,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის შრომის შინაგანაწესის დამტკიცების თაობაზე” კომისიის 2017 წლის 16 ნოემბრის N754/22 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 05, 2018 12:15
მიღების თარიღი ივნისი 21, 2018
,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის შრომის შინაგანაწესის დამტკიცების თაობაზე” კომისიის 2017 წლის 16 ნოემბრის N754/22 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში „კომისია“), 2017 წლის 16 ნოემბრის N754/22 გადაწყვეტილებით დაამტკიცა „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის შრომის შინაგანაწესი“ (შემდგომში - „შინაგანაწესი“). შინაგანაწესით ახლებურად განისაზღვრა კომისიის აპარატის შიდა ორგანიზაციული წესები, კომისიის აპარატში დასაქმებისა და გათავისუფლების საკითხები, სამუშაოს დაწყებისა და დასრულების დრო, შესვენების დრო, სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ სამუშაო ადგილზე ყოფნის პირობები და წესი, შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ზოგადი ინსტრუქციები, დასაქმებულის მიერ სამსახურში არყოფნის შესახებ შეტყობინების წესი, სამსახურებრივი მივლინებისა და შვებულების გაფორმების წესი, დასაქმებულებს შორის კომუნიკაციის წესი, დასაქმებულის ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებული დებულებები, დისციპლინარული პასუხისმგებლობის, ასევე დამსაქმებელსა და დასაქმებულებს შორის შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებულ სხვა საკითხები. აღსანიშნავია, რომ შინაგანაწესის დამტკიცებისას გათვალისწინებულ იქნა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებები, რომლებიც კომისიასთან მიმართებით უნდა ამოქმედებულიყო 2018 წლის 1 იანვრიდან. თუმცა, აღნიშნული კანონის ამოქმედების ვადა კომისიასთან მიმართებით გადავადდა, კანონის ამოქმედების ვადად განისაზღვრა 2019 წლის პირველი იანვარი. შედეგად, დღის წესრიგში დადგა შინაგანაწესით გათვალისწინებული რიგი დებულებების ცვლილების აუცილებლობა. გარდა ამისა, შინაგანაწესის პრაქტიკაში გამოყენებამ ცხადყო რიგ შიდაორგანიზაციულ საკითხებზე არსებული რეგულაციების შეცვლის აუცილებლობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შინაგანაწესში შედის შესაბამისი ცვლილებები, მათ შორის: შინაგანაწესიდან ამოღებულ იქნა საჯარო მოსამსახურის, პროფესიული საჯარო მოხელისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის ტერმინების განმარტებები, ხოლო ,,დასაქმებული“ ჩამოყალიბდა როგორც საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს შრომის კოდექსის“, საქართველოს კანონის ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ და შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე კომისიაში დასაქმებული პირი. შინაგანაწესის დაცვის ზედამხედველობაზე პასუხისმგებლად განისაზღვრება კომისიის თავმჯდომარე, ასევე, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი თავისი კომპეტენციის ფარგლებში. ვინაიდან, კომისიის 2018 წლის 15 თებერვლის N91/19 გადაწყვეტილებით ცვლილებები შევიდა „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატში კონკურსის ჩატარების წესში“, რომლის თანახმადაც, არამუდმივი ამოცანების შესრულების მიზნით პირის შერჩევა შესაძლებელი გახდა გამარტივებული საჯარო კონკურსის გარეშე, შესაბამისი ცვლილება შედის შინაგანაწესშიც. ასევე, კონკურსის საფუძველზე დასაქმებულ პირთან, რომელიც შესაბამის თანამდებობაზე ინიშნება კომისიის თავმჯდომარის ბრძანებით, გაფორმდება შრომითი ხელშეკრულება. ცვლილებების შესაბამისად, რომლებიც განსაზღვრავს პირის მიერ სამსახურში მიღების დროს წარსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალს, კომისიას უფლება ეძლევა პირის სამსახურში მიღებისას მოითხოვოს დასაკავებელი პოზიციიდან გამომდინარე სხვა განსაზღვრული დოკუმენტი.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი ჯერ არ არის სრულად ამოქმედებული კომისიის მიმართ, ცვლილება შესატანია დასაქმებულის გამოსაცდელ ვადასა და დასაქმების ვადასთან დაკავშირებულ დებულებებში. შესაბამისად, შინაგანაწესით დასაქმებულის გამოსაცდელი ვადა განისაზღვრება არაუმეტეს 6 თვით, საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად. ამასთანავე, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დასაქმებულს არ მიეცემა ანაზღაურებადი შვებულება. ასევე, იცვლება ძირითადი ფუნქციების, დამხმარე ხასიათის მუდმივი ფუნქციებისა და არამუდმივი ამოცანების შესასრულებლად დასაქმებული პირის სამსახურის ვადის განსაზღვრის პირობები. საქართველოს შრომის კოდექსის დებულებების გათვალისწინებით განისაზღვრა შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების ჩამონათვალი, შრომითი ურთიერთობების შეჩერებისა და დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლები, ანაზღაურების გარეშე შვებულების მიცემის წესი.
შინაგანაწესში შესატანი ცვლილების შესაბამისად, წინასწარ გაუთვალისწინებელი (ავადმყოფობის, ოჯახური პირობების ან სხვა მიზეზთა გამო) და გადაუდებელი მიზეზით სამუშაო ადგილის დატოვების ან სამსახურში გამოუცხადებლობის აუცილებლობის შემთხვევაში, დასაქმებულის ვალდებულება შემოიფარგლება უშუალო ხელმძღვანელისა და ადამიანური რესურსების მართვის ერთეულისთვის შეტყობინებით და მას არ მოეთხოვება შესაბამისი დროის განმავლობაში სამსახურებრივი ვალდებულებებისაგან გათავისუფლების თაობაზე თხოვნის წარდგენა. შინაგანაწესში შესატანი ცვლილების შესაბამისად, დასაქმებულს ექნება უფლება მოითხოვოს შვებულება ზედიზედ არანაკლებ 3 სამუშაო დღის ოდენობით, ნაცვლად 6 სამუშაო დღისა, ხოლო გამოსაცდელი ვადით დასაქმებულს უფლება ექნება ისარგებლოს თავისუფალი დღით (Day Off).
შინაგანაწესში შედის ცვლილება ინტერესთა კონფლიქტის საკითხთან დაკავშირებულ დებულებებში ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის გათვალისწინებით და ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებული კანონით განსაზღვრული მოთხოვნები გავრცელდება კომისიის ყველა დასაქმებულზე. შინაგანაწესში ასევე, შედის რედაქციული ხასიათის ცვლილებაც.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის, VII თავისა და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1.,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის შრომის შინაგანაწესის დამტკიცების თაობაზე“ კომისიის 2017 წლის 16 ნოემბრის N754/22 გადაწყვეტილებაში შევიდეს ცვლილება და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის შრომის შინაგანაწესი“ დამტკიცდეს თანდართული სახით (დანართი 1);
2. გადაწყვეტილება ამოქმედდეს კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.gncc.ge გამოქვეყნების დღიდან;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ.) კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს (თ. ბოკუჩავა) გადაწყვეტილებაში შესული ცვლილებების დასაქმებულთა მიერ გაცნობის უზრუნველყოფა.
5. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს (თ. ბოკუჩავა).
|
კომისიის თავმჯდომარე |
|
კახი ბექაური |
|
კომისიის წევრი |
|
ვახტანგ აბაშიძე |
|
კომისიის წევრი |
|
ელისო ასანიძე |
|
კომისიის წევრი |
|
გიორგი ფრუიძე |
|
კომისიის წევრი |
|
მერაბ ქათამაძე |
