წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 17 ივნისის № 408/21 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ ავტორიზაციის დეკლარაციის ფორმებში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნომერი: 227 / 19

გამოქვეყნების თარიღი მაისი 04, 2018 14:59

მიღების თარიღი აპრილი 26, 2018

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 17 ივნისის № 408/21 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ ავტორიზაციის დეკლარაციის ფორმებში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-11 მუხლის  მე-3 პუნქტის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზაცია, რაც ამავე კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ”ა” და ”ბ” ქვეპუნქტების თანახმად, ხორციელდება ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფის ავტორიზაციისა და ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდების ავტორიზაციის გზით. ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს  კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფის ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდების ავტორიზაციის მსურველი პირი მიმართავს კომისიას დეკლარაციით, რომლის ფორმას ამტკიცებს კომისია. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ავტორიზაციის მსურველ პირი ვალდებულია დეკლარაციას დაურთოს ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.

ავტორიზების გამარტივებული სისტემის დანერგვის დღიდან კომისია მიიჩნევდა, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული ჩანაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თაობაზე, გულისხმობდა არა მხოლოდ საქართველოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან ამონაწერს, არამედ ნებისმიერი სახელმწიფოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან ამონაწერს. აქედან გამომდინარე, 2005 წლიდან 2016 წლის ჩათვლით არსებული პრაქტიკის შესაბამისად, კომისია ახორციელებდა როგორც საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიები, ასევე, სხვა სახელმწიფოებში რეგისტრირებული კომპანიების ავტორიზაციას.

კომისიას მიაჩნია, რომ საქართველოში და სხვა სახელმწიფოში რეგისტრირებული კომპანიებისთვის თანაბარი პირობების შექმნისა და უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული კომპანიების საქართველოში არსებული სამართლებრივი რეგულირების ფარგლებში მოქცევის მიზნით, რაც ხელს შეუწყობს კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებას, შენარჩუნებასა და განვითარებას, ავტორიზებადი საქმიანობის განსახორციელებლად პირმა კომისიაში უნდა წარმოადგინოს ამონაწერი საქართველოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რაც სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების განჭვრეტადობის უზრუნველყოფის მიზნით მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული ავტორიზაციის დეკლარაციის ფორმებში. კერძოდ, ავტორიზაციის დეკლარაციების ფორმებში, სადაც მითითებულია ,,სამეწარმეო რეესტრი“, მიეთითოს ,,საქართველოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრი“.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლისა და მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ  კენჭისყრის შედეგად ერთხმად,

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 17 ივნისის № 408/21 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ ავტორიზაციის დეკლარაციის ფორმებში შეტანილ იქნას ცვლილება და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით (დანართი 1):

2. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ნებართვებისა და ავტორიზაციის დეპარტამენტს ( მ. ქადეიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე

  კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები