შპს „გეო ვლანისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 04, 2018 15:17
მიღების თარიღი აპრილი 26, 2018
შპს „გეო ვლანისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ
I. აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მოხსენებითი ბარათის და სამსახურებრივი ბარათის (Nშ-10/1674-18, 30.03.2018 და Nშ-10/1849-18, 13.04.2018) საფუძველზე 2018 წლის 13 აპრილს კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „გეო ვლანისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილებისა და კომისიის 2018 წლის 22 თებერვლის N94/18 გადაწყვეტილების დარღვევის, კერძოდ, რეგულირების საფასურის გადახდის ვალდებულებების დარღვევის გამო.
კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მოხსენებით ბარათში (Nშ-10/1674-18, 30.03.2018) აღნიშნულია, რომ შპს „გეო ვლანს“ არ შეუსრულებია შპს „გეო ვლანისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2018 წლის 22 თებერვლის N94/18 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით დაკისრებული ვალდებულება. კერძოდ, აღნიშნული გადაწყვეტილებით შპს „გეო ვლანს“ დაევალა რეგულირების საფასურის დავალიანების - 444,07 ლარის, კომისიის ანგარიშზე ჩარიცხვა 10 სამუშაო დღის ვადაში. კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მოხსენებით ბარათში ასევე აღნიშნულია, რომ შპს „გეო ვლანის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი 2018 წლის თებერვლის თვის რეგულირების საფასურის გაანგარიშების 1,9 ფორმის შესაბამისად და არსებული დავალიანების გათვალისწინებით, 2018 წლის 29 მარტის მდგომარეობით შპს „გეო ვლანს“ ერიცხება რეგულირების საფასურის დავალიანება 460.53 ლარი.
კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის სამსახურებრივი ბარათიდან (Nშ-10/1849-18, 13.04.2018) დამატებით ირკვევა, რომ შპს „გეო ვლანმა“ 2018 წლის 3 აპრილის მდგომარეობით განახორციელა კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასურის დავალიანების ნაწილის - 150 ლარის ჩარიცხვა და დღეის მდგომარეობით კომპანიას კომისიაში წარმოდგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშებების ფორმების შესაბამისად, გააჩნია რეგულირების საფასურის დავალიანება 310.53 ლარის ოდენობით.
შპს „გეო ვლანისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა დაინიშნა 2018 წლის 19 აპრილს, 15:00 საათზე, რის თაობაზეც ავტორიზებულ პირს ფოსტით გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება (N03/1283-18,13.04.2018). შეტყობინებით, შპს „გეო ვლანი“ მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად და განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება. კომისიის შეტყობინება (N03/1283-18,13.04.2018) კომპანიას ჩაბარდა 2018 წლის 16 აპრილს.
კომისიის 2018 წლის 19 აპრილის სხდომა არ შედგა კვორუმის არარსებობის გამო. შესაბამისად, ზემოაღნიშნული საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2018 წლის 26 აპრილი 15:00 საათი, რის შესახებაც შეტყობინებით (N03/1337-18; 20.04.2018) ეცნობა შპს „გეო ვლანს“, რომელიც ჩაბარდა 2018 წლის 23 აპრილს.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის სამსახურებრივი ბარათიდან (შ-10/2033-18, 24.04.2018) დამატებით ირკვევა, რომ შპს „გეო ვლანმა“ 2018 წლის 24 აპრილის მდგომარეობით სრულად დაფარა რეგულირების საფასურის დავალიანება და წარმოადგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშებების შესაბამისად, ზედმეტად ერიცხება რეგულირების საფასური -3.01 ლარის ოდენობით.
კომისიის 2018 წლის 26 აპრილის სხდომაზე არ გამოცხადდა შპს „გეო ვლანის“ წარმომადგენელი, მუხედავად იმისა, რომ კომისიის შეტყობინება (N03/1337-18; 20.04.2018) კომპანიას ჩაბარდა 2018 წლის 23 აპრილს (გზავნილის კოდი: AP01004322963; ჩაიბარა: ა.ალიევმა). საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის მიერ შესრულებულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნა დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით და შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი შპს „გეო ვლანის“ წარმომადგენლის დაუსწრებლად.
II. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები:
- კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მოხსენებითი ბარათი (Nშ-10/1674-18, 30.03.2018);
- კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის სამსახურებრივი ბარათი (Nშ-10/1849-18, 13.04.2018);
- კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის სამსახურებრივი ბარათი (Nშ-10/1890-18, 16.04.2018);
- კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის სამსახურებრივი ბარათი (შ-10/2033-18, 24.04.2018);
- კომისიის წერილი (№03/649-18; 26.02.2018) და მასზე თანდართული „შპს „გეო ვლანისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2018 წლის 22 თებერვლის N94/18 გადაწყვეტილება და აღნიშნულის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (გზავნილის კოდი:AP01004172367; ჩაბარების თარიღი: 27.02.2018);
- კომისიის შეტყობინება (N03/1283-18,13.04.2018) გაგზავნილი შპს „გეო ვლანისთვის“ და აღნიშნული შეტყობინების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (გზავნლის კოდი: AP01004323023);
- კომისიის შეტყობინება (N03/1337-18; 20.04.2018)) გაგზავნილი შპს „გეო ვლანისთვის“ და აღნიშნული შეტყობინების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (გზავნლის კოდი: AP01004322963);
- მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „გეო ვლანის“ შესახებ მონაცემები;
III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
- შპს „გეო ვლანი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის თარიღი: 2011 წლის 26 სექტემბერი). ავტორიზებული საქმიანობის სახე: A.F.3 ძირითადი საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; B.F.2 ინტერნეტ მომსახურება);
- შპს „გეო ვლანი“, როგორც ავტორიზებული პირი, ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
- შპს „გეო ვლანს“ 2018 წლის 30 მარტის მდგომარეობით არ ქონდა შესრულებული შპს „გეო ვლანისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2018 წლის 22 თებერვლის N94/18 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი, რომლის შესაბამისად, შპს გეო ვლანს“ დაევალა რეგულირების საფასურის დავალიანების - 444,07 ლარის, კომისიის ანგარიშზე ჩარიცხვა 10 სამუშაო დღის ვადაში. ხოლო შპს „გეო ვლანის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი 2018 წლის თებერვლის თვის რეგულირების საფასურის გაანგარიშების 1,9 ფორმის შესაბამისად და არსებული დავალიანების გათვალისწინებით, 2018 წლის 30 მარტის მდგომარეობით შპს „გეო ვლანს“ ერიცხებოდა რეგულირების საფასურის დავალიანება 460.53 ლარის ოდენობით;
- 2018 წლის 13 აპრილის მდგომარეობით, გამოირკვა, რომ 2018 წლის 3 აპრილს შპს „გეო ვლანმა“ კომისიის ანგარიშზე ჩარიცხა რეგულირების საფასურის დავალიანების ნაწილი -150 ლარი. შესაბამისად, 2018 წლის 13 აპრილის მდგომარეობით ერიცხებოდა რეგულირების საფასურის დავალიანება - 310.53 ლარის ოდენობით;
- შპს „გეო ვლანმა“, 2018 წლის 24 აპრილის მდგომარეობით სრულად დაფარა რეგულირების საფასურის დავალიანება და წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების მომენტისთვის კომისიაში წარმოდგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშებების ფორმების შესაბამისად, ზედმეტად ერიცხება რეგულირების საფასური - 3.01 ლარის ოდენობით;
- „შპს „გეო ვლანისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2018 წლის 22 თებერვლის N94/18 გადაწყვეტილებით შპს „გეო ვლანს“ მიეცა წერილობითი გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და ლ) ქვეპუნქტების, კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილებით დამტკიცებული „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის“ მე-6 პუნქტის დარღვევის გამო. ამავე გადაწყვეტილებით, შპს „გეო ვლანს“ დავალებული ჰქონდა რეგულირების საფასურის დავალიანების 444,07 ლარის კომისიის ანგარიშზე ჩარიცხვა 10 სამუშაო დღის ვადაში;
IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, ხოლო ლ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია გადაიხადოს რეგულირების საფასური;
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის ოდენობას შეადგენს, ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,75 პროცენტი. ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის დადგენილებით დამტკიცებული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის შესახებ და კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური;
- „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების შესაბამისად, დადგენილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირები და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირები ვალდებულნი არიან ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული ფორმით (დანართი №1) ელექტრონულად, კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის (http://stats.gncc.ge) ფორმა 1.9-ის (რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმა) საშუალებით, წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია საანგარიშო თვის გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური;
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა.
კომისიას მიაჩნია, რომ შპს „გეო ვლანის“ მიერ რეგულირების საფასურის გადახდასთან დაკავშირებით ვადების დარღვევა სახეზეა, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნები და ვალდებულებები შესრულებულ იქნა (დარღვევა აღმოფხვრილი იქნა), კერძოდ, შპს „გეო ვლანის“ მიერ ამ გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის შესრულებულია ის კანონისმიერი ვალდებულება, რომელიც მას, როგორც ავტორიზებულ პირს გააჩნდა ადმინისტრაციული წარმოების დაწყებამდე, კომისიას მიაჩნია, რომ უფლებამოსილია დარღვევის აღმოფხვრის ფაქტის გათვალისწინებით, გაათავისუფლოს შპს „გეო ვლანი“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან და შეწყვიტოს დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება შპს „გეო ვლანისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის, მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და ლ) ქვეპუნქტების, 43-ე მუხლის პირველი პუნქტის, 44-ე მუხლის პირველი პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილებით დამტკიცებული „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის“, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე 98-ე და 99-ე მუხლებისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
- შეწყდეს შპს „გეო ვლანისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება;
- დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „გეო ვლანისთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;
- გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „გეო ვლანისთვის“ ჩაბარების დღიდან;
- გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) შპს „გეო ვლანისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
- კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი.ხარებავა).
|
კომისიის თავმჯდომარე |
|
კახი ბექაური |
|
კომისიის წევრი |
|
ვახტანგ აბაშიძე |
|
კომისიის წევრი |
|
ელისო ასანიძე |
|
კომისიის წევრი |
|
გიორგი ფრუიძე |
|
კომისიის წევრი |
|
მერაბ ქათამაძე |
