წვდომის მენიუ

სს „აი თი დი სისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 388 / 18

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 10, 2018 10:42

მიღების თარიღი ივლისი 05, 2018

სსაი თი დი სისთვისადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

I.     საქმის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) აპარატის აუდიო-ვიზუალური   მედია   მომსახურებების   რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (№შ-10/3097-18, 02.07.2018) თანახმად, კომისიაში შემოვიდა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/2900-18, 18.06.2018), რომლის თანახმადაც სს „აი თი დი სი“ არღვევს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ უფლებებს, რომელსაც გააჩნია 2018 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების ჩვენების ექსკლუზიური უფლება. კომისიის 2018 წლის 28 ივნისის N374/18  გადაწყვეტილებით სს „აი თი დი სი“-ს მიეცა წერილობითი გაფრთხილება და დაევალა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამაუწყებლო არხის არამართლზომიერი ტრანზიტის დაუყოვნებლივ შეწყვეტა. 2018 წლის 2 ივლისს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების   დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ  განხორციელდა სს „აი თი დი სი“-ს საკუთრებაში არსებული პორტალის myvideo.ge-ს განმეორებითი შემოწმება (შემოწმების აქტი N55), რის შედეგადაც აღმოჩნდა, რომ პორტალზე კვლავ ხდება მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების ტრანზიტი. აღნიშნულის გათვალისწინებით დეპარტამენტს მიაჩნია, რომ სს „აი თი დი სი“-ს მიერ ხდება შესაბამისი უფლებების გარეშე კონტენტის ტრანზიტი.

სამსახურებრივი ბარათის თანდართული დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ კომისიის 2018 წლის 19 ივნისის წერილით N03/2032-18 სს „აი თი დი სი“-ს ეცნობა, რომ კომისიაში შემოსულია სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/2900-18, 18.06.2018), რომლის თანახმადაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ითხოვს შეწყდეს ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების ტრანზიტი პლატფორმა myvideo.ge საშუალებით. აღნიშნულიდან გამომდინარე  სს „აი თი დი სი“-ს  ეთხოვა ზემოაღნიშნულის გათვალისწინება თავის საქმიანობაში.

სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წერილში (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/2900-18, 18.06.2018) აღნიშნულია, რომ მაუწყებელი ფლობს 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების/რეპორტაჟების (რომელიც გაიმართება 2018 წლის 14 ივნისიდან 2018 წლის 15 ივლისის ჩათვლით) საქართველოს ტერიტორიაზე სატელევიზიო ჩვენების, ასევე ინტერნეტ პლატფორმაზე და მობილური აპლიკაციების საშუალებით ჩვენების ექსკლუზიურ უფლებას, რის დასადასტურებლად კომისიაში წარმოდგენილია შესაბამისი დოკუმენტაცია (ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) 2018 წლის 1 ივნისის წერილის ასლი).

სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წერილში ასევე აღნიშნულია, რომ 2018 წლის 4 ივნისს წერილობით მიმართეს კომისიას ზემოაღნიშნული მატჩების/რეპორტაჟების რეტრანსლაციის აკრძალვის მიზნით, ასევე მიმართეს კომპანიებს, მათ შორის, სს „აი თი დი სი“-ს, რომელიც ფლობს ვებგვერდს myvideo.ge-ს (კომისიაში წარმოდგენილია სს „აი თი დი სი“-სთვის გაგზავნილი 2018 წლის 4 ივნისის წერილის ასლი). სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წერილში ასევე აღნიშნულია, რომ საკითხის შესახებ ზემოაღნიშნული კომპანიის წარმომადგენელთან ჰქონდათ არაერთი პირადი სატელეფონო კომუნიკაცია.

სსიპ „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ 2018 წლის 4 ივნისს წერილით მიმართა სს „აი თი დი სი“-ს და აცნობა, რომ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“, როგორც ევროპის მაუწყებელთა კავშირის წევრი, ფლობს ფეხბურთში 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების/რეპორტაჟების (რომელიც გაიმართება 2018 წლის 14 ივნისიდან 2018 წლის 15 ივლისის ჩათვლით) საქართველოს ტერიტორიაზე სატელევიზიო ჩვენების, ასევე, ინტერნეტ პლატფორმაზე და მობილური აპლიკაციების საშუალებით ჩვენების ექსკლუზიურ უფლებას. გამომდინარე აქედან, სსიპ „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ სთხოვა სს „აი თი დი სი“-ს აღნიშნული პერიოდის განმავლობაში არ აწარმოოს 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საფეხბურთო მატჩების/რეპორტაჟების რეტრანსლაცია, ხოლო ასეთი რეტრანსლაციის შემთხვევაში ითხოვა სს „სი თი დი სი“-მ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ წარუდგინოს აღნიშნული უფლებების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

კომისიის 2018 წლის 19 ივნისის წერილით N03/2032-18 სს „აი თი დი სი“-ს ეცნობა, რომ კომისიაში შემოსულია სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/2900-18, 18.06.2018), რომლის თანახმადაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ითხოვს შეწყდეს ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების ტრანზიტი პლატფორმა myvideo.ge-ს საშუალებით. აღნიშნულიდან გამომდინარე სს „აი თი დი სი“-ს  ეთხოვა ზემოაღნიშნულის გათვალისწინება მომდევნო საქმიანობაში და გაფრთხილდა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში კომისია მიმართავდა კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებას.

კომისიის 2018 წლის 28 ივნისის N374/18  გადაწყვეტილებით სს „აი თი დი სი“-ს მიეცა წერილობითი გაფრთხილება და დაევალა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამაუწყებლო არხის არამართლზომიერი ტრანზიტის დაუყოვნებლივ შეწყვეტა. აღნიშნული გადაწყვეტილება არ აღასრულა სს „აი თი დი სი“-მ, შესაბამისად, კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (№შ-10/3097-18, 02.07.2018) საფუძველზე კომისიაში კვლავ დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება სს „აი თი დი სი“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2018 წლის 5 ივლისი. ზემოაღნიშნულის თაობაზე შეტყობინება გაეგზავნა სს „აი თი დი სი“-ს და განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება.

2018 წლის 5 ივლისს, კომისიას განცხადებით (Nშ-6/3192-18) მიმართა სს „აი თი დი სი“-მ და მოითხოვა საკითხის განხილვის გადადება, ვინაიდან კომისიის 2018 წლის კომისიის 28 ივნისის N374/18 გადაწყვეტილება „სს „აი თი დი სი“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ გასაჩივრებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში და კომპანიას დაყენებული აქვს შუამდგომლობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების მოთხოვნით. აღნიშნულის გათვალისწინებით, სს „აი თი დი სი“-ს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში  წარმოიშობა კომისიის მიერ მისაღები გადაწყვეტილების კოლიზია სასამართლოს გადაწყვეტილებასთან, რის საფუძველზეც კომისიის  გადაწყვეტილება შესაძლოა საფუძველს მოკლებული აღმოჩნდეს.

სს „აი თი დი სი“-ს განცხადებაში, ასევე აღნიშნულია, რომ ინტერნეტ პორტალის „myvideo“-ს განმეორებით შემოწმებამდე, 2018 წლის 2 ივლისს კომისიას მიმართა სს „აი თი დი სი“-მ საჩივრით სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წინააღმდეგ მის მიმართ განხორციელებული დისკრიმინაციულ მოპყრობასთან დაკავშირებით.  კომპანიის განმარტებით, ვინაიდან დისკრიმინაციული მოპყრობის საფრთხე, მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას დგას, სს „აი თი დი სი“-მ მოითხოვა საკითხზე დაუყოვნებლივი რეაგირება, თუმცა აღნიშნული საჩივრის განხილვა კომისიის 2018 წლის 5 ივლისის სხდომის დღის წესრიგით არ არის გათვალისწინებული.

სს „აი თი დი სი“-ს განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ კომისიის 2018 წლის 28 ივნისის N374/18 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით მხარეებს („საზოგადოებრივ მაუწყებელსა“ და სს „აი თი დი სი“-ს) განემარტათ, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მართლზომიერი ტრანზიტის უზრუნველსაყოფად, სს „აი თი დი სი“-მ სიგნალის მისაღებად უნდა მიმართოს სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“, ხოლო სსიპ „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ სიგნალის მიწოდება უნდა უზრუნველყოს არადისკრიმინაციულად. სს „აი თი დი სი“-მ 2018 წლის 2 ივლისს მიმართა სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ სხვა ტრანზიტორი ოპერატორების ანალოგიური და არადისკრიმინაციული სიგნალის მიწოდების მოთხოვნით. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლისგან“ 2018 წლის 4 ივლისს მიღებული წერილის თანახმად, სსიპ  „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ შესთავაზა სიგნალის სატელიტიდან მიღება კონკრეტული შეზღუდვებით, რომელიც, განმცხადებლის განმარტებით მხოლოდ სს „აი თი დი სი“-ს მიმართ ხორციელდება.

სს „აი თი დი სი“-ს განმარტებით, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მხრიდან დისკრიმინაციული მოპყრობის დადასტურებული ფაქტი წარმოადგენს მიმდინარე ადმინისტრაციული სამართალწარმოების მნიშვნელოვან და ძირეულ გარემოებას და აღნიშნული გარემოებების შესწავლის და გამოკვლევის გარეშე მიღებული გადაწყვეტილება განხილული იქნება როგორც უკანონო და დაუსაბუთებელი.

კომისიის 2018 წლის 5 ივლისის სხდომაზე გამოცხადნენ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლები დ.ბერძენიშვილი და ე.მიხაილოვა. კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდა სს „აი თი დი სი“-ს წარმომადგენელი, თუმცა კომპანიას კანონით დადგენილი წესით ეცნობა კომისიის სხდომის თარიღისა და დროის შესახებ.

სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წარმომადგენლის ე. მიხაილოვას განმარტებით სს „აი თი დი სი“-მ  2018 წლის 2 ივლისს მიმართა სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ სიგნალის მიღებასთან დაკავშირებით, ხოლო სსიპ „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ მიაწოდა შესაბამისი ტექნიკური პარამეტრები და განუმარტა სიგნალის გავრცელების ორი შესაძლებლობა - 1) ინკოდერის საშუალებით სიგნალის გავრცელება; 2) სატელიტის მეშვეობით სიგნალის გავრცელება, შესაბამისი დათქმით, რომ სიგნალის გავრცელება მოხდებოდა მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლაციების შეზღუდვით. ე. მიხაილოვამ აღნიშნა, რომ, როგორც მისთვის არის ცნობილი სს „აი თი დი სი“-ს მიერ  კომისიის გადაწყვეტილება არ სრულდება. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ მითითებული სიგნალი არ არის გამოყენებული. ე. მიხაილოვამ ასევე განმარტა, რომ მათ არაერთხელ ჰქონდათ კომუნიკაცია და მრავალჯერ მიიღეს დაპირება ყველა პლატფორმიდან სიგნალის მოხსნაზე ფეხბურთის ტრანსლაციის დროს, რაც გულისხმობს, რომ ფეხბურთის ტრანსლაცია იქნებოდა შეზღუდული. მიუხედავად ამისა, გრძელდება ტრანსლაცია როგორც აპლიკაციის მეშვეობით, ისე ვებ გვერდზე. ე. მიხაილოვას განმარტებით სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ყველა კომპანიას ეკონტაქტებოდა. ერთ-ერთმა კომპანიამ, მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე, წერილობით მიმართა სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“  OTT ტექნოლოგიების გამოყენებით ტრანსლაციასთან დაკავშირებით, რაზედაც სსიპ „საზოგადოებრივმა მაუწყებლმა“ განუმარტა, რომ მსოფლიო ფეხბურთის ჩემპიონატის ჩვენება იქნებოდა შეზღუდული. წერილობითი კომუნიკაცია შედგა სს „სილქნეტთანაც“. სსიპ „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ სს „სილქნეტს“ აცნობა, რომ შეწყვიტოს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ნებართვის გარეშე მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლაცია, რაც არ შეასრულა სს „სილქნეტმა“, რის შემდეგ, სსიპ „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“  სს „სილქნეტის“ მიმართ საჩივრით მიმართა კომისიას.

 II. კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები:

  1. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (№შ-10/3097-18, 02.07.2018) თანდართული დოკუმენტაციით;
  2. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის 2018 წლის 2 ივლისის შემოწმების აქტი N55;
  3. სს „აი თი დი სი“-ს შემოწმების ჩატარების დამადასტურებელი აუდიო-ვიზუალური ჩანაწერი - 1 (CD);
  4. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/2900-18, 18.06.2018) თანდართული დოკუმენტაციით;
  5. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 2018 წლის 4 ივნისის წერილი გაგზავნილი სს „აი თი დი სისთვის“;
  6. კომისიის წერილი (N04/2032-18, 19.06.2018) გაგზავნილი სს „აი თი სი სი“-სთვის;
  7. კომისიის 2018 წლის 28 ივნისის N374/18 გადაწყვეტილება „სს „აი თი დი სი“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;
  8. სს „აი თი დი სი“-ს 2018 წლის 5 ივლისის Nშ-6/3192-18 წერილი;
  9. კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის სამსახურებრივი ბარათი (05.07.2018 Nშ-10/3188-18);
  10. მონაცემები კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან და ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმე (არაკომერციაული) იურიდიული პირების რეესტრიდან სს „აი თი დი სის“ შესახებ;
  11. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წარმომადგენლების ახსნა-განმარტებები მიცემული კომისიის 2018 წლის 5 ივლისის სხდომაზე.

 III. კომისიის მიერ დადგენილი  ფაქტობრივი გარემოებები

  1. სს „აი თი დი სი“ 2011 წლის 16 ივნისიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს (ავტორიზებული საქმიანობის სახე: B.F.2 ინტერნეტ მომსახურება: ბოლო მომხმარებლების ინტერნეტ ჰოსტინგის მომსახურება; B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი: ტელემაუწყებლობის ტრანზიტი; B.F.6 გამოძახებით აუდიო ვიზუალური მომსახურება (video on demand): გამოძახებით აუდიო ვიზუალური მომსახურება (video on demand);
  2. სს „აი თი დი სის“ საქართველოს ტერიტორიაზე  სამაუწყებლო არხების უცვლელი სახით გადაცემის უფლება მოპოვებული უნდა ჰქონდეს ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საავტორო ან მომიჯნავე (მათ შორის ექსკლუზიური) უფლების მფლობელთან დადებული ხელშეკრულების ან/და სანებართვო წერილების  საფუძველზე;
  3. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 2011 წლის 29 ნოემბრის სანებართვო წერილით სს „აი თი დი სის“ მინიჭებული ქონდა უფლება თავისი ვებგვერდის www.myvideo.ge-ს მეშვეობით განეხორციელებინა საზოგადოებრივი მაუწყებლის რეტრანსლაცია;
  4. სსიპ „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ 2018 წლის 4 ივნისის წერილით მიმართა სს „აი თი დი სის“ და აცნობა, რომ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“, როგორც ევროპის მაუწყებელთა კავშირის წევრი, ფლობს ფეხბურთში 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების/რეპორტაჟების (რომელიც გაიმართება 2018 წლის 14 ივნისიდან 2018 წლის 15 ივლისის ჩათვლით) საქართველოს ტერიტორიაზე სატელევიზიო ჩვენების, ასევე, ინტერნეტ პლატფორმაზე და მობილური აპლიკაციების საშუალებით ჩვენების ექსკლუზიურ უფლებას.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“  სს „აი თი დი სის“ მოსთხოვა აღნიშნული პერიოდის განმავლობაში არ ეწარმოებინა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საფეხბურთო მატჩების/რეპორტაჟების რეტრანსლაცია;
  5. კომისიის 2018 წლის 19 ივნისის წერილით N03/2032-18 სს „აი თი დი სი“-ს ეცნობა, რომ კომისიაში შემოსულია სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/2900-18, 18.06.2018), რომლის თანახმადაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ითხოვს შეწყდეს ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების ტრანზიტი პლატფორმა myvideo.ge საშუალებით. აღნიშნულიდან გამომდინარე სს „აი თი დი სი“-ს  ეთხოვა ზემოაღნიშნულის გათვალისწინება თავის საქმიანობაში;
  6. 2018 წლის 2 ივლისს, 18:10 საათზე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ოფისში მისამართზე: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18, კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ (ი.მახარაძე, კ.ქორიძე) განხორციელდა სს „აი თი დი სი“-ს საკუთრებაში არსებული პორტალის myvideo.ge შემოწმება, რის თაობაზეც გაფორმდა შემოწმების აქტი №55.  შემოწმების აქტს ხელს აწერენ კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების დეპარტამენტის თანამშრომლები ი.მახარაძე და კ.ქორიძე; შემოწმების შედეგად დაფიქსირდა, რომ სს „აი თი დი სი“-ს პორტალის myvideo.ge-ს მეშვეობით კვლავ ხორციელდება მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების ტრანზიტი. სს „აი თი დი სი“-ს მიერ პორტალის myvideo.ge-ს მეშვეობით კვლავ ხორციელდება „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ უცვლელი სახით ტრანზიტი, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საფეხბურთო მატჩების ჩვენებით;
  7. სს „აი თი დი სი“ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მაუწყებლობის ტრანზიტს ახორციელებს არა „საზოგადოებრივი მაუწყებლისაგან“ მიღებული სიგნალის საფუძველზე, არამედ თავად იჭერს ღია საეთერო სიგნალს, რაც  დასტურდება სს „აი თი დი სისა“ და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წარმომადგენლების განმარტებებით;
  8. შემოწმების შედეგების სისწორე დასტურდება, როგორც 2018 წლის 2 ივლისის №55 შემოწმების აქტით, რომელიც შედგენილია ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლით გათვალისწინებული  მოთხოვნების შესაბამისად, ასევე, შემოწმების პროცესის ამსახველი ვიდეო ჩანაწერით (CD);
  9. სს „აი თი დი სი“-ს ხელზე გადაეცა კომისიის 2013 წლის 14 იანვრის N04/80-13 წერილის ასლი (ჩაიბარა: სს „აი თი დი სი“-ს მენეჯერმა - თ. მონავარდისაშვილმა), რომელშიც განმარტებულია მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის ვალდებულებები. შესაბამისად, სს „აი თი დი სის“ ეცნობა და განემარტა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზებული პირის მიერ ხორციელდება ტელე ან რადიოარხის ტრანზიტი, არა უშუალოდ ტელე ან რადიომაუწყებელთან გაფორმებული ხელშეკრულების, არამედ შუამავალ /დისტრიბუტორ/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ტელე ან რადიოარხის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერად ტრანზიტის დასადასტურებლად, ავტორიზებულმა პირმა კომისიაში უნდა წარმოადგინოს: ა) ავტორიზებულ პირსა და შუამავალ /დისტრიბუტორ/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულება; ბ) შუამავლობის /დისტრიბუციის/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; გ) ტელე ან რადიომაუწყებლის ოფიციალური დადასტურება ტელე ან რადიოარხის სამაუწყებლო ბადეებში განთავსებული სამაუწყებლო პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტული გავრცელების უფლების ფლობის შესახებ - ყოველთვიურად, სამაუწყებლო ბადის დართვით, მომდევნო 30 დღეზე; ამავე წერილით მას განემარტა, რომ თუ სამაუწყებლო არხის რეტრანსლირება ხორციელდება ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, აუცილებელია კომისიაში აღნიშნული სამაუწყებლო არხის პროგრამებზე საავტორო და მომიჯნავე უფლების მქონე პირის/ კომპანიის ნებართვის წერილის წარმოდგენა (Permission Letter), რომელშიც აღნიშნული იქნება ა) ნებართვა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მიერ სამაუწყებლო არხის საქართვლოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ; ბ) დადასტურება სამაუწყებლო არხის ბადეში განთავსებული პროგრამების საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების უფლების შესახებ; ასევე, განემარტა მის მიერ მომხმარებლისათვის შეთავაზებულ პაკეტებში ყოველი სამაუწყებლო არხის ცვლილების (დამატების) შემთხვევაში, აგრეთვე მოქმედი ხელშეკრულების ვადის გასვლისას ახალი ვადით ხელშეკრულების გაგრძელებისას შესაბამისი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენის ვალდებულება კომპანიის მიერ შესაბამისი სამაუწყებლო არხის პაკეტში ჩასმამდე/ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე;
  10. სს „აი თი დი სი“ არამართლზომიერად ახორციელებს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სიგნალის მოპოვებას. სს „აი თი დი სი“-ს როგორც 2018 წლის 2 ივლისის მდგომარეობით, ასევე  წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების დღისთვის, კომისიაში არ აქვს წარმოდგენილი მის მიერ გავრცელებული სატელევიზიო არხის სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ უცვლელი სახით (2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საფეხბურთო მატჩების ჩვენების ჩათვლით) ტრანზიტის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი;  
  11. კომისიის 2018 წლის 28 ივნისის N374/18 გადაწყვეტილების შესაბამისად სს „აი თი დი სი“-ს მიეცა გაფრთხილება, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის“ ბერნის კონვენციის  მე-11bis  მუხლის, ისმო-ს  „საავტორო უფლებების შესახებ“ ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ“ რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების,  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის დარღვევის გამო და დაევალა უზრუნველყოს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამაუწყებლო არხის  საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერი ტრანზიტის  დაუყოვნებლივ შეწყვეტა; ასევე მხარეებს განემარტათ, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ არხის ტრანზიტის განხორციელების სურვილის შემთხვევაში, სამაუწყებლო არხის მართლზომიერი ტრანზიტის უზრუნველსაყოფად, სს „აი თი დი სი“-მ  სიგნალის მისაღებად უნდა მიმართოს სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“, ხოლო სსიპ „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ სიგნალის მიწოდება უნდა უზრუნველყოს არადისკრიმინაციულად; გადაწყვეტილება მიქცეული იქნა დაუყოვნებლივი აღსრულებისათვის და სს „აი თი დი სი“-ს აღნიშნული გადაწყვეტილება ჩაბარდა 2018 წლის 29 ივნისს  10:24 საათზე;

  IV.გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

  1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას;
  2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას;
  3. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად;
  4. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–19 მუხლის მე–2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
  5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო  ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები;
  6. „ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის  №609 დადგენილებით),   ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების  მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის №879 დადგენილებით) და ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციასთან  მიერთებით (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 17 თებერვლის №3344 დადგენილებით), საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი;
  7. „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლისა და  „ინტელექტუალური საკუთრების  მსოფლიო ორგანიზაციის საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების” მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით, თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება დართონ სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით.  შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ  ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით; ამ ნორმის გამოყენებისათვის კი აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა საშუალებები და ხერხები;
  8. ,,ბერნის კონვენციისა” და „ისმო-ს ხელშეკრულების”  აღნიშნულ დანაწესთან სრულ შესაბამისობაშია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ან/და უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება);
  9. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს. „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ“ რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას უფლება აქვს ნება დართოს ან აკრძალოს თავისი გადაცემების რეტრანსლაცია;
  10. ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, რაც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ნიშნავს ნება დართოს ან აკრძალოს: ა) გადაცემის ჩაწერა; ბ) გადაცემის ჩანაწერის რეპროდუცირება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადაცემა ჩაწერილია მაუწყებლობის ორგანიზაციის თანხმობით  და რეპროდუცირება ხორციელდება იმავე მიზნით, რისთვისაც  მოხდა მისი ჩაწერა; გ) გადაცემის ერთდროულად გადაცემა ეთერში და კაბელით ხელახალი გადაცემა შესაბამისად საეთერო და საკაბელო მაუწყებლობის სხვა ორგანიზაციის მიერ; დ) გადაცემის გადაცემა ეთერში ან კაბელით; ე) გადაცემის საჯარო გადაცემა ადგილებში, სადაც შესვლა ფასიანია; ვ) გადაცემის ჩანაწერის გავრცელება საზოგადოებაში გაყიდვის ან საკუთრების სხვა ფორმით გადაცემის გზით; ზ) გადაცემის ჩანაწერის გაქირავება ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემა; თ) გადაცემის ჩანაწერის გადაცემა სადენებით ანდა უსადენო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეული ადგილიდან და დროს; ამავე კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია მაუწყებლის ორგანიზაციის გადაცემის გამოყენება მისი თანხმობის გარეშე. ამავე კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ ან/და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას;
  11. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ი1” ქვეპუნქტის შესაბამისად, კაბელით ხელახალი გადაცემა არის სადენით ან საჰაერო გზით, სატელიტური კავშირის ჩათვლით, საზოგადოებისთვის განკუთვნილი ტელე და რადიოპროგრამების საწყისი გადაცემის ერთდროულად, შეუწყვეტლად და შეუკვეცავად ხელახალი გადაცემა კაბელით ან მიკროტალღური სისტემის მეშვეობით. ამავე მუხლის „ჟ” ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო გადაცემა არის ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მონაცემთა ბაზის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის გამოსახულების ან/და ხმის გადაცემა ეთერში, კაბელით ან სხვა საშუალებით (გარდა ნაწარმოების ან ფონოგრამის ასლების გავრცელებისა) ისე, რომ გადაცემის გამოსახულება ან/და ხმა შესაძლებელია აღიქვან პირებმა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს, იმ ადგილზე (ადგილებზე), რომელიც იმდენადაა დაშორებული გადაცემის ადგილიდან, რომ ასეთი გადაცემის გარეშე გამოსახულება ან/და ხმა არ შეიძლება აღქმულ იქნას მიღების ადგილზე (ადგილებზე), მათ შორის, გადაიცეს ისე, რომ საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტები, მონაცემთა ბაზები ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან;
  12. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტი არის ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე-ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე-ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ არსებითად ხორციელდება მაუწყებლის ტელე ან რადიოარხის ტრანზიტი;
  13. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან   1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა;
  14. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ  „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამაუწყებლო არხის (2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საფეხბურთო მატჩების ჩათვლით) უფლების დამადასტურებელი სანებართვო წერილის/ხელშეკრულების გარეშე, ტრანზიტით სს „აი თი დი სი“-ს მიერ დაირღვა  ,,ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლი,  ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლი, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლი, ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლები და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი, ამასთან შპს „აი თი დი სი“-მ არ აღასრულა კომისიის 2018 წლის 28 ივნისის N374/18 გადაწყვეტილება, რაც მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია. ვინაიდან, სს „აი თი დი სი“-ს კომისიის 2018 წლის 28 ივნისის N374/18 გადაწყვეტილებით დაეკისრა გაფრთხილება ანალოგიური დარღვევისთვის, სს „აი თი დი სი“-ს უნდა დაეკისროს ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით, ვინაიდან კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის სამსახურებრივი ბარათის (05.07.2018 Nშ-10/3188-18) შესაბამისად, მისი ბოლო ერთი წლის შემოსავლის 0,5% არ აღემატება 3000 ლარს.

კომისია აღნიშნავს, რომ სს „აი თი დი სი“-ს  სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამაუწყებლო არხის ტრანზიტის უფლება მოპოვებული უნდა ჰქონდეს მაუწყებლისაგან კანონიერ, ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საავტორო ან მომიჯნავე (მათ შორის ექსკლუზიური) უფლების მფლობელთან დადებული ხელშეკრულების ან/და სანებართვო წერილების  და მაუწყებლის მიერ მისთვის მიწოდებული სიგნალის საფუძველზე, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონდა, ვინაიდან სსიპ „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ 2018 წლის 4 ივნისის წერილით  სს „აი თი დი სი“-ს მოსთხოვა არ განეხორციელებინა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საფეხბურთო მატჩების/რეპორტაჟების რეტრანსლაცია (იხ. ფაქტობრივი გარემოებები 4). ამასთან, სს „აი თი დი სი“ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მაუწყებლობის ტრანზიტს ახორციელებს არა „საზოგადოებრივი მაუწყებლისაგან“ მიღებული სიგნალის საფუძველზე, არამედ თავად იჭერს ღია საეთერო სიგნალს (იხ. ფაქტობრივი გარემოებები 7).

კომისიას, ასევე, მიაჩნია, რომ სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, სს „აი თი დი სი“ -ს უნდა აეკრძალოს საქართველოს ტერიტორიაზე სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამაუწყებლო არხის არამართლზომიერი ტრანზიტი. ვინაიდან, სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის“ არამართლზომიერი ტრანზიტი ხელყოფს მის კანონიერ ინტერესებს და აყენებს მატერიალურ ზიანს, ამასთან,  მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობის ვადის გათვალისწინებით (2018 წლის 14 ივნისიდან 15 ივლისის), კომისიას მიაჩნია, რომ წინამდებარე გადაწყვეტილება მიქცეულ უნდა იქნეს დაუყოვნებლივი აღსრულებისთვის.

 კომისია განმარტავს, რომ „სს „აი თი დი სი“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2018 წლის 28 ივნისის N374/18 გადაწყვეტილების თბილისის საქალაქო სასამართლოში გასაჩივრება, არ წარმოადგენს სს „აი თი დი სი“-სთვის ადმინისტრაციული პასუხიმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის გადადების საფუძველს, ვინაიდან, პრაქტიკის თანახმად, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისა და მხარეთათვის ჩაბარების ვადის ზუსტი განსაზღვრა შეუძლებელია, ხოლო იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ სს „აი თი დი სი“ ახორციელებს მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის არამართლზომიერ ტრანზიტს, ჩემპიონატის დასრულების შემდეგ კომისიის გადაწყვეტილების მიღება აზრს დაკარგავს და ვერ იქნება ქმედითი; აღნიშნულის გათვალისწინებით საკითხის გადადების თაობაზე სს „აი თი დი სი“-ს შუამდგომლობა კომისიის მიერ  არ დაკმაყოფილდა.

კომისია აღნიშნავს, რომ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიმართ სს „აი თი დი სი“-ს  საჩივარი დისკრიმინაციული მოპყრობის თაობაზე, წარმოადგენს სხვა ადმინისტრაციული წარმოების საგანს და მისი დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი არ წარმოექმნება უფლება სს „აი თი დი სი“-ს განახორციელოს არამართლზომიერი ტრანზიტი. კომისია შეისწავლის სს „აი თი დი სი“-ს საჩივარს, ახორციელებს მტკიცებულებებისა და საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკვლევას და კანონით განსაზღვრულ ვადაში იმსჯელებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

 V.    სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლის,  „საავტორო უფლებების შესახებ” ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე, 58-ე მუხლების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45) პუნქტის, მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 43-ე და 44-ე მუხლების, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე, 99-ე მუხლების, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის მე-13, მე-15 და მე-16 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

  :

  1. სს „აი თი დი სი“-ს დაეკისროს ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის“ ბერნის კონვენციის  მე-11bis  მუხლის, ისმო-ს  „საავტორო უფლებების შესახებ“ ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ“ რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების,  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის დარღვევის, კომისიის 2018 წლის 28 ივნისის N374/18 გადაწყვეტილების შეუსრულებლობის  გამო;
  2. სს „აი თი დი სი“-მ  უზრუნველყოს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამაუწყებლო არხის  საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერი ტრანზიტის  დაუყოვნებლივ შეწყვეტა;
  3. გადაწყვეტილება მიქცეულ იქნას დაუყოვნებლივი აღსრულებისათვის;
  4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ი.ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების სს „აი თი დი სისთვის“ და სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;
  5. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. ხუხუნაიშვილს) სს „აი თი დი სისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
  6. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სს „აი თი დი სისთვის“ ჩაბარების დღიდან;
  7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) სს „აი თი დი სი“-სთვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
  8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების  შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე).

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები