წვდომის მენიუ

შპს „ჯორჯიან ტელეკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 288 / 18

გამოქვეყნების თარიღი მაისი 30, 2018 14:17

მიღების თარიღი მაისი 17, 2018

შპსჯორჯიან ტელეკომისთვისადმინისტრაციული პასუხისმგებლობის

დაკისრების თაობაზე

I.აღწერილობითი ნაწილი 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (Nშ-10/1803-18; 10.04.2018) და კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (Nშ-10/2136-18; 30.04.2018) საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, 2018 წლის 8 მაისს, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ჯორჯიან ტელეკომისთვის“  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის გამო.

კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო და ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტების მოხსენებითი ბარათებიდან ირკვევა, რომ კომპანიას კომისიაში წარმოსადგენი აქვს 2018 წლის იანვრის, თებერვლის და მარტის თვეების რეგულირების საფასურის გაანგარიშების და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები.

საკითხის განხილვა დაინიშნა 2018 წლის  17 მაისს, რის თაობაზეც შპს „ჯორჯიან ტელეკომს“  ეცნობა წერილობითი შეტყობინებით (N03/1595-18; 08.05.2018) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით, მას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება.

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა  გაიმართა კომისიის 2018 წლის 17 მაისის სხდომაზე.  კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდა  კომპანიის წარმომადგენელი, მიუხედავად იმისა, რომ  შეტყობინება სხდომის ჩატარების თაობაზე კომპანიას  ჩაბარდა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია  ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. გამომდინარე აქედან, კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი შპს „ჯორჯიამ ტელეკომის“  წარმომადგენლის დაუსწრებლად.

II.ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები

  1. კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (Nშ-10/1803-18; 10.04.2018);
  2. კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (Nშ-10/2136-18; 30.04.18);
  3. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან  შპს „ჯორჯიან ტელეკომის“  შესახებ მონაცემები.

III.დადგენილი  ფაქტობრივი გარემოებები 

  1. შპს „ჯორჯიან ტელეკომი“  2017 წლის 7 აგვისტოდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს (ავტორიზებული საქმიანობის სახე: B.F.2 ინტერნეტ მომსახურება);
  2. შპს „ჯორჯიან ტელეკომი“, როგორც ავტორიზებული პირი, ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
  3. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებით  ყველა იმ პირს, ვისაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე ან მაუწყებლობაზე, ასევე ვინც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ან მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზიას, დაევალათ ამ გადაწყვეტილების დანართი N1–ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით;
  4. ამ გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის შპს „ჯორჯიან ტელეკომს“   წარმოსადგენი აქვს, 2018 წლის იანვრის, თებერვლის და მარტის თვეების  სტატისტიკური ანგარიშგების ელექტრონული ფორმები და რეგულირების საფასურის გაანგარიშებები.
  5. შპს „ჯორჯიან ტელეკომის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა. 

IV.გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

  1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ამავე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, ხოლო ლ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია გადაიხადოს რეგულირების საფასური;
  2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის ოდენობას შეადგენს, ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,75 პროცენტი.  ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის დადგენილებით დამტკიცებული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის შესახებ და კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური;
  3. „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების მე-6 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირები და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირები ვალდებულნი არიან ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული ფორმით (დანართი №1) ელექტრონულად, კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის (http://stats.gncc.ge) ფორმა 1.9-ის (რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმა) საშუალებით, წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია საანგარიშო თვის გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური;
  4. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების  შესაბამისად, კომისიამ დაადგინა ავტორიზებულ ან/და ლიცენზიის მფლობელ პირთა მიერ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსებისა და პერიოდულად კომისიაში წარმოდგენის ვალდებულება და გადაწყვიტა, რომ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ/ლიცენზიის მფლობელ ყველოა პირს და ასევე ყველა მაუწყებელს დაევალოთ ამ გადაწყვეტილების დანართი №1–ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების ელექტრონულად  შევსება და კომისიაში წარმოდგენა ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით;
  5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს.

კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ჯორჯიან ტელეკომის“   მიერ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების და რეგულირების საფასურის გაანგარიშებების წარმოუდგენლობით დარღვეულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2  პუნქტის  ა) და ბ) ქვეპუნქტები, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილება, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, და  „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილებით განსაზღვრული პირობები, რაც  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცირების საფუძველს წარმოადგენს. კერძოდ, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს. გამომდინარე იქიდან, რომ  შპს „ჯორჯიან ტელეკომის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა,  ის  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უნდა გაფრთხილდეს.   ამასთან, კომპანიას უნდა დაევალოს რეგულირების საფასურის გაანგარიშების კომისიაში წარმოდგენა და მათ შესაბამისად რეგულირების საფასურის გადახდა და შესაბამისი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების წარმოდგენა.

V.სარეზოლუციო ნაწილი

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პიველი პუნქტის, მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის,  მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის,  მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტების, 43-ე მუხლის პირველი პუნქტის, 44-ე მუხლის პირველი პუნქტის,  45-ე მუხლის პირველი პუნქტის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე 98-ე და 99-ე მუხლებისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების,  „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“  კომისიის  2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებისა შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

  1. შპს „ჯორჯიან ტელეკომს“ მიეცეს წერილობითი გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების,  „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის  2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების და კომისიის  2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“  კომისიის  2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების  დარღვევის გამო;
  2. შპს „ჯორჯიან ტელეკომს“ დაევალოს 2018 წლის იანვარის, თებერვლის და მარტის თვეების სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა 10 სამუშაო დღის ვადაში;
  3. შპს „ჯორჯიან ტელეკომს“ დაევალოს 2018 წლის იანვარის, თებერვლის და მარტის თვეების  რეგულირების საფასურის გაანგარიშების კომისიაში წარმოდგენა და მათ შესაბამისად, რეგულირების საფასურის გადახდა 10 სამუშაო დღის ვადაში;
  4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ჯორჯიან ტელეკომისთვის“ გაგზავნა;
  5. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ. ამირიძე) შპს „ჯორჯიან ტელეკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
  6. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „ჯორჯიან ტელეკომისთვის“ ჩაბარების დღიდან;
  7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) შპს „ჯორჯიან ტელეკომისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
  8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-4 და მე-5 პუნქტებისა) დაევალოთ კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტს (ი.ვერძეული) და კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს (ნ. დევდარიანი).

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი

 

 

მერაბ ქათამაძე

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

 

   

                                                                     

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები