან იურიდიული პირის,  საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყებისადმი ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას;

5. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ7) ქვეპუნქტის შესაბამისად, სოციალური რეკლამა საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისკენ, საქველმოქმედო მიზნების მიღწევისკენ, მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ ან/და საზოგადოების ქცევის პოზიტიური თვალსაზრისით შეცვლის ხელშეწყობისკენ მიმართული რეკლამა, რომელიც არ არის არც კომერციული რეკლამა და არც წინასაარჩევნო რეკლამა და არ შეიცავს სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანოს, კერძო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ გაწეული მომსახურების რეკლამას;

6. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, რეკლამასთან დაკავშირებით გამოიყენება „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესები, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;

7.  „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის 171 მუხლის შესაბამისად, სამაუწყებლო რეკლამის სფეროში რეკლამის გავრცელების დროის, განთავსების ფორმისა (ადგილისა) და გამოყენებული საშუალებების, აგრეთვე სამაუწყებლო რეკლამის გამავრცელებლის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი შეზღუდვების დაცვის კონტროლს ახორციელებს მხოლოდ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) იღებს გადაწყვეტილებას არასათანადო რეკლამის სრულად ან ნაწილობრივ შეჩერებაზე ან კონტრრეკლამის განხორციელებაზე;

ბ) უფლებამოსილია „მაუწყებლობის შესახებ“ და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონების, სხვა საკანონმდებლო აქტების მოთხოვნათა დამრღვევს კანონით დადგენილი წესით დააკისროს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სანქცია;

8.  „რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის 21-ე პუნქტის შესაბამისად, სამაუწყებლო რეკლამის მარეგულირებელი ნორმების შეუსრულებლობისთვის პასუხისმგებლობას აკისრებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია;

9. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის შესაბამისად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს კომისია.

10. „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს მაუწყებლის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება“;

11. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისათვის ან პრევენციისათვის ღონისძიებათა განსახორციელებლად;

12. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 65-ე მუხლი მე-2 პუნქტის შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, აგრეთვე სათემო მაუწყებელი ვალდებული არიან, ეთერში განთავსების მიზნით წარმოდგენილ სოციალურ რეკლამას უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად დაუთმონ 3 საათში ჯამში არანაკლებ 90 წამისა, რომლიდანაც არანაკლებ 10 წამისა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სათანადო სარეკლამო რგოლის წარმოდგენის შემთხვევაში საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ სოციალურ რეკლამას უნდა დაუთმოს;          

13. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14  მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა, გარდა ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმებისა, აგრეთვე სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას ან სასამართლოს;

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმათა დანაწესებიდან გამომდინარე კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის უფლებამოსილებას განეკუთვნება სამაუწყებლო რეკლამის განთავსებასთან დაკავშირებით სადავო საკითხის მოწესრიგება მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე. 

კომისია  აღნიშნავს, რომ სამაუწყებლო რეკლამის გავრცელების დროის, განთავსების ფორმისა (ადგილისა) და გამოყენებული საშუალებების, აგრეთვე სამაუწყებლო რეკლამის გამავრცელებლის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი შეზღუდვების დაცვის კონტროლს ახორციელებს მხოლოდ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია „მაუწყებლობის შესახებ“ და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონების, სხვა საკანონმდებლო აქტების მოთხოვნათა დამრღვევს კანონით დადგენილი წესით დააკისროს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სანქცია.

კომისია განმარტავს, რომ  სოციალური რეკლამა შესაძლოა იყოს: საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისკენ მიმართული რეკლამა;  საქველმოქმედო მიზნების მიღწევისკენ მიმართული რეკლამა;  მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული რეკლამა; საზოგადოების ქცევის პოზიტიური თვალსაზრისით შეცვლის ხელშეწყობისკენ მიმართული რეკლამა. გარდა ამისა,  სოციალური რეკლამა არ უნდა იყოს კომერციული ან წინასაარჩევნო რეკლამის ნიშნების მატარებელი, არ უნდა შეიცავდეს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, კერძო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ გაწეული მომსახურების რეკლამას. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სოციალური რეკლამის, როგორც რეკლამის ერთ-ერთი სახეობის მაუწყებლის მიერ გავრცელება უნდა ემსახურებოდეს საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობასთან, საქველმოქმედო მიზნების მიღწევასთან, მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასთან ან/და საზოგადოების ქცევის პოზიტიური თვალსაზრისით შეცვლის ხელშეწყობასთან დაკავშირებული იდეებისა და წამოწყებებისადმი ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, ანუ ასეთი იდეებისა და წამოწყებების თაობაზე ინფორმაციის გავრცელებას.

ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ მაუწყებლისთვის სოციალური რეკლამის სტატუსით განთავსების მოთხოვნით წარდგენილი ვიდეო რგოლი არ აკმაყოფილებს სოციალური რეკლამისთვის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ კრიტერიუმებს: სადავო ვიდეო რგოლი არ ემსახურება კონკრეტული პროდუქტის, პროცესის, აქტივობის თაობაზე ინფორმირებას, რომლის საზოგადოებისთვის მიწოდებაც ემსახურება საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობას, საქველმოქმედო მიზნების მიღწევას და საზოგადოებრივი ქცევის პოზიტიური თვალსაზრისით შეცვლის ხელშეწყობას. სოციალური რეკლამის ერთ-ერთ მიზანს საზოგადოებრივ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს, ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტა ასოციაციის“ განცხადებით, საზოგადოებრივ საკითხებზე ცნობიერების ამაღლება გამოიხატება იმაში, რომ მოსახლეობა ინფორმირდება მოქმედი კოდექსის ხარვეზებზე, თუმცა ვიდეო რგოლში არ არის მოცემული ინფორმაცია როგორ უნდა განხორციელდეს კოდექსში ცვლილებების შეტანა და რა ცვლილებები უნდა იქნას შეტანილი, რამ უნდა ჩაანაცვლოს მოქმედი კანონდებლობა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია აღნიშნავს, რომ ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის“ სოციალური რეკლამის სტატუსით განთავსების მოთხოვნით წარდგენილი ვიდეო რგოლი, არ ექვემდებარება სოციალური რეკლამის სტატუსით სამაუწყებლო ბადეში განთავსებას, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 65-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით. 

V.    სარეზოლუციო ნაწილი 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ7), ტ) და წ) ქვეპუნქტების, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის, 63-ე მუხლის 1-ლი პუნქტის,  65-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურიტთა ასოციაციის“  საჩივარი  სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“  წინააღმდეგ არ დაკმაყოფილდეს;

2. დაევალოს კომისიის  ადმინისტრაციას (ნ. ჯავახიძე) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისთვის“ და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის“ გაგზავნა დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით;

3.  გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის ა(ა)იპ  „საქართველოს ახალგაზრდა იურიტთა ასოციაციისთვის“ და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის“ ჩაბარებისთანავე;

4.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ., N6) ერთი თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2  პუნქტისა) დაევალოს  კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი.მახარაძე).

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები