შპს „აპნისისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 21, 2018 17:47
მიღების თარიღი მაისი 17, 2018
შპს „აპნისისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, შპს „აპნისმა“ (რეგისტრირებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2017 წლის 9 იანვარს; ს.კ. 412723655) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/9444-17, 18.12.17) ქ. თბილისში, ქ. ქუთაისში, ქ. ბათუმში, ქ. ზუგდიდში, ქ. გორში, ქ. რუსთავში, ქ. თელავში და ქ საგარეჯოში ერთი სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირე გათვალისწინებულია სენსორული მოწყობილობების პროექტირების, ტელემეტრული ინფორმაციული ქსელის ფუნქციონირებისთვის და გამოყენებული იქნება მხოლოდ შპს „აპნისის“ მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაავტორიზებული საქმიანობისთვის.
კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, არაავტორიზებულ პირს, რომლის საქმიანობა დაკავშირებული არ არის საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ რომელიც საქმიანობისას საჭიროებს რადიოსიხშირეების დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით − 1 წლის ვადით გამოყენებისათვის, რისთვისაც არაავტორიზებული პირი იხდის ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურს.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ 71 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად არაავტორიზებულ პირს, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის (გარდა რადიოსარელეო ქსელის ან რადიოსარელეო ხაზის ერთი ან რამდენიმე მონაკვეთის გამოყენების მიზნით), კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დროებით − 1 წლის ვადით, რისთვისაც პირი წინასწარ იხდის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასურს, რომლის ოდენობა ერთ სიხშირეზე შეადგენს 1000 ლარს.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „აპნისს“ წარმოდგენილი აქვს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი საბუთი (1000 ლარის ოდენობით).
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ მინიჭებული სიხშირე გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის, მე-12 მუხლის მე-6 პუნქტის ა) ქვეპუნქტის, „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ 71 მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მიენიჭოს შპს „აპნისს“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება № F 1780 შემდეგი პირობებით: სიხშირე - 867.2 მჰც ± 0.8 მჰც (ზოლის სიგანით 1.6 მჰც), 200 კჰც სიგანის 8 სიხშირული არხის ფუნქციონირებისთვის, გასხივების სიმძლავრით არაუმეტეს 25 მვტ-სა, ქ. თბილისში, ქ. ქუთაისში, ქ. ბათუმში, ქ. ზუგდიდში, ქ. გორში, ქ. რუსთავში, ქ. თელავში და ქ. საგარეჯოში, რადიოელექტრონული მოწყობილობების მოკლე დისტანციაზე (SRD) ფუნქციონირების განმსაზღვრელი რეკომენდაციის (ERC/REC 70-03, Annex 1) პირობების შესაბამისად, ერთი წლის ვადით - 2018 წლის 17 მაისიდან 2019 წლის 17 მაისამდე, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;
2. შპს „აპნისის“ მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული სპექტრი გამოყენებული უნდა იქნას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე;
3. წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული სპექტრის მართლზომიერი გამოყენების მიზნით მონიტორინგის განხორციელება დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);
4. დაევალოს შპს „აპნისს“ გადაწყვეტილების მიღებიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში, უზრუნველყოს კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში, ამავე რეესტრით გათვალისწინებული ინფორმაციის ელექტრონული წესით ასახვა (ვებ მისამართი: http://reestri.gncc.ge/); რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრით გათვალისწინებული პარამეტრების ცვლილება რეესტრში ასახულ იქნას ცვლილების განხორციელებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;
5. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში, შპს „აპნისისთვის“ სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნას მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობასთან;
6. დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს (ნ. დევდარიანი) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის აღრიცხვა შესაბამის საბუღალტრო პროგრამაში;
7. დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი) შპს „აპნისისთვის“ მინიჭებული სიხშირის კომისიის უწყებრივ რეესტრში აღრიცხვა;
8. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „აპნისისთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) შპს „აპნისისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).
|
კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი |
|
მ. ქათამაძე |
|
კომისიის წევრი |
|
ვახტანგ აბაშიძე |
|
კომისიის წევრი |
|
გიორგი ფრუიძე
|
|
|
|
|
