წვდომის მენიუ

შპს „აიმუვის.ჯის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე

ნომერი: 418 / 18

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 13, 2018 15:53

მიღების თარიღი ივლისი 26, 2018

შპს „აიმუვის.ჯის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე

I. საქმის აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (Nშ-10/3421-18; 19.07.2018) თანახმად, კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის უფლებამოსილი პირების მიერ 2018 წლის 16 ივლისს შემოწმდა შპს ,,აიმუვის.ჯი“, რომელიც ახორციელებს მაუწყებლობის ტრანზიტს. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული კომპანია საქმიანობს ავტორიზაციის გარეშე, რის გამოც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი N000277. სამსახურებრივ ბარათს თან ერთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და შემოწმების  ჩატარების ამსახველი ვიდეოჩანაწერი (1 CD). ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმიდან ირკვევა, რომ შპს ,,აიმუვის.ჯის“ დირექტორი თ. ნიქაბაძე არ ეთანხმება აღნიშნულ ოქმს.

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა კომისიის მიერ უნდა დაიწყოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და თანდართული მასალების მიღებიდან 7 დღის ვადაში. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ შედგენილ იქნა 2018 წლის 16 ივლისს, რომელიც კომისიას წარედგინა 2018 წლის 19 ივლისს. შესაბამისად, საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2018 წლის 26 ივლისი, 15:00 საათი, რის შესახებაც შეტყობინებით ეცნობა  შპს „აიმუვის.ჯის“ (20.07.2017, N03/2384-18). შპს „აიმუვის.ჯის“ გაეგზავნა ადმინისტრაციული წარმოების მასალები და  განემარტა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების, შუამდგომლობების წარმოდგენისა და ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტების და სხვა მასალების გაცნობის უფლება, აგრეთვე ის, რომ  „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“  38-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილებით საქმე განიხილება მასში მონაწილე პირის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, თუ შეტყობინებით პირი სხდომაზე მოწვეულ იქნა, ის არ გამოცხადდა და კომისიაში არ არის შემოსული შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე.

კომისიის 2018 წლის 26 ივლისის სხდომაზე გამოცხადდა შპს ,,აიმუვის.ჯის“ წარმომადგენელი ნ. აბუთიძე, რომელმაც დაადასტურა შპს ,,აიმუვის.ჯის“ მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის, კერძოდ, მაუწყებლობის ტრანზიტის ავტორიზაციის გარეშე განხორციელების ფაქტი. მან ასევე, დაადასტურა, რომ შპს ,,აიმუვის.ჯი“ გულწრფელად ინანიებდა სამართალდარღვევის ჩადენას. შპს ,,აიმუვის.ჯის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ავტორიზაციის გარეშე მაუწყებლობის ტრანზიტის განხორციელებიდან შპს ,,აიმუვის.ჯი“ არანაირ შემოსავალს არ ღებულობდა. ამასთანავე, ნ. აბუთიძემ განაცხადა, რომ კომპანიამ უკვე შეიტანა კომისიაში განცხადება  ტელემაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზაციის გავლის მიზნით. შპს ,,აიმუვის.ჯის“ წარმომადგენელმა ითხოვა კომისიას გაეთვალისწინებინა ზემოაღნიშნული გარემოებები გადაწყვეტილების მიღების დროს და არ გამოეყენებინა მის მიმართ ჯარიმა ადმინისტრაციული სახდელის სახით.

II. კომისიის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები

1. კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (Nშ-10/3421-18; 19.07.2018);

2. 2018 წლის 16 ივლისის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი N000277;

3. შპს ,,აიმუვის.ჯის“ 2018 წლის 16 ივლისის შემოწმების ამსახველი ვიდეოჩანაწერი (1 CD);

4. მონაცემები შპს ,,აიმუვის.ჯის“ შესახებ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;

5. მონაცემები კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან;

6. შპს ,,აიმუვის.ჯის“ განცხადება (Nშ-7/9293-17; 11.12.2017);

7. კომისიის წერილი შპს ,,აიმუვის.ჯის (N16/4313-17; 21.12.2-17) და აღნიშნული წერილის კომპანიისთვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (შპს ,,საქართველოს ფოსტა“ გზავნილის კოდი: AP01004815022);

8. შპს ,,აიმუვის.ჯის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი ავტორიზაციის დეკლარაცია;

9. კომისიის 2018 წლის 26 ივლისის N412/17 გადაწყვეტილება ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის №37 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების თაობაზე“;

10. შპს ,,აიმუვის.ჯის“ წარმომადგენლის თ. ნიქაბაძის მიერ კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება.

III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

1. 2018 წლის 16 ივლისს, კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებული უფლებამოსილი პირების მიერ შემოწმდა შპს ,,აიმუვის.ჯი“ (ს/კ 404987289). შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ შპს ,,აიმუვის.ჯი“ ინტერნეტში ვებ-გვერდის მეშვეობით (https://www.imovies.cc/tv) ახორციელებს მაუწყებლობის ტრანზიტს ავტორიზაციის გარეშე, რის გამოც მის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი N000277;

2. შპს ,,აიმუვის.ჯის“ განცხადებაში (Nშ-7/9293-17; 11.12.2017) მითითებული მოთხოვნის საფუძველზე კომისიამ 2018 წლის 21 დეკემბერს გააუქმა შპს ,,აიმუვის.ჯის“ ავტორიზაცია მაუწყებლობის ტრანზიტის (ტელემაუწყებლობის ტრანზიტი) მომსახურებაზე, რის თაობაზეც წერილობით აცნობა შპს აიმუვის.ჯის“ (წერილი N16/43-17; 21.12.2017). აღნიშნული წერილი კომპანიას ჩაბარდა 2018 წლის 25 დეკემბერს.

3. შპს „აიმუვის.ჯის“ მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის საკითხის (ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა) განხილვა შედის კომისიის უფლებამოსილების სფეროში. 2018 წლის 16 ივლისის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის  ოქმი №000277  შედგენილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 240-ე მუხლისა და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი  წესების” 37-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. სამართალდარღვევის ოქმს ხელს აწერენ ოქმის შემდგენი, კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის თანამშრომლები ი. ბაღაშვილი და ზ. კვირკველია და სამართალდამრღვევი შპს „აიმუვის.ჯის“ დირექტორი თ. ნიქაბაძე, რომელსაც წარედგინა აღნიშნული ოქმი.

IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის, ლიცენზიის ან ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლების მოპოვების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა დაუშვებელია და იწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილ პასუხისმგებლობას;

2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზაცია არის საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფის ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების განმახორციელებელი ფიზიკური ან იურიდიული პირის საქმიანობის რეგისტრაცია ამ კანონით დადგენილი ერთიანი წესით;

2. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-2 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობა შედგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებისაგან;

3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 228-ე მუხლის შესაბამისად, ამ კოდექსის 141-ე, 142-ე, 1441 და 1443–1445 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას;

4. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 231-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოების წესი იმ ორგანოებში (თანამდებობის პირთა მიერ), რომლებიც უფლებამოსილნი არიან განიხილონ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები, განისაზღვრება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ამ კოდექსითა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოების წესი სასამართლოებში განისაზღვრება ამ კოდექსით და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით;

5. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, 1441 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები განიხილება 7 დღის ვადაში, ხოლო, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიის მიერ განხილვა უნდა დაიწყოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და თანდართული მასალების მიღებიდან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე 7 დღის ვადაში;

6. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 260-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განსახილველად მომზადებისას ორგანო (თანამდებობის პირი) წყვეტს შემდეგ საკითხებს: 1) განეკუთვნება თუ არა მის კომპეტენციას აღნიშნული საქმის განხილვა; 2) სწორად არის თუ არა შედგენილი ოქმი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის სხვა მასალები; 3) ეცნობათ თუ არა საქმის განხილვის მონაწილე პირებს საქმის განხილვის დრო და ადგილი; 4) გამოთხოვილია თუ არა საჭირო დამატებითი მასალები; 5) უნდა დაკმაყოფილდეს თუ არა ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის, დაზარალებულის, კანონიერი წარმომადგენლების, ადვოკატის შუამდგომლობები;

7. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 264-ე მუხლის შესაბამისად, ორგანო (თანამდებობის პირი) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას მოვალეა დაადგინოს: ჩადენილი იყო თუ არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ბრალეულია თუ არა პირი მის ჩადენაში, ექვემდებარება თუ არა იგი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, არის თუ არა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, აგრეთვე გამოარკვიოს სხვა გარემოებანი, რომელთაც მნიშვნელობა აქვთ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის.

8.  საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ ან/და ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან სარგებლობის უფლების მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან ულიცენზიოდ ან სარგებლობის უფლების მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა - გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,აიმუვის.ჯის“ მიერ ჩადენილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441  მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, ვინაიდან, ის ავტორიზაციის გარეშე ახორციელებდა ტელემაუწყებლობის ტრანზიტს.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,აიმუვის.ჯისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვისას მხედველობაში მისაღებია ის გარემოება, რომ შპს ,,აიმუვის.ჯიმ“ აღიარა და გულწრფელად მოინანია სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი. ამასთანავე, სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, მან კომისიაში წარადგინა ავტორიზაციის დეკლარაცია ტელემაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზაციის გავლის მიზნით. გარდა ამისა, ადგილი არ აქვს ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებებს.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული სახდელი წარმოადგენს პასუხისმგებლობის ზომას და გამოიყენება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის აღსაზრდელად კანონების დაცვის, საერთო ცხოვრების წესების პატივისცემის სულისკვეთებით, აგრეთვე როგორც თვით სამართალდამრღვევის, ისე სხვა პირთა მიერ ახალი სამართალდარღვევების ჩადენის აცილების მიზნით. ამდენად, ადმინისტრაციული სახდელის გამოყენების მთავარ მიზანს წარმოადგენს არა სუბიექტის დასჯა, არამედ პრევენციული და აღმზრდელობითი ღონისძიებების განხორციელება, რათა შემდგომში თავიდან იქნას აცილებული მგავსი გადაცდომა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,აიმუვის.ჯის” სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების შემთხვევაში დაცული იქნება კანონიერებისა და პროპორციულობის პრინციპი, ასევე, მიიღწევა ის მიზანი, რაც ზოგადად გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით.

V. სარეზოლუციო ნაწილი

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 23-ე მუხლის, 1441 მუხლის პირველი ნაწილის,  228-ე, 260-ე,  262-ე და 264-ე მუხლების,  „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და  მე-6 მუხლის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ხმათა უმრავლესობით (მომხრე: კომისიის თავმჯდომარე კ. ბექაური, კომისიის წევრები: ვ. აბაშიძე, ე. ასანიძე, მ. ქათამაძე; წინააღმდეგი: კომისიის წევრი გ. ფრუიძე)

ა:

1. შპს ,,აიმუვის.ჯი“ ცნობილ იქნას სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისთვის;

2. გათავისუფლდეს შპს ,,აიმუვის.ჯი“ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან.

3. გადაწყვეტილება ძალაში შედის შპს ,,აიმუვის.ჯისთვის“ ჩაბარების დღიდან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით, გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 10 დღის ვადაში;

5. დაევალოს კომისიის  ადმინისტრაციას (ნ. ჯავახიძე) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს ,,აიმუვის.ჯისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების (გარდა მე-5 პუნქტისა) შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე).

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები