წვდომის მენიუ

შპს „მედია რაითს ჯორჯიას“, შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის, შპს „ტელეიმედისა“ და შპს „სტუდია მაესტროს“ მიმართ შპს „კატევე 1“-ის საჩივრის თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

ნომერი: 173 / 16

გამოქვეყნების თარიღი მაისი 01, 2018 17:49

მიღების თარიღი მარტი 29, 2018

შპს „მედია რაითს ჯორჯიას“, შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის, შპს „ტელეიმედისა“ და შპს „სტუდია მაესტროს“ მიმართ შპს „კატევე 1“-ის საჩივრის თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

I.     საქმის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ  2018 წლის 21 თებერვალს, შპს „მედია რაითს ჯორჯიას“, შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის, შპს „ტელეიმედისა“ და შპს „სტუდია მაესტროს“ მიმართ მაუწყებლობის ტრანზიტის თაობაზე საჩივრით (შ-6/956-18 ) მომართა კომისიას  შპს „კატევე 1“-მა.

შპს „კატევე 1“-ის საჩივრის თანახმად, შპს „მედია რაითს ჯორჯიამ“ 2017 წლის 28 აპრილს წერილობით აცნობა, რომ უახლოეს მომავალში მიიღებდა შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის, შპს „ტელეიმედისა“ და შპს „სტუდია მაესტროს“ მაუწყებლობის ტრანზიტის ექსკლუზიურ უფლებას და იმ შემთხვევაში, თუ მას არ მიმართავდა შპს „კატევე 1“ შესაბამისი უფლების მოსაპოვებლად, 2017 წლის 20 მაისამდე, 1 ივნისიდან შპს „კატევე 1“-ს არ ექნებოდა აღნიშნული მაუწყებლების ტრანზიტის უფლება. შპს „კატევე 1“-მა არ გასცა პასუხი შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ წერილს, ვინაიდან მიიჩნია არაუფლებამოსილ პირად. შპს „კატევე 1“-ის საჩივრის შესაბამისად, 2017 წლის 25 მაისს შპს „მედია რაითს ჯორჯიამ“ კვლავ მიმართა წერილით შპს „კატევე 1“-ს და აცნობა, რომ მოიპოვა ზემოაღნიშნული სამი მაუწყებლის ტრანზიტთან დაკავშირებული უფლებები და შესთავა შპს „კატევე 1“-ს ერთიანი პაკეტი (6 არხი) 4 ლარად თითოეულ აბონენტზე. შპს „კატევე 1“-მა შპს „მედია რაითს ჯორჯიასგან მოითხოვა:

1. ფასიანი გამხდარიყო ასევე მულტიპლექს ოპერატორის მიერ ეთერით იმავე მაუწყებლობის ტრანზიტი;

2. ჩამოთვლილი ტელეარხების მაუწყებლობა არ ყოფილიყო პაკეტის სახით და მისცემოდა კომპანიას საშუალება აერჩია სასურველი მაუწყებლობა (სატელევიზიო არხი);

3. ტელეარხების მაუწყებლობის შეთავაზება შესაძლებელი ყოფილიყო დამატებით პაკეტად და არა ძირითად პაკეტში, რომ თითოეულ აბონენტს მისცემოდა საშუალება, თავად აერჩია, სურდა თუ არა მათი მაუწყებლობის ტრანზიტის შეძენა. შპს „კატევე 1“-ის საჩივრის თანახმად, შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ აღნიშნულ მოთხოვნებზე არ უპასუხია.

2017 წლის სექტემბრის თვეში, შპს „კატევე 1“-მა შპს „მედია რაითს ჯორჯიასგან“ მიიღო შეტყობინება, საიდანაც ირკვეოდა, რომ საბოლოოდ განისაზღვრა შემდეგი პირობა: ექვსი სატელევიზიო არხის („რუსთავი“, „იმედი“, „მაესტრო“, „კომედი“, „მარაო“ და „GDS“) ყოველთვიური საფასური განისაზღვრა 1.5 ლარით ერთ აბონენტზე. იმავე შეტყობინებით, შპს „მედია რაითს ჯორჯიამ“ მოითხოვა 1 ნოემბრამდე ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულების გაფორმება, ანდა 2017 წლის პირველი დეკემბრიდან ზემოაღნიშნული მაუწყებლების ტრანზიტის შეწყვეტა. შპს „კატევე 1“-ის საჩივარში აღნიშნულია, რომ შპს „კატევე 1“-მა შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ მოსთხოვა განმარტებები ფასთან დაკავშირებით, ვინაიდან მას სურდა მხოლოდ ტრანზიტის შეძენა და გადახვევა-დაპაუზების შეძენას არ აპირებდა. ამასთან შპს „მედია რაითს ჯორჯიასთვის“ გაგზავნილ წერილში შპს „კატევე 1“-მა მიუთითა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლის მე-8 პუნქტის დარღვევაზე, ვინაიდან შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ შპს „კატევეს 1“-ის მიერ წაყენებულ პირობებზე საკუთარი მოსაზრება არ უცნობებია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „კატევე 1“-ს მიაჩნია, რომ შპს „მედია რაითს ჯორჯიას“,  შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის, შპს „ტელეიმედისა“ და შპს „სტუდია მაესტროს“ მხრიდან ადგილი აქვს „მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის 401 მუხლის მე-8 პუნქტის  ბ), გ), დ) და ვ) ქვეპუნქტების დარღვევას და კომისიისგან მოითხოვა: 1. დაადგინოს შპს „მედია რაითს ჯორჯიას“,  შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის, შპს „ტელეიმედისა“ და შპს „სტუდია მაესტროს“ მხრიდან „მაუწყებლობის შესახე“ საქართველოს კანონის 401 მუხლის მე-8 პუნქტის  ბ), გ), დ) და ვ) ქვეპუნქტების დარღვევევის ფაქტები და გაატაროს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

შპს „კატევე 1“-ის საჩივართან (21.02.2018., Nშ-6/856-18)  დაკავშირებით, კომისიაში დაიწყო  ადმინისტრაციული წარმოება შპს „კატევე 1“-სა და შპს „მედია რაითს ჯორჯიას“,  შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს, შპს „ტელეიმედსა“ და შპს „სტუდია მაესტროს“ შორის დავის განხილვის მიზნით, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2018 წლის 6 მარტს, რის თაობაზე, შეტყობინებით ეცნობათ მხარეებს.

კომისიის 2018 წლის 6 მარტის კომისიის სხდომაზე გამოცხადდნენ შპს „კატევე 1“-ის წარმომადგენელი დ.ბასლანძე, შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის წარმომადგენელი  დ.საძაგლიშვილი, შპს „ტელეიმედისა“ და შპს „სტუდია მაესტროს“ წარმომადგენელი ა.ლაშხი, შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ წარმომადგენელი ვ.მამულია.

2018 წლის 6 მარტის კომისიის სხდომაზე, შპს „ტელეიმედისა“ და შპს „სტუდია მაესტროს“ წარმომადგენელმა ა.ლაშხმა კომისიას მიაწოდა ინფორმაცია, რომ შპს „კატევე 1“-ს შეტანილი აქვს სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში იმავე მოთხოვნითა და იმავე საფუძვლით. აღნიშნულის გათვალისწინებით, შპს „ტელეიმედისა“ და შპს „სტუდია მაესტროს“ წარმომადგენელმა ა.ლაშხმა დააყენა შუამდგომლობა დავის განხილვის შეჩერების თაობაზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, რომლის თანახმად,  სარჩელის სასამართლო წარმოებაში მიღების შემდეგ მხარეთა შორის წამოჭრილი დავა არ შეიძლება განიხილოს რომელიმე სხვა სასამართლომ ან ორგანომ.

შპს „კატევე 1“-ის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილი სარჩელის შესწავლის მიზნით, კომისიამ დავის განხილვა გადადო 2018 წლის 29 მარტისთვის.

შპს „ტელეიმედმა“ 2018 წლის 14 მარტს წარმოადგინა (14.03.18. Nშ-6/1352-18) კომისიაში შპს „კატევე 1“-ის სარჩელი, რომლის შესაბამისად მოსარჩელე ითხოვს: დადგენილ იქნას მოსარჩელის მიერ მოპასუხეების მაუწყებლობის ტრანზიტის უფასოდ განხორციელების უფლება. კერძოდ, სატელევიზიო არხების: შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის, შპს „ტელეიმედის“ და შპს „სტუდია მაესტროს“ უფასო ტრანზიტის უფლება. ასევე, წარმოადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 იანვრის განჩინება აღნიშნული სარჩელის წარმოებაში მიღების, დასაშვებად ცნობისა და მოსამზადებელი სხდომის დღის დანიშვნის თაობაზე.

2018 წლის 29 მარტის კომისიის სხდომაზე გამოცხადდნენ შპს „კატევე 1“-ის წარმომადგენელი შ.ნადირაძე, შპს „ტელეიმედისა“ და შპს „სტუდია მაესტროს“ წარმომადგენელი ა.ლაშხი, შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ წარმომადგენელი ვ.მამულია.

შპს „კატევე 1“-ის წარმომადგენელმა შ.ნადირაძემ განაცხადა, რომ მართალია, ერთსა და იმავე მხარეებს შორის მიმდინარეობს დავა კომისიაშიც და სასამართლოშიც, მაგრამ დავის საგანი არის განსხვავებული, კერძოდ, კომისიაში შემოტანილი საჩივრით მოთხოვნილი აქვთ დარღვევის ფაქტების დადასტურება და შესაბამისი ღონისძიებების გატარება. სასარჩელო მოთხოვნას კი წარმოადგენს მხოლოდ დარღვევის ფაქტის დადგენა. შ.ნადირაძემ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დანაწესი არ ვრცელდება კომისიაზე და კომისია არ არის უფლებამოსილი იხელმძღვანელოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლით.

II.   კომისიის მიერ შესწავლილი მტკიცებულებები

1. შპს „კატევე 1“-ის საჩივარი (21.02.18. შ-6/956-18 ) შპს „მედია რაითს ჯორჯიას“, შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის შპს „ტელეიმედისა“ და შპს „სტუდია მაესტროს“ მიმართ;

2. შპს „ტელეიმედის“  წერილი (14.03.18. Nშ-6/1352-18) თანდართული შპს „კატევე 1“-ის სარჩელითა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 29.01.18 განჩინებით;

3. კომისიის 2018 წლის 6 და 29 მარტის სხდომებზე შპს „ტელეიმედისა“ და შპს „სტუდია მაესტროს“ წარმომადგენლის ა.ლაშხის მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტებები;

4. კომისიის 2018 წლის 6 და 29 მარტის სხდომებზე შპს „კატევე 1“-ის წარმომადგენლის შ.ნადირაძის მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტებები.

III. სამართლებრივი საფუძველი და დასაბუთება

1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ფუნქციას წარმოადგენს, მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი;

2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, თუ ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული მაუწყებელი თავისი სიგნალის ტრანზიტისათვის მაუწყებლის ტრანზიტზე ავტორიზებული პირისგან ანაზღაურების გადახდას ითხოვს, ასეთ მაუწყებელსა და მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს შორის იდება ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულება.

3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად,  ფასიანი ტრანზიტის შემთხვევაში ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული მაუწყებელი და მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი ვალდებული არიან, კეთილსინდისიერად წარმართონ მოლაპარაკებები ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულების დასადებად;

4. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლის  მე-11 პუნქტის შესაბამისად, რომელიმე მხარის მიერ ამ მუხლის პირველი, მე-3, მე-6, მე-7 ან/და მე-8 პუნქტის დარღვევის შემთხვევაში მეორე მხარეს შეუძლია საჩივრით მიმართოს კომისიას.

5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სარჩელის სასამართლო წარმოებაში მიღების შემდეგ მხარეთა შორის წამოჭრილი დავა არ შეიძლება განიხილოს რომელიმე სხვა სასამართლომ ან ორგანომ.

კომისია აღნიშნავს, რომ  თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ 2018 წლის 29 იანვარს წარმოებაში მიიღო შპს „კატევე 1“-ის სასარჩელო განცხადება მოპასუხეების: შპს „მედია რაითს ჯორჯიას“, შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის, შპს „ტელეიმედისა“ და შპს „სტუდია მაესტროს“ მიმართ; აღნიშნულ სარჩელში მითითებულია შემდეგი სასარჩელო მოთხოვნა: დადგენილ იქნას მოსარჩელის მიერ მოპასუხეების მაუწყებლობის ტრანზიტის უფასოდ განხორციელების უფლება, კერძოდ, სატელევიზიო არხების: შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის, შპს „ტელეიმედის“ და შპს „სტუდია მაესტროს“ უფასო ტრანზიტის უფლება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლის მე-8 პუნქტის ბ), გ), დ) და ვ) ქვეპუნქტების დარღვევის გამო. შპს „კატევე 1“-მა 2018 წლის 21 თებერვალს კომისიას მომართა დავის განხილვის მიზნით შპს „მედია რაითს ჯორჯიას“, შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის, შპს „ტელეიმედისა“ და შპს „სტუდია მაესტროს“ მიმართ და მოითხოვა - დაადგინოს კომისიამ შპს „მედია რაითს ჯორჯიას“, შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის, შპს „ტელეიმედის“ და შპს „სტუდია მაესტროს“ მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლის მე-8 პუნქტის ბ), გ) დ) და ვ) ქვეპუნქტების დარღვევის ფაქტები და გატარდეს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

ამდენად, შპს „კატევე 1“-მა სასამართლოსა და კომისიას მიმართა ერთსა და იმავე პირთა მიმართ ანალოგიური მოთხოვნით, რომელიც ეფუძნება ერთსა და იმავე საფუძველს. როგორც სასამართლომ, ისე კომისიამ უნდა იმსჯელოს დაარღვიეს თუ არა მოწინააღმდეგე მხარეებმა: შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-მა, შპს „ტელეიმედმა“ და შპს „სტუდია მაესტრომ“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლის მე-8 პუნქტი.

კომისია აღნიშნავს, კომისიის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის პარალელურად, შპს „კატევე 1“-ის საჩივრის განხილვა ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის მე-4 ნაწილის დანაწესს, რომლის თანახმად, სარჩელის სასამართლო წარმოებაში მიღების შემდეგ მხარეთა შორის წამოჭრილი დავა არ შეიძლება განიხილოს რომელიმე სხვა  ორგანომ. კომისიას მიაჩნია, რომ ვინაიდან კომისია წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში დავის განმხილველ მარეგულირებელ ორგანოს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის მე-4 ნაწილის დანაწესი, კომისიისთვის სავალდებულოა შესასრულებლად. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, შპს „მედია რაითს ჯორჯიას“, შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის, შპს „ტელეიმედისა“ და შპს „სტუდია მაესტროს“ მიმართ შპს „კატევე 1“-ის საჩივართან დაკავშირებით კომისიაში დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება უნდა შეწყდეს.

IV.  სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 401 მუხლის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,

ა:

1.  შეწყდეს შპს „მედია რაითს ჯორჯიას“, შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის, შპს „ტელეიმედისა“ და შპს „სტუდია მაესტროს“ მიმართ შპს „კატევე 1“-ის საჩივართან (21.02.18. შ-6/956-18 ) დაკავშირებით კომისიაში დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება;

2. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ნ.ჯავახიძე) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს „კატევე 1“-სთვის, შპს „მედია რაითს ჯორჯიასთვის“, შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სთვის, შპს „ტელეიმედისთვის“ და შპს „სტუდია მაესტროსთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;

3.  გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „კატევე 1“-სთვის, შპს „მედია რაითს ჯორჯიასთვის“, შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სთვის, შპს „ტელეიმედისთვის“ და შპს „სტუდია მაესტროსთვის“  ჩაბარების დღიდან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.,  N6) შპს „კატევე 1“-სთვის, შპს „მედია რაითს ჯორჯიასთვის“, შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სთვის, შპს „ტელეიმედისთვის“ და შპს „სტუდია მაესტროსთვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-4 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები