შპს „სუპერ ტვ“-ისა და შპს „ტვ სარფს“ შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F8 ლიცენზიის გადაპირების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 08, 2018 10:51
მიღების თარიღი მაისი 31, 2018
შპს „სუპერ ტვ“-ისა და შპს „ტვ სარფს“ შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F8 ლიცენზიის გადაპირების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას ერთობლივი განცხადებით მიმართეს შპს „სუპერ ტვ“-იმ (ს/კ 400015201) და შპს „ტვ სარფმა“ (ს/კ 445459423) (განაცხადის კომისიაში რეგისტრაციის №შ-7/2294-18, 08.05.2017 და №შ-6/2529-18, 23.05.2018) შპს „სუპერ ტვ“-ის კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F8 ლიცენზიის შპს „ტვ სარფზე“ გადაპირებასთან დაკავშირებით და წარმოადგინეს მხარეთა შორის 2018 წლის 7 მაისს გაფორმებული ხელშეკრულება.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „სუპერ ტვ“ კომისიის 2013 წლის 22 აპრილის N276/6 გადაწყვეტილებით ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F8 ლიცენზიის შემდეგი პირობებით:
ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 2564 ÷ 2612 მჰც და 2636 ÷ 2692 მჰც;
ბ) დანიშნულება: უსადენო რადიოდაშვების ქსელით (მრავალარხიანი მრავალწერტილოვანი განაწილების სისტემა) მომსახურება;
გ) გეოგრაფიული ზონა: ქ.თბილისი;
დ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2023 წლის 22 აპრილამდე;
ე) შპს „სუპერ ტვ“ ვალდებულია რადიოსიხშირული სპექტრი გამოიყენოს კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2018 წლის 5 აპრილის N213/11 გადაწყვეტილებით, მიეცა თანხმობა შპს “სუპერ ტვ“-ის და შპს “ტვ სარფს“, შპს “სუპერ ტვ“-ის კუთვნილი საოპერაციო აქტივების (რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F8 ლიცენზია, ტრანზიტული მაუწყებლობისათვის საჭირო აპარატურა, ოპტიკურ-ბოჭკოვანი და სააბონენტო ქსელი და ა.შ) ერთად/მთლიანად შპს “ტვ სარფის“ მიერ შეძენაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება გადასცეს ნებისმიერ პირს, მთლიანად ან ნაწილობრივ, პირდაპირი გადაპირების წესით, აუქციონის გამართვის გარეშე, რისთვისაც პირდაპირი გადაპირების შესახებ დებს ხელშეკრულებას. კომისია გადაპირების თაობაზე ერთობლივი განცხადების საფუძველზე იწყებს ლიცენზიის გადაპირებასთან დაკავშირებით საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებას.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილებით, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელს შეიძლება შეეზღუდოს ლიცენზიის გადაპირება, თუ:
ა) გადაპირების მსურველ პირს კომისიის წინაშე ერიცხება რეგულირების საფასურის დავალიანება ან საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე ერიცხება ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დავალიანება;
ბ) პირდაპირი გადაპირების წესით ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მთლიანად ან ნაწილობრივ გადაცემისას პირი დამოუკიდებლად ან/და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირებთან ერთად ხდება რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტული მონაკვეთის (რადიოსიხშირული დიაპაზონის) ან მსგავსი მახასიათებლების მქონე რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტული მონაკვეთების (რადიოსიხშირული დიაპაზონების) ერთობლიობის გადაპირებასთან დაკავშირებით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ჩატარებული კვლევისა და ანალიზის საფუძველზე კომისიის დასაბუთებული გადაწყვეტილებით განსაზღვრული რადიოსიხშირული რესურსის მაქსიმალურ ოდენობაზე მეტის მფლობელი;
გ) ლიცენზიით განსაზღვრული ამოწურვადი რესურსით ბოლო მომხმარებელს მიეწოდება სატელეკომუნიკაციო მომსახურება და ლიცენზიის მიმღების მიერ არ არის დადასტურებული მისთვის მომსახურების გაწევის ვალდებულება, ბოლო მომხმარებელთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში.
კომისია აღნიშნავს, რომ 2018 წლის 31 მაისის მდგომარეობით შპს „სუპერ ტვ“-ის კომისიის წინაშე არ ერიცხება რეგულირების საფასურის დავალიანება. ასევე კომპანიას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე არ ერიცხება ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დავალიანება.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს „სუპერ ტვ“-ისა და შპს „ტვ სარფს“ შორის 2018 წლის 7 მაისს გაფორმებული ხელშეკრულების 4.1. პუნქტის თანახმად შპს „ტვ სარფი“ იღებს ვალდებულებას მომსახურება გაუწიოს შპს „სუპერ ტვ“-ის სააბონენტო ბაზას ბოლო მომხმარებელთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, ხელშკრულების მოქმედების პერიოდში და იმ სერვისების ფარგლებში, რასაც შპს „სუპერ ტვ“ სთავაზობდა თავის კუთვნილ აბონენტებს.
2018 წლის 31 მაისის კომისიის სხდომას ესწრებოდა შპს „სუპერ ტვ“-ის წარმომადგენელი ლიკა გახარია. კომისიის სხდომაზე აღინიშნა, რომ შპს „სუპერ ტვ“-ის კომისიის 2018 წლის 22 თებერვლის 93/18 გადაწყვეტილებით დაეკისრა ჯარიმა 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით, რომელიც კომპანიას უნდა გადაეხადა 30 სამუშაო დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში. 2018 წლის 31 მაისის მდგომარეობით შპს „სუპერ ტვ“-ის აღნიშნული ჯარიმა გადახდილი არ აქვს.
შპს „სუპერ ტვ“-ის წარმომადგენელმა ლიკა გახარიამ კომისიის სხდომაზე წარმოადგინა წერილი (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/2649-18), რომლითაც კომპანია იღებს ვალდებულებას, რომ საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხდის 2018 წლის 22 თებერვლის 93/18 გადაწყვეტილებით დაკისრებულ ჯარიმას - 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F8 ლიცენზიის გადაპირების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყებიდან 20 სამუშაო დღის ვადაში. სხდომაზე ლიკა გახარიამ დაადასტურა, რომ ზეპირი მოსმენის სხდომამდე შპს „სუპერ ტვ“-ის მიერ კომისიაში წარმოდგენილი იქნება 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი საბუთი.
კომისია აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F8 ლიცენზიის გადაპირების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების დამაბრკოლებელი გარემოება.
კომისია აღნიშნავს, რომ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გამოკვლეულ უნდა იქნას, ხომ არ არსებობს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის გადაპირების შეზღუდვის საფუძველი. გადაპირების შეზღუდვის ერთ-ერთი საფუძვლის შესწავლის მიზნით კომისიას მიაჩნია, რომ კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს მიმდინარე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში უნდა დაევალოს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული კვლევისა და ანალიზის ჩატარება და საჭიროების შემთხვევაში დასკვნის წარმოდგენა.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს „სუპერ ტვ“-ის კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F8 ლიცენზიის შპს „ტვ სარფზე“ გადაპირების შემთხვევაში ზემოაღნიშნული ლიცენზიით გათვალისწინებული სალიცენზიო პირობები და ვალდებულებები უცვლელი სახით გადავა ლიცენზიის ახალ მფლობელზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „სუპერ ტვ“-სა (ს/კ 400015201) და შპს „ტვ სარფს“ (ს/კ 445459423) შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F8 ლიცენზიის გადაპირების თაობაზე;
2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2018 წლის 28 ივნისს 15:00 საათზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
3. დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (დ. გოგიჩაიშვილი) საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული კვლევისა და ანალიზის ჩატარება და საჭიროების შემთხვევაში კომისიისთვის შესაბამისი დასკვნის წარმოდგენა;
4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა):
ა) საჯარო გაცნობისთვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „სუპერ ტვ“-სთვის (ს/კ 400015201) და შპს „ტვ სარფისთვის“ (ს/კ 445459423) გაგზავნა;
5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;
6. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).
|
კომისიის წევრი |
|
ვახტანგ აბაშიძე |
|
კომისიის წევრი |
|
ელისო ასანიძე |
|
კომისიის წევრი |
|
გიორგი ფრუიძე |
|
კომისიის წევრი |
|
მერაბ ქათამაძე |
