შპს „ნეტ-კონექტის” განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 16, 2018 15:40
მიღების თარიღი მაისი 10, 2018
შპს „ნეტ-კონექტის” განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ შპს „ნეტ-კონექტმა” კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-7/9619-17, 26.12.17) და მოითხოვა ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭება 1000 სააბონენტო ნომერზე ქ. თბილისში ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის შესაბამისად, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება გაიცემა კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით; ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად პირი იხდის „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ შესაბამისად განსაზღვრული ოდენობის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურს.
კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტისა და მე-8 მუხლის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, უფლება ხორციელდება - გეოგრაფიული ნომრებზე და მისი გამოყენება შესაძლებელია ერთი ნუმერაციის ზონის ფარგლებში; ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასური ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის შეადგენს - 0,10 ლარს - 1 სააბონენტო ნომერზე;
კომისიამ შეისწავლა შპს „ნეტ-კონექტის” მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია და შპს „ნეტ-კონექტს”, როგორც ავტორიზებულ პირს, 2018 წლის პირველი მარტის №16/729-18 წერილით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის, კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-3 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილების 291 მუხლის მე-7 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად, განუსაზღვრა 10 დღის ვადა, რათა წარმოედგინა რესურსით სარგებლობის საფასურის - 100 ლარის კომისიის ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი საბუთი. ზემოაღნიშნული წერილი შპს „ნეტ-კონექტს“ გაეგზავნა 2018 წლის პირველ მარტს, რომელიც კომპანიას არ ჩაბარდა მითითებულ მისამართზე. ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით 2018 წლის 6 მარტს წერილი გაეგზავნა ელექტრონულ მისამართზე). ხოლო განმეორებით წერილი შპს „ნეტ-კონექტს“ გაეგზავნა 2018 წლის 17 აპრილს ელექტრონულ მისამართზე. შეტყობინება საკითხის განხილვის, მისი ჩატარების ადგილის და თარიღის შესახებ 2018 წლის 4 მაისს გაეგზავნა კომპანიას და გამოქვეყნებულ იქნა კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე და კომისიის ოფისში საჯარო ადგილზე . კომისია აღნიშნავს, რომ მითითებულ ვადაში განმცხადებელს მოთხოვნილი დოკუმენტაცია კომისიაში არ წარმოუდგენია.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-4 მუხლის დ) ქვეპუნქტის შესაბამისად კომისია უარს ეტყვის ნუმერაციის რესურსის მაძიებელს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭებაზე, თუ ნუმერაციის რესურსის მაძიებელმა კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში კომისიაში არ წარმოადგინა ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის და კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-4 მუხლის დ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. განუხილველად დარჩეს შპს „ნეტ-კონექტის” განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის №შ-7/9619-17, 26.12.17);
2. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ნეტ კონექტისთვის” ჩაბარებისთანავე;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ; №6) ერთი თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).
|
კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი |
|
ვახტანგ აბაშიძე |
|
კომისიის წევრი |
|
ელისო ასანიძე |
|
კომისიის წევრი |
|
გიორგი ფრუიძე
|
|
|
|
|
