შპს „Voxbone”-სთვის საქართველოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის წარმოდგენის დავალდებულების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 10, 2018 10:57
მიღების თარიღი ივლისი 05, 2018
შპს „Voxbone”-სთვის საქართველოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის წარმოდგენის დავალდებულების თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზაცია, რაც ამავე კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ”ა” და ”ბ” ქვეპუნქტების თანახმად, ხორციელდება ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფის ავტორიზაციისა და ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდების ავტორიზაციის გზით. ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფის ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდების ავტორიზაციის მსურველი პირი მიმართავს კომისიას დეკლარაციით, რომლის ფორმას ამტკიცებს კომისია. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ავტორიზაციის მსურველი პირი ვალდებულია დეკლარაციას დაურთოს ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.
ავტორიზების გამარტივებული სისტემის დანერგვის დღიდან კომისია მიიჩნევდა, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული ჩანაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თაობაზე, გულისხმობდა არა მხოლოდ საქართველოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან ამონაწერს, არამედ ნებისმიერი სახელმწიფოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან ამონაწერს. აქედან გამომდინარე, 2005 წლიდან 2016 წლის ჩათვლით არსებული პრაქტიკის შესაბამისად, კომისია ახორციელებდა როგორც საქართველოში რეგისტრირებული კომპანიების, ასევე, სხვა სახელმწიფოებში რეგისტრირებული კომპანიების ავტორიზაციას.
კომისიას მიაჩნია, რომ საქართველოში და სხვა სახელმწიფოში რეგისტრირებული კომპანიებისთვის თანაბარი პირობების შექმნისა და უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული კომპანიების საქართველოში არსებული სამართლებრივი რეგულირების ფარგლებში მოქცევის მიზნით, რაც ხელს შეუწყობს კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებას, შენარჩუნებასა და განვითარებას, ავტორიზებადი საქმიანობის განსახორციელებლად პირმა კომისიაში უნდა წარმოადგინოს ამონაწერი საქართველოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან. შესაბამისად 2018 წლის 26 აპრილის კომისიის №227/19 გადაწყვეტილებით ცვლილება შეიდა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 17 ივნისის №408/21 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ ავტორიზაციის დეკლარაციის ფორმებში, სადაც მკაფიოდ მიეთითა, რომ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის მსურველმა პირმა კომისიაში უნდა წარმოადგინოს ამონაწერი საქართველოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.
კომისია აღნიშნავს რომ კომპანიებმა, რომლებიც რეგისტრირებული არიან სხვა სახელმწიფოებში, მაგრამ ავტორიზაციის გავლის დროს არ წარმოუდგენიათ ამონაწერი საქართველოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, კომისიაში უნდა წარმოადგინონ საქართველოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერი.
კომისია აღნიშნავს, რომ ერთ-ერთ კომპანიას, რომელსაც ავტორიზაციის გავლის დროს არ წარმოუდგენია ამონაწერი საქართველოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან წარმოადგენს შპს „Voxbone” (ს/კ0478.928.788, ბელგია).
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ 2018 წლის 23 აპრილს, კომისიაში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება შპს „Voxbone”-ისთვის საქართველოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის წარმოდგენის დავალდებულების საკითხის განხილვის თაობაზე, ხოლო კომისიის სხდომა დაინიშნა 2018 წლის 26 აპრილს, რის შესახებაც შპს „Voxbone”-ს ეცნობა წერილობითი შეტყობინებით (№16/1358-18, 23.04.18).
2018 წლის 26 აპრილის სხდომას ესწრებოდა შპს „Voxbone”-ის წარმომადგენელი ნათელა ოთარიძე, რომელმაც კომისიას მიმართა თხოვნით საკითხის განხილვის ორი კვირით გადადების თაობაზე. კომისიამ დააკმაყოფილა ზემოაღნიშნული თხოვნა და საკითხის განხილვა დანიშნა 2018 წლის 10 მაისს, 15:00 საათზე. 2018 წლის 10 მაისის სხდომაზე შპს „Voxbone”-ის წარმომადგენელმა ნათელა ოთარიძემ ისევ მიმართა კომისიას შუამდგომლობით საკითხის გადადების თაობაზე, კომისიამ აღნიშნული შუამდგომლობა კვლავ დააკმაყოფილა და საკითხის განხილვა დანიშნა 14 ივნისს, 15:00 საათზე. 2018 წლის 14 ივნისის სხდომას არ ესწრებოდა შპს „Voxbone”-ის წარმომადგენელი, სხდომაზე გამოქვეყნდა შპს „Voxbone”-ის წერილი, საკითხის განხილვის 2018 წლის 5 ივლისამდე გადადების თხოვნით. ზემოაღნიშნული შუამდგომლობა კომისიამ კვლავ დააკმაყოფილა და საკითხის განხილვის თარიღად განისაზღვრა 2018 წლის 5 ივლისი.
2018 წლის 5 ივლისის სხდომას ესწრებოდა შპს „Voxbone”-ის წარმომადგენელი ნათელა ოთარიძე, რომელმაც მიმართა შუამდგომლობით კომპანიისთვის საქართველოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის წარმოდგენისთვის განესაზღვრათ 3 თვის ვადა. კომისიამ იმსჯელა შუამდგმლობასთან დაკავშირებით და მიზანშეწონილად მიიჩნია მისი დაკმაყოფილება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76-ე, 96-ე, 103-ე, 104-ე და 105-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დაევალოს შპს „Voxbone”-ს 2018 წლის 5 ოქტომბრამდე წარმოადგინოს ამონაწერი საქართველოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ.ქადეიშვილი) შპს „Voxbone”-ისთვის ზემოაღნიშნული გადაწყვეტიების გაგზავნა;
3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „Voxbone”-სთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) შპს „Voxbone”-სთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ.ქადეიშვილი).
|
კომისიის თავმჯდომარე |
|
კახი ბექაური |
|
კომისიის წევრი |
|
ვახტანგ აბაშიძე |
|
კომისიის წევრი |
|
ელისო ასანიძე |
|
კომისიის წევრი |
|
გიორგი ფრუიძე |
|
კომისიის წევრი |
|
მერაბ ქათამაძე |
