შპს „ქეი ენდ ქეი თივი“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი მაისი 21, 2018 10:58
მიღების თარიღი მაისი 03, 2018
შპს „ქეი ენდ ქეი თივი“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
I. აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის 2018 წლის 16 მარტის N10/1410-18 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ქეი ენდ ქეი თივი“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით, მის მიერ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და ლ) ქვეპუნქტების, მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების დარღვევის გამო.
კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მოხსენებითი ბარათის (N10/1410-18, 16.03.18) თანახმად, შპს „ქეი ენდ ქეი“-ს, კომისიის 2018 წლის 18 იანვრის N16/18 გადაწყვეტილებით - „შპს „ქეი ენდ ქეი თივი“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“, დაევალა 10 სამუშაო დღის ვადაში რეგულირების საფასურის დავალიანების 226.46 ლარის კომისიის ანგარიშზე ჩარიცხვა. ამასთან, შპს „ქეი ენდ ქეი თივი“-ს მიერ კომისიაში წარმოდგენილი ნაწილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმებიდან დგინდება, რომ კომპანიას 2018 წლის 15 მარტის მდგომარეობით კომისიის წინაშე ერიცხება 245.53 ლარის ოდენობის დავალიანება.
კომისიის მიერ საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2018 წლის 19 აპრილი. აღნიშნულის თაობაზე შეტყობინება ფოსტით გაეგზავნა შპს „ქეი ენდ ქეი თივი“-ს და განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება.
კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა 2018 წლის 19 აპრილს. კომისიის 2018 წლის 19 აპრილის სხდომა არ შედგა კვორუმის არარსებობის გამო. შესაბამისად, ზემოაღნიშნული საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2018 წლის 26 აპრილი 15:00 საათი, რის შესახებაც შეტყობინებით ეცნობა შპს „ქეი ენდ ქეი თივი“-ს.
კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა 2018 წლის 26 აპრილს, კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდა შპს „ქეი ენდ ქეი თივი“-ს წარმომადგენელი და არც მისთვის სხდომის გამართვის თაობაზე წერილობითი შეტყობინების (N03/1333-18, 20.04.2018) ჩაბარების ფაქტი არ დადასტურდა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. გამომდინარე აქედან, კომისიამ გადადო საკითხის განხილვა 2018 წლის 3 მაისს. აღნიშნულის თაობაზე შპს „ქეი ენდ ქეი თივი“-ს ეცნობა შტყობინებით.
კომისიის 2018 წლის 3 მაისის სხდომაზე არ გამოცხადდა შპს „ქეი ენდ ქეი თივი“-ს წარმომადგენელი მიუხედავად იმისა, რომ კომისიის შეტყობინება (№03/1400-18; 27.04.2018) სხდომის გადადების თაობაზე გადაგზავნილ იქნა, როგორც კომპანიის იურიდიულ მისამართზე, ისე კომპანიის ფაქტობრივ მისამართზე ასევე, შეტყობინება შპს „ქეი ენდ ქეი თივი“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისა და საკითხის განხილვის დღის, დროისა და ადგილის შესახებ გამოქვეყნდა კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (http://gncc.ge/ge/news/shetyobinebebi/shetyobineba-shps-new-net-s.page ).
შეტყობინების კომპანიის იურიდიულ და ფაქტობრივ მისამართზე გაგზავნით, ასევე საჯაროდ გამოქვეყნებით კომისიამ უზრუნველყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნა დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი შპს „ქეი ენდ ქეი თივი“-ს წარმომადგენლის დაუსწრებლად.
კომისიის 2018 წლის 3 მაისის სხდომაზე კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის წამყვანმა სპეციალისტმა ნ. ჯანელიძემ აღნიშნა, რომ შპს „ქეი ენდ ქეი ტივი“-ს 2018 წლის 3 მაისის მდგომარეობით კომისიაში წარმოდგენილი გაანგარიშებების შესაბამისად კომისიის წინაშე ერიცხება რეგულირების საფასურის დავალიანება 252,68 ლარი.
II. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები
- კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მოხსენებითი ბარათი (№შ-10/1410-18; 16.03.18);
- მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „ქეი ენდ ქეი თივი“-ს შესახებ მონაცემები;
- კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის წამყვანი სპეციალისტის ნ. ჯანელიძის ახსნა-განმარტება მიცემული კომისიის 2018 წლის 3 მაისის სხდომაზე.
III. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
1. შპს „ქეი ენდ ქეი თივი“ 2015 წლის 11 ივნისიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს (ავტორიზებული საქმიანობის სახე: A.F.1 ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა; A.F.4 მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი) გატარების საშუალებებითა და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზურნველყოფა);
2. შპს „ქეი ენდ ქეი თივი“ როგორც ავტორიზებული პირი, ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
3. შპს „ქეი ენდ ქეი თივი“-ს გადაწყვეტილების მიღების მომენტისთვის კომისიაში წარმოდგენილი ჰქონდა, როგორც სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები, ასევე რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმები, რომელთა შესაბამისად, გამოვლინდა, რომ კომპანიას კომისიის წინაშე ერიცხება რეგულირების საფასურის დავალიანება, კერძოდ, 252.68 ლარი;
4. შპს „ქეი ენდ ქეი თივი“-ს კომისიის 2018 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებით - „შპს „ქეი ენდ ქეი თივი“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ რეგულირების საფასურის დავალიანების -226.46 ლარის გადაუხდებლობის გამო მიეცა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა წერილობითი გაფრთხილება.
IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ამავე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, ხოლო ლ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია გადაიხადოს რეგულირების საფასური;
2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის ოდენობას შეადგენს, ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,75 პროცენტი. ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის დადგენილებით დამტკიცებული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის შესახებ და კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური;
3. „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების შესაბამისად, დადგენილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული და კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი პირების მიერ კომისიაში რეგულირების საფასურის გაანგარიშებების წარმოდგენისა და გადახდის წესი, რომლის შესაბამისადაც ავტორიზებული პირები და სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური;
4. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა.
კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ქეი ენდ ქეი თივი“-ს მიერ რეგულირების საფასურის დავალიანების, 252.68 ლარის, გადაუხდელობით დარღვეულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და ლ) ქვეპუნქტები და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების მე-6 პუნქტი, რაც წარმოადგენს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს.
გამომდინარე იქიდან, რომ შპს „ქეი ენდ ქეი თივი“-ს მიმართ 2018 წლის 18 იანვრის N16/18 გადაწყვეტილებით მსგავსი დარღვევისთვის გამოყენებული იქნა წერილობით გაფრთხილება, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესამისად კომპანიას უნდა დაეკისროს ჯარიმა. კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის N10/1933-18 სამსახურებრივი ბარათის შესაბამისად შპს „ქეი ენდ ქეი თივი“-ს ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის 0,5 % არ აღემატება 3000 ლარს, შესაბამისად, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კომპანიას უნდა დაეკისროს 3000 ლარის ოდენობის ჯარიმა, ამავდროულად, სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, შპს „ქეი ენდ ქეი თივი“-ს უნდა დაევალოს რეგულირების საფასურის დავალინების - 245.53 ლარის გადახდა.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის, მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის, მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და ლ) ქვეპუნქტების, 43-ე მუხლის პირველი პუნქტის, 44-ე მუხლის პირველი პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე 98-ე და 99-ე მუხლებისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების, შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „ქეი ენდ ქეი თივი“-ს დაეკისროს ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და ლ) ქვეპუნქტების და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების მე-6 პუნქტის დარღვევის გამო;
2. უზრუნველყოს შპს „ქეი ენდ ქეი თივი“-მ 10 სამუშაო დღის ვადაში რეგულირების საფასურის დავალიანების - 252.68 ლარის კომისიის ანგარიშზე ჩარიცხვა;
3. უზრუნველყოს შპს „ქეი ენდ ქეი თივი“-მ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის:
ა) გადახდა 30 სამუშაო დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით: ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი - 200122900; ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი - TRESGE22; სახაზინო კოდი - 300693251;
ბ) გადახდის დამდასტურებელი დოკუმენტის კომისიაში 3 დღის ვადაში წარმოდგენა;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) გადაწყვეტილების შპს „ქეი ენდ ქეი თივი“-სთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა;
5. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ. ამირიძე) შპს „ქეი ენდ ქეი თივი“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;
6. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „ქეი ენდ ქეი თივი“-სთვის ჩაბარების დღიდან;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.; N6) გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში;
8. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-4 და მე-5 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს (ნ. დევდარიანი).
|
კომისიის თავმჯდომარე |
|
კახი ბექაური |
|
კომისიის წევრი |
|
ვახტანგ აბაშიძე |
|
კომისიის წევრი |
|
ელისო ასანიძე |
|
კომისიის წევრი |
|
გიორგი ფრუიძე
|
|
|
|
|
