წვდომის მენიუ

სს ,,აი თი დი სისთვის” ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

ნომერი: 416 / 18

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 13, 2018 17:06

მიღების თარიღი ივლისი 26, 2018

სს ,,აი თი დი სისთვის” ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) აპარატის აუდიო-ვიზუალური   მედია   მომსახურებების   რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (№შ-10/3332-18, 13.07.2018) თანახმად, კომისიაში შემოვიდა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/2900-18, 18.06.2018), რომლის თანახმადაც სს „აი თი დი სი“ არღვევს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ უფლებებს, რომელსაც გააჩნია 2018 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების ჩვენების ექსკლუზიური უფლება. კომისიის 2018 წლის 28 ივნისის N374/18  გადაწყვეტილებით სს „აი თი დი სის“ მიეცა წერილობითი გაფრთხილება და დაევალა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამაუწყებლო არხის არამართლზომიერი ტრანზიტის დაუყოვნებლივ შეწყვეტა. მიუხედავად ამისა, კომპანიამ არ აღმოფხვრა დარღვევა და შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ პორტალზე კვლავ ხდებოდა მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების ტრანსლირება, რის გამოც კომისიის 2018 წლის 5 ივლისის N388/18 გადაწყვეტილებით სს ,,აი თი დი სის“ დაეკისრა ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით და დაევალა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამაუწყებლო არხის არამართლზომიერი ტრანზიტის დაუყოვნებლივ შეწყვეტა.

2018 წლის 11 ივლისს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების  დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ განხორციელდა სს „აი თი დი სის“ საკუთრებაში არსებული პორტალის myvideo.ge-ს  შემოწმება (შემოწმების აქტი N59), რის შედეგადაც აღმოჩნდა, რომ პორტალზე კვლავ ხდება მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების ტრანზიტი. აღნიშნულის გათვალისწინებით, დეპარტამენტს მიაჩნია, რომ სს „აი თი დი სის“ მიერ ხდება შესაბამისი უფლებების გარეშე სამაუწყებლო არხის არამართლზომიერი ტრანზიტი და კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობა.

კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების   დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (Nშ-10/3390-19; 17.07.2018) თანახმად, სს ,,აი თი დი სის“ მიერ კვლავ მოხდა 2018 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების რეტრანსლირება ვებ-გვერდზე myvideo.ge, კერძოდ, 2018 წლის 14 ივლისს განხორციელდა მსოფლიო ჩემპიონატის მესამე ადგილისთვის მატჩის და 15 ივლისს, მსოფლიო ჩემპიონატის საფინალო მატჩის ტრანზიტი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება სს ,,აი თი დი სისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე და საკითხის განხილვის მიზნით სხდომა დანიშნა 2018 წლის 26 ივლისს.

2018 წლის 26 ივლისს, კომისიაში შემოვიდა სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წერილი (N3086/01; 26.07.2018), საიდანაც ირკვევა, რომ სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებელს“ ა/წ 25 ივლისს წერილობით მიმართა სს ,,აი თი დი სიმ“ და გამოთქვა წუხილი ფეხბურთში 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლაციის შედეგად შექმნილი ვითარების და წარმოქმნილი უთანხმოების გამო. სს ,,აი თი დი სი“ ამავე წერილში აღნიშნავს, რომ სამწუხაროდ, სს ,,აი თი დი სიმ“ ვერ გამოიჩინა შესაბამისი მზაობა ჩართულიყო მოლაპარაკებებში, რაც შესაძლებლობას მისცემდა აერიდებინა საზოგადოებრივი მაუწყებლის მოთხოვნების და ინტერესების დარღვევა. სს ,,აი თი დი სის“ წერილში აღნიშნულია, რომ  საზოგადოებრივი მაუწყებლის მაღალი სახელმწიფო და საზოგადოებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ასევე, მის მაყურებელთა პატივისცემის ნიშნად, სს ,,აი თი დი სიმ“ გამოთქვა სურვილი შემოეთავაზებინა სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის“ შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის მოსაძებნად მოლაპარაკებების დაწყება არსებული უთანხმოების კონსტრუქციული გზებით მოგვარების და მომავალში მსგავსი პრეცედენტების პრევენციის მიზნით.

2018 წლის 26 ივლისს, სსიპ ,,საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ წერილობით მიმართა კომისიას (განცხადება N3089/01; 26.07.2018) და ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ითხოვა სს ,,აი თი დი სისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტა.

კომისიის 2018 წლის 26 ივლისის სხდომაზე გამოცხადდნენ შპს ,,აი თი დი სის“ წარმომადგენელი ნ. აბუთიძე და სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წარმომადგენლები ე. მიხაილოვა და დ. ბერძენიშვილი. სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წარმომადგენელმა“ ე. მიხაილოვამ დაადასტურა, რომ სს ,,აი თი დი სის“ მიერ 2018 წლის 25 ივლისის წერილში დარღვევის ჩადენის აღიარების გათვალისწინებით, სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებელი“ არ ითხოვს კომისიას სს ,,აი თი დი სის“ მიმართ გამოეყენებინა სანქცია და ითხოვს სს ,,აი თი დი სისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტას.

კომისიის კანონით განსაზღვრული ერთ-ერთი ფუნქციაა ავტორიზებული პირების მიერ საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა, რაც ემსახურება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვას.

სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ფლობს 2018 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლაციის ექსკლუზიურ უფლებას საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში.  

„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის შესაბამისად, განსაკუთრებული ლიცენზიის ხელშეკრულებით ავტორი ან საავტორო უფლების სხვა მფლობელი მხოლოდ ლიცენზიატს აძლევს განსაკუთრებულ უფლებას, გამოიყენოს ნაწარმოები ხელშეკრულებით განსაზღვრული სახითა და ფარგლებში და მასვე ანიჭებს უფლებას, აკრძალოს ნაწარმოების ამგვარი გამოყენება სხვა პირთა (მათ შორის, ავტორის) მიერ.  ნა­წარ­მო­ე­ბის სხვა პირ­თა მი­ერ გა­მო­ყე­ნე­ბის აკ­რძალ­ვის უფ­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს ავ­ტორ­მა, თუ ლი­ცენ­ზი­ა­ტი არ აწარმოებს ამ უფ­ლე­ბის დაც­ვას.

სს ,,აი თი დი სის“ შემოწმება განხორციელდა სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წერილობითი მომართვის (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/2900-18, 18.06.2018) საფუძველზე, რომელშიც ის ითხოვდა სს ,,აი თი დი სის“ მიმართ შესაბამისი ზომების მიღებას ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის“ არამართლზომიერი ტრანზიტის გამო.

სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 2018 წლის 26 ივლისის განცხადებისა (N3089/01; 26.07.2018) და მისი წარმომადგენლის მიერ კომისიის ა/წ 26 ივლისის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებების შესაბამისად, სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებელი“ არ ითხოვს საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ კანონმდებლობის დარღვევისთვის სს ,,აი თი დი სის“ მიმართ სანქციის გამოყენებას და ითხოვს სს ,,აი თი დი სისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ სს ,,აი თი დი სისთვის“ საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის გამო, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება უნდა შეწყდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis მუხლის, ინტელექტუალური საკუთრების  მსოფლიო ორგანიზაციის „საავტორო უფლებების შესახებ“ ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45) ქვეპუნქტის, მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ)  ქვეპუნქტებისა და  45-ე მუხლის პირველი  პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

  1. შეწყდეს სს ,,აი თი დი სისთვის” ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება;
  2. დაევალოს კომისიის  ადმინისტრაციას (ნ. ჯავახიძე) წინამდებარე გადაწყვეტილების სს  „აი თი დი სისთვის“  დაუყოვნებლივ გაგზავნა;
  3. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის სს „აი თი დი სისთვის“ ჩაბარების დღიდან;
  4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6)   სს ,,აი თი დი სისთვის“ ჩაბარების დღიდან  ერთი  თვის ვადაში.

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები