შპს „ვიონი საქართველოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი მაისი 15, 2018 11:35
მიღების თარიღი აპრილი 26, 2018
შპს „ვიონი საქართველოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
I. აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (Nშ-10/1394-18; 15.03.2018) შესაბამისად, ირკვევა, რომ ამავე დეპარტამენტის თანამშრომლის მიერ, მონიტორინგის ჩატარების მიზნით, 2018 წლის 14 მარტს, შპს „ვიონი საქართველოს“ დილერებისგან - ინდ.მეწარმე გ.ნაჭყებიასაგან, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გარეშე, შემმოწმებელი პირის მიერ ნაკარნახევი ფიზიკური პირის მცდარი პერსონალური მონაცემებით, შეძენილი იქნა შპს „ვიონი საქართველოს” სიმბარათი სააბონენტო ნომრით 5792405XX. შესაბამისად, შპს ,,ვიონი საქართველოს“ სააბონენტო ნომრის გაცემა განხორციელდა მომხმარებელთან სათანადოდ გაფორმებული ხელშეკრულების დადების გარეშე, რაც წარმოადგენს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევას. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,ვიონი საქართველოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2018 წლის 29 მარტს, 15:00 სთ-ზე, რის შესახებ შპს ,,ვიონი საქართველოს“ ეცნობა წერილობითი შეტყობინებით (03/1025-18, 22.03.2018) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე, განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
2018 წლის 28 მარტს კომისიაში შემოვიდა შპს „ვიონი საქათველოს“ წერილობითი პოზიცია (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-10/1645-18, 28.03.2018), რომელშიც აღნიშნულია, რომ კომისიისათვის ცნობილია, რომ შპს „ვიონი საქართველო“ 2018 წლის 01 მარტიდან გადავიდა სიმბარათების რეალიზაციის ახალ მოდელზე, რაც გულისხმობს სიმბარათების დილერების მიერ რეალიზაციას სადილერო აპლიკაციის მეშვეობით, რომელიც მიწოდებულ იქნა შპს „ვიონი საქართველოს“ ყველა დილერისა და სუბდილერისათვის. წერილობით პოზიციაში აღნიშნულია, რომ ისინი ვალდებულნი არიან გაყიდონ არააქტიური სიმბარათები, გადაუღონ ფოტო, როგორც აბონენტის პირადობის მოწობას, ასევე სააბონენტო ხელშეკრულებას და ატვირთონ ისინი შესაბამის პროგრამაში. პროგრამაში ატვირთვის შემდეგ, კომპანიის მიერ გამოყოფილი სპეციალური თანამშრომელი შეამოწმებს რამდენად ემთხვევა ხელშეკრულებაში მითითებული პირადი მონაცემები, აბონენტის რეალურ პირად მონაცემებს. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულებაში მითითებული პირადი მონაცემები დაემთხვევა აბონენტის პირად მონაცემებს, მოხდება მოცემული ნომრის გააქტიურება. მონაცემების შემოწმება და ნომრის გააქტიურება განხორციელდება ინფორმაციის აპლიკაციაში ატვირთვიდან 15 წუთის განმავლობაში.
შპს „ვიონი საქათველოს“ წერილობით პოზიციაში აღნიშნულია, რომ აღნიშნული აპლიკაციის ამოქმედების შემდეგ, 2018 წლის 01 მარტიდან შპს „ვიონი საქართველოს“ მიერ განხორციელდა ყველა იმ ნომრის დეაქტივაცია, რომლებიც გაცემული იყო დილერებისათვის სარეალიზაციოდ, თუმცა არ იყო გაყიდული და გააქტიურებული. ასევე, ბიზნესის მხარდაჭერის ახალ სისტემებზე გადასვლამდე (რაც კომპანიაში განხორციელდა 2018 წლის 01 თებერვლიდან), შპს „ვიონი საქართველოს“ არ ჰქონდა ტექნიკური საშუალება მოეხდინა არააქტიური სიმბარათების რეალიზაცია დილერების მეშვეობით, სისტემის ცვლილების შემდეგ კი, კომპანია მხოლოდ გაუაქტიურებელი სიმბარათების რეალიზაციას ახდენს, ზემოაღწერილი სქემის გამოყენებით.
წერილობით პოზიციაში ასევე აღნიშნულია, რომ შპს „ვიონი საქართველო“ მიმართავს ყველა ზომას, რათა აღკვეთილ იქნას სიმბარათების რეალიზაცია, კანონით დადგენილი წესის დარღვევით და ცდილობს იმოქმედოს კომისიის ინსტრუქციების შესაბამისად. წერილობით პოზიციაში ასევე აღნიშნულია, რომ მიუხედავად ამისა, კვლავ რჩება გარკვეული ხარვეზები, რომელთა აღმოსაფხვრელად თავდაუზოგავად მუშაობს კომპანია. ერთ-ერთ ასეთ ხარვეზს ჰქონდა ადგილი, კომისიის თანამშრომლის მიერ 2018 წლის 14 მარტს განხორციელებული საკონტროლო შესყიდვის დროს. კომპანიის მიერ მოკვლეულ იქნა აღნიშნულ სააბონენტო ნომერთან დაკავშირებული გარემოებები და დადგენილ იქნა შემდეგი:
- სააბონენტო ნომერი, რომელიც შეძენილ იქნა კომისიის თანამშრომლის მიერ, კომპანიის მიერ გაცემულ იქნა დილერ - ი/მ. ი.ქირიაზე. აღნიშნული დილერის მიერ გატანილი სიმბარათები დაფიქსირდა იმ ადმინისტრაციულ წარმოებაში, რასაც მოჰყვა კომისიის მიერ შპს „ვიონი საქართველოს“ დაჯარიმება 90 000 ლარით. შესაბამისად, კომპანიამ გააფრთხილა დილერი ი/მ. ი.ქირია და შეწყვიტა მასთან არსებული სადილერო ხელშეკრულება.
- სააბონენტო ნომერი 5792405XX გააქტიურებულ იქნა 2017 წლის 06 ივნისს, ტელეკომპანია „იმედის“ ერთ-ერთ ინტერაქტიულ ნომერზე - 95330 მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნით (წარმოდგენილია დეტალური ამონაწერი), რომლის ღირებულებამაც შეადგინა 50 თეთრი. სიმბარათის აქტივაციისათვის სააბონენტო ნომერზე 2017 წლის 07 ივნისს დარიცხულ იქნა ბონუსი 3000 წუთი, 50 sms და 51200 kb ინტერნეტი. 2017 წლის 07 ივლისს მან კვლავ განახორციელა ზარი ნომერზე - 95330, რომლის ღირებულებამ კვლავ 50 თეთრი შეადგინა. კომპანიის მიერ შემოწმებულ იქნა აღნიშნული დილერის კიდევ რამდენიმე ნომერი, აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთ ნომერზე (5791536XX) გააქტიურდა კრედიტი 3 ლარის ოდენობით, რომლიდანაც 2017 წლის 26 ნოემბერს განხორციელდა 1 ლარის გადარიცხვა - 5792405XX სააბონენტო ნომერზე. დილერი მოცემულ სქემას იყენებდა, რათა შეენარჩუნებინა სააბონენტო ნომრები აქტიურ მდგომარეობაში. როგორც წერილობით პოზიციაშია აღნიშნული, ყოველივე ზემოაღნიშნულის გამო, შპს „ვიონი საქართველოს“ სისტემის მიერ მოცემული ნომერი აღქმულ იქნა, როგორც აქტიური აბონენტი და არ მოხვდა იმ სააბონენტო ნომრების სიაში, რომლებიც დეაქტივირებულ იქნა 2018 წლის 01 მარტიდან. მიმდინარეობს კომპანიის ყველა დილერის გადამოწმება, აღნიშნული სქემით აქტიურ სიმბარათებთან დაკავშირებულ პრობლემურ სიტუაციასთან მიმართებით. უკვე გამოვლენილ იქნა ი/მ. ი.ქირიას მიერ სარეალიზაციოდ გატანილი სიმბარათებიდან სააბონენტო ნომრები, რომელთა დეაქტივაციაც დაუყოვნებლივ განხორციელდა.
- აღნიშნულ შემთხვევაში ადგილი აქვს მაქინაციურ სქემას, რომლის აღმოსაფხვრელადაც კომპანია მიმართავს ყოველგვარ ზომებს. შპს „ვიონი საქართველოს“ წერილობით პოზიციაში ასევე აღნიშნულია, რომ ხელშეკრულება, რომელიც გაფორმდა და გადაეცა კომისიის თანამშრომელს, არის ძველი ფორმის, რომელიც არ არის აქტუალური და კომპანია 2018 წლის 01 მარტიდან იყენებს სააბონენტო ხელშეკრულების ახალ ფორმას. შპს „ვიონი საქართველოს“ მიერ სადილერო ქსელიდან გამოთხოვილ იქნა ძველი ხელშეკრულების ფორმები, თუმცა როგორც ჩანს დილერთა ნაწილის მიერ არ მოხდა მათი დაბრუნება, იმ არგუმენტით, რომ დაზიანდა, დაიკარგა და ა.შ.
შპს „ვიონი საქართველოს“ მიერ წერილობით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-10/1645-18, 28.03.2018) მოთხოვნილ იქნა, რომ კომისიამ უზრუნველყოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის დავით ქუთათელაძის მიერ კომისიის სხდომაზე ახსნა-განმარტების მიცემა, თუ რა პირობებში განხორციელდა მის მიერ საკონტროლო შესყიდვა, იყო თუ არა დალუქულ მდგომარეობაში მის მიერ შეძენილი სიმბარათი და როგორია დღეისათვის არსებული ზოგადი სიტუაცია შპს „ვიონი საქართველოს“ სიმბარათების შეძენასთან დაკავშირებით.
კომისია აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობისას კომისიის შესაბამის დეპარტამენტს მონიტორინგის ჩატარების მიზნით დაევალა ხელმეორედ შეეძინა შპს „ვიონი საქართველოს“ დილერისგან სატელეფონო ნომერი. შპს ,,ვიონი საქართველოს“ სააბონენტო ნომრის შეძენა განხორციელდა ნაკარნახევი მცდარი მონაცემებით, მომხმარებელთან სათანადოდ გაფორმებული ხელშეკრულების დადების გარეშე.
2018 წლის 29 მარტის კომისიის სხდომაზე გამოცხადდა შპს „ვიონი საქართველოს“ წარმომადგენელი ი.ესართია, რომელმაც განაცხადა, რომ გ.ნაჭყებია არ წარმოადგენს მათი კომპანიის დილერს. ზემოაღნიშნული ნომერი შპს „ვიონი საქართველოს“ გაცემული ჰქონდა ინდ.მეწარმე ი.ქირიაზე. ამ ეტაპზე მასთან ხელშეკრულება გაუქმებულია და გადადიან სასამართლო დავაზე. გ.ნაჭყებია იყო ინდ.მეწარმე ი.ქირიას სუბდილერი, რომელთანაც შპს „ვიონი საქართველოს“ საკონტრაქტო ურთიერთობა არ აქვს. ი.ქირიასგან ამოღებულ იქნა აქტიური ნომრების მთლიანი ბაზა, რომლებიც იყო დაურეგისტრირებელი და ახასიათებდა გარკვეული აქტივობები. მათზე ანალიზით დაფიქსირდა, რომ 439 სატელეფონო ნომერს გარკვეული უცნაური აქტივობები ახასიათებს და ყველა მათგანი გაითიშა ავტომატურად. ყველა ეს ნომერი დაურეგისტრირებელია და კვარტალში ერთხელ ერთ აქტივაციას ახორციელებს. მათზე თანხაც არ ირიცხება, ერთიანად რიცხავენ ერთ ნომერზე სამ ლარს და თითო ლარად ანაწილებენ სხვადასხვა ნომერზე. შპს „ვიონი საქართველომ“ გასცა დავალება IT სამსახურზე, რომ სატელეფონო ნომრების მთელ ბაზაზე გააკეთონ ანალიზი, რათა იპოვონ მსგავსი უცნაური აქტივობების მქონე სატელეფონო ნომრები. აპლიკაციის გაშვების შემდეგ, ყველა გაუყიდავი სატელეფონო ნომერი გაითიშა, რომელიც დილერზე იყო გადაცემული. მათი აქტივაცია ხდება მხოლოდ კომპანიის ბექოფისიდან. ის, ნომრები, რომლებსაც ტრანზაქციები ჰქონდა განხორციელებული, სისტემამ აღიქვა აქტიურ აბონენტად.
კომისიის 2018 წლის 29 მარტის სხდომაზე კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის ინფრასტრუქტურისა და ქსელების მთავარმა სპეციალისტმა დ.ქუთათელაძემ აღნიშნა, რომ 2018 წლის 29 მარტს, სატელეფონო ნომრის შესყიდვისას მას გადაეცა ძველი ხელშეკრულება და ჩეკი, რომელზეც დაფიქსირებულია ინდ. მეწარმე ა.ღაჭავა. მის მიერ შეძენილი სატელეფონო ნომერი არის დალუქული. კომისიის სხდომის მსვლელობისას 2018 წლის 29 მარტს შეძენილი სატელეფონო ნომერი მოთავსდა მობილურ ტელეფონში და აღნიშნული სატელეფონო ნომრიდან განხორციელდა გამავალი ზარები სხვადასხვა სატელეფონო ნომერზე. შესაბამისად, დადგინდა, რომ ეს სატელეფონო ნომერი გააქტიურებულია. აღნიშნული გარემოებებისა და შპს „ვიონი საქართველოს“ ახსნა-განმარტების შესწავლის მიზნით კომისიის 2018 წლის 29 მარტის სხდომა გადაიდო და დაინიშნა 2018 წლის 5 აპრილს, რის თაობაზეც შპს „ვიონი საქართველო“ კანონმდებლობით დადგენილი წესით სხდომაზევე გაფრთხილდა.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის მოხსენებით ბარათში (შ-10/1715-18, 02.04.2018) აღწერილია ინფორმაცია ადმინისტრაციული წარმოების პროცესში დამატებით განხორციელებული შემოწმების და კომისიის 2018 წლის 29 მარტის სხდომაზე დალუქული სიმ-ბარათის სააბონენტო ნომრით - 5924949XX მობილურ ტელეფონში მოთავსებისა და სატელეფონო ზარების განხორციელების შესახებ, რომლის შესაბამისად, დადგინდა, რომ სიმ ბარათი აქტიური იყო. ასევე, მოხსენებით ბარათს ერთვის შესაბამისი დოკუმენტაცია. კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (შ-10/1715-18, 02.04.2018) თანდართული დოკუმენტაციით კომისიის 2018 წლის 3 აპრილის N03/1172-18 წერილით გაეგზავნა შპს „ვიონი საქართველოს“, რომელიც კომპანიას ჩაბარდა 2018 წლის 4 აპრილს.
2018 წლის 4 აპრილს კომისიაში შემოვიდა შპს „ვიონი საქართველოს“ წერილობითი პოზიცია (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/1754-18, 04.04.2018) თანდართული დოკუმენტაციით, რომელშიც აღნიშნულია, რომ მოცემული წარმოების ფარგლებში, 2018 წლის 29 მარტს გაიმართა სხდომა, რა დროსაც, კომისიის მიერ სხდომაზე წარმოდგენილ იქნა საკონტროლო შესყიდვის გზით, აპლიკაციისა და სათანადო რეგისტრაციის გარეშე შეძენილი, შპს „ვიონი საქართველოს“ დალუქული სიმ ბარათი სააბონენტო ნომრით - 5924949XX. აღნიშნულ სხდომაზე შემოწმდა სიმ ბარათი და აღმოჩნდა, რომ სააბონენტო ნომრიდან - 5924949XX შესაძლებელი იყო ზარების განხორციელება, შპს „ვიონი საქართველოს“ ბექ ოფისის მიერ ნომრის აქტივაციის გარეშე.
შპს „ვიონი საქართველოს“ წერილობით პოზიციაში აღნიშნულია, რომ მათ მიერ მოკვლეულ იქნა აღნიშნულ ნომერთან დაკავშირებული გარემოებები და დადგენილ იქნა შემდეგი:
- შპს „ვიონი საქართველო“ 2018 წლის 01 თებერვლიდან გადავიდა ბიზნესის მხარდაჭერის ახალ სისტემებზე. იმისათვის, რათა განხორციელებულიყო დილერების მიერ სარეალიზაციოდ უკვე გატანილი (ჯერ კიდევ აბონენტებზე არარეალიზებული) სასტარტო პაკეტების ახალ სისტემაში ასახვა, აუცილებელი გახდა აღნიშნული სასტარტო პაკეტებს მინიჭებოდა სტატუსი „აქტივივრებული“. 2018 წლის 17 იანვარს გაკეთდა სისტემური მოთხოვნა (RFC-Request For Change), რომლის მიხედვითაც განხორციელდა ზემოაღნიშნული სასტარტო პაკეტების აქტივაცია (დანართის 1 სახით წარმოდგენილია ამონაბეჭდი შესაბამისი სისტემიდან), 2018 წლის 23 იანვრიდან კი აღნიშნულ ნომრებს მიენიჭა სტატუსი „აქტივირებული“. მას შემდეგ, რაც განხორციელდებოდა აღნიშნული სასტარტო პაკეტების ახალ სისტემაში ასახვა, 2018 წლის 03 თებერვალს უნდა მომხდარიყო მათი დეაქტივაცია.
- 2018 წლის 01 თებერვალს კომპანიაში განხორციელებული სისტემური ცვლილება საკმაოდ კომპლექსური და რთული აღმოჩნდა, რის გამოც, შესაბამის პასუხისმგებელ პირს გამორჩა დროებით აქტივირებული ნომრების დეაქტივაცია. მოცემული ხარვეზი/შეცდომა, აღმოჩენილ იქნა, სწორედ, კომისიის დახმარებით, რის შემდგომაც შპს „ვიონი საქართველომ“ მიმდინარე წლის 02 აპრილს მოახდინა აღნიშნული ნომრების დეაქტივაცია (დანართი #2-ს სახით წარმოდგენილია ზემოაღნიშნული ნომრების სრული სია).
- შესაძლებელია კომისიის მიერ საკონტროლო შესყიდვის დროს, კვლავ განხორციელდეს სააბონენტო ნომრების შესყიდვა იმ დილერებისაგან, რომელთანაც უკვე შეწყვეტილი აქვს ხელშეკრულება შპს „ვიონი საქართველოს“, მაგრამ, რომლებსაც დარჩენილი აქვთ სადილერო ხელშეკრულების შეწყვეტამდე გატანილი სიმ ბარათების მარაგები, თუმცა აღნიშნული სააბონენტო ნომრები იქნება არააქტიური და მათი აქტივაციაც არ განხორციელდება, ვინაიდან დილერები, რომლებთანაც კომპანიამ შეწყვიტა ურთიერთობა ვერ სარგებლობენ შპს „ვიონი საქართველოს“ სადილერო აპლიკაციით. სავარაუდოდ, იმ შემთხვევაში, თუ ასეთი კატეგორიის დილერებისგან მოხდება არა აქტიური სიმბარათების შეძენა, ასეთი სააბონენტო ნომერი დაემთხვევა დანართ #2-ში მითითებულ რომელიმე ნომერს.
- სააბონენტო ნომერი- 592494914 გატანილ იყო შპს „ვიონი საქართველოს“ ყოფილი დილერის ი/მ. ი.ქირიას მიერ, რომელთანაც კომპანიამ შეწყვიტა ხელშეკრულება და, რომლის მტკიცებულებებიც კომპანიის მიერ უკვე წარმოდგენილია.
შპს „ვიონი საქართველოს“ წერილობით პოზიციაში მოთხოვნილია, ზემოაღნიშნულის დასადასტურებლად და კიდევ ერთხელ გადასამოწმებლად, კომისიის მიერ კვლავ განახორციელდეს შპს „ვიონი საქართველოს“ სააბონენტო ნომრის საკონტროლო შესყიდვა და სატესტო ზარების განხორციელება. ასევე, შპს „ვიონი საქართველოს“ წერილობით პოზიციაში აღნიშნულია, რომ კომისია მხედველობაში მიიღებს შპს „ვიონი საქართველოს“ მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს, იმ ძალისხმევას, რაც მან გასწია სიმ ბარათების კანონით დადგენილი წესით რეალიზაციასთან მიმართებით და არ გამოიყენებს შპს „ვიონი საქართველოს“ მიმართ საჯარიმო სანქციას.
კომისიის 2018 წლის 5 აპრილის სხდომაზე გამოცხადდა შპს „ვიონი საქართველოს“ წარმომადგენელი ი.ესართია, რომელმაც განაცხადა, რომ შპს „ვიონი საქართველომ“ თავისი პოზიცია კომისიაში წერილობით წარმოადგინა. მათ შეისწავლეს რატომ იყო აქტიური 2018 წლის 29 მარტს შესყიდული სატელეფონო ნომერი. აღმოაჩინეს კომპანიის თანამშრომლის შეცდომა. მტკიცებულების სახით წარმოადგინეს ლოგები და მოთხოვნები. ი.ესართიამ აღნიშნა, რომ 2018 წლის 17 იანვარს სისტემაში შეყვანილ იქნა მოთხოვნა, რომ ყველა სასტარტო პაკეტს, რომელიც დილერებზე იყო გაცემული, მინიჭებოდა აქტივირებულის სტატუსი. 2018 წლის პირველ თებერვალს შპს „ვიონი საქართველო“ ერთი ბილინგიდან გადავიდა მეორე ბილინგზე. დილერების მიერ ქსელში გატანილი სასტარტო პაკეტები ახალ ბილინგზე მიგრაციის დროს რომ არ დაკარგულიყო და არ წაშლილიყო, საჭირო იყო მისთვის აქტივირებული სტატუსის ხელით გაწერა. ამ ნომრებზე (დაახლოებით 60 000 ნომერი) შეტანილი იყო მოთხოვნა 2018 წლის 23-24 იანვარს და მათ მიენიჭათ აქტივირებული სტატუსი. პირველ თებერვალს ახალი სისტემის გაშვების შემდეგ ამ საკითხზე პასუხისმგებელ თანამშრომლებს ზემოაღნიშნული სატელეფონო ნომრებისთვის აქტივირებულის სტატუსი უნდა გაეთიშათ. მათ ეს არ გაუკეთებიათ და პირველ თებერვლამდე დილერების მიერ გატანილი სატელეფონო ნომრები დარჩა აქტიურ სტატუსში. პირველი თებერვლიდნ სადილერო ქსელში გასული სატელეფონო ნომრები არააქტიური იყო და პირველი მარტის შემდეგ, როცა აამუშავეს აპლიკაცია კომპანიის ბექოფისის გარეშე ვერ გააქტიურდებოდა. ი.ესართიამ აღნიშნა, რომ მტკიცებულების სახით წარმოდგენილი აქვთ ასევე ბაზიდან ამოღებული ნომრები, რომლებსაც დაედოთ „ბარინგი“. საუბარია 36,000 სატელეფონო ნომერზე, რომელიც აქტიურია და არ არის გაყიდული. შპს „ვიონი საქართველო“ ვარაუდობს, რომ სამომავლო საკონტროლო შესყიდვის დროს, რომელიც თაღლითურად შეიძლება იყოს გაყიდული ძველი ხელშეკრულებით და აპლიკაციის გარეშე, სატელეფონო ნომერი ვერ გააქტიურდება. მათ ოფისში მივიდნენ მომხმარებლები, რომლებმაც განაცხადეს, რომ სატელეფონო ნომრებს ვერ ააქტიურებდნენ. მათ ეს ნომრები ძველი ხელშეკრულებით ჰქონდათ შეძენილი. მომხმარებლებს სიმ ბარათები მიჰყიდა იგივე დილერმა ი.ქირიამ. ამ პირთან შპს „ვიონი საქართველოს“ არ აქვს დადებული ხელშეკრულება და ისინი იმყოფებიან სამართლებრივ დავაში სასამართლოში. აღნიშნულ აბონენტებს ხელახლა დაურეგისტრირდა კომპანიაში სიმ ბარათები. კომპანია დარწმუნებულია, რომ ეს სატელეფონო ნომრები ვეღარ გააქტიურდება და ხარვეზები აღმოფხვრილია. ი.ესართიამ აღნიშნა, რომ ასევე გასათვალისწინებელია “Sigos”-ის ინფორმაცია, რაც მოწმობს სიმ ბოქსების შემთხვევების შემცირებას მათ ქსელში.
შპს „ვიონი საქართველოს“ წარმომადგენელმა ი.ესართიამ მიმართა კომისიას თხოვნით გაითვალისწინონ ის ფაქტორი, რასაც შპს „ვიონი საქართველო“ აკეთებდა და აკეთებს ამ საკითხის მოგვარების კუთხით და არ დაასანქცირონ ფინანური ჯარიმის სახით, ვინაიდან არათანაბარზომიერია 270,000.00 ლარის დაკისრება ასეთი დარღვევისთვის, იმ პირობებში, როცა ოპერატორი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მინიმუმამდე დაიყვანოს ეს ფაქტი.
ი.ესართიამ ასევე აღნიშნა, რომ პირველად საკონტროლოდ შესყიდულ სატელეფონო ნომერთან დაკავშირებით შპს „ვიონი საქართველო“ არ სცნობს თავს დამნაშავედ, რადგან სიმ ბარათი იყო გამოყენებული და ნებისმიერ პირს შეუძლია იყიდოს სიმ ბარათი და გამოყენების შემდეგ გადაყიდოს იგი. კომპანია გახსნილ და ნახმარ სიმ ბარათზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს. მეორე შემთხვევაში კი, ეთანხმება კომისიას, რომ გარკვეული ხარვეზის, ადამიანური ფაქტორის გამო მოხდა გადაცდომა.
კომისიის 2018 წლის 5 აპრილის სხდომა გადაიდო და დაინიშნა 2018 წლის 19 აპრილს, 15 საათზე, რის თაობაზე შპს „ვიონი საქართველო“ კანონმდებლობით დადგენილი წესით სხდომაზევე გაფრთხილდა.
კომისიის 2018 წლის 19 აპრილის სხდომა არ შედგა კვორუმის არარსებობის გამო. შესაბამისად, ზემოაღნიშნული საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2018 წლის 26 აპრილი 15:00 საათი, რის შესახებაც შეტყობინებით (N03/1336-18; 20.04.2018) ეცნობა შპს „ვიონი საქართველოს“, რომელიც ჩაბარდა 2018 წლის 23 აპრილს.
კომისიის 2018 წლის 26 აპრილის სხდომაზე გამოცხადდა შპს „ვიონი საქართველოს“ წარმომადგენელი ი.ესართია, რომელსაც დამატებითი ახსნა-განმარტება არ გაუკეთებია.
II. ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გამოკვლეული მტკიცებულებები
- კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (Nშ-10/1394-18; 15.03.2018);
- შპს „ვიონი საქართველოს“ სიმ ბარათი სააბონენტო ნომრებით 5792405XX;
- ინდ.მეწარმე გ.ნაჭყებიას მიერ გაცემული გადახდის ქვითარი;
- შპს „ვიონი საქართველოს“ მიერ, გაფორმებული მობილური სატელეფონო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება სააბონენტო ნომერზე: 5792405XX;
- მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრისა და კომისიაში დაცული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემები შპს „ვიონი საქართველოს“ შესახებ;
- კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის სამსახურებრივი ბარათი (Nშ-10/1607-18, 27.03.2018);
- კომისიის 2017 წლის 5 ოქტომბრის N662/18, კომისიის 2017 წლის 16 ნოემბრის N752/18 და კომისიის 2018 წლის 25 იანვრის N21/18 გადაწყვეტილებები შპს „ვიონი საქართველოსთვის“ (ძველი სახელწოდება „მობიტელი") ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე";
- შპს „ვიონი საქართველოს“ წერილობითი პოზიცია (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-10/1645-18, 28.03.2018) თანდართული დოკუმენტაციით;
- კომისიის 2018 წლის 29 მარტის სხდომაზე შპს ,,ვიონი საქართველოს” წარმომადგენლის ი. ესართიას მიერ მიცემული ახსნა-განმარტება;
- კომისიის 2018 წლის 29 მარტის სხდომაზე კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის ინფრასტრუქტურისა და ქსელების მთავარმა სპეციალისტმა დავით ქუთათელაძის მიერ მიცემული ახსნა-განმარტება;
- კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (შ-10/1715-18, 02.04.2018);
- შპს „ვიონი საქართველოს“ სიმ ბარათი სააბონენტო ნომრებით 5924949XX;
- ინდ.მეწარმე ალექსანდრე ლეჟავას მიერ გაცემული გადახდის ქვითარი;
- შპს „ვიონი საქართველოს“ მიერ, გაფორმებული მობილური სატელეფონო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება სააბონენტო ნომერზე: 5924949XX;
- შპს „ვიონი საქართველოს“ წერილობითი პოზიცია (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/1754-18, 04.04.2018) თანდართული დოკუმენტაციით;
- კომისიის 2018 წლის 5 აპრილის სხდომაზე შპს „ვიონი საქართველოს“ წარმომადგენლის ი.ესართიას მიერ მიცემული ახსნა-განმარტება.
III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
1. შპს ,,ვიონი საქართველო“ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის თარიღი: 26.08.2005. ხელახალი რეგისტრაციის თარიღი: 12.02.2012. ავტორიზებული საქმიანობის სახეები: ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა; ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის (უსადენო) გატარების საშუალებებით უზრუნველყოფა; საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებით უზრუნველყოფა; ფიჭური ორგანიზების ტიპის საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; თანამგზავრული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; ინტერნეტ მომსახურება; ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; ინტერნეტ მომსახურება; მაუწყებლობის ტრანზიტი; მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული მომსახურებით უზრუნველყოფა; მოძრავი თანამგზავრული სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება თანამგზავრული არხით; თანამგზავრული ინტერნეტ მომსახურება; თანამგზავრული ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება; სხვა თანამგზავრული საკომუნიკაციო მომსახურება);
მტკიცებულება: კომისიაში დაცული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემები შპს „ვიონი საქართველოს“ შესახებ;
2. კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის თანამშრომლის მიერ, მონიტორინგის ჩატარების მიზნით, 2018 წლის 14 მარტს, ინდ.მეწარმე გ.ნაჭყებიასაგან, შეძენილი იქნა შპს „ვიონი საქართველოს” სიმბარათი სააბონენტო ნომრით 5792405XX. ინდ.მეწარმე გ.ნაჭყებიამ კომისიის თანამშრომელთან, შპს „ვიონი საქართველოს“ სახელით გააფორმა წერილობითი ხელშეკრულება „ბილაინის“ (შპს „ვიონი საქართველოს“ ბრენდული სახელწოდება) მობილური საკომუნიკაციო ხელშეკრულების გაწევის შესახებ, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გარეშე, შემმოწმებელი პირის მიერ ნაკარნახევი ფიზიკური პირის მცდარი პერსონალური მონაცემებით.
მტკიცებულება: კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის მოხსენებით ბარათზე (Nშ-10/1394-18; 15.03.2018) თანდართული ხელშეკრულება და სალაროს ქვითარი;
3. კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის თანამშრომლის მიერ, საკონტროლო შესყიდვის მიზნით, 2018 წლის 29 მარტს, ი/მ ალექსანდრე ლეჟავასგან, შეძენილი იქნა შპს „ვიონი საქართველოს” სიმბარათი სააბონენტო ნომრით 5924949XX. ინდ.მეწარმე ალექსანდრე ლეჟავამ კომისიის თანამშრომელთან, შპს „ვიონი საქართველოს“ სახელით გააფორმა წერილობითი ხელშეკრულება „ბილაინის“ (შპს „ვიონი საქართველოს“ ბრენდული სახელწოდება) მობილური საკომუნიკაციო ხელშეკრულების გაწევის შესახებ, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გარეშე, შემმოწმებელი პირის მიერ ნაკარნახევი ფიზიკური პირის მცდარი პერსონალური მონაცემებით. კომისიის 2018 წლის 29 მარტის სხდომაზე გაიხსნა დალუქული სიმ ბარათი, მოთავსდა მობილურ ტელეფონში და განხორციელდა გამავალი ზარები. აღნიშნული სიმ ბარათი აქტიური იყო.
მტკიცებულება: კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის მოხსენებით ბარათზე (შ-10/1715-18, 02.04.2018) თანდართული ხელშეკრულება და სალაროს ქვითარი; კომისიის 2018 წლის 29 მარტის სხდომაზე კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის თანამშრომლის დ.ქუთათელაძის მიერ მიცემული ახსნა-განმარება;
4. შპს „მობიტელს“, რომელმაც შეიცვალა სახელწოდება და გახდა შპს „ვიონი საქართველო“ კომისიის 2017 წლის 5 ოქტომბრის N662/18 გადაწყვეტილებით დაეკისრა გაფრთხილება, ხოლო კომისიის 2017 წლის 16 ნოემბრის N752/18 გადაწყვეტილებით დაეკისრა ჯარიმა 30 000 ლარის ოდენობით, ასევე კომისიის 2018 წლის 25 იანვრის N21/18 გადაწყვეტილებით დაეკისრა ჯარიმა 90 000 ლარის ოდენობით ანალოგიური დარღვევისთვის, კერძოდ, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 105 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის გამო.
მტკიცებულებები: კომისიის 2017 წლის 5 ოქტომბრის N662/18 , 2017 წლის 16 ნოემბრის N752/18 და კომისიის 2018 წლის 25 იანვრის N21/18 გადაწყვეტილებები შპს „ვიონი საქართველოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;
5. შპს „ვიონი საქართველოს“ ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის 3% აღემატება 270 000 (ორასსამოცდაათი ათასი) ლარს.
მტკიცებულება: კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის სამსახურებრივი ბარათი (Nშ-10/1607-18, 27.03.2018).
IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება:
- ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას ზედამხედველობს კომისია. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას;
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად;
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარ აბონენტს დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მიაწოდოს მომსახურება სათანადოდ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც უნდა მოიცავდეს: ა) ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლის დასახელებასა და მისამართს; ბ) პირობებს მიწოდებული მომსახურების სახის, ხარისხისა და პირველადი ჩართვის ვადის შესახებ; გ) მომსახურების მიწოდების შეზღუდვისა და შეწყვეტის პირობებს; დ) დაზიანების აღმოფხვრის პირობებს; ე) დეტალურ ინფორმაციას მომსახურების ტარიფების, აგრეთვე ცვლილების შემთხვევაში განახლებული ინფორმაციის მიღების შესახებ; ვ) ხელშეკრულების მოქმედების ვადის, მოქმედების შეწყვეტისა და მოქმედების ვადის გაგრძელების პირობებს; ზ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის ხარისხის დაცვის უზრუნველყოფისა და აღნიშნული ხარისხობრივი მაჩვენებლების დაუცველობის შემთხვევაში გათვალისწინებულ საკომპენსაციო მექანიზმებს; თ) მომსახურებასთან დაკავშირებული საჩივრების წარდგენისა და დავის გადაწყვეტის პროცედურას;
- კომისიის 2016 წლის 17 მარტის №3 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 105 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ძირითადი მობილური სატელეფონო მომსახურება წარმოებს მომხმარებელსა და მომსახურების მიმწოდებელს შორის წერილობით (ელექტრონულად) დადებული ხელშეკრულების ან/და დისტანციური გარიგების საფუძველზე, ხოლო დამატებითი მომსახურების მიწოდების პირობები შეიძლება განისაზღვროს სხვა (ელექტრონული ან სხვა ტიპის ოფერტა) ფორმითაც.
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის დაჯარიმების შემდეგ მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია დამრღვევს დააკისროს ჯარიმა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის 1 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 9000 და არა უმეტეს 90000 ლარისა, ან ლიცენზიის მფლობელის მიმართ იმოქმედოს ამ კანონის 54-ე მუხლის შესაბამისად. ხოლო, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის მეორედ დაჯარიმების შემდეგ, მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და მეორედ დაჯარიმების შემდეგ, მაგრამ პირველი დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში, ყოველი ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია დამრღვევს დააკისროს ჯარიმა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის 3 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 27000 და არა უმეტეს 270000 ლარისა, ან ლიცენზიის მფლობელის მიმართ იმოქმედოს ამ კანონის 54-ე მუხლის შესაბამისად.
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარ აბონენტს დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მიაწოდოს მომსახურება სათანადოდ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებით დამტკიცებული ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-105 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ძირითადი მობილური სატელეფონო მომსახურება წარმოებს მომხმარებელსა და მომსახურების მიმწოდებელს შორის წერილობით (ელექტრონულად) დადებული ხელშეკრულების ან/და დისტანციური გარიგების საფუძველზე. ამავე რეგლამენტის 122 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია დისტანციური გარიგება ისეთი ძირითადი საკომუნიკაციო მომსახურების თაობაზე, რომელიც უშუალოდ დაკავშირებულია ავტორიზებული პირის მიერ ეროვნული ნუმერაციის რესურსის მომხმარებელზე გაცემასთან ან ინტერნეტთან წვდომის უზრუნველყოფასთან (გარდა არაუმეტეს სამი დღის ხანგრძლივობით განხორციელებული ინტერნეტთან უსადენო ერთჯერადი ან/და დღიური წვდომის შემთხვევებისა), დადოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე, რომელიც მაიდენტიფიცირებელი მონაცემების (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) ელექტრონულად წაკითხვის საშუალებას იძლევა, ხოლო მე-13 პუნქტის შესაბამისად, საკომუნკაციო მომსახურების მიმწოდებელი, მიუხედავად იმისა, ამ დადგენილებით გათვალისწინებული თუ რომელი წესით ახდენს მომხმარებლების იდენტიფიცირებასა და გადამოწმებას, ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებლების სწორი იდენტიფიცირება.
ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ძირითადი მობილური სატელეფონო მომსახურების მიწოდება მომხმარებლისთვის უნდა მოხდეს წერილობით (ელექტრონულად) დადებული ხელშეკრულების ან/და დისტანციური გარიგების საფუძველზე, რომლის დადებისა და მომხმარებლის სწორი იდენტიფიცირების ვალდებულება ეკისრება მობილური საკომუნიკაციო მომსახურების გამწევ ავტორიზებულ პირს. შესაბამისად, მობილური სატელეფონო მომსახურების მიმწოდებელმა, მისივე ინტერესებიდან გამომდინარე, უნდა უზრუნველყოს სიმ-ბარათების (სააბონენტო ნომრების) რეალიზაცია და მობილური სატელეფონო მომსახურების მიწოდება მომხმარებლებთან დადებული ხელშეკრულების ან/და დისტანციური გარიგების საფუძველზე, რა დროსაც უნდა უზრუნველყოს მომხმარებლის სწორი იდენტიფიცირება (დისტანციური გარიგების შემთხვევაში უნდა მოხდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე).
კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების მიუხედავად, ძალიან ხშირად, სიმ-ბარათების რეალიზაცია ხდება წერილობითი ხელშეკრულების ან/და დისტანციური გარიგების დადებისა და მომხმარებლის იდენტიფიცირების გარეშე, რაც ხელს უწყობს ასეთი სიმ-ბარათების, ვინაიდან ასეთ დროს რთულია სააბონენტო ნომრების მფლობელი მომხმარებლების იდენტიფიცირება, გამოყენებას ტექნიკურ მოწყობილობებში (ე.წ. ,,სიმ ბოქსები"), რომელთა მეშვეობით ხდება საერთაშორისო ზარის ადგილობრივ ზარად წარმოჩენა, რითაც ზიანი ადგება როგორც სახელმწიფო ბიუჯეტს, ისე მომსახურების მიმწოდებელ კომპანიებს. მომსახურების მიმწოდებლის მიერ მომხმარებელთან წერილობითი ხელშეკრულების დადება, არა მხოლოდ მომსახურების მიმწოდებლის მიერ მისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებაა, არამედ ხელს უწყობს ასეთი სახის კანონდარღვევის პრევენციას. შესაბამისად, ძირითადი მობილური სატელეფონო მომსახურების მიმწოდებელმა ყველა კომპანიამ, მათივე ინტერესებიდან გამომდინარე, უნდა უზრუნველყონ სააბონენტო ნომრების რეალიზაცია და შესაბამისად, მობილური სატელეფონო მომსახურების მიწოდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ვიონი საქართველოს“ მხრიდან ადგილი აქვს წერილობით დადებული ხელშეკრულების გარეშე მომხმარებლისთვის მობილური სატელეფონო მომსახურების მიწოდებას, რითაც შპს „ვიონი საქართველოს“ მიერ დარღვეულია ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-4 პუნქტი, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი და ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 105 მუხლის პირველი პუნქტი, რაც მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია. ვინაიდან, ბოლო ერთი წლის განმავლობაში შპს „ვიონი საქართველოს“ მიმართ გამოყენებული იქნა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული, როგორც გაფრთხილება ისე ჯარიმა, ასევე ამავე მუხლის მე-2 პუქნტით განსაზღვრული ჯარიმა სააბონენტო ხელშეკრულების სათანადოდ გაფორმების ვალდებულების დარღვევის გამო, ხოლო მისი ბოლო 12 თვის შემოსავლის 3 პროცენტი აღემატება 270 000 (ოთხმოცდაათი ათასი) ლარს, მას უნდა დაეკისროს ჯარიმა 270 000 (ორასსამოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე, 97-ე, 98-ე და 99-ე მუხლების, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 43-ე და 44-ე და 45-ე მუხლების, 62-ე მუხლის მე-2 და მე–4 პუნქტების, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14, მე-15 და მე-17 პუნქტებისა და კომისიის 2016 წლის 17 მარტის №3 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 105 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „ვიონი საქართველოს“ დაეკისროს ჯარიმა 270 000 (ორასსამოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 105 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის გამო;
2. უზრუნველყოს შპს „ვიონი საქართველომ“ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა 30 სამუშაო დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი - 200122900;
ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი - TRESGE22;
სახაზინო კოდი - 300773251;
3. უზრუნველყოს შპს „ვიონი საქართველომ“ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი საბუთის კომისიაში წარმოდგენა, გადახდიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში;
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს შპს „ვიონი საქართველოსთვის“ მისი დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,ვიონი საქართველოსთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
6. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ი.ხარებავა) წინამდებარე გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ვიონი საქართველოსთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;
7. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ.გოშუა) შპს „ვიონი საქართველოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
8. დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს (ნ.დევდარიანი) გადაწყვეტილების (გარდა მე-6 და მე-7 პუნქტებისა) შესრულებაზე კონტროლი.
|
კომისიის თავმჯდომარე |
|
კახი ბექაური |
|
კომისიის წევრი |
|
ვახტანგ აბაშიძე |
|
კომისიის წევრი |
|
ელისო ასანიძე |
|
კომისიის წევრი |
|
გიორგი ფრუიძე |
|
კომისიის წევრი |
|
მერაბ ქათამაძე |
