შპს „ფლაი ტივისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 03, 2018 16:36
მიღების თარიღი ივლისი 26, 2018
შპს „ფლაი ტივისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
I. აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (Nშ-10/3201-18; 5.07.2018) შესაბამისად, ირკვევა, რომ კომპანია „SIGOS“-ის მიერ კომისიაში ყოველდღიურად წარმოდგენილ სატესტო ზარების შესახებ ინფორმაციის ანალიზის შედეგად აღმოჩნდა, რომ საერთაშორისო შემომავალი სატესტო ზარების განხორციელებისას შპს „ჯეოსელის“ ქსელში (2018 წლის 2 და 4 ივნისი) ზარი დასრულდა შპს „ფლაი ტივის“ მომხმარებლებზე რეგისტრირებული ადგილობრივი „ა“ ნომრით (995706131568, 995706131866, 995706131024, 995706132477 და 995706131115). საერთაშორისო სატელეფონო ზარების საქართველოში დასრულება შპს „ფლაი ტივის“ იგივე მომხმარებლებზე რეგისტრირებული ადგილობრივი „ა“ ნომრით ასევე დასტურდება შპს „ვიონი საქართველოს“ ფროდის სამსახურის მიერ კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტში წარმოდგენილი ინფორმაციითაც. მოხსენებითი ბარათიდან ასევე ირკვევა, რომ კომისიამ 2018 წლის 11 ივნისის N11/1959-18 წერილით მიმართა შპს „ფლაი ტივის“ წარმოედგინა ზემოაღნიშნულ სააბონენტო ნომრების მფლობელ მომხმარებლებთან გაფორმებული ხელშეკრულების ასლები.
შპს „ფლაი ტივის“ მიერ მიმდინარე წლის 28 ივნისის Nშ-6/3071-18 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციის შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ: ა) შპს „ფლაი ტივის“ მიმდინარე წლის 28 ივნისის Nშ-6/3071-18 წერილის თანახმად მომხმარებელთან ხელშეკრულებები გაფორმებული აქვს ელექტრონულად; ბ) მომხმარებელთან გაფორმებულ ხელშეკრულებებში არ არის მითითებული ხელშეკრულების გაფორმების თარიღი, მისამართი, რომელ სატელეფონო ნომერზე აწვდის მომსახურებას; გ) შპს „ფლაი ტივის“ არ წარმოუდგენია ხელშეკრულების დადებაზე მომხმარებლის თანხმობის დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) არ არის წარმოდგენილი მომხმარებლის მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტი (პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი); ე) არ არის წარმოდგენილი დისტანციური გარიგების გაფორმებისას მომხმარებლის კომერციულ ბანკში გახსნილი მიმდინარე ანგარიშის შესახებ ინფორმაცია, რომლის საშუალებითაც განხორციელდებოდა კლიენტის იდენტიფიკაცია და ვერიფიკაცია (გადამოწმება), ასევე მომხმარებლის მიერ მომსახურების საფასურის გადახდის მიზნით გააქტიურებული მუდმივი ან ერთჯერადი საგადასახადო დავალება, რომელიც შეიცავს მომხმარებლის იდენტიფიცირებისათვის საჭირო საკმარის ინფორმაციას.
კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ შპს „ფლაი ტივის“ მხრიდან ადგილი აქვს სათანადოდ გაფორმებული ხელშეკრულების გარეშე სატელეფონო მომსახურების მიწოდებას არაიდენტიფიცირებული პირისთვის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „ფლაი ტივის“ მიერ დარღვეულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-4 პუნქტი და კომისიის 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის მე-10 მუხლის პირველი პუნქტი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ფლაი ტივისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2018 წლის 26 ივლისს, 15:00 სთ-ზე, რის შესახებ შპს „ფლაი ტივის“ ეცნობა წერილობითი შეტყობინებით (03/2350-18, 12.07.2018) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე, განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
კომისიის 2018 წლის 26 ივლისის სხდომაზე გამოცხადდა შპს „ფლაი ტივის“ დირექტორი გიორგი ყურულაშვილი, რომელმაც აღიარა დარღვევის ფაქტი.
II. ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გამოკვლეული მტკიცებულებები
- კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (Nშ-10/3201-18; 5.07.2018);
- კომისიის 2018 წლის 11 ივნისის N11/1959-18 წერილი გაგზავნილი შპს „ფლაი ტივისთვის“;
- შპს „ფლაი ტივის“ 2018 წლის 28 ივნისის (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/3071-18) წერილი თანდართული დოკუმენტაციით;
- კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის სამსახურებრივი ბარათი (Nშ-10/3357-18, 16.07.2018);
- კომისიის 2017 წლის 2 ნოემბრის N716/18 გადაწყვეტილება შპს „ფლაი ტივისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე";
- შპს ,,ფლაი ტივის“ შესახებ მონაცემები კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
- კომისიის 2018 წლის 26 ივლისის სხდომაზე შპს „ფლაი ტივის“ დირექტორ გ.ყურულაშვილის მიერ მიცემული ახსნა-განმარტება.
III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
- შპს „ფლაი ტივი“ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის თარიღი: 22.08.2016; ავტორიზებული საქმიანობის სახეები: ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება: ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება, საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება, საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსით უზრუნველყოფა);
მტკიცებულება: კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრი.
- კომპანია „SIGOS“-ის მიერ კომისიაში ყოველდღიურად წარმოდგენილ სატესტო ზარების შესახებ ინფორმაციის ანალიზის შედეგად აღმოჩნდა, რომ საერთაშორისო შემომავალი სატესტო ზარების განხორციელებისას შპს „ჯეოსელის“ ქსელში (2018 წლის 2 და 4 ივნისი) ზარი დასრულდა შპს „ფლაი ტივის“ მომხმარებლებზე რეგისტრირებული ადგილობრივი „ა“ ნომრით (995706131568, 995706131866, 995706131024, 995706132477 და 995706131115).
მტკიცებულება: კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (Nშ-10/3201-18; 5.07.2018) თანდართული დოკუმენტაციით;
- კომისიამ 2018 წლის 11 ივნისის N11/1959-18 წერილით მიმართა შპს „ფლაი ტივის“ წარმოედგინა ზემოაღნიშნულ სააბონენტო ნომრების მფლობელ მომხმარებლებთან გაფორმებული ხელშეკრულების ასლები.
მტკიცებულება: კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის მოხსენებით ბარათზე (Nშ-10/3201-18; 5.07.2018) თანდართული კომისიის წერილი (N11/1959-18, 11.06.2018) გაგზავნილი შპს „ფლაი ტივისთვის“;
- შპს „ფლაი ტივის“ მიერ მიმდინარე წლის 28 ივნისის Nშ-6/3071-18 წერილით წარმოდგენილი ხელშეკრულებების შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ: ა) შპს „ფლაი ტივის“ მიმდინარე წლის 28 ივნისის Nშ-6/3071-18 წერილში აღნიშნულია, რომ მომხმარებელთან ხელშეკრულებები გაფორმებული აქვს ელექტრონულად; ბ) მომხმარებელთან გაფორმებულ ხელშეკრულებებში არ არის მითითებული ხელშეკრულების გაფორმების თარიღი, მისამართი, რომელ სატელეფონო ნომერზე აწვდის მომსახურებას; გ) შპს „ფლაი ტივის“ არ წარმოუდგენია ხელშეკრულების დადებაზე მომხმარებლის ნების გამოვლენის დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) არ არის წარმოდგენილი მომხმარებლის მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტი (პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი); ე) არ არის წარმოდგენილი დისტანციური გარიგების გაფორმებისას მომხმარებლის კომერციულ ბანკში გახსნილი მიმდინარე ანგარიშის შესახებ ინფორმაცია, რომლის საშუალებითაც განხორციელდებოდა კლიენტის იდენტიფიკაცია და ვერიფიკაცია (გადამოწმება), ასევე მომხმარებლის მიერ მომსახურების საფასურის გადახდის მიზნით გააქტიურებული მუდმივი ან ერთჯერადი საგადასახადო დავალება, რომელიც შეიცავს მომხმარებლის იდენტიფიცირებისათვის საჭირო საკმარის ინფორმაციას.
მტკიცებულება: კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (Nშ-10/3201-18; 5.07.2018); შპს „ფლაი ტივის“ წერილი (Nშ-6/3071-18, 28.06.2018) თანდართული დოკუმენტაციით;
- შპს „ფლაი ტივის“ კომისიის 2017 წლის 2 ნოემბრის N716/18 გადაწყვეტილებით მიეცა გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და კომისიის 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის გამო;
მტკიცებულებები: კომისიის 2017 წლის 2 ნოემბრის N716/18 გადაწყვეტილება შპს „ფლაი ტივისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;
- შპს „ფლაი ტივის“ ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის 0.5% არ აღემატება 3000 (სამი ათასი) ლარს.
მტკიცებულება: კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის სამსახურებრივი ბარათი (Nშ-10/3357-18, 16.07.2018).
IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება:
- ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას;
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად;
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარ აბონენტს დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მიაწოდოს მომსახურება სათანადოდ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც უნდა მოიცავდეს: ა) ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლის დასახელებასა და მისამართს; ბ) პირობებს მიწოდებული მომსახურების სახის, ხარისხისა და პირველადი ჩართვის ვადის შესახებ; გ) მომსახურების მიწოდების შეზღუდვისა და შეწყვეტის პირობებს; დ) დაზიანების აღმოფხვრის პირობებს; ე) დეტალურ ინფორმაციას მომსახურების ტარიფების, აგრეთვე ცვლილების შემთხვევაში განახლებული ინფორმაციის მიღების შესახებ; ვ) ხელშეკრულების მოქმედების ვადის, მოქმედების შეწყვეტისა და მოქმედების ვადის გაგრძელების პირობებს; ზ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის ხარისხის დაცვის უზრუნველყოფისა და აღნიშნული ხარისხობრივი მაჩვენებლების დაუცველობის შემთხვევაში გათვალისწინებულ საკომპენსაციო მექანიზმებს; თ) მომსახურებასთან დაკავშირებული საჩივრების წარდგენისა და დავის გადაწყვეტის პროცედურას;
- კომისიის 2016 წლის 17 მარტის №3 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის (შემდგომში ,,რეგლამენტი“) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ჰ32) პუნქტის თანახმად, დისტანციური გარიგება არის ერთი ან რამდენიმე დისტანციური კომუნიკაციის საშუალების გამოყენებით დადებული შეთანხმება მომსახურების მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის, დისტანციური გაყიდვისა და მომსახურების მიწოდების თაობაზე, მომსახურების მიმწოდებლისა და მომხმარებლის ერთდროული ფიზიკური დასწრების გარეშე. რეგლამენტის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადგილობრივი საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურება წარმოებს მომხმარებელსა და მომსახურების მიმწოდებელს შორის წერილობით (ელექტრონულად) დადებული ხელშეკრულების ან/და დისტანციური გარიგების საფუძველზე. ამავე რეგლამენტის 122 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია დისტანციური გარიგება ისეთი ძირითადი საკომუნიკაციო მომსახურების თაობაზე, რომელიც უშუალოდ დაკავშირებულია ავტორიზებული პირის მიერ ეროვნული ნუმერაციის რესურსის მომხმარებელზე გაცემასთან ან ინტერნეტთან წვდომის უზრუნველყოფასთან (გარდა არაუმეტეს სამი დღის ხანგრძლივობით განხორციელებული ინტერნეტთან უსადენო ერთჯერადი ან/და დღიური წვდომის შემთხვევებისა), დადოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე, რომელიც მაიდენტიფიცირებელი მონაცემების (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) ელექტრონულად წაკითხვის საშუალებას იძლევა, ხოლო მე-10 პუნქტის თანახმად, მომსახურების მიმწოდებელს შეუძლია, მომხმარებლის იდენტიფიცირების მიზნით, ამ დადგენილების 122 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ საკომუნიკაციო მომსახურების (გარდა მობილური საკომუნიკაციო მომსახურებისა) მიწოდების თაობაზე დისტანციური გარიგების გაფორმებისას, იმ მომხმარებელთან რომელსაც კომერციულ ბანკ(ებ)ში გახსნილი აქვს მიმდინარე ანგარიშ(ებ)ი და შესაბამისი ბანკის მიერ განხორციელებულია კლიენტის იდენტიფიკაცია და ვერიფიკაცია (გადამოწმება) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გამოიყენოს ამ მომხმარებლის მიერ მომსახურების საფასურის გადახდის მიზნით გააქტიურებული მუდმივი ან ერთჯერადი საგადასახადო დავალება, რომელიც შეიცავს მომხმარებლის იდენტიფიცირებისათვის საჭირო საკმარის ინფორმაციას (მინიმუმ სახელს, გვარს, პირად ნომერს, მის სახელზე გაფორმებული საბანკო ანგარიშის რეკვიზიტებსა და სხვა საჭირო ინფორმაციას, რომელიც დატანილია პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტზე). ამავე მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, საკომუნკაციო მომსახურების მიმწოდებელი, მიუხედავად იმისა, ამ დადგენილებით გათვალისწინებული თუ რომელი წესით ახდენს მომხმარებლების იდენტიფიცირებასა და გადამოწმებას, ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებლების სწორი იდენტიფიცირება.
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ფლაი ტივის“ მხრიდან ადგილი აქვს სათანადოდ გაფორმებული ხელშეკრულების გარეშე სატელეფონო მომსახურების მიწოდებას. ამასთან, შპს „ფლაი ტივის“ აბონენტი არ დაურეგისტრირებია მაიდენტიფიცირებელი მონაცემების ელექტრონულად წაკითხვის საშუალების მქონე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე და შპს „ფლაი ტივის“ აბონენტის იდენტიფიცირების მიზნით არ გამოუყენებია მომხმარებლის მიერ მომსახურების საფასურის გადახდის მიზნით გააქტიურებული მუდმივი ან ერთჯერადი საგადახდო დავალება, რომელიც შეიცავს მომხმარებლის იდენტიფიცირებისათვის საჭირო საკმარის ინფორმაციას. შესაბამისად, შპს ,,ფლაი ტივის“ არ გაუფორმებია „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტით გათვალისწინებული სააბონენტო ხელშეკრულება (წერილობითი სააბონენტო ხელშეკრულება ან დისტანციური გარიგება) სატელეფონო მომსახურების მიმღებ პირთან. აქედან გამომდინარე, შპს „ფლაი ტივის“ მიერ დარღვეულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-4 პუნქტი და კომისიის 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-10 მუხლის პირველი პუნქტი, რაც მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია. ვინაიდან, ბოლო ერთი წლის განმავლობაში შპს „ფლაი ტივის“ მიმართ გამოყენებული იქნა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გაფრთხილება სათანადოდ გაფორმებული ხელშეკრულების გარეშე სატელეფონო მომსახურების მიწოდების გამო, ხოლო მისი ბოლო 12 თვის შემოსავლის 0,5 პროცენტი არ აღემატება 3000 (სამი ათასი) ლარს, მას უნდა დაეკისროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე, 97-ე, 98-ე და 99-ე მუხლების, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 43-ე და 44-ე მუხლების, 62-ე მუხლის მე-2 და მე–4 პუნქტების, კომისიის 2016 წლის 17 მარტის №3 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის, 122 მუხლის მე-9, მე-10 და მე-13 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
- შპს „ფლაი ტივის“ დაეკისროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 10 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის გამო;
- უზრუნველყოს შპს „ფლაი ტივიმ“ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა 30 სამუშაო დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი - 200122900; ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი - TRESGE22; სახაზინო კოდი - 300773251;
- უზრუნველყოს შპს „ფლაი ტივიმ“ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი საბუთის კომისიაში წარმოდგენა, გადახდიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში;
- გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს შპს „ფლაი ტივისთვის“ მისი დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან;
- გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ფლაი ტივისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
- დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ი.ხარებავა) წინამდებარე გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ფლაი ტივისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;
- დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ.გოშუა) შპს „ფლაი ტივისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
- დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს (ნ.დევდარიანი) გადაწყვეტილების (გარდა მე-6 და მე-7 პუნქტებისა) შესრულებაზე კონტროლი.
|
კომისიის თავმჯდომარე |
|
კახი ბექაური |
|
კომისიის წევრი |
|
ვახტანგ აბაშიძე |
|
კომისიის წევრი |
|
ელისო ასანიძე |
|
კომისიის წევრი |
|
გიორგი ფრუიძე |
|
კომისიის წევრი |
|
მერაბ ქათამაძე |
