სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიმართ სს „აი თი დი სი“-ს საჩივრის განხილვის მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 03, 2018 16:35
მიღების თარიღი ივლისი 26, 2018
სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიმართ სს „აი თი დი სი“-ს საჩივრის განხილვის მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას 2018 წლის 2 ივლისს საჩივრით (შ-6/3123-18) მიმართა სს „აი თი დი სი“-მ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მხრიდან სს „აი თი დი სი“-ს მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის შესწავლისა და შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე.
სს „აი თი დი სი“-ს საჩივარში აღნიშნულია, რომ კომისიის 2018 წლის 28 ივნისის N374/18 გადაწყვეტილებით სს „აი თი დი სი“-ს დაეკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, რასაც საფუძვლად დაედო სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მოთხოვნა სს „აი თი დი სი“-ს მიერ მსოფლიო ჩემპიონატის საფეხბურთო მატჩების ტრანზიტის გათიშვის თაობაზე. საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის მოთხოვნა იყო დისკრიმინაციული, სს „აი თი დი სი“-ს, როგორც ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მიმართ, რადგან სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ არც ერთი სხვა ავტორიზებული ტრანზიტორის წინააღმდეგ, რომლებიც ასევე ახორციელებენ საფეხბურთო მატჩების ტრანსლაციას, არ მოუმართავს კომისიისთვის სამართალწარმოების დაწყების მოთხოვნით. შესაბამისად, არც ერთი სხვა ტრანზიტორის მიმართ არ დაწყებულა ადმინისტრაციული სამართალწარმოება შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით.
სს „აი თი დი სი“-ს საჩივარში აღნიშნულია, რომ 30 ივნისს ჩაატარეს კვლევა, რომელმაც გამოავლინა თუ რამდენი ტრანზიტორი (მათ შორის ინტერნეტ პლატფორმებზე) კომპანია ახორციელებდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ტრანზიტს მსოფლიო ჩემპიონატის საფეხბურთო მატჩების დროს. (საჩივარში მითითებულია, რომ აღნიშნული კვლევის დამადასტურებელი ვიდეოჩანაწერი დართული აქვს საჩივარს, თუმცა ჩანაწერი საჩივარს არ აქვს დართული). საჩივარში აღნიშნულია, რომ სხვა ავტორიზებული პირების ქმედებებით არც სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ და არც კომისია არ დაინტერესებულა.
სს „აი თი დი სი“-ს საჩივარში გამოთქმულია ეჭვი, რომ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ გარკვეული ტიპის გარიგებაში შევიდა დანარჩენ ავტორიზებულ ტრანზიტორებთან, რაც 2018 წლის 29 ივნისის სხდომაზე სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წარმომადგენლის თამარ კაციტაძის განცხადებით დასტურდება, როდესაც მან აღნიშნა, რომ დანარჩენ ტრანზიტორებთან „რაღაცა შეთანხმებამდე მივიდა“ და აღნიშნული ფაქტი საჩივარში შეფასებულია, როგორც სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მხრიდან ტრანზიტორებისთვის ერთგვაროვანი და არადისკრიმინაციული მოპყრობის კანონისმიერი ვალდებულების დარღვევა. აღნიშნულის გათვალისწინებით, საჩივრის ავტორმა მოითხოვა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან სს „აი თი დი სი“-ს მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის შესწავლა და კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების დაწყება შესაძლო სამართალდარღვევის ფაქტზე. სს „აი თი დი სიმ“ ასევე მოითხოვა შეისწავლოს კომისიამ თუ როგორ ახდენს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ სიგნალის მიწოდებას დანარჩენი ავტორიზებული, მათ შორის საკაბელო ტრანზიტორებისთვის, აწვდის თუ არა ყველა მათგანს ერთსა და იმავე სამაუწყებლო ბადეს საქართველოს ტერიტორიაზე და არიან თუ არა ისინი ჩაყენებულების სს „აი თი დი სი“-ს ანალოგიურ სამართლებრივ მდგომარეობაში.
2018 წლის 25 ივლისს კომისიაში შემოვიდა სს „აი თი დი სი“-ის განცხადება, რომლის თანახმად, კომპანიამ მოითხოვა 2018 წლის 2 ივლისს საჩივრით (შ-6/3123-18) სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის შესწავლის მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტა (კომისიაში რეგისტრაციის: N6/3525-18, 25.07.18).
კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა, კომისიის 2018 წლის 26 ივლისის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ სს „აი თი დი სი“-ს იურისტი ნ. აბუთიძე და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წარმომადგენლები დ. ბერძენიშვილი და ე.მიხაილოვა, რომლებმაც განაცხადეს, რომ მათ შორის შედგა მორიგება. სს „აი თი დი სი“-იმ კომისიის სხდომაზე გაიხმო სს „აი თი დი სი“-ს 2018 წლის 2 ივლისის საჩივარი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია დაინტერესებული პირის განცხადება.
,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 451 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, განმცხადებელი უფლებამოსილია უარი განაცხადოს განცხადებაზე, ხოლო მეორე მხარე უფლებამოსილია ცნოს განმცხადებლის მოთხოვნა. ამ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით კომისიას მიაჩნია, რომ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წინააღმდეგ სს „აი თი დი სი“-ს 2018 წლის 2 ივლისის საჩივარზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება უნდა შეწყდეს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე, 98-ე და 99-ე მუხლების, „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი და მე-2 მუხლების და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 451 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
- შეწყდეს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიმართ სს „აი თი დი სი“-ს საჩივრის განხილვის მიზნით დაწყებული ადმნისტრაციული წარმოება;
- დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ი.ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების სს „აი თი დი სისთვის“ და სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;
- გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მხარეებისთვის ჩაბარების დღიდან;
- გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) სს „აი თი დი სი“-სთვის და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
- კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას
(ი. ხარებავა).
|
კომისიის თავმჯდომარე |
|
კახი ბექაური |
|
კომისიის წევრი |
|
ვახტანგ აბაშიძე |
|
კომისიის წევრი |
|
ელისო ასანიძე |
|
კომისიის წევრი |
|
გიორგი ფრუიძე |
|
კომისიის წევრი |
|
მერაბ ქათამაძე |
