წვდომის მენიუ

შპს ,,ვიონი საქართველოს“ წინააღმდეგ მომხმარებელ ზ. კუპატაძის საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

ნომერი: 229 / 12

გამოქვეყნების თარიღი მაისი 21, 2018 10:56

მიღების თარიღი აპრილი 26, 2018

შპს ,,ვიონი საქართველოს“ წინააღმდეგ მომხმარებელ ზ. კუპატაძის საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

I.     აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2018 წლის 5 აპრილს კომისიას რეაგირებისთვის მომართა მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივმა დამცველმა (შემდგომში ,,საზოგადოებრივი დამცველი“) თ. ტეფნაძემ (მომართვა Nშ-10/1779-18; 05.04.2018). აღნიშნული მომართვიდან ირკვევა, რომ საზოგადოებრივ დამცველს საჩივრით მიმართა შპს ,,ვიონი საქართველოს“ აბონენტმა ზ. კუპატაძემ (საჩივარი N9/1303; 23.02.2018). საჩივარში აღნიშნულია, რომ ზ. კუპატაძემ შპს ,,ვიონი საქართელო“ ქსელში პორტირებულ მობილურ ნომერზე 59388XXXX შეიძინა ინტერნეტ-მომსახურების პაკეტი 500 მბ ერთ ლარად.  თუმცა,  მის მიერ შეძენილი პაკეტი არ გააქტიურდა და მომხმარებლის კუთვნილი ანგარიშიდან ჩამოიჭრა თანხა 5,71 ლარის ოდენობით, რასაც მომხმარებელი სადავოდ ხდის და ითხოვს თანხის დაბრუნებას.

საზოგადოებრივი დამცველის მიმართვიდან ირკვევა, რომ საქმის გარემოებების  სრულყოფილად შესწავლის მიზნით, მიმდინარე წლის 28 თებერვალს შპს „ვიონი საქართველოსაგან“ გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რაზეც კომპანიამ წერილობით  წარმოადგინა  განმარტებები.  შპს ,,ვიონი საქართველოს“ განმარტებით,  იმ დროისთვის, როდესაც აბონენტი ცდილობდა პაკეტის გააქტიურებას, მას უკვე ამოწურული ჰქონდა შეძენილი მეგაბაიტები და ინტერენტ-მომსახურებით სარგებლობის თანხა ეჭრებოდა ძირითადი ბალანსიდან. შესაბამისად, აბონენტის მცდელობები მომსახურების ჩართვაზე  უშედეგოდ დასრულდა ანგარიშზე თანხის არ ქონის გამო. კომპანიის განცხადებით, ვერ მოხერხდა სააბონენტო ხელშეკრულების მოძიება (შპს ,,ვიონი საქართველოს“ წერილები N386/18; 09.03.2018; N451/18; 20.03.2018). შპს ,,ვიონი საქართველომ“ საზოგადოებრივ დამცველს წარუდგინა ამონაწერი აბონენტისთვის გაგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინების თარიღისა და შინაარსის თაობაზე, ასევე, ამონაწერი აბონენტის მიერ გახარჯული მეგაბაიტების მოცულობის და ვადების შესახებ.

საზოგადოებრივი დამცველს მიაჩნია, რომ შპს ,,ვიონი საქართველოს“ მიერ დარღვეულია  ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმრებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტით გათვალისწინებული შემდეგი ნორმები:

  1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-4 პუნქტი, რომლის თანახმადაც, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარ აბონენტს დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მიაწოდოს მომსახურება სათანადოდ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე;
  2. „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა  უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 105 მუხლის  პირველი პუნქტი, რომლის თანახმადაც, ძირითადი მობილური სატელეფონო მომსახურება წარმოებს მომხმარებელსა და მომსახურების მიმწოდებელს შორის წერილობით დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.
  3. „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა  უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის თანახმადაც, მომსახურების მიმწოდებელი კომისიას ან კომისიასთან მოქმედ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივ დამცველს მათივე მოთხოვნით წარუდგენს მომხმარებლის საჩივართან დაკავშირებულ სრულ ინფორმაციას.
  4. „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა  უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის  მე-4 მუხლის მე-6 პუნქტი, რომლის თანახმადაც, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია მომხმარებელს ინდივიდუალური შეტყობინებით მიაწოდოს ინფორმაცია, მომსახურების პირობების იმგვარი ცვლილების შესახებ, რაც ზრდის მომხმარებელზე დაკისრებული ვალდებულებების მოცულობას ან/და იმგვარად ცვლის მომსახურების პირობებს, რომ აღნიშნულს შეუძლია არსებითი გავლენა მოახდინოს მომხმარებლის გადაწყვეტილებაზე მომსახურების მიღების გაგრძელების თაობაზე, ასევე, ინფორმაცია წინამდებარე რეგლამენტით დადგენილი წესით მომსახურების შეზღუდვის ან/და მომსახურების მიმწოდებლის ინიციატივით მომსახურების ვადაზე ადრე შეწყვეტის თაობაზე.

კომისიაში 2018 წლის 19 აპრილს დაინიშნა სხდომა შპს ,,ვიონი საქართველოს“ წინააღმდეგ ზ. კუპატაძის საჩივრის განსახილველად ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე საკითხის განხილვის მიზნით. 2018 წლის 19 აპრილს კომისიის სხდომა არ ჩატარდა კვორუმის არარსებობის გამო, რის გამოც კომისიის სხდომა დაინიშნა 2018 წლის 26 აპრილს. სხდომის გამართვის თარიღისა და დროის თაობაზე ეცნობათ შპს ,,ვიონი საქართველოს“ და მომხმარებელ ზ. კუპატაძეს.

2018 წლის 26 აპრილს მოხმარებელმა ზ. კუპატაძემ ელექტრონული ფოსტით მიმართა საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს და ითხოვა შპს ,,ვიონი საქართველოს“ წინააღმდეგ საქმის წარმოების შეწყვეტა.

კომისიის 2018 წლის 26 აპრილის სხდომაზე საზოგადოებრივი დამცველის თანაშემწემ ნ. ფანგანმა დაადასტურა, რომ მომხმარებელ ზ. კუპატაძე უარს აცხადებს კომისიის მიერ საჩივრის განხილვაზე.

II.  გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

  1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის თ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში. ამავე კანონის 62-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების  დაცვას ზედამხედველობს კომისია.
  2. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელის მიერ მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიმართოს თავად ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელს ან/და კომისიას ან პირდაპირ სასამართლოს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მომხმარებელთა განცხადებებსა და საჩივრებს კომისია განიხილავს ზეპირი მოსმენით, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესით, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი გამონაკლისებისა და იმ შემთხვევებისა, როდესაც დავის გადაწყვეტა არ მოითხოვს ორგანიზებული პროცედურების განხორციელებას.
  3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ა) ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების ერთ-ერთი საფუძველია დაინტერესებული პირის განცხადება.

კომისია აღნიშნავს, რომ  მომხმარებელმა ზ. კუპატაძემ საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს აცნობა, რომ შპს ,,ვიონი საქართველოს“ მიმართ პრეტენზია არ გააჩნდა და შესაბამისად, არ სურდა კომისიის მიერ მისი საჩივრის განხილვა. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მომხმარებელსა და მომსახურების მიმწოდებელს შორის დავის განხილვის საფუძველია მომხმარებლის საჩივარი/განცხადება და ამასთანავე, მომჩივანს არ სურს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყება შპს ,,ვიონი საქართველოს“ წინააღმდეგ მისი საჩივრის განხილვის მიზნით, კომისიას მიაჩნია, რომ მომხმარებელ ზ. კუპატაძის საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

III. სარეზოლუციო ნაწილი

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ა) ქვეპუნქტის, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-5 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

ა: 

  1. განუხილველად დარჩეს მომხმარებელ ზ. კუპატაძის საჩივარი შპს ,,ვიონი საქართველოს“ წინააღმდეგ;
  2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების მომხმარებელ ზ. კუპატაძის, შპს ,,ვიონი საქართველოს” და საზოგადოებრივი დამცველისთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა და გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდეზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება (ი. ხარებავა);
  3. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მხარეებისთვის ჩაბარების დღიდან;
  4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ., №6) მხარეებისთვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
  5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები