წვდომის მენიუ

შპს „დი+“-სთვის ქმედების დავალდებულების თაობაზე

ნომერი: 231 / 22

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 06, 2018 12:17

მიღების თარიღი აპრილი 26, 2018

შპს „დი+“-სთვის ქმედების დავალდებულების თაობაზე

 I.     საქმის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (23.01.18 Nშ-10/369-18) საფუძველზე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „დი+“-ის მიერ სალიცენზიო ვალდებულებების შესრულების შესწავლის მიზნით. აღნიშნული მოხსენებითი ბარათის თანახმად, შესწავლილ იქნა შპს „დი+“-ის კუთვნილი მიმღები მოწყობილობა, რომელიც სამომხმარებლო ბაზარზე განთავსებულია „დიჯიტალ ტვ“-ის სახელწოდებით და წარმოადგენს ციფრული მაუწყებლობის მიღების შესაძლებლობის მქონე DVB-T2 ფორმატის მიმღებ მოწყობილობას, რომელიც დამატებით აღჭურვილია პირობითი დაშვების მოდულით.  ეს ნიშნავს, რომ ამ  მიმღებს აქვს შესაძლებლობა მიიღოს, დაამუშაოს და გადასცეს სატელევიზიო მიმღებს (ანალოგური ან  ციფრული ფორმატის), როგორც უფასო, ასევე ფასიანი სამაუწყებლო სიგნალი.

ასევე შესწავლილ იქნა:

ა) ოპერატორის მიერ პირობითი დაშვების და სმარტ-ბარათის მეშვეობით მომხმარებლისთვის მომსახურების (სამაუწყებლო პროგრამების) მიწოდების ტექნიკური პირობები;

ბ) მომხმარებლის მიერ მომსახურების (სამაუწყებლო პროგრამების) მიღების ტექნიკური შესაძლებლობები.

კომისიის აპარატის რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის მოხსენებით ბარათში (23.01.18 Nშ-10/369-18) აღნიშნულია, რომ  მიმღები მოწყობილობის (მოდელი BTV-5K) ტექნიკური პარამეტრები (დანართი 1, მოწოდებულია შპს „დ+“-ის მიერ) შესაბამისობაშია „ანალოგური მიწისზედა საეთერო ტელემაუწყებლობიდან ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლის სამოქმედო გეგმის და რეკომენდაციების“ მე-4 პარაგრაფის თანახმად შემუშავებულ სეთ-თოფ-ბოქსების დეტალური ტექნიკური სპეციფიკაციის დოკუმენტში (SET TOP BOX SPECIFICATION 14 June 2014) განსაზღვრულ ტექნიკურ პირობებთან და სტანდარტებთან.

„დიჯიტალ ტვ“-ის მიმღები დამატებით აღჭურვილია მაღალხარისხოვანი ვიდეოკოდირების (H.265, High Efficiency Video Coding, HEVC) შესაძლებლობით, რაც ხელს უწყობს რადიოარხის ეფექტურ გამოყენებას (ISO/IEC 23008–2, ITU-T H.265 სტანდარტის მიხედვით). პირობითი დაშვება ხორციელდება პირობითი დაშვების მოდულისა და მასში მოთავსებული სმარტ-ბარათის მეშვეობით, კომპანია „Sumavision“-ის მიერ შემუშავებული პირობითი დაშვების სისტემის გამოყენებით.

კომისიის ტექნიკური ჯგუფის მიერ შპს „დი+“-ის მიმღებზე დაკვირვების პროცესში   პირობითი დაშვების მოდულიდან ამოღებულ იქნა სმარტ-ბარათი, რის შემდეგაც შეუძლებელი გახდა არა მხოლოდ ფასიანი MUX-D, არამედ უფასო მაუწყებლობისათვის განკუთვნილი MUX-B და MUX-E-დან მიღებული სამაუწყებლო პროგრამების მიღებაც. ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ საქართველოს ტელერადიოცენტრის მიერ ციფრული მულტიპლექს პლატფორმით გავრცელებული „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ და თბილისის ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის სამაუწყებლო სიგნალების მიღება. ამდენად, უფასო მაუწყებლობისთვის განკუთვნილი სამაუწყებლო სიგნალის გავრცელებაც  პირობითი დაშვების სისტემის გამოყენებით ხორციელდება.

აღნიშნული პროცესის ტექნოლოგიიდან ირკვევა, რომ უფასო მაუწყებლობისათვის განკუთვნილი MUX-B და MUX-E სამაუწყებლო სიგნალები ვრცელდება სათაო სადგურიდან მიღებისა და დეკოდირებისათვის საჭირო გარკვეული ხასიათის ინფორმაციის თანხლებით. ინფორმაციას აღიქვამს დიჯიტალ ტვ-ის მიმღების პირობითი დაშვების მოდული მასში მოთავსებული სმარტბართით და  მხოლოდ ამ ინფორმაციის შესაბამისი დამუშავების შედეგადაა შესაძლებელი უფასო მაუწყებლობის მიღება.

სეთ-თოფ-ბოქსების დეტალური ტექნიკური სპეციფიკაციის დოკუმენტის (SET TOP BOX SPECIFICATION 14 June 2014), მე-3 პარაგრაფის თანახმად, მიმღებმა უნდა უზრუნველყოს ყველა შესაძლო ციფრული საეთერო სატელევიზიო და რადიო სერვისების მიღება.

შპს „დი+“-ისა და შპს „სტერეო+“-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მულტიპლექს პლატფორმებში (MUX-B და MUX-E) სამაუწყებლო სიგნალი გადაიცემა ნაკადების იდენტიფიცირების სიგნალების თანხლებით, ხოლო MUX-D სამაუწყებლო სიგნალი გადაიცემა ნაკადის იდენტიფიკატორისა და არხების ინდივიდუალური კოდირების სიგნალების თანხლებით.

პირობითი დაშვების სისტემა  წარმოადგენს პროგრამულ-აპარატულ მექანიზმს და გამოიყენება საეთერო, თანამგზავრულ ან საკაბელო მაუწყებლობის პროცესში მხოლოდ ფასიანი კოდირებული ტელე-რადიო არხებისადმი მომხმარებლის დაშვების ან შეზღუდვისათვის. ხოლო უფასო მაუწყებლობა უპირობიდაა ხელმისაწვდომი ყველა სახის მიმღები მოწყობილობისათვის მისი ტექნიკური შესაძლებლობების ფარგლებში.

ანალოგური მიწისზედა საეთერო ტელემაუწყებლობიდან ციფრულ სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლის საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ სამოქმედო გეგმა-რეკომენდაციებსა და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებებში  განიხილება უფასო მაუწყებლობა საყოველთაო ხელმისაწვდომობით და ფასიანი მაუწყებლობა პირობითი დაშვების სისტემის გამოყენებით. უფასო მაუწყებლობის რაიმე სახით შეზღუდვის შესაძლებლობა წარმოქმნის მესამე განსხვავებული ტიპის ციფრული მაუწყებლობის შესაძლებლობას, რაც არ არის გათვალისწინებული ზემოაღნიშნულ სახელმძღვანელო დოკუმენტებში.

შპს „დი+“-ის მიერ სალიცენზიო ვალდებულებების შესრულების შესწავლის მიზნით კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება და საკითხის განხილვა დაინიშნა 2018 წლის 15 მარტს, აღნიშნულის თაობაზე შპს „დი+“-ს ეცნობა შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება.

კომისიის 2018 წლის 15 მარტის სხდომაზე გამოცხადდა შპს „დი+“-ის დამფუძნებელი დ.ზილფიმიანი, წარმომადგენლები: გ.ხითარიშვილი, ნ.გელაძე და ი.პაპიძე. შპს „დი+“-ის დამფუძნებელმა დ.ზილფიმიანმა განაცხადა, რომ შპს „დი+“-ს ჰყავს ფასიანი ორი ტიპის აბონენტი. აბონენტი, რომელიც ყიდულობს მიმღებ მოწყობილობას (ე.წ. სეთ-თოფ ბოქსს) და შპს „დი+“-ს ყოველთვიურად უხდის მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურების გადასახადს, ხოლო სააბონენტო გადასახადის გადაუხდელობის შემთხვევაში, კომპანია მას უზღუდავს მხოლოდ ფასიანი არხების მიღებას და სეთ-თოფ ბოქსს არ ეზღუდება ქართული არხების მიღება; ასევე არსებობს მეორე ტიპის აბონენტი, რომელიც იჯარით იღებს სეთ-თოფ ბოქსს და გადასახადის (რომელიც მოიცავს, როგორც სტანდარტული პაკეტის ღირებულებას 12-ლარს, ისე სეთ-თოფ ბოქსის ქირას-3 ლარს) გადაუხდელობის შემთხვევაში მას ეთიშება, როგორც ფასიანი, ისე უფასო ქართული არხებიც. დ.ზილფიმიანმა ასევე აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში არ ითიშება „საქართველოს ტელერადიოცენტრის“ მულტიპლექსით გავრცელებული ქართული არხები, კერძოდ, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ არხები და „კავკასია“, თუმცა შპს „დი+“-ს აქვს ტექნიკური შესაძლებლობა გათიშოს აღნიშნული არხებიც.

კომისიის დავალების შესაბამისად, კომისიის აპარატის რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტმა შეამოწმა შპს „დი+“-ის მიმღები მოწყობილობის (ე.წ. სეთ-თოფ ბოქსის) სათაო სადგურიდან სრული ბლოკირების შესაძლებლობა.

კომისიის აპარატის რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის 05.04.18 Nშ-10/1797-18 მოხსენებითი ბარათის თანახმად, შპს „დი+“-ის შემოწმების მიზნით ჩატარებული ექსპერიმენტის ფარგლებში, სათაო სადგურიდან პირობითი დაშვების მოდულის მეშვეობით გადმოიცა სეთ-თოფ ბოქსის დაბლოკვის სახელობითი ბრძანება, რის შედეგადაც სეთ-თოფ ბოქსმა შეწყვიტა რეაგირება დისტანციური მართვის პულტზე და დაიბლოკა მისი მართვის ღილაკები. განბლოკვის ბრძანების მიღების შემდგომ სეთ-თოფ ბოქსი ამუშავდა ჩვეულებრივ რეჟიმში. ამასთან ჩატარდა განმეორებითი შესწავლა შპს „დი+“-ის მიმღები მოწყობილობის ცალკეული მუქსების დაბლოკვა/განბლოკვის შესაძლებლობის შესწავლის მიზნით, რა დროსაც დადასტურდა, რომ შპს „დი+“-ის მიმღები მოწყობილობა მიღებული ბრძანების შესაბამისად, ბლოკავს სასურველი მულტიპლექსის მიღების შესაძლებლობას. აღნიშნულმა შემოწმებამ ცხადყო, რომ შპს „დი+“-ის კუთვნილი მიმღები მოწყობილობა ინდივიდუალურად მართვადია სათაო სადგურიდან, შესაძლებელია დაიბლოკოს ნებისმიერი მულტიპლექსპლატფორმის მიღება და ამასთან ერთად განხორციელდეს მისი სრული ბლოკირება. კომისიის აპარატის რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის 05.04.18 Nშ-10/1797-18 მოხსენებით ბარათს დართული აქვს 02.04.18 შემოწმების აქტი N282 და 04.04.18  შემოწმების აქტი N283.

 II.   შესწავლილი მტკიცებულებები

1. კომისიის აპარატის რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (23.01.18 Nშ-10/369-18) თანდართული 23.01.18 N274 შემოწმების აქტით;

2. კომისიის აპარატის რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის (05.04.18 Nშ-10/1797-18) მოხსენებითი ბარათი თანდართული 02.04.18  N282  და 04.04.18  N283 შემოწმების აქტებით;

3. ვებგვერდზე განთავსებული მომსახურების შეთავაზებისა და სახელშეკრულებო პირობები;

4. შპს „სტერეო+“-სა და შპს „დი+“-ს შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №  MUX D ლიცენზიის გადაპირების თაობაზე კომისიის 2017 წლის 17 აგვისტოს N545/5 გადაწყვეტილება;

5. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 თებერვლის N206 განკარგულებით მოწონებული „ანალოგური მიწისზედა საეთერო ტელემაუწყებლობიდან ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლის სამოქმედო გეგმა და რეკომენდაციები“, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 მაისის N862 განკარგულებით მოწონებული „ანალოგური მიწისზედა საეთერო ტელემაუწყებლობიდან ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლის სამოქმედო გეგმა და შესაბამისი რეკომენდაციები-II ეტაპი “;

6. სეთ-თოფ-ბოქსების დეტალური ტექნიკური სპეციფიკაციის დოკუმენტი (SET TOP BOX SPECIFICATION 14 June 2014);

7. 2018 წლის 15 მარტისა და 26 აპრილის კომისიის სხდომებზე შპს „დი“-ის დამფუძნებლის დ.ზილფიმიანის მიერ მიცემული ახსნა-განმარტებები.

III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

1. შპს „დი+“-ს კომისიის 2017 წლის 17 აგვისტოს N545/5 გადაწყვეტილების შესაბამისად გადაეპირა შპს „სტერეო+“-ის მფლობელობაში არსებული MUX D ლიცენზია და გადაეცა ყველა სალიცენზიო ვალდებულება;

2. კომისიის 2017 წლის 17 აგვისტოს N545/5 გადაწყვეტილების დ.ო) პუნქტის შესაბამისად, შპს „დი+” ვალდებულია, ქსელის ფარგლებში არსებული რესურსი გამოიყენოს, როგორც ღია საეთერო და/ან მომხმარებელთათვის უფასო კრიპტო-კოდირებული (საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული/ავტორიზებული მაუწყებლის) ასევე მომხმარებელთათვის ფასიანი კრიპტო-კოდირებული სატელევიზიო მომსახურების (მაუწყებლობის ტრანზიტის) მისაწოდებლად;

3. შპს „დი+“ მულტიპლექსპლატფორმას იყენებს, მხოლოდ მომხმარებლებისთვის ფასიანი კრიპტო-კოდირებული სატელევიზიო მომსახურების მისაწოდებლად. ღია საეთერო არხების გავრცელებას ახორციელებს შპს „სტერეო+“, რომელსაც აქვს შესაბამისი ხელშეკრულებები გაფორმებული მაუწყებლებთან. რაც შეეხება შპს „დი+“-ის სეთ თოფ-ბოქსის მეშვეობით ღია ეთერში განთავსებული ქართული არხების გავრცელებას, აღნიშნული განპირობებულია იგივე ტექნოლოგიითა და იგივე სპეციფიკაციების მქონე სეთ-თოფ ბოქსების გამოყენებით, რაც არ აძლევს უფლებას შპს „დი+“-ს შეზღუდოს ღია ეთერში გავრცელებული ქართული სამაუწყებლო არხების  მომხმარებლების მიერ მიღება და ღია საეთერო არხებთან მიმართებით კრიპტო-კოდირება;

4. შპს „დი+“-ის ვებგვერდზე (www.digital.ge) განთავსებულია კომპანიის შეთავაზება, რომლის შესაბამისად, კომპანია მომხმარებელს სთავაზობს სატელევიზიო არხების სტანდარტულ პაკეტში 27 სამაუწყებლო არხს და ასევე არის მითითება, რომ „დიჯიტალ ტვ“-ს მიმღებს შეუძლია, მიიღოს ღია ეთერით გავრცელებული ქართული არხები. შეთავაზებაში ასევე აღნიშნულია, რომ „დიჯიტალ ტვ“-ს ქსელში ჩართვა უფასოდ არის შესაძლებელი, მიმღები გადაეცემა დროებით სარგებლობაში და გააქტიურდება    სააბონენტოს - 12 ლარის და მიმღების ქირის - 3 ლარის  გადახდის შემდეგ. მიმღების მუდმივ საკუთრებაში მიღების სურვილის შემთხვევაში, მისი ფასი შეადგენს 99 ლარს, რომელშიც შედის ერთი თვის გადასახადი, ხოლო მომდევნო თვიდან გადასახდელი სააბონენტო გადასახადი 12 ლარს შეადგენს.

5. შპს „დი+“-ის სააბონენტო ხელშეკრულების პირობების  შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ იმ შემთხვევაში თუ აბონენტს სამაუწყებლო არხების მიმღები მოწყობილობა (ე.წ. სეთ-თოფ ბოქსი) აქვს საკუთრებაში, მომსახურების შეზღუდვის შეწყვეტის შემთხვევაში, იგი ვერ შეძლებს მხოლოდ ფასიანი არხების ყურებას, ხოლო სამაუწყებლო არხების მიმღები მოწყობილობის იჯარით, დროებით სარგებლობაში გადაცემის შემთხვევაში, მიმღები იბლოკება სრულად და ამასთანავე აბონენტი არ თავისუფლდება მიმღები მოწყობილობის ქირის თანხის - 3 ლარის  გადახდისაგან.

IV.  გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის მე-3  პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლების მქონე პირების, მათ შორის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელის, მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის შესაბამისი დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, აგრეთვე სალიცენზიო პირობების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელთა მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების შემოწმებას კომისია ახორციელებს სალიცენზიო პირობების შერჩევით შემოწმებით ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ რეგულარული ანგარიშგებით. გარდა ამისა, კომისია უფლებამოსილია ჩაატაროს შემოწმება კომისიაში შესული საჩივრის, ექს-პარტე შეტყობინების, საგაზეთო ან სხვაგვარი ინფორმაციის საფუძველზე; 

2. კომისიის 2017 წლის 17 აგვისტოს N545/5 გადაწყვეტილების დ.ო) პუნქტის შესაბამისად, შპს „დი+” ვალდებულია, ქსელის ფარგლებში არსებული რესურსი გამოიყენოს, როგორც ღია საეთერო და/ან მომხმარებელთათვის უფასო კრიპტო-კოდირებული (საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული/ავტორიზებული მაუწყებლის) ასევე მომხმარებელთათვის ფასიანი კრიპტო-კოდირებული სატელევიზიო მომსახურების (მაუწყებლობის ტრანზიტის) მისაწოდებლად.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „დი+“ ქართულ სამაუწყებლო არხებს, რომლებიც ღია ეთერში გადაიცემა საკუთარ მომხმარებლებს აწვდის მულტიპლექსპლატფორმისა და სეთ-თოფ ბოქსების მეშვეობით, რა დროსაც გარკვეულ შემთხვევაში იყენებს შეზღუდვის მექანიზმებს.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 თებერვლის N206 და  2016 წლის 18 მაისის N862 განკარგულებებით მოწონებული „ანალოგური მიწისზედა საეთერო ტელემაუწყებლობიდან ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლის სამოქმედო გეგმისა და რეკომენდაციების“ შესაბამისად, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესში, რეფორმის მთავარ მიზნად დაისახა მრავალფეროვან და მაღალხარისხიან საეთერო სამაუწყებლო კონტენტზე მომხმარებელთა წვდომის უფასოდ უზრუნველყოფა, რაც შესაძლებელი იქნებოდა, შესაბამისი სეთ-თოფ ბოქსების შეძენის შემთხვევაში;

კომისია აღნიშნავს, რომ ქართული სამაუწყებლო არხები, რომლებიც ღია ეთერში გადაიცემა და რომელთა მიღება შესაძლებელია შპს „დი+“-ის მიერ მომხმარებლებისთვის გადაცემული მიმღები მოწყობილობებით (ე.წ. სეთ-თოფ ბოქსებით), მომხმარებლებს უნდა მიეწოდოთ უფასოდ, ხოლო შპს „დი+“-ის აბონენტის მიერ სააბონენტო თანხის (რომელიც მოიცავს მხოლოდ სტანდარტული პაკეტის ღირებულებას) გადაუხდელობა, შესაძლოა გახდეს, მხოლოდ იმ სამაუწყებლო არხების გათიშვის საფუძველი, რომლებსაც შპს „დი+“ აწვდის მომხმარებელს სტანდარტული პაკეტის ფარგლებში. შპს „დი+“-ის აბონენტის მიერ სააბონენტო ღირებულების გადაუხდელობისა და მიმღები მოწყობილობის დაბლოკვის შემთხვევაში, შპს „დი+“-ის აბონენტი უნდა ღებულობდეს ღია ეთერით გადაცემულ ქართულ არხებს, ვინაიდან შპს „დი+“-ის სახელშეკრულებო პირობების შესაბამისად, მომხმარებელი სეთ-თოფ ბოქსის სრულად დაბლოკვის შემთხვევაშიც არ თავისუფლდება ყოველთვიური ქირის თანხის - 3 ლარის, გადახდისაგან.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შპს „დი+“-ს უნდა დაევალოს აბონენტებთან გაფორმებული ხელშეკრულების იმგვარად დაკორიქტირება, რომ უზრუნველყოფილი იქნას აბონენტის მიერ მაუწყებლობის მიმღები მოწყობილობის ქირის გადახდის შემთხვევაში ღია ეთერში გადაცემული ქართული არხების დაუბრკოლებლად მიღება.

V.    სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-3  პუნქტის, 44-ე მუხლის მეორე პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაცული კოდექსის 95-ე, 96-ე, 97-ე და 98-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შესაბამისად, ერთხმად,

ა:

1. შპს „დი+“-ს დაევალოს 2018 წლის პირველ ივლისამდე, აბონენტებთან გაფორმებული ხელშეკრულებების და ვებგვერდზე განთავსებული მომსახურების შეთავაზებისა და სახელშეკრულებო პირობების იმგვარად დაკორიქტირება, რომ უზრუნველყოფილი იქნას მაუწყებლობის მიმღები მოწყობილობის (ე.წ. სეთ-თოფ ბოქსის) ქირის გადახდის შემთხვევაში აბონენტების მიერ ღია ეთერში გადაცემული ქართული არხების დაუბრკოლებლად მიღება;

2. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ნ. ჯავახიძე) წინამდებარე გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის დაუყოვნებლივ გაგზავნა შპს „დი+“-სთვის;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., N6) შპს „დი+“-სთვის ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტს (ს.შავგულიძე).

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები