წვდომის მენიუ

ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის მფლობელი ავტორიზებული პირების ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმებთან დაშვების მომსახურების ტარიფის ხარჯზე ორიენტირებულობის შესწავლის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე

ნომერი: 205 / 23

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 11, 2018 10:43

მიღების თარიღი მარტი 29, 2018

ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის მფლობელი ავტორიზებული პირების ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმებთან დაშვების მომსახურების ტარიფის ხარჯზე ორიენტირებულობის შესწავლის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია“) აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონი 522 მუხლი განსაზღვრავს ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელისა და ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის მფლობელი ავტორიზებული პირის ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმებთან „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საეთერო მაუწყებლობაზე ავტორიზებული მაუწყებლის დაშვების წესს, რომლის მიზანია თანაბრად იქნას დაცული როგორც მულტიპლექსპლატფორმის მფლობელის, ასევე, მაუწყებლის და მომხმარებლის ინტერესი. აღნიშნული კანონის 522 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელი და ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის მფლობელი ავტორიზებული პირი ვალდებული არიან, ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმებთან „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საეთერო მაუწყებლობაზე ავტორიზებული მაუწყებლები დაუშვან არადისკრიმინაციული, ერთგვაროვანი პირობებით და ხარჯებზე ორიენტირებული ტარიფებით, აგრეთვე მიაწოდონ მათ ერთგვაროვანი ხარისხის მომსახურება.

კომისია აღნიშნავს, რომ ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმებთან დაშვების ტარიფის ხარჯზე ორიენტირებულობის კანონისმიერი მოთხოვნის დაცვა მნიშვნელოვნად განაპირობებს მაუწყებელთათვის გავრცელების საშუალების ხელმისაწვდომობას და აქედან გამომდინარე, მაუწყებელთა მრავალფეროვნებას, რაც ხელს უწყობს სატელევიზიო პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებას და მედიის განვითარებას,  ასევე, მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას სხვადასხვა სამაუწყებლო არხიდან მიიღოს ინფორმაცია.

კომისიაში შემოსული მაუწყებელთა საჩივრებიდან ირკვევა, რომ ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის მფლობელ ავტორიზებულ პირებსა და ავტორიზებულ მაუწყებლებს შორის დავები მულტიპექსპლატფორმასთან დაშვებასთან დაკავშირებით მეტწილად განპირობებულია ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის მფლობელ ავტორიზებულ პირების მიერ ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმებთან დაშვებაზე დადგენილი ტარიფით, რომლის ხარჯზე ორიენტირებულობას აღნიშნული მაუწყებლები სადავოდ ხდიან ან ხდიდნენ.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას. ამავე კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას.

ზემოთ მითითებული საკანონმდებლო დანაწესებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის მფლობელი ავტორიზებული პირების ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმებთან დაშვების მომსახურების ტარიფის ხარჯზე ორიენტირებულობის შესწავლის მიზნით უნდა დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონი 522 მუხლის პირველი პუნქტის, მე-11 მუხლის პირველი პუნქტის, 43-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VII და IX თავების, ასევე, 115-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის მფლობელი ავტორიზებული პირების ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმებთან დაშვების მომსახურების ტარიფის ხარჯზე ორიენტირებულობის შესწავლის მიზნით;

2. საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2018 წლის 3 მაისს, ხოლო გადაწყვეტილება მიღებულ იქნას ზეპირი მოსმენის გამართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

4. დაევალოს კომისიის  ადმინისტრაციას საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ნ. შოვნაძე);

5. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ  ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;

6. გადაწყვეტილება ძალაში  შევიდეს მისი სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების  დეპარტამენტს (დ.გოგიჩაიშვილს).

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები