შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ მიმართ შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ საჩივრის განხილვის მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 04, 2018 10:46
მიღების თარიღი ივლისი 26, 2018
შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ მიმართ შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ საჩივრის განხილვის მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას საჩივრით (12.03.18 Nშ-6/1299-18) მიმართა შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციამ“ შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ წინააღმდეგ. საჩივრის თანახმად, 2017 წლის 4 მაისს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ მიმართა შპს „მედია რაითს ჯორჯიამ“ და მოითხოვა მასთან, ქართული სამაუწყებლო არხების (შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“, შპს „ტელეიმედი“, შპს „სტუდია მაესტრო“) ტრანზიტის თაობაზე ხელშეკრულების გაფორმება. აღნიშნულ წერილზე „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციამ“ წერილობით უპასუხა შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ და გამოითხოვა ხელშეკრულების პროექტი. აღნიშნული ხელშეკრულების პროექტზე შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ შენიშვნები შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ წერილობით გადაეცა 2017 წლის 18 დეკემბერს. შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ მხრიდან შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ პასუხი დაუბრუნდა 2017 წლის 21 დეკემბერს, რის შემდეგაც შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციამ“ მოითხოვა შეხვედრა შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ წარმომადგენლებთან, რათა დეტალურად და არსებითად გაევლოთ ყველა შენიშვნა ხელშეკრულებაზე. საჩივარში აღნიშნულია, რომ შეხვედრა შედგა, მხარეებმა ერთმანეთს წარუდგინეს მოსაზრებები, რის შემდეგაც რამდენიმე დღეში გაიმართა სატელეფონო საუბარი წარმომადგენლებს შორის, რა დროსაც კიდევ ერთხელ მოხდა მოსაზრებების გაცვლა ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებით. მას შემდეგ, კომპანია შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ მხრიდან არანაირი გამოხმაურება ან საბოლოო პოზიციის დაფიქსირება გამოთქმულ შენიშვნებთან დაკავშირებით არ მომხდარა, რაც შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ გაკვირვების საფუძველი იყო. მხოლოდ 2018 წლის 6 მარტს გახდა საჩივრის ავტორისთვის ცნობილი, რომ შპს „მედია რაითს ჯორჯია“ ელოდა ხელშეკრულების გაფორმებას, რიც გამოც 2018 წლის 7-9 მარტს მიმართა წერილობით შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ და მოითხოვა საბოლოო ხელშეკრულების პროექტის წარდგენა, რათა შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“ გაცნობოდა თუ შენიშვნების რა ნაწილი იქნა გაზიარებული შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ მიერ. საჩივრის თანახმად, იქიდან გამომდინარე, რომ შპს „მედია რაითს ჯორჯიამ“ საბოლოო პოზიცია შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ შენიშვნებთან დაკავშირებით დააფიქსირა და მხარეები ვერ შეთანხმდნენ ხელშეკრულების არსებით პირობებზე, რომლებზეც შეთანხმება პრინციპულია ორივე მხარისთვის, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ სურს გამოიყენოს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლით მისთვის მინიჭებული უფლება და კომისიას მიმართოს თხოვნით, უზრუნველყოს ხელშეკრულებაში შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ კანონიერი უფლებების დაცვა.
შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ საჩივრის განხილვა გაიმართა კომისიის 2018 წლის 12 აპრილის სხდომაზე. საკითხის განხილვაში დაინტერესებულ პირებად კომისიის მიერ ჩართულ იქნენ შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“, შპს „ტელეიმედი“, შპს „სტუდია მაესტრო“. კომისიამ მხარეებს გააცნო საკუთარი მოსაზრებები საჩივარში დასმულ საკითხებთან დაკავშირებით და მხარეებს მისცა ვადა მოსარიგებლად.
შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციამ“ 2018 წლის 6 ივლისს კომისიას წერილობით (შ-6/3223-18) აცნობა, რომ შპს „მედია რაითს ჯორჯიასთან“ შედგა შეთანხმება მაუწყებლობის ტრანზიტის ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებით და შესაბამისად, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციამ“ შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ წინააღმდეგ კომისიაში წარდგენილი საჩივრის მიმართ დაკარგა იურიდიული ინტერესი და მოითხოვა აღნიშნული საჩივრის განუხილველად დატოვება.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია დაინტერესებული პირის განცხადება.
,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 451 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, განმცხადებელი უფლებამოსილია უარი განაცხადოს განცხადებაზე, ხოლო მეორე მხარე უფლებამოსილია ცნოს განმცხადებლის მოთხოვნა. ამ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით კომისიას მიაჩნია, რომ შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ მიმართ შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ საჩივარზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება უნდა შეწყდეს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე, 98-ე და 99-ე მუხლების, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 451 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
- შეწყდეს შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ მიმართ შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ საჩივრის განხილვის მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება;
- დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისა“ და შპს „მედია რაითს ჯორჯიასთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;
- გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მხარეებისთვის ჩაბარების დღიდან;
- გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) მხარეებისთვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
- კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა).
|
კომისიის თავმჯდომარე |
|
კახი ბექაური |
|
კომისიის წევრი |
|
ვახტანგ აბაშიძე |
|
კომისიის წევრი |
|
ელისო ასანიძე |
|
კომისიის წევრი |
|
გიორგი ფრუიძე |
|
კომისიის წევრი |
|
მერაბ ქათამაძე |
