საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე, რადიომაუწყებლობის პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 04, 2018 16:17
მიღების თარიღი აპრილი 26, 2018
საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე, რადიომაუწყებლობის პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად, კომისია განსაზღვრავს საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე რადიომაუწყებლობის პრიორიტეტებს ლიცენზიის მაძიებლებისათვის.
მაუწყებლობის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ წინადადებების შემუშავება საზოგადოებრივი აზრისა და სამაუწყებლო ბაზრის კვლევის შედეგების გათვალისწინებით, მათ განხორციელებაზე ზედამხედველობა და კონტროლი, წარმოადგენს კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე–3 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების შესაბამისად, ხოლო საზოგადოებრივი აზრის შესწავლა კომისიის მხრიდან ამ ფუნქციის განხორციელების წინაპირობაა.
„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 115-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებით, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით, შეიძლება გამოიცეს იმ შემთხვევაში, თუ იგი ეხება პირთა ფართო წრის ინტერესებს.
გამომდინარე იქიდან, რომ საზოგადოებრივი აზრის კვლევა დასრულებულია, კომისიის კანონისმიერი ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფისა და სამაუწყებლო სფეროში ლიცენზირებადი საქმიანობის დაწყების მსურველთა ოდენობის გათვალისწინებით, რაც წარმოადგენს მნიშვნელოვან საჯარო ინტერესს, მიზანშეწონილია დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება, რადიომაუწყებლობის პრიორიტეტების დადგენის მიზნით.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება რადიომაუწყებლობის პრიორიტეტების დადგენის მიზნით (საზოგადოებრივი აზრის კვლევა თან ერთვის, 99 ფურც.);
2. ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2018 წლის 31 მაისს 15:00 საათზე, ხოლო გადაწყვეტილება მიღებულ იქნას ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 დღის ვადაში;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას:
ა) საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ ცნობის გამოქვეყნება (ნ. ჯანელიძე);
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება (ნ. ჯანელიძე);
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ძალით;
5. გადაწყვეტილება ძალაშია კომისიის სხდომაზე გამოცხადების დღიდან;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);
7. დაევალოს კომისიის პრეს–მდივანს აღნიშნული საკითხის საინფორმაციო უზრუნველყოფა (ლ. ბერიძე);
|
კომისიის თავმჯდომარე |
|
კახი ბექაური |
|
კომისიის წევრი |
|
ვახტანგ აბაშიძე |
|
კომისიის წევრი |
|
ელისო ასანიძე |
|
კომისიის წევრი |
|
გიორგი ფრუიძე |
|
კომისიის წევრი |
|
მერაბ ქათამაძე |
