„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 28 აპრილის №172/22 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი მაისი 04, 2018 15:14
მიღების თარიღი აპრილი 26, 2018
„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 28 აპრილის №172/22 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონების შესაბამისად, კომისია გასცემს სალიცენზიო მოწმობებს, ხოლო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევთა კოდექსის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის უფლებამოსილება ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე, ასევე, კომისიის კომპეტენციაა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს N669 ბრძანებით დამტკიცებული “მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების” შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ლიცენზიისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმები განეკუთვნება მკაცრი აღრიცხვის ფორმებს. „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლი და მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი ითვალისწინებს სამართალსუბიექტების მიერ გამოყენებული ან გამოსაყენებელი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ენის სახელმწიფო პალატასთან შეთანხმებული მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნიმუშების (პროექტების) საქართველოს ფინანსთა სამინისტროში რეგისტრაციაში გატარებას, ხოლო ზემოაღნიშნული ბრძანება კი სამართალსუბიექტების მიერ მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე კომისიის გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობას.
კომისია აღნიშნავს, რომ 2006 წლის 28 აპრილის №172/22 გადაწყვეტილებით დამტკიცდა ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი”, რომლის შესაბამისადაც განისაზღვრა მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული პროცედურები და აღნიშნული პროცედურების განმახორციელებელი კომისიის აპარატის სტრუქტურული ერთეულები.
კომისია, ასევე, აღნიშნავს, რომ 2017 წლის 23 დეკემბერს, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში, ,,ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონში, ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში და ,,სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობასთან დაკავშირებით განხორციელებული ცვლილებების შედეგად, კომისიას განესაზღვრა საზოგადოებაში მედია წიგნიერების განვითარების ხელშეწყობის ფუნქცია. ამ დამატებითი ფუნქციის შესრულების ფინანსური უზრუნველყოფის მიზნით განისაზღვრა კომისიის ბიუჯეტის დაფინანსების დამატებითი წყარო, კერძოდ, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური, გარდა ლიცენზიის მისაღებად გადასახდელი ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურისა, ჩაირიცხება კომისიის ბიუჯეტში. ასევე, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლების გაცემა, ნებართვის ნაცვლად, მოხდება კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე მინიჭებით. ამასთან, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად, კომისიას დაევალა კომისიის შესაბამის კანონქვემდებარე ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში შესაბამისი ცვლილებების შეტანა 2018 წლის 1 მარტამდე. აღნიშნული ვალდებულების შესრულების მიზნით, კომისიამ ცვლილებები შეიტანა „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13, „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის N2 და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებებში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რადიოსიხშირული სპექტრით/ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მიცემა ნებართვის ნაცვლად განხორციელდება კომისიის გადაწყვეტილებით, მინიჭებით და აღარ მოხდება სანებართვო მოწმობების გაცემა. შესაბამისად, უნდა შევიდეს ცვლილებები „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2006 წლის 28 აპრილის N172/22 გადაწყვეტილებაში და აღნიშნული გადაწყვეტილებით განისაზღვროს როგორც კომისიაში მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენების, ისე რადიოსიხშირული სპექტრით/ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების აღრიცხვა-ანგარიშგების წესი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ14), ჰ47), ჰ49) და ჰ50) ქვეპუნქტების, მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ბ), ზ) და ვ) ქვეპუნქტების, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ლ) ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 45-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 47-ე მუხლის მე-6 პუნქტის, 471 მუხლის, 48-ე და 54-ე მუხლების, ასევე „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 55-ე და 56-ე მუხლების, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 29-ე და 30-ე პუნქტების და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონებისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს N669 ბრძანების შესაბამისად, კომისიამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2006 წლის 28 აპრილის №172/22 გადაწყვეტილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) გადაწყვეტილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებისა და რადიოსიხშირული სპექტრით/ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“.
ბ) გადაწყვეტილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შედეგი რედაქციით:
„1. დამტკიცდეს:
ა) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებისა და რადიოსიხშირული სპექტრით/ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების აღრიცხვა-ანგარიშგების წესი (თან ერთვის)“.
2. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 28 აპრილის N172/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. მკაცრი აღრიცხვის ფორმები
კომისიის მიერ გამოსაყენებელ მკაცრი აღრიცხვის ფორმებს (დოკუმენტები) განეკუთვნება:
ა) სალიცენზიო მოწმობები.
ბ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი“.
ბ) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. სალიცენზიო მოწმობა
1. კომისიის მიერ ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძველზე გაიცემა მხოლოდ სალიცენზიო მოწმობა, ცალკე ლიცენზია არ გაიცემა.
2. სალიცენზიო მოწმობები გაიცემა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის, კერძო მაუწყებლობისა და სათემო მაუწყებლობის ლიცენზიების გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებათა საფუძველზე.
3. კერძო და სათემო მაუწყებლობის სალიცენზიო მოწმობა შეიცავს: ლიცენზიის ნომერს, ლიცენზიის სახეს და ლიცენზიის სახეობას, ლიცენზიის მფლობელის დასახელებას, ლიცენზიის მფლობელის სარეგისტრაციო მონაცემებს, მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიულ ზონას, მაუწყებლობის ტექნიკურ პარამეტრებს და სალიცენზიო ვალდებულებებს, ლიცენზიის გაცემის თარიღს, ლიცენზიის მოქმედების ვადას.
4. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სალიცენზიო მოწმობა შეიცავს: ლიცენზიის ნომერს, ლიცენზიით მინიჭებულ რადიოსიხშირულ სპექტრს, ლიცენზიის მფლობელის დასახელებას, ლიცენზიის მფლობელის სარეგისტრაციო მონაცემებს, ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიულ ზონას, სალიცენზიო ვალდებულებებს, ლიცენზიის გაცემის თარიღს, ლიცენზიის მოქმედების ვადას.
5. სალიცენზიო მოწმობას ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და კომისიის წევრები.“.
გ) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. ლიცენზიების/რადიოსიხშირული სპექტრით/ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების აღრიცხვა
1. ლიცენზიები/რადიოსიხშირული სპექტრით/ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებები ინომრება მისი იდენტიფიცირებისა და რეესტრში აღრიცხვის მიზნით.
2. სამაუწყებლო ლიცენზიას ენიჭება კოდი B და შემდეგ ინომრება რიგითობის მიხედვით – 1; 2; 3; და ა.შ.
3. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიას ენიჭება კოდი F ან MUX და შემდეგ ინომრება რიგითობის მიხედვით - 1; 2; 3; ან A; B; C; და ა.შ.
4. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებას ენიჭება კოდი N და შემდეგ ინომრება კომისიის მიერ გაცემული ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვების ნუმერაციის გაგრძელებით, რიგითობის მიხედვით.
5. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლებას ენიჭება კოდი F და შემდეგ ინომრება კომისიის მიერ გაცემული რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვების ნუმერაციის გაგრძელებით, რიგითობის მიხედვით.“.
დ) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. სალიცენზიო მოწმობების ნუმერაცია
სამაუწყებლო და რადიოსიხშირული სპექტრითა სარგებლობის სალიცენზიო მოწმობები ინომრება რიგითობის მიხედვით, ექვსნიშნა ნუმერაციით – 00 00 01, 00 00 02 და ა.შ.“.
ე) მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. სალიცენზიო მოწმობის გაცემა ლიცენზიის ცვლილებისას
ლიცენზიის მოდიფიცირების (ცვლილების) შემთხვევაში, როცა იცვლება სალიცენზიო მოწმობის რეკვიზიტები, ლიცენზიის ნომერი რჩება უცვლელი და გაიცემა ახალი სალიცენზიო მოწმობა. ამ შემთხვევაში ძველი სალიცენზიო მოწმობა ითვლება გაუქმებულად; ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ჩააბაროს კომისიას გაუქმებული სალიცენზიო მოწმობა. წინააღმდეგ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია წარუდგინოს კომისიას მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები.“.
ვ) მე-10 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10. სალიცენზიო მოწმობების გაცემა“.
ზ) მე-12 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 12. სალიცენზიო მოწმობის დუბლიკატის გაცემა“.
2. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (მ.ნინუა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის კომისიის მიერ განხორციელებული ცვლილებების თაობაზე ინფორმაციის წარდგენა;
3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ნ.შოვნაძე) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.; N6) ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ი.ხარებავა).
„დამტკიცებულია”
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის
2006 წლის 28 აპრილის 172/22 გადაწყვეტილებით
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებისა და რადიოსიხშირული სპექტრით/ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების აღრიცხვა-ანგარიშგების წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს N 669 ბრძანების შესაბამისად, კომისია ვალდებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს რეგისტრაციისთვის წარუდგინოს მის მიერ გამოყენებული ან გამოსაყენებელი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებული მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნიმუშები (პროექტები).
2. მკაცრი აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმებით (დოკუმენტებით) მომარაგებას კომისია ახორციელებს დამოუკიდებლად.
3. კომისია ვალდებულია მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) წარმოებაში გამოვლენილი დარღვევებისას იმოქმედოს დაუყოვნებლივ, არსებული წესის შესაბამისად.
4. წინამდებარე წესის მოთხოვნათა დარღვევა, შეუსრულებლობა ან უგულებელყოფა ისჯება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 2. მკაცრი აღრიცხვის ფორმები
კომისიის მიერ გამოსაყენებელ მკაცრი აღრიცხვის ფორმებს (დოკუმენტები) განეკუთვნება:
ა) სალიცენზიო მოწმობები.
ბ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.
მუხლი 3. სალიცენზიო მოწმობა
1. კომისიის მიერ ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძველზე გაიცემა მხოლოდ სალიცენზიო მოწმობა, ცალკე ლიცენზია არ გაიცემა.
2. სალიცენზიო მოწმობები გაიცემა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის, კერძო მაუწყებლობისა და სათემო მაუწყებლობის ლიცენზიების გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებათა საფუძველზე.
3. კერძო და სათემო მაუწყებლობის სალიცენზიო მოწმობა შეიცავს: ლიცენზიის ნომერს, ლიცენზიის სახეს და ლიცენზიის სახეობას, ლიცენზიის მფლობელის დასახელებას, ლიცენზიის მფლობელის სარეგისტრაციო მონაცემებს, მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიულ ზონას, მაუწყებლობის ტექნიკურ პარამეტრებს და სალიცენზიო ვალდებულებებს, ლიცენზიის გაცემის თარიღს, ლიცენზიის მოქმედების ვადას.
4. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სალიცენზიო მოწმობა შეიცავს: ლიცენზიის ნომერს, ლიცენზიით მინიჭებულ რადიოსიხშირულ სპექტრს, ლიცენზიის მფლობელის დასახელებას, ლიცენზიის მფლობელის სარეგისტრაციო მონაცემებს, ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიულ ზონას, სალიცენზიო ვალდებულებებს, ლიცენზიის გაცემის თარიღს, ლიცენზიის მოქმედების ვადას.
5. სალიცენზიო მოწმობას ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და კომისიის წევრები.
მუხლი 4. ლიცენზიების/რადიოსიხშირული სპექტრით/ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების აღრიცხვა
1. ლიცენზიები/რადიოსიხშირული სპექტრით/ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭება ინომრება მისი იდენტიფიცირებისა და რეესტრში აღრიცხვის მიზნით.
2. სამაუწყებლო ლიცენზიას ენიჭება კოდი B და შემდეგ ინომრება რიგითობის მიხედვით – 1; 2; 3; და ა.შ.
3. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიას ენიჭება კოდი F ან MUX და შემდეგ ინომრება რიგითობის მიხედვით - 1; 2; 3; ან A; B; C; და ა.შ.
4. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებას ენიჭება კოდი N და შემდეგ ინომრება კომისიის მიერ გაცემული ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვების ნუმერაციის გაგრძელებით, რიგითობის მიხედვით;
5. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლებას ენიჭება კოდი F და შემდეგ ინომრება კომისიის მიერ გაცემული რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვების ნუმერაციის გაგრძელებით, რიგითობის მიხედვით.
მუხლი 5. სალიცენზიო მოწმობების ნუმერაცია
სამაუწყებლო და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სალიცენზიო მოწმობები ინომრება რიგითობის მიხედვით, ექვსნიშნა ნუმერაციით – 00 00 01, 00 00 02 და ა.შ.
მუხლი 6. სალიცენზიო მოწმობის გაცემა ლიცენზიის გადაპირებისას
1. ლიცენზიის სრული პირდაპირი გადაპირებისას ლიცენზიის ნომერი რჩება უცვლელი და გაიცემა ახალი სალიცენზიო მოწმობა;
2. ლიცენზიის ნაწილის პირდაპირი გადაპირებისას ხდება ლიცენზიის ნაწილის გამოყოფა არსებული ლიცენზიიდან და გამოყოფილ ლიცენზიას ენიჭება ახალი ნომერი. ლიცენზიის ძველ და ახალ მფლობელებზე გაიცემა ახალი სალიცენზიო მოწმობები;
3. პირველი და მეორე პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ძველი სალიცენზიო მოწმობა ითვლება გაუქმებულად; ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია წინასწარ ჩააბაროს კომისიას გაუქმებული სალიცენზიო მოწმობა. წინააღმდეგ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია წარუდგინოს კომისიას მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები.
მუხლი 7. სალიცენზიო მოწმობის გაცემა ლიცენზიის ცვლილებისას
ლიცენზიის მოდიფიცირების (ცვლილების) შემთხვევაში, როცა იცვლება სალიცენზიო მოწმობის რეკვიზიტები, ლიცენზიის ნომერი რჩება უცვლელი და გაიცემა ახალი სალიცენზიო მოწმობა. ამ შემთხვევაში ძველი სალიცენზიო მოწმობა ითვლება გაუქმებულად; ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ჩააბაროს კომისიას გაუქმებული სალიცენზიო მოწმობა. წინააღმდეგ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია წარუდგინოს კომისიას მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები.
მუხლი 8. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების ნუმერაცია
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმებს ენიჭება ექვსნიშნა ნომერი -00 00 01, 00 00 02 და ა.შ.
მუხლი 9. მკაცრი აღრიცხვის ფორმების შევსება და რეგისტრაცია
1. სალიცენზიო მოწმობების შევსებას და რეგისტრაციას სარეგისტრაციო ჟურნალში (დანართი 1) ახორციელებს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტი;
2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების შევსებას ახორციელებენ კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიის, აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების და რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტები, ხოლო რეგისტრაციას სარეგისტრაციო ჟურნალში (დანართი 2) - კომისიის ადმინისტრაცია.
მუხლი 10. სალიცენზიო მოწმობების გაცემა
შევსებული სალიცენზიო მოწმობების გაცემა ხდება ლიცენზიის მფლობელის უფლებამოსილ პირზე – დირექტორზე ან საამისოდ უფლებამოსილ წარმომადგენელზე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე, რომელიც სარეგისტრაციო ჟურნალში (დანართი 1) ხელმოწერით ადასტურებს სალიცენზიო მოწმობის მიღებას.
მუხლი 11 . ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების გაცემა
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი დგება 3 პირად, საიდანაც პირველი პირი გადაეცემა კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს, მეორე რჩება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენთან, ხოლო მესამე - ოქმის შემდგენელთან.
მუხლი 12. სალიცენზიო მოწმობის დუბლიკატის გაცემა
1. გაცემული სალიცენზიო მოწმობის დაკარგვის შემთხვევაში, კომისია გასცემს სალიცენზიო მოწმობის დუბლიკატს, ლიცენზიის მფლობელის მიერ საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ;
2. დაკარგული/გაუქმებული სალიცენზიო მოწმობის მფლობელმა დუბლიკატის/ახალი სალიცენზიო მოწმობის მისაღებად უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) განცხადება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად;
ბ) ცნობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან სალიცენზიო მოწმობის დაკარგვის შესახებ;
გ) სალიცენზიო მოწმობის დუბლიკატისათვის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
3. განცხადების მიღებიდან 2 დღის ვადაში კომისია გასცემს სალიცენზიო მოწმობის დუბლიკატს და შესაბამისი ინფორმაცია შეაქვს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.
4. გაცემულ დუბლიკატს დაესმება შტამპი აღნიშვნით „დუბლიკატი”;
5. გაცემული დუბლიკატის რეგისტრაცია ხდება სალიცენზიო მოწმობის დუბლიკატის რეგისტრაციის ჟურნალში (დანართი 3).
მუხლი 13. მკაცრი აღრიცხვის ფორმების დამზადება და მიღება
1. მკაცრი აღრიცხვის ფორმების შეკვეთას კომისია ახორციელებს პოლიგრაფიულ საწარმოსთან (რომელიც აკმაყოფილებს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნებს) ხელშეკრულების გაფორმების საფუძველზე;
2. პოლიგრაფიული საწარმოდან მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოტანის უფლება აქვს კომისიის მიერ უფლებამოსილ პასუხისმგებელ პირს კომისიის თავმჯდომარის მიერ გაცემული სათანადო მინდობილობის საფუძველზე;
3. პოლიგრაფიული საწარმოდან მკაცრი აღრიცხვის ფორმების გაცემაზე გამოიწერება ანგარიშ-ფაქტურა სამ პირად, რომელშიც აღინიშნება ფორმის დასახელება, სერია, ნომერი, რულონების ან წიგნების რაოდენობა, ბლანკის რაოდენობა და სხვა აუცილებელი რეკვიზიტები. ანგარიშ-ფაქტურის ორი ეგზემპლარი გადაეცემა კომისიას, რომელთაგან ერთი მატერიალურად პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით წარედგინება კომისიის აპარატის საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურს, ხოლო მეორე რჩება პასუხისმგებელ პირს;
4. მკაცრი აღრიცხვის ფორმები აღირიცხება მასალების ბუღალტრულ ანგარიშზე მათი შეძენის ფაქტობრივი თვითღირებულებით;
5. მკაცრი აღრიცხვის ფორმების მიღებისას, თუ მათი ფაქტიური რაოდენობა და ნუმერაცია არ შეესაბამება თანმხლებ დოკუმენტებში აღნიშნულს, შედგება აქტი, რომელიც წარედგინება ფორმების მიმწოდებელ საწარმოს სხვაობის მიზეზების დასადგენად და სათანადო ზომების მისაღებად;
6. მკაცრი აღრიცხვის ფორმებით დროული უზრუნველყოფისა და სათანადო მარაგების შექმნაზე კონტროლს ახორციელებს კომისიის ადმინისტრაცია.
მუხლი 14. მკაცრი აღრიცხვის ფორმების შენახვა, აღრიცხვა და გაცემა
1. მკაცრი აღრიცხვის ფორმები ინახება კომისიის ადმინისტრაციაში;
2. კომისიის ადმინისტრაციის პასუხისმგებელმა პირმა კომისიის აპარატის ყველა დასაქმებულს, რომელთაც ევალებათ მკაცრი აღრიცხვის ფორმების შენახვა და გაცემა, უნდა შეუქმნას სათანადო პირობები ამ ფორმებით შესაბამისი ოპერაციების წარმოებისათვის;
3. მკაცრი აღრიცხვის ფორმები ინახება სპეციალურად გამოყოფილ სეიფში;
4. კომისია უზრუნველყოფს მკაცრი აღრიცხვის ფორმების შენახვის, გაცემისა და მათთან დაკავშირებული სხვა ოპერაციების შესასრულებლად განკუთვნილი სათავსების დაცულობას;
5. მკაცრი აღრიცხვის ფორმების გადაცემა კომისიის აპარატის პასუხისმგებელ დასაქმებულზე ხორციელდება სათანადო მოთხოვნის საფუძველზე, მიღება_ჩაბარების აქტით (დანართი 4), რომელშიც აღინიშნება ფორმის დასახელება და რაოდენობა;
6. კომისიის აპარატის პასუხისმგებელ დასაქმებულს სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საქვეანგარიშოდ მიღებული მკაცრი აღრიცხვის ფორმების დაცულობისა და მისი ბრალეული დამოკიდებულებით გამოწვეულ ზიანზე.
მუხლი 15. გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღრიცხვის ფორმების ჩამოწერა
1. გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღრიცხვის ფორმები ჩამოიწერება:
ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო;
ბ) ბლანკის ფიზიკური დაზიანების გამო;
გ) მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხიდან ამოღების გამო;
2. გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღრიცხვის ფორმების ჩამოწერა უნდა მოხდეს ჩამოწერის აქტის შედგენით (დანართი 5). ჩამოწერის აქტი დგება პასუხისმგებელი პირის მიერ და მოწმდება კომისიის წევრების ხელმოწერით;
3. გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღრიცხვის ფორმების ექსპერტიზა-უტილიზაცია ხორციელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
