სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიმართ ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 16, 2018 17:20
მიღების თარიღი ივნისი 21, 2018
სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიმართ ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ
I. დავის აღწერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს რომ კომისიაში შემოვიდა ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ორი საჩივარი (შ-6/2412-18; 15.05.2018; შ-6/2413-18; 15.05.2018). საჩივრებში აღნიშნულია, რომ 2018 წლის 01 მარტს და 2018 წლის 13 აპრილს ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ სსიპ ,,საზოგადოებრივ მაუწყებელს“ წარუდგინა ვიდეო და აუდიო რგოლები, სოციალური რეკლამის სტატუსით ტელევიზიისა და რადიოს სამაუწყებლო ეთერში განთავსების მოთხოვნით, თუმცა ,,საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ არც პასუხი გასცა ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ და არც ვიდეო და აუდიო რგოლები განათავსა საკუთარ სამაუწყებლო ეთერში.
საჩივრის თანახმად, მომზადებული ვიდეო და აუდიო რგოლები მიზნად ისახავს პორტალ ichange-ს თაობაზე საზოგადოების ინფორმირებას. ichange მოქალაქეთა ელექტრონული პეტიციების ოფიციალური სამთავრობო პლატფორმაა. პეტიციების პლატფორმის მიზანია საჯარო პოლიტიკაში საზოგადოების ჩართულობის, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, საქართველოს მთავრობისა და საზოგადოების ურთიერთდაახლოების გაადვილება. შესაბამისად, აღნიშნული რგოლი აკმაყოფილებს სოციალური რეკლამისთვის დადგენილ კრიტერიუმებს, ამასთან, სადავო ვიდეო რგოლი არ არის არც კომერციული და არც წინასაარჩევნო რეკლამა. სადავო ვიდეო და აუდიო რგოლები ასევე არ შეიცავს სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანოს, კერძო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ გაწეული მომსახურების რეკლამას. ვიდეო რგოლის შინაარსიდან გამომდინარე საერთოდ არ მოიცავს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მომსახურების თაობაზე ინფორმაციას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ მიაჩნია, რომ მის მიერ ichange-ს თაობაზე მომზადებული ვიდეო და აუდიო რგოლები წარმოადგენს სოციალურ რეკლამას და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ვალდებულია გაუშვას თავის ეთერში.
ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მოთხოვნა:
დაევალოს სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ ა(ა)იპ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ ichange-ს თაობაზე მომზადებული აუდიო და ვიდეო რგოლების ტელევიზიისა და რადიოს სამაუწყებლო ბადეში სოციალური რეკლამის სტატუსით განთავსება.
სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიმართ ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ საჩივრის განხილვა გაიმართა კომისიის 2018 წლის 14 ივნისის სხდომაზე. კომისიის სხდომაზე გამოცხადდნენ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წარმომადგენელი დ. ბერძენიშვილი და ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელი მ.გოგოსაშვილი.
კომისიის 2018 წლის 14 ივნისის სხდომაზე მხარეებმა განაცხადეს, რომ შესაძლებელი იყო მორიგება, კომისიამ მხარეებს დრო მისცა მოსარიგებლად და საკითხის განხილვა გადაიდო 2018 წლის 21 ივნისისათვის.
2018 წლის 19 ივნისს კომისიას განცხადებით (შ-6/2920-18) მიმართა ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელმა მ.გოგოსაშვილმა და აცნობა, რომ სადაო ვიდეო რგოლი სსიპ „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ განათავსა რადიოსა და ტელევიზიის სამაუწყებლო ბადეში და მოითხოვა ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტა.
კომისია აღნიშნავს, რომ 2018 წლის 21 ივნისს, კომისიის სხდომაზე გამოქვეყნდა ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/2920-18) სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წინააღმდეგ ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე.
II. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა, გარდა ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმებისა, აგრეთვე სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას ან სასამართლოს;
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად, დაინტერესებული პირი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მაუწყებლის საქმიანობა;
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საჩივრის მიღებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში კომისია იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას საჩივრის განსახილველად მიღების ან განცხადებზე უარის თქმის შესახებ და დაუყოვნებლივ ატყობინებს ამის თაობაზე მომჩივანს;
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი;
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 65-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია ეთერში განთავსების მიზნით წარმოდგენილ სოციალურ რეკლამას უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად დაუთმოს 3 საათში ჯამში არანაკლებ 90 წამისა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, აგრეთვე სათემო მაუწყებელი ვალდებული არიან, ეთერში განთავსების მიზნით წარმოდგენილ სოციალურ რეკლამას უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად დაუთმონ 1 საათში ჯამში არანაკლებ 60 წამისა, რომლიდანაც არანაკლებ 10 წამისა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სათანადო სარეკლამო რგოლის წარმოდგენის შემთხვევაში საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ სოციალურ რეკლამას უნდა დაუთმოს.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით კომისიას მიაჩნია, რომ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წინააღმდეგ ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ საჩივარზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება უნდა შეწყდეს.
III. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, მე-14 მუხლისა და 65-ე მუხლის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 451 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შეწყდეს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წინააღმდეგ ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება;
2. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ნ. ჯავახიძე) წინამდებარე გადაწყვეტილების სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის“ და ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისთვის“ გაგზავნა;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ. N6) მხარეებისთვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ი.ხარებავა).
|
კომისიის თავმჯდომარე |
|
კახი ბექაური |
|
კომისიის წევრი |
|
ვახტანგ აბაშიძე |
|
კომისიის წევრი |
|
ელისო ასანიძე |
|
კომისიის წევრი |
|
გიორგი ფრუიძე |
|
კომისიის წევრი |
|
მერაბ ქათამაძე |
