საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე რადიომაუწყებლობის პრიორიტეტების განსაზღვრის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 20, 2018 12:10
მიღების თარიღი ივნისი 07, 2018
საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე რადიომაუწყებლობის პრიორიტეტების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად, კომისია რადიომაუწყებლობის პრიორიტეტებს ლიცენზიის მაძიებლებისათვის განსაზღვრავს საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე.
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მესამე პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სახეობებია სათემო მაუწყებლობა და კერძო მაუწყებლობა. კერძო მაუწყებლობის ლიცენზიები გაიცემა საერთო და სპეციალიზებული მაუწყებლობისათვის.
“მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–2 მუხლის ტ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი განსაზღვრულია, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, ამ კანონის საფუძველზე ტელემაუწყებლობის ან/და რადიომაუწყებლობის განმახორციელებელი ლიცენზიის მფლობელი ან/და ავტორიზებული პირი, ხოლო ამავე მუხლი ტ1 ქვეპუნქტის შესაბამისად, რადიომაუწყებელი განსაზღვრულია, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირი, რომელიც პირადი სარედაქციო პასუხისმგებლობით ახორციელებს საკუთარი სამაუწყებლო ბადით გათვალისწინებული აუდიოპროდუქციის გადაცემას ისე, რომ სამაუწყებლო ბადით განსაზღვრულ დროს მსმენელებისათვის ერთდროულად ხელმისაწვდომია.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ლ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კერძო მაუწყებლობა განსაზღვრულია, როგორც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, კერძო სამართლის კომერციული ან არაკომერციული პირის მიერ განხორციელებული მაუწყებლობა, რომელიც არ არის არც საზოგადოებრივი და არც სათემო მაუწყებლობა.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართვერლოს კანონის მე-2 მუხლის ჰ1) ქვეპუნქტის შესაბამისად, სათემო მაუწყებლობა განსაზღვრულია როგორც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, კერძო სამართლის არაკომერციული ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ განხორციელებული მაუწყებლობა, რომელიც უზრუნველყოფს მაუწყებლობის პროცესში საზოგადოების იმ ნაწილის მონაწილეობას, რომელსაც ის ემსახურება, და რომელიც მიზნად არ ისახავს მოგების მიღებას.
“მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–2 მუხლის თ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ეროვნული მაუწყებლობა განსაზღვრულია, როგორც ამ კანონით დადგენილი წესით განხორციელებული მაუწყებლობა, რომელიც ხელმისაწვდომია საქართველოს მოსახლეობის არანაკლებ 90%-ისათვის;
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჯ) ქვეპუნქტის შესაბამისად, საერთო მაუწყებლობას წარმოადგენს არანაკლებ 2 თემატიკის, მათ შორის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის, პროგრამებით მაუწყებლობა;
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ8) ქვეპუნქტის შესაბამისად, სპეციალიზებული მაუწყებლობაა ძირითადად ერთი თემატიკის (ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის გარდა) პროგრამებით მაუწყებლობა;
კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის საფუძველზე კომისიის მიერ რადიომაუწყებლობის პრიორიტეტების დადგენის მიზნით საზოგადოებრივი აზრის შესასწავლად სსიპ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას“ და შპს „Innova“-ს შორის ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის 101 მუხლით გათვალისწინებული ელექტრონული ტენდერის შესაბამისად (ტენდერის კოდი: SPA180000276; შესყიდვის კატეგორია: CPV 73110000), გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (N0502/01). სსიპ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას“ და შპს „Innova“-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა რადიომაუწყებლობის პრიორიტეტების დადგენის მიზნით საზოგადოებრივი კვლევის შესყიდვა და „ადგილობრივი მაუწყებლობის ზონალური დაყოფის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 5 დეკემბრის №10 დადგენილების შესაბამისად განსაზღვრულ სამაუწყებლო ზონებში (Geo 261, Geo 259, Geo 257, Geo 258, Geo 256, Geo 255, Geo 253, Geo 252, Geo 250) საზოგადოებრივი აზრის კვლევის ჩატარება და რესპოდენტთა აზრის თვისობრივი და რაოდენობრივი კვლევა. საქართველოს მოსახლეობის საზოგადოებრივი აზრის კვლევისა და გამოკითხვის შედეგების ანალიზის წარმოდგენა თითოეულ სამაუწყებლო ზონაზე უნდა განხორციელებულიყო განცალკევებულად, აგრეთვე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ეროვნული მაუწყებლობისათვის (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა).
კომისიის მიერ დაკვეთილ საზოგადოებრივი აზრის კვლევაში ასახული უნდა ყოფილიყო შემდეგი სახის ინფორმაცია:
1) საზოგადოების დამოკიდებულება და მოთხოვნა სათემო რადიოუწყებლობაზე და საზოგადოების იმ ნაწილის განსაზღვრა, რომელსაც უნდა ემსახურებოდეს სათემო რადიო მაუწყებლობა;
2) საზოგადოების დამოკიდებულება და მოთხოვნა კერძო სპეციალიზებული რადიო მაუწყებლობის თემატიკისადმი;
3) საზოგადოების დამოკიდებულება და მოთხოვნა კერძო საერთო რადიომაუწყებლობაზე;
4) საზოგადოების დამოკიდებულება და მოთხოვნა რეგიონულ (ადგილობრივ) რადიოსადგურის არსებობაზე, რომელიც აქცენტირებული იქნება ადგილობრივი ამბების გაშუქებით;
5) რომელი ჟანრის გადაცემებს ენიჭება უპირატესობა რადიოს მოსმენის დროს;
6) რომელი გადაცემების დეფიციტს განიცდიან ქართული რადიოსადგურები;
7) რომელი რადიომაუწყებლობის დამატების საჭიროებაა ქართულ რადიო სივრცეში: სათემო, სპეციალიზებული, თუ საერთო რადიომაუწყებლობის. სპეციალუზებულის შემთხვევაში უნდა მოხდეს დაკონკრეტება თუ რა ტიპის სპეციალიზებული რადიო მაუწყებლობის დამატების საჭიროება არსებობს.
2018 წლის 05 აპრილს კომისიასა და შპს „Innova“-ს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის 2018 წლის 05 თებერვლის N 0502/01 ხელშეკრულების მე–5 მუხლით გათვალისწინებული მიღება-ჩაბარების აქტი, მასზედ, რომ შპს „Innova“-მ (მიმწოდებელმა) შეასრულა, ხოლო საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემსყიდველმა) მიიღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება შესაბამის ვადაში.
შპს „Innova“-ს მიერ წარმოდგენილი საზოგადოებრივი აზრის კვლევაში აღნიშნულია, რომ:
საზოგადოებრივი აზრის კვლევა მიმდინარეობდა 2018 წლის 05 მარტიდან 2018 წლის 14 მარტის ჩათვლით. კვლევაში მონაწილეობა მიიღო 2700-მა რესპონდენტმა 9 ზონის მასშტაბით (250, 252, 253, 255, 256, 257, 258, 259, 261). თითოეული ზონიდან გამოიკითხა მინიმუმ 300 რესპონდენტი. კვლევა ჩატარდა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, გარდა აფხაზეთისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისა. კვლევაში გამოყენებულ იქნა როგორც თვისებრივი, ასევე რაოდენობრივი სოციოლოგიური კვლევის მეთოდები.
თვისებრივი კვლევა
თვისობრივი კვლევის ფარგლებში ჩატარდა 4 ფოკუს ჯგუფი: 3 თბილისში, 1 ბათუმში. ფოკუს ჯგუფებზე მოწვეულნი იყვნენ რადიოს მსმენელები სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებიდან და მედია ექსპერტები. კვლევის ამოცანებიდან გამომდინარე, შემუშავდა ფოკუს ჯგუფების სახელმძღავნელოები. ფოკუს ჯგუფებს უძღვებოდნენ გამოცდილი მოდერატორები. თითოეულ ფოკუს ჯგუფში მონაწილეობდა 10 პირი. ფოკუს ჯგუფების დროს მიმდინარეობდა ვიდეო და აუდიო ჩანაწერის განხორციელება.
ფოკუს ჯგუფების დასრულების შემდეგ, ვიდეო/აუდიო ჩანაწერების საფუძველზე, მომზადდა ტრანსკრიპტები. ტრანსრიპტების ანალიზის შედეგად გამოიკვეთა მთავარი მიგნებები, რაც გახდა რაოდენობრივი კვლევის კითხვარის მომზადების საფუძველი.
რაოდენობრივი კვლევა
რაოდენობრივი კვლევა ჩატარდა მთელი საქართველოს მასშტაბით პირისპირ ინტერვიუს გზით. კითხვარი, ძირითადად, მოიცავდა დახურულ კითხვებს და, ასევე, რამოდენიმე ღია/ნახევრად ღია კითხვას.
კვლევის პოპულაციას წარმოადგენდნენ საქართველოს სრულწლოვანი მოქალაქეები. ტექნიკური დავალების მიხედვით, შერჩევის ჯამური მოცულობა განიზაღვრა 2700 რესპონდენტით, რომლებიც თანაბრად გადანაწილდნენ „ადგილობრივი მაუწყებლობის ზონური დაყოფის შესახებ“ კომისიის 2006 წლის 05 დეკემბრის №10 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 01 აპრილის №2 დადგენილების შესაბამისად განსაზღვრულ სამაუწყებლო ზონებში (Geo 261, Geo 259, Geo 257, Geo 258, Geo 256, Geo 255, Geo 253, Geo 252, Geo 250).
შერჩევის ჩარჩო: შერჩევის ჩარჩოს წარმოადგენს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 2014 წელს ჩატარებული მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მონაცემები, რომლის მიხედვითაც, საქართველოში არსებული შინამეურნეობები, აღწერის მიზნებიდან გამომდინარე, გადანაწილებულია 9536 სააღწერო უბანში.
შერჩევის ტიპი: სტრატიფიცირებული + კლასტერული. შერჩევა წარმოადგენს სტრატიფიცირებულ, ხოლო სტრატებში კლასტერულ შერჩევას.
სტრატებს წარმოადგენს სამაუწყებლო ზონა. სულ სტრატების რაოდენობა ტოლია შესაბამის ზონების რაოდენობის - 9.
თითოეულ ზონაში მოხდა 300 რესპონდენტის შერჩევა კლასტერული შერჩევის პრონციპით. სტრატაში კლასტერებად ჩათვლილია სააღწერო უბნები (სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ განსაზღვრული). სისტემური შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, თითოეულ სტრატაში შეირჩა 30 კლასტერი (სააღწერო უბანი), ხოლო მეორე ეტაპზე თითოეულ შერჩეულ კლასტერში შემთხვევითად შეირჩა 10 რესპოდენტი.
სააღწერო უბნებში შინამეურნეობების შერჩევა განხორციელდა ე.წ. „შემთხვევითი ხეტიალის“ მეთოდით. შინამეურნეობიდან რესპონდენტის შერჩევისას ინტერვიუერები ხელმძღვანელობდნენ ე.წ. ბოლო დაბადების დღის პრინციპით. ინტერვიუერებს ასევე მიცემული ჰქონდათ ყოველ უბანზე მინიმალური კვოტები სქესის და ასაკობრივი განაწილებების მიხედვით.
საველე სამუშაოებში ჩართული იყო 50 ინტერვიუერი. ინტერვიუერებს ხელმძღვანელობდა 5 სუპერვაიზერი. ინტერვიუერები აღჭურვილნი იყვნენ პლანშეტებით. კვლევა ჩატარდა questionpro.com - პლატფორმის გამოყენებით.
მონაცემების დამუშავება და ანალიზი: საველე სამუშაოების დასრულების შემდგომ მოხდა მიღებული ნედლი მონაცემების გაწმენდა და დამუშავება. შედეგების შეწონვა მოხდა ზონების მოცულობის და ზონებში სქესისა და ასაკის განაწილებების გათვალისწინებით.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „Innova“-ს მიერ საზოგადოებრივი აზრის კვლევის დასრულებული ანალიზის წარმოდგენის შემდგომ, 2018 წლის 26 აპრილს, კომისიის N240/23 გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება რადიომაუწყებლობის პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით. ზეპირი მოსმენის ჩატარების თარიღად განისაზღვრა 2018 წლის 31 მაისის 15:00 საათი, ხოლო გადაწყვეტილების მიღების ვადად, ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღე.
კვლევის შედეგები (ეროვნული)
რადიომაუწყებლობის პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით, შპს „Innova“-ს მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, მსმენელთა თითქმის 87% რადიოს ავტომობილში ან საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობისას უსმენს.
რადიოს მოსმენის პიკი დგება დილით, 9-10 საათისთვის და საღამოს - 18-19 საათისთვის. საკუთარი ინიციატივით რადიოს, გარკვეული პერიოდულობით მაინც, რესპონდენტთა 37.3% უსმენს. ეს მაჩვენებელი 12% ით იზრდება, თუკი გავითვალიწინებთ ისეთ შემთხვევებს, როდესაც რესპონდენტი უსმენს რადიოს არა საკუთარი ინიციატივით, არამედ საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და თავშეყრის ადგილებში.
რაც შეეხება მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც ან ძალიან იშვიათად უსმენს რადიოს, ან საერთოდ არ უსმენს, ამის ძირითად მიზეზად ასახელებს იმას, რომ ვერ ხედავს რადიოს მოსმენის საჭიროებას დღეს ან სხვა მედიით ამჯობინებს ინფორმაციის მიღებას (35.1%). ხშირად დასახელებულ მიზეზებს შორის არის რადიომიმღების უქონლობა (22.6%).
რადიოს შერჩევის კრიტერიუმებში ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორებად დასახელდა მუსიკა და საინფორმაციო გადაცემები. სოციალურ - პოლიტიკური გადაცემები და შემეცნებითი გადაცემები ნაკლებად მნიშვნელოვან როლს თამაშობენ რადიოსადგურის არჩევისას. კერძოდ, რადიოს მსმენელის 58.1%-სთვის ყველაზე მნიშვნელოვანია მუსიკა, საინფორმაციო გადაცემის ხარისხი ყველაზე მნიშვნელოვანია 27%-სთვის, გასართობი და შემეცნებითი გადაცემების ხარისხი ყველაზე მნიშვნელოვანია მხოლოდ 4.3% მსენელისთვის.
რადიოს მსმენელები, ყველაზე ხშირად, უსმენენ მუსიკას და საინფორმაციო გადაცემებს. კერძოდ, მუსიკას დღეში რამდენჯერმე უსმენს 40% და ახალ ამბებს 32%. პოლიტიკურ თოქ-შოუებს და გასართობ გადაცემებს უსმენს 15%, შემეცნებით გადაცემებს 14%, ხოლო ანალიტიკურ გადაცემებს 8%.
რაც შეეხება კითხვას თუ რა თემატიკის გადაცემების ნაკლებობაა საქართველოში არსებულ რადიო არხებზე, რესპოდენტების პასუხები საკმაოდ დივერსიფიცირებულია: ყველაზე ხშირად დასახელდა მედიცინა (25%) და მუსიკალური გადაცემები (22.9%), სპორტული (15.3%), ახალი ამბები (15%), ხელოვნება (12.3%), სოციალურ თემატიკა (11.9%), აგრო სფერო (9.6%), შემეცნებითი (9.4%), საბავშვო (8%), პოლიტიკური თოქ-შოუ (7.8%), გასართობი (6.8%), ბიზნესი (5%), ჟურნალისტური გამოძიება (4%) და ანალიტიკა (3%). რესპოდენტთა 26.3% მიიჩნევს, რომ არ არის რადიოგადაცემების ნაკლებობა.
რაც შეეხება ყველაზე მოთხოვნად რადიომაუწყებლის ტიპებს, რომელთა დამატების საჭიროებაც დგას, ყველაზე დიდი მოთხოვნა საერთო (28.7%) და სპეციალიზირებულ არხებზეა (24.4%), გამოკითხულთა 14.6%-ს მოთხოვნა გააჩნია სათემო რადიოზე, ხოლო 9,5% მზადაა პირადად ჩაერთოს სათემო რადიოს ფუნქციონირებაში. გამოკითხულთა 41.6% ვერ ხედავს ახალი რადიო არხის გაჩენის საჭიროებას.
სპეციალიზირებული რადიოარხისთვის ყველაზე მოთხოვნადი თემატიკაა: მუსიკა (49.5%), მედიცინა (41.3%), სპორტი (28.2%), ხელოვნება (27.4%), კულინარია (15.7%), ბიზნესი და ეკონომიკა (13.6%), აგრო სფერო (9.4%), სხვა (4.7%).
სათემო რადიოს არსებობის საკითხს მხარს დაუჭერს 35.3% თუ დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 20.6% თუ დაფინანსდება საერთაშორისო ან ადგილობრივი ფონდის მიერ და 16.8% თუ დაფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
რეგიონული რადიოს არსებობას საჭიროდ მიიჩნევს 47.6%, უჭირს პასუხის გაცემა 37.8%-ს და 14.6% თვლის, რომ ადგილობრივი ამბები კარგად შუქდება და ასეთი რადიოსადგურის დამატების საჭიროებას ვერ ხედავს.
კვლევის შედეგები (სამაუწყებლო ზონების მიხედვით)
რადიოს მოსმენის თვალსაზრისით ყველაზე აქტიური 259-ე და 252-ე ზონებია, რაც ლოგიკურია, ვინაიდან ამ ტერიტორიაზე ყველაზე მეტი რადიოარხის მიღების საშუალებაა. რადიო არხების მიღების პრობლემა ყველაზე აქტიურად 253, 255 და 257-ე ზონებში დასახელდა.
საერთო მაუწყებელზე მოთხოვნა სხვა ზონებთან შედარებით უფრო დიდია 255, 258 და 259-ე ზონებში, სპეციალიზებულ მაუწყებლობაზე 252, 259 და 261-ე ზონებში.
რადიომაუწყებლობის პრიორიტეტული მიმართულებები 9 სამაუწყებლო ზონის მიხედვით და საქართველოს მთელი მასშტაბით განსაზღვრულია შემდეგნაირად:
|
ზონა – 250
|
ზონა – 252
|
|
ზონა – 253
|
ზონა – 255
|
|
ზონა – 256
|
ზონა – 257
|
|
ზონა – 258
სათემო რადიომაუწყებლობა (თანაბრად)
|
ზონა – 259
|
|
ზონა – 261
|
საქართველო –
|
სათემო მაუწყებელზე შედარებით დიდი მოთხოვნა ფიქსირდება 255 და 258-ე ზონებში. სათემო რადიოში ჩართულობის მზაობის სურვილი ყველაზე აქტიურად 257-ე და 258-ე ზონებში გამოთქვეს.
ზონების უმეტეს შემთხვევაში მუსიკა და მედიცინა ყველაზე პოპულარული თემატიკაა სპეციალიზებული რადიოსთვის:
ზონა 250 - მუსიკა (7%), მედიცინა (7%), სპორტი (4%), ხელოვნება (3%), კულინარია (3%), აგრო სფერო (2%), ბიზნესი (3%), სხვა (1%).
ზონა 252 - მედიცინა (18%), მუსიკა (15%), სპორტი (11%), ხელოვნება (9%), კულინარია (6%), ბიზნესი (5%), აგრო სფერო (3%).
ზონა 253 - მედიცინა (13%), მუსიკა (9%), სპორტი (8%), ხელოვნება (4%), ბიზნესი (4%), კულინარია (1%), აგრო სფერო (1%).
ზონა 255 - მუსიკა (9%), მედიცინა (6%), ხელოვნება (5%), სპორტი (3%), კულინარია (3%), აგრო სფერო (3%), ბიზნესი (2%), შემეცნებითი (1%).
ზონა 256 - სპორტი (6%), მუსიკა (5%), მედიცინა (4%), ხელოვნება (2%), კულინარია (1%), აგრო სფერო (1%), ბიზნესი (1%), შემეცნებითი (1%).
ზონა 257 - მუსიკა (8%), მედიცინა (6%), ხელოვნება (5%), სპორტი (3%), კულინარია (4%), აგრო სფერო (1%), ბიზნესი (1%).
ზონა 258 - მუსიკა (10%), მედიცინა (6%), აგრო სფერო (6%), სპორტი (5%), ხელოვნება (5%), კულინარია (2%), , ბიზნესი (1%), სხვა (1%).
ზონა 259 - მუსიკა (15%), ხელოვნება (9%), მედიცინა (8%), სპორტი (7%), კულინარია (5%), ბიზნესი (3%), აგრო სფერო (2%), სხვა (1%).
ზონა 261 - მუსიკა (12%), მედიცინა (12%), ხელოვნება (8%), კულინარია (7%), სპორტი (5%), აგრო სფერო (5%), ბიზნესი (3%).
259-ე ზონის გარდა, თითქმის ყველა ზონაში მაღალი მოთხოვნა ფიქსირდება რეგიონულ რადიოსადგურზე. ზონების მიხედვით ასეთი სადგურის არსებობას საჭიროდ მიიჩნევს:
ზონა 250 - 58%
ზონა 252 - 60%
ზონა 253 – 60%
ზონა 255 – 61%
ზონა 256 – 59%
ზონა 257 – 66%
ზონა 258 – 52%
ზონა 259 – 32%
ზონა 261 – 54%
რადიო გადაცემების ნაკლებობის თვალსაზრისით, თემატიკის მიხედვით ზონები გადანაწილდა შემდეგნაირად:
|
გადაცემის თემატიკა |
250 |
252 |
253 |
255 |
256 |
257 |
258 |
259 |
261 |
|
არ დგას ასეთი საჭიროება |
35% |
17% |
35% |
33% |
39% |
31% |
38% |
19% |
24% |
|
მუსიკალური |
25% |
25% |
21% |
22% |
19% |
22% |
27% |
23% |
25% |
|
მედიცინის შესახებ |
22% |
36% |
24% |
19% |
21% |
16% |
20% |
25% |
24% |
|
საინფორმაციო/ახალი ამბები |
18% |
21% |
23% |
29% |
13% |
15% |
21% |
7% |
11% |
|
სპორტული |
16% |
17% |
16% |
14% |
16% |
18% |
11% |
15% |
12% |
|
აგრო სფეროს შესახებ |
10% |
10% |
8% |
8% |
16% |
11% |
16% |
9% |
18% |
|
ხელოვნების შესახებ |
8% |
12% |
5% |
13% |
10% |
13% |
7% |
17% |
14% |
|
სოციალური თემატიკის |
8% |
11% |
11% |
14% |
4% |
8% |
12% |
14% |
11% |
|
პოლიტიკური თოქ-შოუ |
7% |
10% |
9% |
18% |
9% |
10% |
8% |
5% |
6% |
|
შემეცნებითი |
8% |
11% |
10% |
7% |
8% |
10% |
6% |
9% |
11% |
|
გასართობი |
9% |
11% |
5% |
5% |
7% |
8% |
6% |
7% |
8% |
|
საბავშვო |
8% |
2% |
2% |
2% |
4% |
5% |
7% |
14% |
6% |
|
ბიზნესი და ეკონომიკა |
5% |
6% |
3% |
4% |
5% |
4% |
4% |
5% |
6% |
|
ჟურნალისტური გამოძიება |
3% |
7% |
3% |
1% |
4% |
1% |
2% |
5% |
4% |
|
ანალიტიკური |
2% |
4% |
1% |
3% |
3% |
2% |
1% |
4% |
3% |
|
სხვა |
2% |
0% |
0% |
0% |
0% |
4% |
1% |
3% |
2% |
კომისია აღნიშნავს, რომ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების შესწავლის შედეგად გამოიკვეთა შემდეგი გარემოებები:
– რესპონდენტების პრეფერენციები რადიო გადაცემების თემატიკასთან დაკავშირებით საკმაოდ მრავალფეროვანი და დივერსიფიცირებულია. სხვა თემატიკებთან შედარებით, რესპონდენტები ყველაზე მეტად უპირატესობას ანიჭებენ მუსიკასა და მედიცინასთან დაკავშირებულ თემებს. ამასთან, სხვადასხვა ზონებში მცხოვრები რესპონდენტების პრეფერენციები მეტ-ნაკლებად მსგავსია.
– კვლევის მონაცემების მიხედვით იკვეთება, რომ საკმაოდ მაღალია ინტერესი ისეთი რადიო არხების მიმართ, რომლებიც სპეციალიზირებული იქნებოდნენ მუსიკის სფეროში (რესპონდენტთა 49,5% აცხადებს, რომ მუსიკა არის პრიორიტეტული თემატიკა სპეციალიზებული არხისთვის). ასევე, დაინტერესება დიდია სამედიცინო სფეროსთან დაკავშირებულ სპეციალიზირებულ რადიო მაუწყებლობის მიმართაც (გამოკითხულთა 41.3%).
– რესპონდენტების ყველაზე დიდი ნაწილი ყველაზე ხშირად (ყოველდღიურად) მოუსმენდა ისეთ რადიო არხს, რომელიც ეთერს, უმეტესად, მუსიკას ან ახალ ამბებს დაუთმობდა, ხოლო ყველაზე იშვიათად - რადიო არხს, რომელიც ეთერს, უმეტესად, ანალიტიკურ გადაცემებსა და შემეცნებით გადაცემებს მიუძვღნიდა.
– რადიომაუწყებლობის ტიპის მიხედვით ყველაზე მოთხოვნადია საერთო მაუწყებლობის რადიოარხის დამატება, შემდეგ სპეციალიზებული და სათემო მაუწყებლობა. საკმაოდ მოთხოვნადია რეგიონული რადიო არხების დამატება, რომლებიც ადგილობრივ ამბებს გააშუქებდნენ ( მოსახლეობის 47.6%). სამაუწყებლო ზონების მიხედვითაც (259 ზონის გარდა, რომელიც თბილისს მოიცავს) ასეთი მაუწყებლის არსებობას საჭიროდ მიიჩნევს გამოკითხულთა უმრავლესობა.
– რადიო გადაცემების დეფიციტის თვალსაზრისით 26.3% თვლის, რომ რაიმე ტიპის რადიოგადაცემების ნაკლებობა არ არის, 25%-ს მიაჩნია, რომ მედიცინის თემატიკის გადაცემების ნაკლებობაა, ხოლო 22.9% მუსიკალური გადაცემების ნაკლებობას ასახელებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების გათვალისწინებით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. საზოგადოებრივი აზრის 2018 წლის კვლევა (თან ერთვის) ცნობილ იქნას წინამდებარე გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად;
2. ამ გადაწყვეტილებით დამტკიცებული რადიოსამაუწყებლო პრიორიტეტების მოქმედების პერიოდში, “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით რადიომაუწყებლობის ლიცენზიების მოსაპოვებლად კონკურსები გამოცხადდეს ამ გადაწყვეტილებით დამტკიცებული რადიოსამაუწყებლო პრიორიტეტების გათვალისწინებით;
3. კერძო საერთო ან სპეციალიზებული რადიო მაუწყებლობის და სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად კონკურსები გამოცხადდეს ცალ-ცალკე, სალიცენზიო განაცხადების (მოთხოვნის) გათვალისწინებით; ასევე, ცალ-ცალკე გამოცხადდეს კონკურსები მოქმედი რადიომაუწყებლებისთვის მაუწყებლობის არსებული არეალის გაფართოებისა და ახალი ადგილობრივი მაუწყებლების შექმნის მიზნით. კონკურსის გამოცხადებისას და ლიცენზიის მაძიებელთა მიერ საკონკურსოდ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფციების შეფასებისას, კომისიამ იხელმძღვანელოს წინამდებარე გადაწყვეტილებით მაუწყებლობის თითოეული სახეობისთვის (კერძო, სათემო) და კერძო მაუწყებლობის ქვესახეობისთვის (საერთო და სპეციალიზებული) დადგენილი რადიოსამაუწყებლო პრიორიტეტებით და თითოეულ სალიცენზიო განაცხადზე მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება;
4. სათემო რადიომაუწყებლობაზე კონკურსები გამოცხადდეს ცალკე გამოყოფილ სიხშირულ დიაპაზონში;
5. რადიომაუწყებლობის პრიორიტეტები დადგინდეს შემდეგი თანმიმდევრობით, შემდეგ სამაუწყებლო ზონებში:
საქართველოს ტერიტორია (ეროვნული მაუწყებლობა)
- საერთო რადიომაუწყებლობა
- სპეციალიზებული რადიომაუწყებლობა
- სათემო რადიომაუწყებლობა
სამაუწყებლო ზონა GEO 250
- საერთო რადიომაუწყებლობა
- სპეციალიზებული რადიომაუწყებლობა
- სათემო რადიომაუწყებლობა
სამაუწყებლო ზონა GEO – 252
- სპეციალიზებული რადიომაუწყებლობა
- საერთო რადიომაუწყებლობა
- სათემო რადიომაუწყებლობა
სამაუწყებლო ზონა GEO – 253
- საერთო რადიომაუწყებლობა
- სპეციალიზებული რადიომაუწყებლობა
- სათემო რადიომაუწყებლობა
სამაუწყებლო ზონა GEO – 255
- საერთო რადიომაუწყებლობა
- სათემო რადიომაუწყებლობა
- სპეციალიზებული რადიომაუწყებლობა
სამაუწყებლო ზონა GEO – 256
- საერთო რადიომაუწყებლობა
- სპეციალიზებული რადიომაუწყებლობა
- სათემო რადიომაუწყებლობა
სამაუწყებლო ზონა GEO – 257
- საერთო რადიომაუწყებლობა
- სპეციალიზებული რადიომაუწყებლობა
- სათემო რადიომაუწყებლობა
სამაუწყებლო ზონა GEO – 258
- საერთო რადიომაუწყებლობა
- სპეციალიზებული რადიომაუწყებლობა და სათემო რადიომაუწყებლობა (თანაბრად)
სამაუწყებლო ზონა GEO – 259
- საერთო რადიომაუწყებლობა
- სპეციალიზებული რადიომაუწყებლობა
- სათემო რადიომაუწყებლობა
სამაუწყებლო ზონა GEO – 261
- სპეციალიზებული რადიომაუწყებლობა
- საერთო რადიომაუწყებლობა
- სათემო რადიომაუწყებლობა
6. სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად კონკურსის შეფასებისას, კომისიამ იხელმძღვანელოს საზოგადოებრივი აზრის კვლევაში ასახული პრიორიტეტული რადიოპროგრამების გათვალისწინებით;
7. წინამდებარე გადაწყვეტილებით დადგენილი რადიომაუწყებლობის პრიორიტეტები ძალაშია 2020 წლის 07 ივნისამდე;
8. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ.შოვნაძე) წინამდებარე გადაწყვეტილების კომისიის ვებ–გვერდზე გამოქვეყნება;
9. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე;
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე–2, მე–3 და მე–4 პუნქტებზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი);
11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე–3 და მე–6 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);
12. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე–4 პუნქტზე ასევე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტს (ს.შავგულიძე);
13. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში;
|
|
|
|
|
კომისიის წევრი |
|
ვახტანგ აბაშიძე |
|
კომისიის წევრი |
|
ელისო ასანიძე |
|
კომისიის წევრი |
|
გიორგი ფრუიძე |
|
კომისიის წევრი |
|
მერაბ ქათამაძე |
