წვდომის მენიუ

შპს „ოპტიმალნეთვორქისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 211 / 18

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 24, 2018 14:22

მიღების თარიღი აპრილი 05, 2018

შპს „ოპტიმალნეთვორქისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

 I.  აღწერილობითი ნაწილი 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის 2018 წლის 16 თებერვლის Nშ-10/832-18 მოხსენებითი ბარათისა და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის 2018 წლის 16 თებერვლის №შ-10/831-18 მოხსენებითი ბარათიდან ირკვევა, რომ შპს „ოპტიმალნეთვორქს“ 2018 წლის 16 თებერვლის მდგომარეობით არ წარმოუდგენია  მოთხოვნილი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები, ასევე 2017 წლის ოქტომბრის, ნოემბრის და დეკებრის თვეების რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმები, ასევე არ გადაუხდია კომისიის წინაშე არსებული რეგულირების საფასურის დავალიანება 300.84 ლარის ოდენობით, 2018 წლის 25 იანვრის N23/18 გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვალდებულების შესაბამისად.

კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის 2018 წლის 16 თებერვლის Nშ-10/832-18 მოხსენებითი ბარათისა და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის 2018 წლის 16 თებერვლის Nშ-10/831-18 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ოპტიმალნეთვორქისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, რის შესახებაც მას ეცნობა 2018 წლის 9 მარტის N03/854-18 წერილობითი შეტყობინებით. ამასთან, შპს „ოპტიმალნეთვორქს“ განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება.  2018 წლის 9 მარტის N03/846-18 შეტყობინება შპს „ოპტიმალნეთვორქს“ ჩაბარდა 2018 წლის 10 მარტს. მიუხედავად ამისა, წარმომადგენელი არ გამოცხადდა კომისიის სხდომაზე. შპს „ოპტიმალნეთვორქისთის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა გადაიდო, რის თაობაზეც კომპანიას ეცნობა  კომისიის 2018 წლის 26 მარტის N03/1046-18 და 2018 წლის 2 აპრილის N03/1162-18 წერილობითი შეტყობინებებით. ამასთან, შპს „ოპტიმალნეთვორქს“ განემარტა, რომ კომისია უფლებამოსილი იყო განეხილა საკითხი და მიეღო გადაწყვეტილება კომპანიის წარმომადგენლის გამოუცხადებლობის შემთხვევაში. მიუხედავად აღნიშნული შეტყობინებების ჩაბარებისა, 2018 წლის 5 აპრილის კომისიის სხდომაზე შპს „ოპტიმალნეთვორქის“ წარმომადგენელი არ გამოცხადდა. 

II.   ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები

1. კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (Nშ-10/832-18, 16.02.2018);

2. კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის სამსახურებრივი ბარათი თანდართული დოკუმენტაციით (Nშ-10/831-18, 16.02.2018);

3. კომისიის 2018 წლის 9 მარტის N03/03/854-18 შეტყობინება და აღნიშნული შეტყობინების შპს „ოპტიმალნეთვორქისთვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;

4. კომისიის 2018 წლის 26 მარტის N03/1046-18 წერილობითი შეტყობინება და აღნიშნული შეტყობინების შპს „ოპტიმალნეთვორქისთვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;

5. 2018 წლის 2 აპრილის N03/1162-18 წერილობითი შეტყობინება და მისი შპს „ოპტიმანლეთვორქისთვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;

6. კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ელ-წერილი შპს „ოპტიმალნეთვორქის“ მიერ რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმა 1.9. წარმოდგენისა და რეგულირების საფასურის დავალიანების შესახებ (5.04.2018);

7. კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ელ-წერილი სტატისტიკური გაანგარიშების ფორმების წარმოდგენასთან დაკავშირებით (29.03.2018);

8. კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ელ-წერილი შპს „ოპტიმალნეთვორქის“ მიერ 12 კალენდარული თვის განმავლობაში მიღებული შემოსავლების შესახებ (14.03.2018);

9. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 28 დეკემბრის N837/19 გადაწყვეტილება „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“;

10. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილება „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“;

11. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „ოპტიმალნეთვორქის“ შესახებ.

III.  კომისიის მიერ დადგენილი  ფაქტობრივი გარემოებები

1. შპს „ოპტიმალნეთვორქი” წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს. ავტორიზაციის თარიღი: 16/11/2015; ავტორიზებული საქმიანობის სახე: A.F.1 ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა: სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; სპილენძის წყვილებით ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;  A.F.2 ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა: რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.3 ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა: პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; B.F.2 ინტერნეტ მომსახურება: სპილენძის წყვილებით ინტერნეტ მომსახურება (DSL); ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება; WiFi;

2. შპს „ოპტიმალნეთვორქი“, როგორც ავტორიზებული პირი, ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

3. „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების მე-6 პუნქტის თანახმად,  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირები და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირები ვალდებულნი არიან ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული ფორმით (დანართი N1) ელექტრონულად, კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის (http://stats.gncc.ge) ფორმა 1.9-ის (რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმა) საშუალებით, წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია საანგარიშო თვის გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური;

4. კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის 2018 წლის 16 თებერვლის Nშ-10/832-18 მოხსენებითი ბარათისა და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის 2018 წლის 16 თებერვლის Nშ-10/831-18 მოხსენებითი ბარათის შესაბამისად, შპს „ოპტიმალნეთვორქს“ 2018 წლის 16 თებერვლის მდგომარეობით არ წარმოუდგენია  სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები, ასევე 2017 წლის ოქტომბრის, ნოემბრის და დეკემბრის თვეების რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმები, ასევე არ გადაუხდია კომისიის წინაშე არსებული რეგულირების საფასურის დავალიანება 300.84 ლარის ოდენობით, 2018 წლის 25 იანვრის N23/18 გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვალდებულების შესაბამისად;

5. 2018 წლის 5 აპრილის მდგომარეობით, შპს „ოპტიმალნეთვორქმა“ წარმოადგინა 2017 წლის ოქტომბრისა და ნოემბრის თვეების სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა, ასევე 2017 წლის ოქტომბრის, ნოემბრისა და დეკემბრისა და 2018 წლის იანვრისა და თებერვლის თვეების რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმა 1.9.;

6. 2018 წლის 5 აპრილის მდგომარეობით, შპს „ოპტიმალნეთვორქს“არ გადაუხდია კომისიის 2018 წლის 25 იანვრის N23/18 გადაწყვეტილებით განსაზღვრული რეგულირების საფასურის დავალიანება 300.84 ლარის ოდენობით;

7. შპს „ოპტიმალნეთვორქის“ მიერ წარმოდგენილი 2017 წლის ოქტომბრის, ნოემბრისა და დეკემბრისა და 2018 წლის იანვრისა და თებერვლის თვეების რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმა 1.9-ის გათვალისწინებით, რეგულირების საფასურის დავალიანება ჯამურად შეადგენს 371.59 ლარს, მათ შორის არის 2018 წლის თებერვლის თვის 1.97 ლარი;

8. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუქტის თანახმად, კომისიის 2018 წლის 25 იანვრის N23/18 გადაწყვეტილებით, შპს „ოპტიმალნეთვორქს“ მიეცა წერილობითი გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა), ბ) და ლ) ქვეპუნქტების,  „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის  2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების დარღვევის გამო; შპს „ოპტიმალნეთვორქს“ დაევალა 2017 წლის ოქტომბრის და ნოემბრის თვეების სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა 10 სამუშაო დღის ვადაში; შპს „ოპტიმალნეთვორქს“ დაევალა 2017 წლის ოქტომბრის, ნოემბრის და დეკემბრის თვეების რეგულირების საფასურის გაანგარიშების კომისიაში წარმოდგენა და მათ შესაბამისად, რეგულირების საფასურის გადახდა, ასევე კომისიის წინაშე არსებული რეგულირების საფასურის დავალიანების - 300.84 ლარის გადახდა 10 სამუშაო დღის ვადაში.

IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ამავე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, ხოლო ლ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია გადაიხადოს რეგულირების საფასური;

2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის ოდენობას შეადგენს ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,75 პროცენტი.  ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის დადგენილებით დამტკიცებული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის შესახებ და კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური;

3. „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების მე-6 პუნქტის თანახმად,  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირები და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირები ვალდებულნი არიან ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული ფორმით (დანართი N1) ელექტრონულად, კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის (http://stats.gncc.ge) ფორმა 1.9-ის (რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმა) საშუალებით, წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია საანგარიშო თვის გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური;

4. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა;

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ რეგულირების საფასურის გადაუხდელობით შპს „ოპტიმანეთვორქმა“ დაარღვია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ბ) და ლ) ქვეპუნქტებისა და  „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილებითა და კომისიის 2018 წლის 25 იანვრის N23/18 გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვალდებულებები, რაც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცირების საფუძველს წარმოადგენს. ვინაიდან, კომისიის 2018 წლის 25 იანვრის N23/18 გადაწყვეტილებით განსაზღვრული რეგულირების საფასურის 300.84 ლარის ოდენობით გადაუხდელობის გამო შპს „ოპტიმალნეთვორქს“ მიცემული ჰქონდა წერილობითი გაფრთხილება, ამჯერად მას ანალოგიური/მსგავსი დარღვევისთვის უნდა დაეკისროს ჯარიმა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. კერძოდ, შპს „ოპტიმალნეთვორქს“ უნდა დაეკისროს ჯარიმა ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 3000 და არაუმეტეს 30000 ლარისა. აღსანიშნავია, რომ შპს „ოპტიმალნეთვორქის“ბოლო 12 კალენდარული თვის განმავლობაში მიღებულმა შემოსავალმა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში შეადგინა 42,167.52 ლარი, რომლის 05,% 210.8376 ლარს შეადგენს. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით, შპს „ოპტიმალნეთვორქი“ უნდა დაჯარიმდეს 3000 ლარით.

V.  სარეზოლუციო ნაწილი

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა), ბ) და ლ) ქვეპუნქტების,  45-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის, 95,  98-ე და 99-ე მუხლების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების, „რეგულურების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავის, 103-ე, 104-ე და 105-ე მუხლების  შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შპს „ოპტიმალნეთვორქს“ (ს/ნ438728325)  დაეკისროს ფულადი ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა), ბ) და ლ) ქვეპუნქტების, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის  2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილებისა და კომისიის 2018 წლის 25 იანვრის N23/18 გადაწყვეტილების დარღვევის გამო;

2. უზრუნველყოს შპს „ოპტიმალნეთვორქმა“ პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა 30 სამუშაო დღის ვადაში, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი  - 200122900;

ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი  - TRESGE22;

სახაზინო კოდი - 300213251;

3. დაევალოს შპს „ოპტიმალნეთვორქს“ კომისიის წინაშე არსებული რეგულირების საფასურის დავალიანების კომისიის შესაბამის ანგარიშზე გადარიცხვის გზით გადახდა 371.59 ლარის ოდენობით, 10 სამუშაო დღის ვადაში;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ოპტიმალნეთვორქისთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;

5. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. ჭელიძე) შპს „ოპტიმალნეთვორქისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

6. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „ოპტიმალნეთვორქისთვის“ ჩაბარების დღიდან;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) შპს „ოპტიმალნეთვორქისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-4 და მე-5 პუნქტებისა) დაევალოს  კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს (ნ. დევდარიანი).

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები