შპს „მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 10, 2018 10:59
მიღების თარიღი ივლისი 05, 2018
შპს „მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ შპს „მაგთიკომმა“ კომისიის 2018 წლის 4 აპრილის № 06/1205-18 და კომისიის 2018 წლის 7 მაისის №06/1672-18 წერილების პასუხად 2018 წლის 1 ივნისის წერილით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/2682-18, 04.06.2018) წარმოადგინა შპს „მაგთიკომის“ კუთვნილი სადგურების შესახებ კომისიის მიერ მოთხოვნილი ტექნიკური ინფორმაცია თანდართული ფორმის მიხედვით. ამავე წერილში შპს „მაგთიკომი“ ითხოვს კომერციულ საიდუმლოებად იქნას ცნობილი აღნიშნული წერილის დანართზე (CD დისკზე) ჩაწერილი ინფორმაცია.
კომისიამ განიხილა შპს „მაგთიკომის 2018 წლის 1 ივნისის წერილი და 2018 წლის 12 ივნისის №06/1967-18, წერილით აცნობა შპს „მაგთიკომს“ რომ მის მიერ კომისიისთვის მოწოდებული ინფორმაცია სრულად არ მოიცავდა მოთხოვნილ ტექნიკურ ინფორმაციას და აგრეთვე მიმართა თხოვნით განმარტებული ყოფილიყო ის ფაქტობრივი თუ იურიდიული გარემოება(ები), რის საფუძველზეც შპს „მაგთიკომი“ ითხოვდა ისეთი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობას, რომელიც მოპოვებადი არის რადიოეთერიდან ან/და ხელმისაწვდომია სტანდარტული მობილური ტერმინალით. 2018 წლის 22 ივნისის წერილით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/2990-18, 22.06.2018) შპს „მაგთიკომმა“ მოითხოვა დამატებითი ვადა მოთხოვნილი დარჩენილი ინფორმაციის კომისიაში წარმოსადგენად და ასევე მოგვაწოდა დამატებითი დასაბუთება მათ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოდ ცნობასთან მიმართებაში.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის პირველი ნაწილის, ასევე „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომერციული საიდუმლოება ეს არის ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად, გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას.
კომისია ეთანხმება შპს „მაგთიკომის“ 2018 წლის 22 ივნისის წერილში აღნიშნულ მოსაზრებას, რომ მათ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია, მოიცავს ქსელის ელემენტების იმდენად დეტალურ აღწერას, რომლის გაანალიზების შემთხვევაში შესაძლებელია დადგინდეს შპს „მაგთიკომის“ ქსელის აგებულების ლოგიკა, მისი ძლიერი და სუსტი მხარეები, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს შპს „მაგთიკომის“ კონკურეტუნარიანობას. ასევე კომისიას მიაჩნია, რომ მოწოდებული ინფორმაცია, წარმოადგენს შპს „მაგთიკომის“ კვლევებისა და ანალიზის საფუძველზე წლების მანძილზე შექმნილ ინტელექტუალური შემოქმედების შედეგს.
ასევე საგულისხმოა, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი არ განსაზღვრავს კონკურენტუნარიანობის ლეგალურ დეფინიციას. ამ საკითხზე მსჯელობისას სასამართლომ განმარტა, რომ ხსენებული ნორმა კონკურენტუნარიანობაზე არა ზიანის მიყენების უტყუარობას, არამედ ასეთის შესაძლებლობაზე, ვარაუდზე მიუთითებს (იხ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლო, საქმე № 3/ბ - 465-2011, გვ 6). უზენაესი სასამართლო პრაქტიკის თანახმად, ამა თუ იმ ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევის შესახებ მსჯელობისას გათვალისწინებული უნდა იქნას ინფორმაციის გამჟღავნებით მოსალოდნელი ნეგატიური შედეგები და პირის ეკონომიკური ინტერესების დაზარალების შესაძლებლობა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლო, გადაწყვეტილება, #ბს-1435-1393(კ-08)). კანონი ითვალისწინებს მხოლოდ ერთადერთ შემთხვევას, რა დროსაც საჯარო დაწესებულება არ ცნობს ინფორმაციას კომერციულ საიდუმლოებად, როდესაც ინფორმაციის ღიაობის ვალდებულება დადგენილია კანონით. შპს „მაგთიკომის“ შემთხვევაში უდავოა, რომ მის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია, რომელიც მოიცავს მთლიანი ქსელის ტექნიკური პარამეტრების ზუსტ და დეტალურ აღწერილობას არ წარმოადგენს ისეთ ინფორმაციას, რომლის ღიაობის ვალდებულება დადგენილია რომელიმე ნორმატიული აქტით.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31–ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, პროფესიული და კომერციული ინფორმაცია გასაიდუმლოვდება უვადოდ. კომერციული საიდუმლოება ღიად უნდა გამოცხადდეს, თუ მას აღარ გააჩნია ის ღირებულება, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის, 31–ე მუხლისა და ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-19 მუხლის მე–4 პუნქტის და 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დაკმაყოფილდეს შპს „მაგთიკომის“ მოთხოვნა, 2018 წლის 1 ივნისის წერილის (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/2682-18) დანართით კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე;
2. ცნობილ იქნას კომერციულ საიდუმლოებად 2018 წლის 1 ივნისის წერილის (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/2682-18) დანართით CD-დისკზე ჩაწერილი ინფორმაცია;
3. ინფორმაცია ჩაითვალოს კომერციულ საიდუმლოებად შპს „მაგთიკომის“ მიერ ინფორმაციის გასაიდუმლოების შესახებ კომისიისათვის მომართვიდან ვიდრე არ დაკარგავს იმ ღირებულებას, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული;
4. დაევალოს შპს „მაგთიკომს“ აღნიშნული გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში წარმოადგინოს კომისიის 2018 წლის 4 აპრილის № 06/1205-18 წერილით მოთხოვნილი დარჩენილი ინფორმაცია;
5. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31–ე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, სათანადო წესით შესაბამის რეესტრში შეტანა (ნ. ჯავახიძე);
6. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „მაგთიკომისთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);
7. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს „მაგთიკომისთვის“ ჩაბარების დღიდან;
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, N6) ერთი თვის ვადაში;
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).
|
კომისიის თავმჯდომარე |
|
კახი ბექაური |
|
კომისიის წევრი |
|
ვახტანგ აბაშიძე |
|
კომისიის წევრი |
|
ელისო ასანიძე |
|
კომისიის წევრი |
|
გიორგი ფრუიძე |
|
კომისიის წევრი |
|
მერაბ ქათამაძე |
