შპს „ქიზიყისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 05, 2018 11:05
მიღების თარიღი მარტი 29, 2018
შპს „ქიზიყისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
I. აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის 2018 წლის 21 თებერვლის №შ-10/972-18 მოხსენებითი ბარათიდან ირკვევა, რომ შპს „ქიზიყს“ არ წარმოუდგენია 2017 წლის დეკემბრის და 2018 წლის იანვრის თვეების რეგულირების საფასურის გაანგარიშების 1.9 ფორმა. კომისიის 2018 წლის 7 თებერვლის N7/418-18 წერილით, შპს “ქიზიყი” გაფრთხილებულ იქნა რეგულირების საფასურის გაანგარიშების 1.9 ფორმის წარმოუდგენლობის თაობაზე და განესაზღვრა ვადა 2018 წლის 12 თებერვლის ჩათვლით აღნიშნული ფორმის წარმოდგენისათვის. მიუხედავად აღნიშნულისა, შპს „ქიზიყმა“ არ წარმოადგინა რეგულირების საფასურის გაანგარიშების შევსებული 1.9 ფორმა.
კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის 2018 წლის 21 თებერვლის №შ-10/972-18 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს “ქიზიყისთვის” ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, რის თაობაზეც მას ეცნობა 2018 წლის 9 მარტის N03/844-18 წერილობითი შეტყობინებით. საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2018 წლის 15 მარტი. შპს “ქიზიყს” განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება. ვინაიდან აღნიშნული წერილობითი შეტყობინება შპს „ქიზიყს“ არ ჩაბარდა, კომისიის 2018 წლის 15 მარტის სხდომაზე საკითხის განხილვა გადაიდო. 29 მარტისთვის, რის თაობაზეც შპს „ქიზიყს“ 2018 წლის 26 მარტს გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება N03/1048-18, რომელიც შპს „ქიზიყს“ არ ჩაბარდა. აღნიშნული წერილობითი შეტყობინება ასევე საჯაროდ განთავსდა კომისიის ვებ-გვერდზე www.gncc.ge. N03/1048-18 წერილობითი შეტყობინებით შპს „ქიზიყს“ განემარტა, რომ კომისია უფლებამოსილი იყო განეხილა საკითხი და მიეღო გადაწყვეტილება კომპანიის წარმომადგენლის გამოუცხადებლობის შემთხვევაში.
საკითხის განხილვა კომისიაში გაიმართა კომისიის 2018 წლის 29 მარტს. კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდა შპს „ქიზიყის“ წარმომადგენელი. ვინაიდან, კომისიის მიერ შესრულებულ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლით განსაზღვრული ვალდებულება, შპს „ქიზიყისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი განხილულ იქნა კომპანიის წარმომადგენლის დასწრების გარეშე.
II. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები
1. კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის სამსახურებრივი ბარათი თანდართული დოკუმენტაციით (№შ-10/972-18, 21.02.2018);
2. კომისიის 2018 წლის 9 მარტის №03/844-18 შეტყობინება;
3. კომისიის 2018 წლის 26 მარტის N03/1048-18 წერილობითი შეტყობინება;
4. კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის 29 მარტის ელ-წერილი;
5. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილება „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“;
6. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო ( არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „ქიზიყის“ შესახებ.
III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
1. შპს “ქიზიყი” წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს. ავტორიზაციის თარიღი: 01/12/2010; ავტორიზებული საქმიანობის სახე: A.F.2 ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა: რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.3 ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა: პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; B.F.2 ინტერნეტ მომსახურება: WiFi;
2. შპს „ქიზიყი“, როგორც ავტორიზებული პირი, ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
3. „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების მე-6 პუნქტის თანახმად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირები და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირები ვალდებულნი არიან ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული ფორმით (დანართი №1) ელექტრონულად, კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის (http://stats.gncc.ge) ფორმა 1.9-ის (რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმა) საშუალებით, წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია საანგარიშო თვის გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური;
4. შპს “ქიზიყს” ამ გადაწყვეტილების მიღების დღის მდგომარეობით არ წარმოუდგენია 2017 წლის დეკემბრისა და 2018 წლის იანვრის თვეების რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმა 1.9;
5. შპს „ქიზიყის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე იგივე ან მსგავსი დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა.
IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ამავე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, ხოლო ლ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია გადაიხადოს რეგულირების საფასური;
2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის ოდენობას შეადგენს ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,75 პროცენტი. ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის დადგენილებით დამტკიცებული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის შესახებ და კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური;
3. „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების მე-6 პუნქტის თანახმად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირები და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირები ვალდებულნი არიან ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული ფორმით (დანართი №1) ელექტრონულად, კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის (http://stats.gncc.ge) ფორმა 1.9-ის (რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმა) საშუალებით, წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია საანგარიშო თვის გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური;
4. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა;
5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ რეგულირების საფასურის გაანგარიშების 1.9 ფორმის დადგენილ ვადებში წარმოუდგენლობისა და რეგულირების საფასურის გადაუხდელობით შპს „ქიზიყმა“ დაარღვია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და ლ) ქვეპუნქტებისა და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილებით განსაზღვრული ვალდებულებები, რაც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცირების საფუძველს წარმოადგენს. კერძოდ, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს. გამომდინარე იქიდან, რომ შპს „ქიზიყის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე იგივე ან მსგავსი დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა, ის „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უნდა გაფრთხილდეს. ამასთან, შპს “ქიზიყს” უნდა დაევალოს რეგულირების საფასურის გაანგარიშების ელექტრონულად შევსებული 1.9 ფორმის კომისიაში წარმოდგენა და შესაბამისი რეგულირების საფასურის გადახდა.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა), ბ) და ლ) ქვეპუნქტების, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის, 95, 98-ე და 99-ე მუხლების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების, „რეგულურების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავის, 103, 104 და 105 მუხლების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „ქიზიყს“ (ს/ნ440389795) მიეცეს წერილობითი გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა), ბ) და ლ) ქვეპუნქტების, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების დარღვევის გამო;
2. დაევალოს შპს „ქიზიყს“ 2017 წლის დეკემბრისა და 2018 წლის იანვრის თვეების რეგულირების საფასურის გაანგარიშების 1.9 ფორმის შევსება, კომისიაში წარმოდგენა 10 სამუშაო დღის ვადაში;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ქიზიყისთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;
4. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. ჭელიძე) შპს „ქიზიყისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „ქიზიყისთვის“ ჩაბარების დღიდან;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) შპს „ქიზიყისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-3 და მე-4 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს (ნ. დევდარიანი).
|
კომისიის თავმჯდომარე |
|
კახი ბექაური |
|
კომისიის წევრი |
|
ვახტანგ აბაშიძე |
|
კომისიის წევრი |
|
ელისო ასანიძე |
|
კომისიის წევრი |
|
გიორგი ფრუიძე |
|
კომისიის წევრი |
|
მერაბ ქათამაძე |
