შპს „მომავლის რეკლამის“ მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 05, 2018 12:01
მიღების თარიღი ივნისი 28, 2018
შპს „მომავლის რეკლამის“ მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „მომავლის რეკლამამ“ (კომისიაში რეგისტრაციის №შ-7/2945-18 20.06.2018) მაუწყებლობის ავტორიზაციის (BR-675, 28.07.2014) მოდიფიცირების შესახებ. კერძოდ, კომპანიას სურს ხელმისაწვდომობა ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის (ქ. წალენჯიხისა და ქ. ჩხოროწყუს მულტიპლექსების) მეშვეობით გახადოს უფასო.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მომავლის რეკლამა“ მაუწყებლობაზე ავტორიზებულია (BR-675, 28.07.2014), შემდეგი საავტორიზაციო პირობებით:
ა) მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა;
ბ) მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;
გ)მაუწყებლობის ქვესახეობა: სპეციალიზებული (გასართობი) ტელემაუწყებლობა;
დ) მაუწყებლობის ენა: ქართული;
ე) მაუწყებლობის ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 12 საათი;
ვ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და აღნიშნულის შესაბამისად მაუწყებლობის გავრცელების სავარაუდო გეოგრაფიული არეალი:
ვ.ა) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი ააიპ მედია ცენტრი ღია აფხაზეთისათვის (ქ. ჩხოროწყუ და ქ. წალენჯიხა) მულტიპლექსი;
ვ.ბ) თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურები (საქართველო);
ვ.გ) ინტერნეტი (საქართველო);
ვ.დ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები (საქართველო);
ზ) მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა:
ზ.ა) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი - ღია (ფასიანი);
ზ.ბ) თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურები - ფასიანი/უფასო;
ზ.გ) ინტერნეტი - უფასო;
ზ.დ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები - უფასო;
კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად ავტორიზაცია, ავტორიზაციის პირობების მოდიფიცირება და მაუწყებლის ინიციატივით ავტორიზაციის შეჩერება ან გაუქმება ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.
კომისიის 2018 წლის 28 ივნისის სხდომას არ ესწრებოდა შპს „მომავლის რეკლამის“ წარმომადგენელი.
კომისია აღნიშნავს, რომ სხდომაზე არ გამოვლენილა მოდიფიცირების დამაბრკოლებელი გარემოება შესაბამისად ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა განხორციელდეს შპს „მომავლის რეკლამის“ მაუწყებლობის ავტორიზაციის (BR-675, 28.07.2014) მოდიფიცირება.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოდიფიცირდეს შპს „მომავლის რეკლამის“ მაუწყებლობის ავტორიზაცია (BR-675, 28.07.2014) და ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელით მაუწყებლობის ხელმისაწვდომობად განისაზღვროს - უფასო;
2. შპს „მომავლის რეკლამა“ ვალდებულია:
ა) დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;
ბ) დაიცვას ავტორიზაციის ყველა პირობა, რომლებიც მის საავტორიზაციო განცხადებაშია ასახული;
გ) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;
დ) ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;
ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერტიფიკატი; დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;
ვ) კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; უზრუნველყოს ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 10 დღით ადრე კომისიისთვის მის მიერ მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა.
ზ) იქონიოს თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას.
3. დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანა;
ბ) ამონაწერის გაცემის უზრუნველყოფა;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა):
ა) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „მომავლის რეკლამისთვის“ გაგზავნა;
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.; N6) შპს „მომავლის რეკლამისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
6. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოქვეყნებისთანავე;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი და მე–2 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი და მე–2 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).
კომისიის თავმჯდომარე |
|
კახი ბექაური |
კომისიის წევრი |
|
ვახტანგ აბაშიძე |
კომისიის წევრი |
|
ელისო ასანიძე |
კომისიის წევრი |
|
გიორგი ფრუიძე |
კომისიის წევრი |
|
მერაბ ქათამაძე |