წვდომის მენიუ

შპს „სინემა კახეთის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე

ნომერი: 207 / 18

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 26, 2018 10:22

მიღების თარიღი აპრილი 05, 2018

შპს სინემა კახეთის“  სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე

I.   საქმის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (№შ-10/1098-18; 28.02.2018)  საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „სინემა კახეთისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, შპს „სინემა კახეთის“  მიერ საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის გამო.

კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (№შ-10/1098-18; 28.02.2018) თანახმად, აპარატში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ 2018 წლის 6 თებერვალს განხორციელდა შპს „სინემა კახეთის“  შემოწმება კომპანიის ოფისში. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა შემოწმების აქტი N18. შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ შპს „სინემა კახეთი“ საკუთარი ქსელის მეშვეობით ახორციელებს შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირებას: „სინემა კახეთი“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, “რუსთავი 2”, „იმედი“, „GDS“, „იბერია“, „ტვ პირველი“, „ობიექტივი“, „კომედი არხი“, „მარაო“, „ენკი ბენკი“, „გურჯაანი“, „მაესტრო“, „ერთსულოვნება“, „ქართული არხი“,  “1 გასართობი“, „პალიტრა ტვ“, „აჭარა“, „Киносемья“, „Кинохит“, “Nat Geo Wilde”, „Индийское кино“, „Eurosport 1“, „Боец“, “РТР планета”.

კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული მონიტორინგის საფუძველზე, ირკვევა, რომ 2018  წლის 6 თებერვლის მდგომარეობით, კომპანიას კომისიაში არ წარმოუდგენია შემოწმების აქტში დაფიქსირებულ შემდეგ სამაუწყებლო არხზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია: “რუსთავი 2”, „იმედი“, „GDS“, „კომედი არხი“, „მარაო“, „მაესტრო“, “1 გასართობი“, „Киносемья“, „Кинохит“, “Nat Geo Wilde”, „Индийское кино“, „Eurosport 1“, „Боец“, “РТР планета”.

შპს „სინემა კახეთისთვის“  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2018 წლის 29 მარტი. შპს „სინემა კახეთისთვის“  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისა და საკითხის განხილვის დღის, დროისა და ადგილის შესახებ კომპანიას გაეგზავნა შეტყობინება  და  მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით შპს „სინემა კახეთს“ განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება.

კომისიის 2018 წლის 29 მარტის სხდომაზე არ გამოცხადდა შპს „სინემა კახეთის“ წარმომადგენელი. საკითხის განხილვა გადაიდო 2018 წლის 5 აპრილისთვის.

2018 წლის 5 აპრილის კომისიის სხდომაზე გამოცხადდა შპს „სინემა კახეთის“ დირექტორი გ.ძამუკაშვილი, რომელმაც მაუწყებლობის ტრანზიტის თაობაზე სანებართვო წერილები წარადგინა (05.04.18 Nშ-6/1789-18) კომისიის 2018 წლის 6 თებერვლის N18 შემოწმების აქტში დაფიქსირებულ შემდეგ სამაუწყებლო არხებზე: “1 გასართობი“ (01.02.18-დან), “РТР планета (12.02.18-დან). გ.ძამუკაშვილმა აღიარა დარღვევის ფაქტი ქართულ არხებთან მიმართებაში.

II.კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები

1. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის 2018  წლის 28 თებერვლის  №შ-10/1098-18 სამსახურებრივი ბარათი;

2. კომისიის 2018 წლის 6 თებერვლის  შემოწმების აქტი N18;

3.   შემოწმების პროცესის ამსახველი აუდიო-ვიდეო ჩანაწერი (CD);

4. შპს „სინემა კახეთის“ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და  კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან;

5. შპს „სინემა კახეთის“  მიერ კომისიაში წარმოდგენილი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

6. შპს „სინემა კახეთის“ დირექტორის გ.ძამუკაშვილის მიერ 2018 წლის 5 აპრილის კომისიის სხდომაზე გაკეთებული ახსნა-განმარტება;

III.   კომისიის მიერ დადგენილი  ფაქტობრივი გარემოებები

1. შპს „სინემა კახეთი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის თარიღი 01.02.2010, ავტორიზებული საქმიანობის სახე - A.F.1. ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა: კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; B.F.4  მაუწყებლობის ტრანზიტი: ტელემაუწყებლობის ტრანზიტი); 

2. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ, 2018 წლის 6 თებერვალს, 10:30 საათზე განხორციელდა შპს „სინემა კახეთის“ შემოწმება კომპანიის ოფისში, მისამართზე ქ. გურჯაანი, რუსთაველის ქ. N4; აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა შემოწმების აქტი N18. შემოწმების აქტს ხელს აწერენ კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტში  დასაქმებული უფლებამოსილი პირები: ი. ბაღაშვილი, ზ.კვირკველია, შემოწმების აქტის შედგენის დამსწრე, კომპანიის წარმომადგენელი (მოლარე-ოპერატორი) ქ.ი.;

3. შემოწმების შედეგად დაფიქსირდა, რომ 2018 წლის 6 თებერვალს, შპს „სინემა კახეთი“ საკუთარი საკაბელო ქსელით  ახდენდა შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირებას: „სინემა კახეთი“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, “რუსთავი 2”, „იმედი“, „GDS“, „იბერია“, „ტვ პირველი“, „ობიექტივი“, „კომედი არხი“, „მარაო“, „ენკი ბენკი“, „გურჯაანი“, „მაესტრო“, „ერთსულოვნება“, „ქართული არხი“,  “1 გასართობი“, „პალიტრა ტვ“, „აჭარა“, „Киносемья“, „Кинохит“, “Nat Geo Wilde”, „Индийское кино“, „Eurosport 1“, „Боец“, “РТР планета”;

4. 2018 წლის 6 თებერვალს განხორციელებული შემოწმების სისწორე დადასტურდა 2018 წლის 6 თებერვლის №18 შემოწმების აქტით, რომელიც შედგენილია ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36–ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, ასევე, შემოწმების პროცესის აუდიო-ვიზუალური ჩანაწერით;

5. შპს „სინემა კახეთს“  2018  წლის 6 თებერვლის  მდგომარეობით კომისიაში არ ჰქონდა წარმოდგენილი სამაუწყებლო არხების: „რუსთავი 2”, „იმედი“, „GDS“, „კომედი არხი“, „მარაო“, „მაესტრო“, “1 გასართობი“, „Киносемья“, „Кинохит“, “Nat Geo Wilde”, „Индийское кино“, „Eurosport 1“, „Боец“, “РТР планета” მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

6. კომისიის 2013 წლის 14 იანვრის N04/80-13 წერილით (შპს „სინემა კახეთს“ ჩაბარდა 16.01.2013) მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებს, მათ შორის შპს „სინემა კახეთს“ ეცნობა და განემარტა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზებული პირის მიერ ხორციელდება ტელე ან რადიოარხის ტრანზიტი, არა უშუალოდ ტელე ან რადიომაუწყებელთან გაფორმებული ხელშეკრულების, არამედ შუამავალ /დისტრიბუტორ/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ტელე ან რადიოარხის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერად ტრანზიტის დასადასტურებლად, ავტორიზებულმა პირმა კომისიაში უნდა წარმოადგინოს: ა) ავტორიზებულ პირსა და შუამავალ /დისტრიბუტორ/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულება; ბ) შუამავლობის /დისტრიბუციის/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; გ) ტელე ან რადიომაუწყებლის ოფიციალური დადასტურება ტელე ან რადიოარხის სამაუწყებლო ბადეებში განთავსებული სამაუწყებლო პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტული გავრცელების უფლების ფლობის შესახებ - ყოველთვიურად, სამაუწყებლო ბადის დართვით, მომდევნო 30 დღეზე; ამავე წერილით მას განემარტა, რომ თუ სამაუწყებლო არხის რეტრანსლირება ხორციელდება ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, აუცილებელია კომისიაში აღნიშნული სამაუწყებლო არხის პროგრამებზე საავტორო და მომიჯნავე უფლების მქონე პირის/ კომპანიის ნებართვის წერილის წარმოდგენა (Permission Letter), რომელშიც აღნიშნული იქნება ა) ნებართვა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მიერ სამაუწყებლო არხის საქართვლოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ; ბ) დადასტურება სამაუწყებლო არხის ბადეში განთავსებული პროგრამების საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების უფლების შესახებ; ამავე წერილით შპს „მედია ტვ“-ს ასევე, განემარტა მის მიერ მომხმარებლისათვის შეთავაზებულ პაკეტებში ყოველი სამაუწყებლო არხის ცვლილების (დამატების) შემთხვევაში, აგრეთვე მოქმედი ხელშეკრულების ვადის გასვლისას ახალი ვადით ხელშეკრულების გაგრძელებისას შესაბამისი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენის ვალდებულება კომპანიის მიერ შესაბამისი სამაუწყებლო არხის პაკეტში ჩასმამდე/ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე;

7.    შპს „სინემა კახეთს“  წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის კომისიაში არ წარმოუდგენია  საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ჩვენების დამადასტურებელი დოკუმენტაცია შემდეგ სამაუწყებლო არხებზე:  “რუსთავი 2”, „იმედი“, „GDS“, „კომედი არხი“, „მარაო“, „მაესტრო“,  „Киносемья“, „Кинохит“, “Nat Geo Wilde”, „Индийское кино“, „Eurosport 1“, „Боец“;

IV.  გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1. "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას;

2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას;

3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად;

4. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–19 მუხლის მე–2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კომისიამ უნდა დაიცვას კონფიდენციალურობა მიწოდებული ინფორმაციისა, რომელიც ითვლება კომერციულ საიდუმლოებად ან პერსონალურ მონაცემებად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად. განზოგადებული ინფორმაცია მომსახურების ბაზრის თაობაზე, ასევე მონაცემები აბონენტთა რაოდენობის, ტრაფიკის, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შესახებ არ შეიძლება იყოს კონფიდენციალური. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად, ხოლო ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო  ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები;

6. „ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის  №609 დადგენილებით),   ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების  მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის №879 დადგენილებით) და ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციასთან  მიერთებით (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 17 თებერვლის №3344 დადგენილებით), საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი;

7. „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლისა და  „ინტელექტუალური საკუთრების  მსოფლიო ორგანიზაციის საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების” მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით, თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება დართონ სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით.  შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ  ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით; ამ ნორმის გამოყენებისათვის კი აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა საშუალებები და ხერხები;

8. „ბერნის კონვენციისა” და „ისმო-ს ხელშეკრულების”  აღნიშნულ დანაწესთან სრულ შესაბამისობაშია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ან/და უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება);

9. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს. „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას უფლება აქვს ნება დართოს ან აკრძალოს თავისი გადაცემების რეტრანსლაცია;

10. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, რაც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ნიშნავს ნება დართოს ან აკრძალოს:

 ა) გადაცემის ჩაწერა;

ბ) გადაცემის ჩანაწერის რეპროდუცირება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადაცემა ჩაწერილია მაუწყებლობის ორგანიზაციის თანხმობით  და რეპროდუცირება ხორციელდება იმავე მიზნით, რისთვისაც  მოხდა მისი ჩაწერა;

გ) გადაცემის ერთდროულად გადაცემა ეთერში და კაბელით ხელახალი გადაცემა შესაბამისად საეთერო და საკაბელო მაუწყებლობის სხვა ორგანიზაციის მიერ;

დ) გადაცემის გადაცემა ეთერში ან კაბელით;

ე) გადაცემის საჯარო გადაცემა ადგილებში, სადაც შესვლა ფასიანია.

ვ) გადაცემის ჩანაწერის გავრცელება საზოგადოებაში გაყიდვის ან საკუთრების სხვა ფორმით გადაცემის გზით;

ზ) გადაცემის ჩანაწერის გაქირავება ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემა;

თ) გადაცემის ჩანაწერის გადაცემა სადენებით ანდა უსადენო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეული ადგილიდან და დროს;

11. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის  51-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია მაუწყებლის ორგანიზაციის გადაცემის გამოყენება მისი თანხმობის გარეშე. ამავე კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ ან/და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას;

12. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ი1” ქვეპუნქტის შესაბამისად, კაბელით ხელახალი გადაცემა არის სადენით ან საჰაერო გზით, სატელიტური კავშირის ჩათვლით, საზოგადოებისთვის განკუთვნილი ტელე და რადიოპროგრამების საწყისი გადაცემის ერთდროულად, შეუწყვეტლად და შეუკვეცავად ხელახალი გადაცემა კაბელით ან მიკროტალღური სისტემის მეშვეობით. ამავე მუხლის „ჟ” ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო გადაცემა არის ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მონაცემთა ბაზის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის გამოსახულების ან/და ხმის გადაცემა ეთერში, კაბელით ან სხვა საშუალებით (გარდა ნაწარმოების ან ფონოგრამის ასლების გავრცელებისა) ისე, რომ გადაცემის გამოსახულება ან/და ხმა შესაძლებელია აღიქვან პირებმა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს, იმ ადგილზე (ადგილებზე), რომელიც იმდენადაა დაშორებული გადაცემის ადგილიდან, რომ ასეთი გადაცემის გარეშე გამოსახულება ან/და ხმა არ შეიძლება აღქმულ იქნას მიღების ადგილზე (ადგილებზე), მათ შორის, გადაიცეს ისე, რომ საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტები, მონაცემთა ბაზები ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან;

13. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტი არის ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე-ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე-ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ არსებითად ხორციელდება მაუწყებლის ტელე ან რადიოარხის ტრანზიტი;

14. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს;

15. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.

კომისია აღნიშნავს, რომ სატელევიზიო არხების: “რუსთავი 2”, „იმედი“, „GDS“, „კომედი არხი“, „მარაო“, „მაესტრო“, „Киносемья“, „Кинохит“, “Nat Geo Wilde”, „Индийское кино“, „Eurosport 1“, „Боец“, “РТР планета”  შესაბამისი ხელშეკრულებების გარეშე სამომხმარებლო პაკეტში ჩასმით და საკაბელო ქსელით ტრანზიტული გავრცელებით, შპს “სინემა კახეთის“ მიერ დარღვეულია „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლი,  „საავტორო უფლებების შესახებ“ ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლი, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლი, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლები და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ბ) ქვეპუნქტი, რაც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის შესაბამისად, სანქცირების საფუძველია.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის  2018 წლის 15 მარტის სხდომაზე განხილულ იქნა 6  სამაუწყებლო არხის: „იმედი“, „რუსთავი 2“, „მაესტრო“, „კომედი არხი“,  „მარაო“ და „GDS“  არამართლზომიერი ტრანზიტის გამო  ავტორიზებული პირებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი, სადაც საკითხის არსს წარმოადგენდა აღნიშნული არხების დისტრიბუციის ექსკლუზიური უფლებების მქონე კომპანია შპს „მედია რაითს ჯორჯიასთან“ ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულების დასადებად გამართული მოლაპარაკებების კეთილსინდისიერად წარმართვის მოთხოვნის შეუსრულებლობა. რიგი ავტორიზებული პირების მიმართ კომისიამ კანონით მისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება გამოიყენა და მიუხედავად იმისა, რომ სამაუწყებლო არხების არამართლზომიერი ტრანზიტის გამო კომპანიები ცნო სამართალდამრღვევად, მათ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ დააკისრა, ვინაიდან, კომისიას მაუწყებელსა და მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს შორის ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულების დასადებად გამართული მოლაპარაკებების კეთილსინდისიერად წარმართვის მოთხოვნის შეუსრულებლობასთან დაკავშირებით აქამდე გადაწყვეტილება არ მიუღია, რაც, კომისიის აზრით, ხელს შეუწყობდა კომპანიების მიერ აღნიშნული საკითხისადმი ერთგვაროვან მიდგომას და სამართალდარღვევის პრევენციას.  ამასთან, გადაწყვეტილების მიღების დროისთვის ცნობილი გახდა, რომ შპს ,,მედია რაითს ჯორჯიამ“ მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირებისთვის ხელმისაწვდომი გახადა მათთვის შეთავაზებულ პაკეტში შემავალი 6 ქართული სამაუწყებლო არხის ინდივიდუალური ფასიანი ტრანზიტი, რაც მხარეებს შორის მოლაპარაკებების დროს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენდა. აღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ მიიჩნია, რომ მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების სამართალდამრღვევებად ცნობითა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან განთავისუფლებით, ასევე მათთვის სამაუწყებლო  არხების  არამართლზომიერად გავრცელების აკრძალვით დაცული იქნებოდა კანონიერებისა და პროპორციულობის პრინციპი, ასევე, მიიღწეოდა ის მიზანი, რაც ზოგადად გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით,  კომისიას მიაჩნია, რომ  შპს “სინემა კახეთის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების, ასევე მისთვის საქართველოს ტერიტორიაზე სამაუწყებლო არხების: „რუსთავი 2”, „იმედი“, „GDS“, „კომედი არხი“, „მარაო“, „მაესტრო“, „Киносемья“, „Кинохит“, “Nat Geo Wilde”, „Индийское кино“, „Eurosport 1“, „Боец“ არამართლზომიერი გადაცემის აკრძალვის დაკისრების შემთხვევაში დაცული იქნება კომპანიებისადმი ერთგვაროვანი მიდგომა, კანონიერების, თანასწორობისა და  პროპორციულობის პრინციპი.

V. სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, 98-ე, 99-ე მუხლების, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ” ინტელექტუალური საკუთრების  მსოფლიო ორგანიზაციის „საავტორო უფლებების შესახებ“ ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45) პუნქტის, მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ბ)  ქვეპუნქტის,  45-ე მუხლის პირველი  პუნქტის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის ბ) ქვეპუნქტის,  36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

  ა:

1. შპს “სინემა კახეთი“ ცნობილ იქნას სამართალდამრღვევად „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis  მუხლის, ინტელექტუალური საკუთრების  მსოფლიო ორგანიზაციის „საავტორო უფლებების შესახებ” ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  „ბ“ ქვეპუნქტის   დარღვევის გამო;

2. შპს “სინემა კახეთი“ გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან;

3. მიეცეს შპს „სინემა კახეთს“ ორკვირიანი ვადა  სამაუწყებლო არხების: „რუსთავი 2”, „იმედი“, „GDS“, „კომედი არხი“, „მარაო“, „მაესტრო“, „Киносемья“, „Кинохит“, “Nat Geo Wilde”, „Индийское кино“, „Eurosport 1“, „Боец“ საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების უფლების მოსაპოვებლად, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ, მართლზომიერი ტრანზიტის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის არარსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს აღნიშნული არხების არამართლზომიერი გადაცემის დაუყოვნებლივ შეწყვეტა;

4. დაევალოს კომისიის  ადმინისტრაციას (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს “სინემა კახეთისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;

5. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს “სინემა კახეთისთვის“ ჩაბარების დღიდან;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.,  N6) შპს “სინემა კახეთისთვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების (მე-4 პუნქტის გარდა) შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების  დეპარტამენტს (ი. მახარაძე).

 

 

 

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები