წვდომის მენიუ

შპს “სუპერ ტვ“-ის (ს/კ 400015201) კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს “ტვ სარფის“ (ს/კ 445459423) მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

ნომერი: 213 / 11

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 16, 2018 10:31

მიღების თარიღი აპრილი 05, 2018

შპს “სუპერ ტვ“-ის (ს/კ 400015201)  კუთვნილი  საოპერაციო აქტივის შპს “ტვ სარფის“ (ს/კ 445459423)  მიერ  შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას  2018 წლის 22 იანვარს ერთობლივი განცხადებით მიმართეს შპს “სუპერ ტვ“-მ და შპს „ტვ სარფმა“ (განცხადების კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/335-18 22.01.2018), რომლის თანახმადაც, შპს “ტვ სარფს“ განზრახული აქვს შპს “სუპერ ტვ“-ს კუთვნილი საოპერაციო აქტივის, კერძოდ, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F8 ლიცენზიის, ტრანზიტული მაუწყებლობისათვის საჭირო აპარატურის, ასევე ოპტიკურ-ბოჭკოვანი და სააბონენტო ქსელის შეძენა.

საკითხის განხილვა შედგა კომისიის 2018 წლის 5 აპრილის სხდომაზე. სხდომას ესწრებოდნენ შპს “სუპერ ტვ“-ის  იურისტი ლიკა გახარია (კომპანია „Super TV S.A.-ის დამფუძნებლის და დირექტორის ზურაბ ჩიგოგიძის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე მინდობილი პირი), შპს “სუპერ ტვ“-ის  ფინანსური დირექტორი გიგი ღლონტი, შპს “ტვ სარფის“ იურისტი დავით ძაგანია (შპს “ტვ სარფის“ დირექტორის ვახტანგ კიწმარიშვილის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე მინდობილი პირი).

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომლის საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ48 ქვეპუნქტის თანახმად, საოპერაციო აქტივს წარმოადგენს არსებითი მნიშვნელობის მატერიალური და არამატერიალური აქტივი, რომლითაც ავტორიზებული პირი ახორციელებს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფას ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას, მათ შორის, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელი, ადგილობრივი დაშვების ქსელი, მაგისტრალი, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო საშუალებები და ნაგებობები, საკანალიზაციო არხები, ჭები, ანძები, ბოძები, ასევე ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზია, რაც არსებითი მნიშვნელობისაა ავტორიზებული პირის მიერ მნიშვნელოვანი საბაზრო უპირატესობის მოპოვების თვალსაზრისით;  

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს “სუპერ ტვ“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.1. ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

A.F.2. ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

 რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

A.F.4. მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი)  გატარების საშუალებებითა და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური  სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

 ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებებს ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.7. ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა

 აბონენტების (ბოლო მომხმარებლების) ინდივიდუალური დაშვების სისტემის საშუალებების (ციფრული ტელევიზიის)ს ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის (IP TV, IP ტელეფონია) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

B.F.2. ინტერნეტ მომსახურება

 ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება

B.F.4. მაუწყებლობის ტრანზიტი

 ტელემაუწყებლობის ტრანზიტი

კომისია აღნიშნავს, რომ შპს “სუპერ ტვ“ ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის F8 ლიცენზიას, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 2564 ÷ 2612 მჰც და 2636 ÷ 2692 მჰც;

ბ) დანიშნულება: უსადენო რადიოდაშვების ქსელით (მრავალარხიანი მრავალწერტილოვანი განაწილების სისტემა) მომსახურება;

გ) გეოგრაფიული ზონა:  ქ.თბილისი;

დ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2023 წლის 22 აპრილამდე; 

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს “ტვ სარფი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეზე:

B.F.4. მაუწყებლობის ტრანზიტი

ტელემაუწყებლობის ტრანზიტი 

შპს “სუპერ ტვ“-ს პარტნიორი და წილის 100%-ის მფლობელია კომპანია „Super TV S.A“. შპს “სუპერ ტვ“-ს დირექტორია ლაშა სილაგაძე.  კომპანია „Super TV S.A.-ის (სუპერ ტვ ეს. ეი)“ ბენეფიციარი მესაკუთრეები არიან ზურაბ ჩიგოგიძე, კომპანიის 90%-იანი წილის მფლობელი, გივი ხორხელი - 5%-იანი წილის მფლობელი და არჩილ თაბაგარი - 5%-იანი წილის მფლობელი.

შპს “ტვ სარფის“ დირექტორი და წილის 100%-ის მფლობელია ფიზიკური პირი ვახტანგ კიწმარიშვილი.

კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემების თანახმად, შპს “ტვ სარფის“, ასევე შპს “ტვ სარფის“ პარტნიორის და დირექტორის  ვახტანგ კიწმარიშვილის აფილირება სხვა ავტორიზებულ პირებთან არ დგინდება.

კომისიის საერთო სტატისტიკურ ბაზაში არსებული ინფორმაციის თანახმად, შპს “სუპერ ტვ“-ის საქმიანობის ძირითადი სახეა მაუწყებლობის ტრანზიტი. შპს “სუპერ ტვ“-ის შემოსავლებმა 2017 წლის იანვრიდან დეკემბრის თვის ჩათვლით შეადგინა 7.312.028 ლარი, ხოლო აბონენტების რაოდენობამ 2018 წლის 1 იანვრის მდგომარეობით - 34.990 აბონენტი, მათ შორის თბილისში - 33.405 აბონენტი (ხვედრითი წილი 12,8%), ქ. რუსთავში - 1,069 აბონენტი (ხვედრითი წილი 3,5%), ქ. ფოთში - 306 აბონენტი (ხვედრითი წილი 3,2%), ქ. ბათუმში - 117 აბონენტი (ხვედრითი წილი 0,4%), მარნეულის მუნიციპალიტეში - 93 (ხვედრითი წილი 6%).

კომისია აღნიშნავს, რომ შპს “ტვ სარფი“ სატელეკომუნიკაციო ბაზარზე საქმიანობას არ ახორციელებს.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს “სუპერ ტვ“-ის კუთვნილი საოპერაციო აქტივის (რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F8 ლიცენზია, ტრანზიტული მაუწყებლობისათვის საჭირო აპარატურა, ოპტიკურ-ბოჭკოვანი და სააბონენტო ქსელი)  შპს “ტვ სარფის“ მიერ  შეძენის შემდეგ, ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებული მდგომარეობა უცვლელი  დარჩება. შესაბამისად აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.

კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს “სუპერ ტვ“-ის კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს “ტვ სარფის“ მიერ შეძენაზე წინასწარ თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 511-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კომისიის მიერ შპს “სუპერ ტვ“-ის კუთვნილი საოპერაციო აქტივების შპს “ტვ სარფის“ მიერ  შეძენაზე წინასწარი თანხმობის მიღების შემდგომ, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F8 ლიცენზიის გადაპირების მიზნით, შპს “სუპერ ტვ“-იმ  და შპს “ტვ სარფმა“ ერთობლივი განცხადებით უნდა მიმართონ კომისიას, ლიცენზიის გადაპირებასთან დაკავშირებით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების მოთხოვნით.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის შესაბამისად“, 2500-2690 მჰც დიაპაზონის განაწილება პერსპექტივაში უნდა მოხდეს ევროკომისიის 2008/477/EC-ს და ECC/DEC(05)05-ს გადაწყვეტილებებით გათვალისწინებული ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებებისა და ტექნიკური პირობების შესაბამისად და განკუთვნილია მობილური/ფიქსირებული სატელეკომუნიკაციო ქსელებისათვის (MFCN), ხოლო მიმდინარე ეტაპზე, წერტილი-მრავალწერტილი ტექნოლოგიით ფუნქციონირებადი სისტემებისათვის რადიოსიხშირული ზოლი 2500-2700 მჰც  გაცემულია დროებით სარგებლობაში. შესაბამისად, ზემოაღნიშნული ტრანზაქციის განხორციელების შემთხვევაში შპს “ტვ სარფის“ მიერ უსადენო რადიოდაშვების ქსელით (მრავალარხიანი მრავალწერტილოვანი განაწილების სისტემა) მომსახურების გარდა აღნიშნული ლიცენზიის სხვა მიზნებისათვის გამოსაყენებლად აუცილებელი გახდება ლიცენზიის მოდიფიცირება, მოქმედი კანონით გათვალისწინებული ყველა თანმდევი პროცესებით.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს „სუპერ ტვ“ №6/335-18 22.01.2018 წერილში ადასტურებს, რომ კომპანიამ გაითვალისწინა კომისიის შენიშვნები და მიიღო გადაწყვეტილება როგორც მატერიალური, ასევე არამატერიალური აქტივების ერთობლივად და მთლიანად გასხვისებაზე, რის შედეგადაც შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე, აბონენტებს გაეწევათ მომსახურება ყოველგვარი შეფერხების გარეშე.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

  :

1. მიეცეთ თანხმობა შპს “სუპერ ტვ“-ის და შპს “ტვ სარფს“, შპს “სუპერ ტვ“-ის კუთვნილი  საოპერაციო აქტივების (რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F8 ლიცენზია, ტრანზიტული მაუწყებლობისათვის საჭირო აპარატურა, ოპტიკურ-ბოჭკოვანი და სააბონენტო ქსელი და ა.შ)  ერთად/მთლიანად შპს “ტვ სარფის“ მიერ  შეძენაზე;

2. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ნ. ჯავახიძე) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს “სუპერ ტვ“-ისა და შპს “ტვ სარფისათვის“ გაგზავნა.

3. დაევალოს შპს “სუპერ ტვ“-ის“, შპს “სუპერ ტვ“-ის კუთვნილი საოპერაციო აქტივების შპს “ტვ სარფის“ მიერ შეძენის შემთხვევაში, უზრუნველყოს შპს “სუპერ ტვ“-ის“ კუთვნილი აბონენტების ინფორმირება მომსახურე კომპანიის შპს “ტვ სარფით“ შეცვლის თაობაზე;

4. შპს “ტვ სარფის“ მიერ შპს “სუპერ ტვ“-ის“ სარგებლობაში არსებული საოპერაციო აქტივების შეძენის შემთხვევაში, შპს “სუპერ ტვ“-იმ“ და შპს “ტვ სარფმა“ უზრუნველყონ “ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილების შესაბამისად გათვალისწინებული მომხმარებელთა უფლებების დაცვა;

5. განემარტოთ შპს “სუპერ ტვ“-ის და შპს “ტვ სარფს“, რომ კომისიის მიერ შპს “სუპერ ტვ“-ის კუთვნილი საოპერაციო აქტივების შპს “ტვ სარფის“ მიერ შეძენაზე წინასწარი თანხმობის მიღების შემდგომ, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F8 ლიცენზიის გადაპირების მიზნით, შპს “სუპერ ტვ“-იმ  და შპს “ტვ სარფმა“ ერთობლივი განცხადებით უნდა მიმართონ კომისიას, ლიცენზიის გადაპირებასთან დაკავშირებით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების მოთხოვნით;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), შპს “სუპერ ტვ“-ისა და შპს “ტვ სარფისათვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან, ერთი თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (დ. გოგიჩაიშვილი). 

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები