წვდომის მენიუ

შპს „ბათუმის ნავთობტერმინალისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ

ნომერი: 280 / 7

გამოქვეყნების თარიღი მაისი 17, 2018 11:25

მიღების თარიღი მაისი 10, 2018

შპს „ბათუმის ნავთობტერმინალისთვის“ არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ შპს „ბათუმის ნავთობტერმინალმა“ (რეგისტრირებულია ქ. ბათუმის სასამართლოს მიერ 1999 წლის 13 აპრილს, რეგ. № 01/04-1086; ს.კ. № 245432544) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-7/2109-18, 30.04.18) ქ. ბათუმში მეტრულ დიაპაზონში ოთხი სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია ნავთობპროდუქტების გადატვირთვისა და შენახვის პროცესში თანამშრომლებს შორის ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება მხოლოდ შპს „ბათუმის ნავთობტერმინალის“ მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, არაავტორიზებულ პირს, რომლის საქმიანობა დაკავშირებული არ არის საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ რომელიც საქმიანობისას საჭიროებს რადიოსიხშირეების დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით − 1 წლის ვადით გამოყენებისათვის, რისთვისაც არაავტორიზებული პირი იხდის ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურს.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ 71 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად  არაავტორიზებულ პირს, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის (გარდა რადიოსარელეო ქსელის ან რადიოსარელეო ხაზის ერთი ან რამდენიმე მონაკვეთის გამოყენების მიზნით), კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დროებით − 1 წლის ვადით, რისთვისაც პირი  წინასწარ იხდის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასურს, რომლის ოდენობა ერთ სიხშირეზე შეადგენს 1000 ლარს.

კომისია  აღნიშნავს, რომ შპს „ბათუმის ნავთობტერმინალს“ წარმოდგენილი აქვს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი საბუთი (4000 ლარის ოდენობით).

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ მინიჭებული სიხშირეები გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.

„ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის, მე-12 მუხლის მე-6 პუნქტის ა) ქვეპუნქტის, „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ 71 მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

ა:

1. მიენიჭოს შპს „ბათუმის ნავთობტერმინალს“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება № F 1788 შემდეგი პირობებით: სიხშირეები - 153.350 მჰც, 153.650 მჰც, 157.550 მჰც და 157.725 მჰც (თითოეული ზოლის სიგანით 25 კჰც) ქ. ბათუმში, ერთი წლის ვადით - 2018 წლის 10 მაისიდან 2019 წლის 10 მაისამდე, ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2. შპს „ბათუმის ნავთობტერმინალის“ მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული სპექტრი გამოყენებული უნდა იქნას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე;

3. წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული სპექტრის მართლზომიერი გამოყენების მიზნით მონიტორინგის განხორციელება დაევალოს კომისიის  აპარატის რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტს   (ს. შავგულიძე);

4. დაევალოს შპს „ბათუმის ნავთობტერმინალს“ გადაწყვეტილების მიღებიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში, უზრუნველყოს კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში, ამავე რეესტრით  გათვალისწინებული ინფორმაციის ელექტრონული წესით ასახვა (ვებ მისამართი: http://reestri.gncc.ge/); რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრით გათვალისწინებული პარამეტრების ცვლილება რეესტრში ასახულ იქნას ცვლილების განხორციელებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;

5.საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში, შპს  „ბათუმის ნავთობტერმინალისთვის“ სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნას მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობასთან;

6. დაევალოს კომისიის  აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს (ნ. დევდარიანი) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის აღრიცხვა შესაბამის საბუღალტრო პროგრამაში;

7. დაევალოს კომისიის  აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციის და   ნებართვების   დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი) შპს „ბათუმის ნავთობტერმინალისთვის“ მინიჭებული სიხშირეების კომისიის უწყებრივ რეესტრში აღრიცხვა;

8. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის  შპს „ბათუმის ნავთობტერმინალისთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება; 

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) შპს „ბათუმის ნავთობტერმინალისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი

 

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

 

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები