შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ წინააღმდეგ შპს ,,ტელეკომპანია დიას“ საჩივრის განხილვის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 03, 2018 11:27
მიღების თარიღი ივნისი 07, 2018
შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ წინააღმდეგ შპს ,,ტელეკომპანია დიას“ საჩივრის განხილვის თაობაზე
I. აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას საჩივრით (Nშ-6/1040-18; 23.02.2018) მიმართა შპს ,,ტელეკომპანია დიამ“ შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ მიერ მის მფლობელობაში არსებულ ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმასთან დაშვების განხორციელებაზე უარის თქმის გამო.
შპს ,,ტელეკომპანია დიას“ საჩივარში აღნიშნულია, რომ შპს ,,ტელეკომპანია დიამ“ შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთს“ მიმართა როგორც წერილობით, ასევე, ტელეფონით, თუმცა, შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთი“ უარს აცხადებს მის ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმასთან დაშვებაზე. ამასთანავე, შპს ,,ტელეკომპანია დიას“ განცხადებით, შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთისგან“ არ შემოსულა არანაირი ოფიციალური დოკუმენტაცია.
მოთხოვნა:
კომისიის მიერ შპს „ტელეკომპანია დიას“ საჩივრის განხილვა და მასში აღნიშნულ საკითხზე რეაგირება.
შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ წინააღმდეგ შპს ,,ტელეკომპანია დიას“ საჩივრის განხილვის დღედ განისაზღვრა 2018 წლის 6 მარტი, რის თაობაზეც შეტყობინებები ფოსტით გაეგზავნა შპს „ტელეკომპანია დიას“ და შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთს“. შეტყობინებებით, კომპანიებს განემარტათ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება.
2018 წლის 5 მარტს, შემოვიდა შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ განცხადება (Nშ-6/1184-18; 05.03.2018), რომელშიც აღნიშნულია, რომ შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთი“ უარს არ აცხადებს შპს ,,ტელეკომპანია დიას“ მულტიპლექსთან დაშვებაზე და მზად არის ჩართოს მისი სიგნალი თავისი ოფერტის შესაბამისად. კომპანიის განცხადებით, თავად შპს ,,ტელეკომპანია დიამ“ შეაფერხა მულტიპლექსში ჩართვა, როცა უსაფუძვლოდ გაასაჩივრა შპს ,,ტელე-რადიო თრიალეთის“ მიერ დაწესებული ტარიფი. შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ განცხადებით, შპს ,,ტელეკომპანია დიას“ ხაშურის მასშტაბით შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ მულტიპლექსზე ხუთჯერ ნაკლები სიმძლავრის მულტიპლექსზე უფრო მაღალი ტარიფი აქვს დაწესებული. შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთმა“ ასევე აღნიშნა, რომ კომისიის მიერ ყველა მულტიპლექს ოპერატორისთვის დაშვების ისეთი ფასების დადგენის შემდეგ, რაც არ გამოიწვევს რაიმე ეჭვს, შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთი“ ფასების შეცვლის საჭიროების შემთხვევაში, ხელშეკრულებაში შეიტანდა ცვლილებებს.
კომისიის 2018 წლის 6 მარტის სხდომაზე გამოცხადდა შპს „ტელეკომპანია დიას“ წარმომადგენელი მ. ტატულაშვილი. შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ წარმომადგენელი კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდა, მიუხედავად იმისა, რომ მას კომისიის შეტყობინება (N03/776-18;01.03.2018) ჩაბარდა 2018 წლის 2 ივნისს (შპს ,,საქართველოს ფოსტის“ უკუგზავნილი: გზავნილის კოდი: AP01004209709). შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთისთვის“ კომისიის სხდომაზე პოზიციის წარმოდგენის შესაძლებლობის მიცემის მიზნით, კომისიის სხდომა გადაიდო 2018 წლის 15 მარტისთვის.
2018 წლის 13 მარტს, კომისიაში შემოვიდა შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ განცხადება (Nშ-6/1328-18; 13.03.2018), რომელშიც კომპანია კვლავ აღნიშნავს, რომ უარს არ აცხადებს შპს ,,ტელეკომპანია დიას“ მულტიპლექსთან დაშვებაზე და მზად არის ჩართოს მისი სიგნალი თავისი ოფერტის შესაბამისად. შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ განცხადებით, კომისიას ჯერ არ აქვს დარეგულირებული მულტიპლექსზე დაშვების ტარიფის საკითხი და უსამართლობაა, რომ სხვადასხვა კომპანიები მულტიპლექსში ჩართვაზე მაუწყებლებს ახდევინებენ სხვადასხვა, მათ მიერ დაწესებულ ფასებს, ხოლო ზოგ ოპერატორს კომისიამ დაუანგარიშა მომსახურების მისაღები, ზოგს კი მიუღებელი ფასი. ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვინაიდან შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ პოზიცია და ყველა სახის ინფორმაცია ჩამოყალიბებულია ამ განცხადებაში, კომპანიის წარმომადგენლის კომისიის სხდომებზე დასწრება არ არის საჭირო.
2018 წლის 15 მარტს კომისიაში შემოვიდა შპს ,,ტელეკომპანია დიას“ წერილობითი შუამდგომლობა (Nშ-6/1384-18; 15.03.2018) კომისიის სხდომის გადადების თაობაზე. კომისიის 2018 წლის 15 მარტის სხდომას მხარეები არ ესწრებოდნენ. კომისიამ დააკმაყოფილა შპს ,,ტელეკომპანია დიას“ შუამდგომლობა და საკითხის განხილვის მიზნით სხდომა დანიშნა 2018 წლის 29 მარტს.
2018 წლის 29 მარტის კომისიის სხდომას ესწრებოდა შპს ,,ტელეკომპანია დიას“ დირექტორი მ. ტატულაშვილი. შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ წარმომადგენელი სხდომას არ ესწრებოდა. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კომისიის შეტყობინება სხდომის ჩატარების ადგილის, თარიღისა და დროის შესახებ შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთს“ ჩაბარდა 2018 წლის 27 მარტს (შპს ,,საქართველოს ფოსტის“ უკუგზავნილი; გზავნილის კოდი: AP01004323319), მას არ წარმოუდგენია რაიმე შუამდგომლობა სხდომის გადადებაზე და ამასთან, 2018 წლის 13 მარტის Nშ-6/1328-18) განცხადებით დაადასტურა, რომ არ მიიღებდა მონაწილეობას კომისიის სხდომაში, კომისიამ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის შესაბამისად, უზრუნველყო შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში და ამდენად, უფლებამოსილი იყო საკითხი განეხილა კომპანიის წარმომადგენლის დაუსწრებლად.
2018 წლის 29 მარტის სხდომაზე, შპს ,,ტელეკომპანია დიას“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შპს ,,ტელე-რადიო თრიალეთი“ აჭიანურებდა შპს ,,ტელეკომპანია დიას“ მულტიპლექსში დაშვების საკითხს. შპს ,,ტელე-რადიო თრიალეთის“ განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, ის არ გაატარებდა შპს ,,ტელეკომპანია დიას“ თავის მულტიპლექსში მანამ, სანამ არ გადაითვლებოდა მულტიპლექსზე დაშვების ტარიფები ყველა ოპერატორისთვის, მ. ტატულაშვილმა აღნიშნა, რომ ყველა მულტიპლექს ოპერატორის მიერ დაწესებული ტარიფების შესწავლა გააჭიანურებდა მიმდინარე დავის განხილვას და შესაძლებლად მიიჩნია მხარეთა შორის ხელშეკრულების დადების შემდგომ ამ ხელშეკრულების კორექტირება ახლად დადგენილი ტარიფების მიხედვით.
კომისიამ მიიჩნია, რომ შპს ,,ტელეკომპანია დიას“ საჩივრის განხილვა უნდა გადადებულიყო მანამ, სანამ კომისიის მიერ არ იქნებოდა შესწავლილი მულტიპლექს ოპერატორების მიერ დაწესებული დაშვების ტარიფების ხარჯზე ორიენტირებულობის საკითხი. აქედან გამომდინარე, კომისიის სხდომა დაინიშნა 2018 წლის 3 მაისს, რის თაობაზეც მხარეები გაფრთხილდნენ კანონით დადგენილი წესით.
2018 წლის 29 მარტს, კომისიამ მიიღო №205/23 გადაწყვეტილება „ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის მფლობელი ავტორიზებული პირების ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმებთან დაშვების მომსახურების ტარიფის ხარჯზე ორიენტირებულობის შესწავლის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე“.
2018 წლის 3 მაისს დანიშნულ სხდომაზე მხარეები არ გამოცხადდნენ. კომისიის სხდომა გადაიდო 2018 წლის 7 ივნისისთვის, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის მფლობელი ავტორიზებული პირების ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმებთან დაშვების მომსახურების ტარიფის ხარჯზე ორიენტირებულობის შესწავლის მიზნით კომისიაში მიმდინარე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დანიშნული ზეპირი მოსმენა გადაიდო 2018 წლის 7 ივნისისთვის.
კომისიის 2018 წლის სხდომას ესწრებოდა შპს ,,ტელეკომპანია დიას“ დირექტორი მ. ტატულაშვილი. შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ წარმომადგენელი კომისიის სხდომას არ ესწრებოდა. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კომისიის შეტყობინება (N03/1752-18; 28.05.2018) სხდომის ჩატარების ადგილის, თარიღისა და დროის შესახებ მას ჩაბარდა 2018 წლის 2 ივნისს (შპს ,,საქართველოს ფოსტის“ უკუგზავნილი: გზავნილის კოდი: AP01004666829) და 2018 წლის 13 მარტის Nშ-6/1328-18) განცხადებით კომპანიამ დაადასტურა, რომ არ მიიღებდა მონაწილეობას კომისიის სხდომაში, ამასთანავე, შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთს“ კომისიაში არ წარმოუდგენია შუამდგომლობა სხდომის გადადების თაობაზე, კომისია უფლებამოსილი იყო საკითხზე გადაწყვეტილება მიეღო მხარის დაუსწრებლად.
II. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები
1. შპს ,,ტელეკომპანია დიას“ საჩივარი (Nშ-6/1040-18; 23.02.2018) თანდართული დოკუმენტაციით;
2. „შპს „ტელეკომპანია დიას“ მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების შესახებ“ კომისიის 2017 წლის 15 ივნისის N401/2 გადაწყვეტილება;
3. შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ განცხადება (Nშ-6/1184-18; 05.03.2018);
4. შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ განცხადება (Nშ-6/1328-18; 13.03.2018);
5. შპს ,,ტელეკომპანია დიას“ შუამდგომლობა სხდომის გადადების თაობაზე (Nშ-1384-18; 15.03.2018);
6. შპს „ტელეკომპანია დიას“ განცხადება (Nშ-6/4924-17; 03.07.2017);
7. შპს „ტელეკომპანია დიას“ 2017 წლის 4 ოქტომბრის N30 წერილი შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთს“ (კომისიაში წერილის ასლის რეგისტრაციის Nშ-6/7676-17; 06.10.2017);
8. შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ წერილი კომისიას (Nშ-6/4436-17; 12.06.2017);
9. კომისიის 2014 წლის 28 ნოემბრის N661/13 გადაწყვეტილება „ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელების უზრუნველსაყოფად ადგილობრივი საეთერო ტელემაუწყებლებისათვის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების თაობაზე“;
10. კომისიის 2016 წლის 14 ივნისის N384/19 გადაწყვეტილება „ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელების უზრუნველსაყოფად ადგილობრივი საეთერო ტელემაუწყებლებისათვის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 28 ნოემბრის №661/13 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“;
11. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 თებერვლის N206 და 2016 წლის 18 მაისის №862 განკარგულებებით მოწონებული ანალოგური მიწისზედა საეთერო ტელემაუწყებლობიდან ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლის სამოქმედო გეგმისა და შესაბამისი რეკომენდაციების I და II ეტაპები;
12. კომისიის 2018 წლის 29 მარტის N205/23 გადაწყვეტილება „ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის მფლობელი ავტორიზებული პირების ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმებთან დაშვების მომსახურების ტარიფის ხარჯზე ორიენტირებულობის შესწავლის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე“;
13. კომისიის 2018 წლის 7 ივნისის N333/9 გადაწყვეტილება ,,ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის მფლობელი ავტორიზებული პირების ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმებთან დაშვების მომსახურების ტარიფის ხარჯზე ორიენტირებულობის თაობაზე”;
14. მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე ავტორიზებული პირების შესახებ;
15. მონაცემები ავტორიზებული პირების მიერ კომისიის საერთო სტატისტიკურ ბაზაში შევსებული ანგარიშგების ელექტრონული ფორმებიდან;
16. მონაცემები შპს ,,ტელეკომპანია დიასა“ და შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ შესახებ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების შესახებ.
17. შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ ოფიციალური ვებ-გვერდიდან http://www.trialeti.ge/ ამონაბეჭდები 2018 წლის 5 მარტისა და 3 მაისის მდგომარეობით;
18. შპს ,,ტელეკომპანია დიას“ წარმომადგენლის მიერ კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებები.
III. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
1. შპს ,,ტელეკომპანია დია“ 2015 წლის 14 ივლისიდან წარმოადგენს ავტორიზებულ პირს მაუწყებლობის სფეროში (მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა; მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა; მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა; ავტორიზაციის ნომერი BR-251; მაუწყებლობის ხანგრძლივობა: 12 საათი; გავრცელების ტექნოლოგია, არეალი და მაუწყებლობის დაწყების თარიღი: ციფრული (ხაშურის მულტიპლექსი - 01/07/17, გორის მულტიპლექსი - 01/07/17, თელავის მულტიპლექსი - 01/05/2018, რუსთავის მულტიპლექსი - 01/05/18) რუსთავის მულტიპლექსი - 01/05/2018), ინტერნეტი (N/A), სხვა ტექნოლოგია (N/A). „შპს „ტელეკომპანია დიას“ მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების შესახებ“ კომისიის გადაწყვეტილებით (N401/2; 15.06.2017), 2017 წლის 15 ივნისს, 17:00 საათზე, მოდიფიცირდა შპს ,,ტელეკომპანია დიას“ ავტორიზაცია და მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგიად და მაუწყებლობის სავარაუდო გეოგრაფიულ არეალად განესაზღვრა ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი -ხაშურის მულტიპლექსი და გორის მულტიპლექსი;
2. შპს ,,ტელეკომპანია დია“ წარმოადგენს 2011 წლის 22 დეკემბრიდან წარმოადგენს ავტორიზებულ პირს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში (ავტორიზებული საქმიანობის სახეები: ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა: A.F.1.3 კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა (22.12.2011); ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა: A.F.1.6 კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა (22.12.2011); მაუწყებლობის ტრანზიტი: B.F.4.1 ტელემაუწყებლობის ტრანზიტი (22.12.2011); ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელითა და საშუალებებით ასევე შესაბამისი ელემენტებით უზრუნველყოფა: A.T.1.1 ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელითა და საშუალებებით ასევე შესაბამისი ელემენტებით უზრუნველყოფა (14.04.2016);
3. შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთი“ 2015 წლის 14 ივლისიდან წარმოადგენს ავტორიზებულ პირს მაუწყებლობის სფეროში (მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა; მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა; მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა; ავტორიზაციის ნომერი: BR-86; მაუწყებლობის ხანგრძლივობა: 12 საათი; გავრცელების ტექნოლოგია, არეალი და მაუწყებლობის დაწყების თარიღი: ციფრული (თრიალეთის მულტიპლექსი, სტერეო+ მულტიპლექსი), თანამგზავრული (საქართველო), ინტერნეტი (საქართველო), სხვა ტექნოლოგია (საქართველო). შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთს“ ავტორიზაცია გავლილი აქვს ასევე, კერძო სპეციალიზებულ ტელემაუწყებლობაზე (მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა, მაუწყებლობის ქვესახეობა: სპეციალიზებული ტელემაუწყებლობა; ავტორიზაციის ნომერი: BR-5053; ავტორიზაციის თარიღი: 29.03.2018; გავრცელების ტექნოლოგია, არეალი და მაუწყებლობის დაწყების ვადა: ციფრული (თრიალეთის მულტიპლექსი - 27/04/18), თანამგზავრული(საქართველო - 29/09/18), ინტერნეტი (საქართველო - 27/04/18), სხვა ტექნოლოგია(საქართველო - 27/04/18). შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთი“ ასევე, ფლობს კერძო საერთო რადიომაუწყებლობის B57 ლიცენზიას (მოქმედების ვადა: 31.12.2011 – 31.12.2021) კომისიის გადაწყვეტილება N835/22; 30.12.11);
4. შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთი“ 2010 წლის 16 თებერვლიდან წარმოადგენს ავტორიზებულ პირს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში (ავტორიზებული საქმიანობის სახეები: ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა: A.F.2.1 რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა (16.02.2010); მაუწყებლობის ტრანზიტი: B.F.4.1 ტელემაუწყებლობის ტრანზიტი (16.02.2015); ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელითა და საშუალებებით სატელევიზიო არხების ტრანზიტი; B.T.1.1 ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელითა და საშუალებებით სატელევიზიო არხების ტრანზიტი (10.07.2015); ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელითა და საშუალებებით ასევე შესაბამისი ელემენტებით უზრუნველყოფა: A.T.1.1 ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელითა და საშუალებებით ასევე შესაბამისი ელემენტებით უზრუნველყოფა (11.07.2015);
5. „ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელების უზრუნველსაყოფად ადგილობრივი საეთერო ტელემაუწყებლებისათვის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების თაობაზე“ კომისიის 2014 წლის 28 ნოემბრის N661/13 გადაწყვეტილებით, შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთს“ მიენიჭა რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლება ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელების უზრუნველსაყოფად წინამდებარე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით განსაზღვრული გეოგრაფიული კოორდინატებისა და ტექნიკური პარამეტრების გათვალისწინებით, 2015 წლის 17 ივნისიდან 10 წლის ვადით. ამავე გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის ი) ქვეპუნქტით (გადაწყვეტილებაში კომისიის 2016 წლის 14 ივნისის N384/19 გადაწყვეტილებით შესული ცვლილების გათვალისწინებით), შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთს“ და ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრულ სხვა მაუწყებლებს დაევალათ მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში, უზრუნველეყოთ მულტიპლექს პლატფორმის სრულად ფორმირება და მულტიპლექს პლატფორმაში არსებულ თავისუფალ რესურსთან მსურველი (საქართველოს ფარგლებში ავტორიზებული) მაუწყებლების არადისკრიმინაციული დაშვება საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 მაისის №862 განკარგულებით მოწონებული ანალოგური მიწისზედა საეთერო ტელემაუწყებლობიდან ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლის სამოქმედო გეგმისა და შესაბამისი რეკომენდაციებით განსაზღვრულ ვადაში.
6. 2017 წლის 4 ოქტომბერს, შპს ,,ტელეკომპანია დიამ“ წერილობით მიმართა შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთს“ მისი ადგილობრივი მიწისზედა სატელევიზიო ქსელის თავისუფალ რესურსთან დაშვებისა და კომისიის 2017 წლის 26 სექტემბრის N08/3199-17 წერილის გათვალისწინებით, მასთან არადისკრიმინაციული პირობებით ხელშეკრულების გაფორმების მოთხოვნით.
7. შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ მიერ კომისიის საერთო სტატისტიკურ ბაზაში შევსებული ანგარიშგების ელექტრონული ფორმების მიხედვით, შპს ,,ტელეკომპანია დიას“ მიერ შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთისთვის“ წერილობითი მომართვის მომენტისთვის და ასევე, შემდგომი 3 თვის განმავლობაში შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმით არ ვრცელდებოდა არცერთი მაუწყებელი, გარდა თავად შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთისა“. შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთმა“ 2017 წლის 12 ივნისის Nშ-6/4436-17 წერილით კომისიას მიაწოდა ინფორმაცია იმ ავტორიზებული მაუწყებლების შესახებ, რომელთაც მიმართეს ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმაში თავისუფალ რესურსთან დაშვების მოთხოვნით. აღნიშნული წერილის თანახმად, შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთს“ ასეთი მოთხოვნით მიმართა მხოლოდ შპს ,,სტარვიზიამ“, რომელიც მისი მულტიპლექსპლატფორმით ვრცელდებოდა 2016 წლის 5 ივლისიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით. 2017 წლის 12 ივნისიდან 5 ოქტომბრამდე პერიოდში შპს ,,ტელეკომპანია დიას“ გარდა, სხვა არცერთ მაუწყებელს არ ჰქონდა გავლილი ავტორიზაცია გორის მულტიპლექსით მაუწყებლობის განხორციელებაზე. შესაბამისად, შპს ,,ტელეკომპანია დიას“ მიერ შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთისთვის“ წერილობითი მომართვის მომენტისთვის შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმაში თავისუფალ რესურსთან დაშვების მსურველი ავტორიზებული მაუწყებლების რიგი არ არსებობდა.
8. შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთმა“ არ უზრუნველყო შპს ,,ტელეკომპანია დიას“ დაშვება თავის ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმაში თავისუფალ რესურსთან.
9. 2018 წლის 5 მარტისა და 3 მაისის მდგომარეობით, შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ ვებ-გვერდზე http://www.trialeti.ge/ გამოქვეყნებულია კომპანიის ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმასთან დაშვების მომსახურების მოწვევის ოფერტა, რომლის მოქმედების ვადა განსაზღვრულია 2017 წლის 31 დეკემბრამდე. მოწვევის ოფერტის პირობების მიხედვით, შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმის საშუალებით გავრცელებისათვის, ხარჯზე ორიენტირებული გადასახადი, თვეში შეადგენს 1 მგბტ/წმ - 500 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში, დღგ-ს გარეშე, 2,15 მგბტ/წმ - 1075 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, დღგ-ს გარეშე. კომპანიის ვებ-გვერდზე ასევე გამოქვეყნებულია შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ მოწვევის ოფერტა, რომლის მოქმედების ვადა განსაზღვრულია 2017 წლის 31 დეკემბრამდე და მოწვევის ოფერტის პირობების მიხედვით, შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმის საშუალებით გავრცელებისათვის, ხარჯზე ორიენტირებული გადასახადი, თვეში შეადგენს 1 მგბტ/წმ - 1200 ლარს, დღგ-ს გარეშე, 2,15 მგბტ/წმ - 2580 ლარს, დღგ-ს გარეშე.
10. 2018 წლის 29 მარტს, კომისიამ მიიღო №205/23 გადაწყვეტილება „ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის მფლობელი ავტორიზებული პირების ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმებთან დაშვების მომსახურების ტარიფის ხარჯზე ორიენტირებულობის შესწავლის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე“;
11. 2018 წლის 7 ივნისს, კომისიამ მიიღო N333/9 გადაწყვეტილება ,,ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის მფლობელი ავტორიზებული პირების ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმებთან დაშვების მომსახურების ტარიფის ხარჯზე ორიენტირებულობის თაობაზე“, რომლითაც ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის მფლობელი რიგი ავტორიზებული პირების, მათ შორის, შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ მიერ ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმებთან დაშვების მომსახურებაზე დაწესებული ტარიფები არ იქნა მიჩნეული ხარჯზე ორიენტირებულად. ამავე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის თანახმად, ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის მფლობელ რიგ ავტორიზებულ პირებს, მათ შორის, შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთს“ დაევალათ ამავე პუნქტის შესაბამისად განახლებული მულტიპლექსპლატფორმებთან დაშვების შეთავაზების წინადადების (მოწვევის ოფერტის) კომისიაში წარმოდგენა და თავის ვებ-გვერდზე გამოქვეყნება გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში. აღნიშნული გადაწვეტილების მე-3 პუნქტის თანახმად, ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის მფლობელ რიგ ავტორიზებულ პირებს, მათ შორის, შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთს“ დაევალათ ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმებთან დაშვების მომსახურების მსურველი ავტორიზებული მაუწყებლების მულტიპლექსპლატფორმებთან ხარჯზე ორიენტირებული ტარიფით დაშვების უზრუნველყოფა.
IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
1. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას;
2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე ზედამხედველობის განხორციელება და მათი დარღვევისას კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება; ამავე კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას;
3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 522 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელი და ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის მფლობელი ავტორიზებული პირი ვალდებული არიან, ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმებთან „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საეთერო მაუწყებლობაზე ავტორიზებული მაუწყებლები დაუშვან არადისკრიმინაციული, ერთგვაროვანი პირობებით და ხარჯებზე ორიენტირებული ტარიფებით, აგრეთვე მიაწოდონ მათ ერთგვაროვანი ხარისხის მომსახურება;
4. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 30 ივნისის N5 დადგენილებით დამტკიცებული „ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმებთან მაუწყებელთა დაშვების წესის“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ქსელის ლიცენზირებული/ავტორიზებული ოპერატორი ვალდებულია ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმასთან ავტორიზებული მაუწყებლები დაუშვას არადისკრიმინაციული, ერთგვაროვანი პირობებით და ხარჯზე ორიენტირებული ტარიფით, აგრეთვე მიაწოდოს მათ ერთგვაროვანი ხარისხის მომსახურება, ხოლო ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ქსელის ლიცენზირებული/ავტორიზებული ოპერატორი ვალდებულია უზრუნველყოს ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმაში არსებულ თავისუფალ რესურსთან ავტორიზებული მაუწყებლის დაშვება, დაშვების წესით განსაზღვრული რიგითობის პროცედურის დაცვით. „ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმებთან მაუწყებელთა დაშვების წესის“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ქსელის ლიცენზირებული/ავტორიზებული ოპერატორი ვალდებულია მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმაში არსებულ თავისუფალ რესურსთან დაშვების მსურველი ავტორიზებული მაუწყებლის დაშვება, მის მიერ ამ მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებიდან არაუგვიანეს 2 თვის ვადაში, ხოლო ვ) ქვეპუნქტის მიხედვით, კომისიას წარუდგინოს და გამოაქვეყნოს საკუთარ ქსელთან დაშვების შეთავაზების წინადადება (მოწვევის ოფერტა), რომელიც უნდა შეიცავდეს დეტალურ ინფორმაციას ქსელის ტექნიკური პარამეტრების, თავისუფალი რესურსის, დაშვების ტარიფის შესახებ.
5. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 30 ივნისის N5 დადგენილებით დამტკიცებული „ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმებთან მაუწყებელთა დაშვების წესის“ მე-9 მუხლის შესაბამისად, ავტორიზებულ მაუწყებელსა და ქსელის ლიცენზირებულ/ავტორიზებულ ოპერატორს შორის დავას დაშვებასთან დაკავშირებით განიხილავს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია კანონმდებლობით დადგენილი წესით.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,ტელეკომპანია დიამ“ გორის მულტიპლექსით მაუწყებლობაზე ავტორიზაცია გაიარა 2017 წლის 15 ივნისს. შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ ღია საეთერო მულტიპლექსპლათფორმაში არსებულ თავისუფალ რესურსთან დაშვების მოთხოვნით შპს ,,ტელეკომპანია დიამ“ შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთს“ წერილობით მიმართა 2017 წლის 4 ოქტომბერს, რა დროსაც შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმაში თავისუფალ რესურსთან დაშვების მსურველი ავტორიზებული მაუწყებლების რიგი არ არსებობდა და შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ მულტიპლექსით მაუწყებლობას ახორციელდებდა თავად შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთი“. 2018 წლის 23 თებერვალს შპს ,,ტელეკომპანია დიამ“ კომისიას მიმართა საჩივრით იმ საფუძვლით, რომ შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთმა“ არ დაუშვა ავტორიზებული მაუწყებელი ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმაში არსებულ თავისუფალ რესურსთან.
როგორც ირკვევა შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ განცხადებებიდან (Nშ-6/1184-18; 05.03.2018; Nშ-6/1328-18; 13.03.2018) ის მზად არის ჩართოს შპს ,,ტელეკომპანია დიას“ სიგნალი შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ მიერ დადგენილი ტარიფით, რომელსაც სადავოდ ხდის შპს ,,ტელეკომპანია დია“.
კომისია ყურადღებას ამახვილებს საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებაზე ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ანალოგური მიწისზედა ტელემაუწყებლობიდან ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე მიგრაცია სახელმწიფო მნიშვნელობის ფართომასშტაბიან რეფორმა იყო, რომელიც მთავრობის მიერ განსაზღვრული სამოქმედო გეგმისა და რეკომენდაციების შესაბამისად განხორციელდა. აღნიშნული რეფორმის მთავარ მიზანს გამოხატვის თავისუფლებისა და მედია პლურალიზმის ხელშეწყობა, სამაუწყებლო ბაზრის, საქართველოში წარმოებული სამაუწყებლო კონტენტის განვითარება, მრავალფეროვანი და მაღალხარისხიანი საეთერო სამაუწყებლო კონტენტის მომხმარებელისთვის წვდომის უზრუნველყოფა და საქართველოში ინფორმაციული საზოგადოების განვითარება წარმოადგენდა. ადგილობრივი მაუწყებლების ინტერესების გათვალისწინებით, ადგილობრივ საეთერო მაუწყებლებს სახელმწიფომ უსასყიდლოდ მიანიჭა სიხშირეები ადგილობრივი მულტიპლექსპლატფორმის ფორმირებისთვის, საკუთარი სამაუწყებლო სიგნალის გავრცელებისთვის და მედია პლურალიზმის უზრუნველყოფისთვის დააკისრა მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში სხვა სამაუწყებლო სიგნალის უპირობო გავრცელების ვალდებულება.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2018 წლის 7 ივნისის N333/9 გადაწყვეტილებით, ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის მფლობელი რიგი ავტორიზებული პირების, მათ შორის, შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ მიერ ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმებთან დაშვების მომსახურებაზე დაწესებული ტარიფები არ იქნა მიჩნეული ხარჯზე ორიენტირებულად. ამავე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის თანახმად, ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის მფლობელ რიგ ავტორიზებულ პირებს, მათ შორის, შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთს“ დაევალათ ამავე პუნქტის შესაბამისად განახლებული მულტიპლექსპლატფორმებთან დაშვების შეთავაზების წინადადების (მოწვევის ოფერტის) კომისიაში წარმოდგენა და თავის ვებ-გვერდზე გამოქვეყნება გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში. აღნიშნული გადაწვეტილების მე-3 პუნქტის თანახმად, ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის მფლობელ რიგ ავტორიზებულ პირებს, მათ შორის, შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთს“ დაევალათ ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმებთან დაშვების მომსახურების მსურველი ავტორიზებული მაუწყებლების მულტიპლექსპლატფორმებთან ხარჯზე ორიენტირებული ტარიფით დაშვების უზრუნველყოფა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,ტელეკომპანია დიას“ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთს“ უნდა დაევალოს ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმაში არსებულ თავისუფალ რესურსთან შპს ,,ტელეკომპანია დიას“ დაშვების უზრუნველყოფა ,,ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის მფლობელი ავტორიზებული პირების ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმებთან დაშვების მომსახურების ტარიფის ხარჯზე ორიენტირებულობის თაობაზე” კომისიის 2018 წლის 7 ივნისის N333/9 გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად მულტიპლექსპლატფორმასთან დაშვების შეთავაზების წინადადებით (მოწვევის ოფერტით) განსაზღვრული პირობებით, აღნიშნული მოწვევის ოფერტის კომისიაში წარდგენიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 30 ივნისის N5 დადგენილებით დამტკიცებული „ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმებთან მაუწყებელთა დაშვების წესის“, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 522 მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის, 95, 98-ე და 99-ე მუხლების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, კომისიის 2014 წლის 28 ნოემბრის N661/13 გადაწყვეტილების - „ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელების უზრუნველსაყოფად ადგილობრივი საეთერო ტელემაუწყებლებისათვის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების თაობაზე“, ,,ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის მფლობელი ავტორიზებული პირების ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმებთან დაშვების მომსახურების ტარიფის ხარჯზე ორიენტირებულობის თაობაზე” კომისიის 2018 წლის 7 ივნისის N333/9 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაკმაყოფილდეს შპს ,,ტელეკომპანია დიას“ საჩივარი;
2. შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთმა“ უზრუნველყოს ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმაში არსებულ თავისუფალ რესურსთან შპს ,,ტელეკომპანია დიას“ დაშვება ,,ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის მფლობელი ავტორიზებული პირების ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმებთან დაშვების მომსახურების ტარიფის ხარჯზე ორიენტირებულობის თაობაზე” კომისიის 2018 წლის 7 ივნისის N333/9 გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად მულტიპლექსპლატფორმასთან დაშვების შეთავაზების წინადადებით (მოწვევის ოფერტით) განსაზღვრული პირობებით, აღნიშნული მოწვევის ოფერტის კომისიაში წარდგენიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა;
3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთისთვის“ და შპს „ტელეკომპანია დიასთვის“ გაგზავნა დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით
(ნ. ჯავახიძე);
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთისთვის“ და შპს „ტელეკომპანია დიასთვის“ ჩაბარებისთანავე;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ., N6) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მხარეებისათვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების (გარდა გადაწყვეტილების მე-3 პუნქტისა) შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).
|
კომისიის თავმჯდომარე |
|
კახი ბექაური |
|
კომისიის წევრი |
|
ვახტანგ აბაშიძე |
|
კომისიის წევრი |
|
ელისო ასანიძე |
|
კომისიის წევრი |
|
გიორგი ფრუიძე |
|
კომისიის წევრი |
|
მერაბ ქათამაძე |
