შპს „სტუდია მაესტროს“ წინააღმდეგ ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდის“, ა(ა)პ „თანასწორობის მოძრაობის“, ა(ა)იპ „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“, ა(ა)იპ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივისა“ და ა(ა)იპ „შავი და ბალტიის ზღვის ალიანსის“ განცხადების განსახილველად მიღებისა და აღნიშნული განცხადების განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 20, 2018 15:59
მიღების თარიღი თებერვალი 01, 2018
შპს „სტუდია მაესტროს“ წინააღმდეგ ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდის“, ა(ა)პ „თანასწორობის მოძრაობის“, ა(ა)იპ „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“, ა(ა)იპ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივისა“ და ა(ა)იპ „შავი და ბალტიის ზღვის ალიანსის“ განცხადების განსახილველად მიღებისა და აღნიშნული განცხადების განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიაში შემოვიდა ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდის“, ა(ა)პ „თანასწორობის მოძრაობის“, ა(ა)იპ „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“, ა(ა)იპ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივისა“ და ა(ა)იპ „შავი და ბალტიის ზღვის ალიანსის“ განცხადება (15.01.18 Nშ-6/214-18), რომლითაც განცხადების ავტორები ასაჩივრებენ შპს „სტუდია მაესტროს“ მიერ, თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში საჩივრის განხილვისას პროცედურულ დარღვევებს. ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდისა“ და სხვათა განცხადების თანახმად, მათ 2017 წლის 2 ნოემბერს საჩივრით მიმართეს შპს ,,სტუდია მაესტროს” თვითრეგულირების ორგანოს, რომელმაც არ მიიღო განსახილველად საჩივარი, იმ საფუძვლით, რომ საჩივრის ავტორები არ წარმოადგენდნენ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად დაინტერესებულ პირებს. საჩივრის ავტორთა ჯგუფმა შპს „სტუდია მაესტროს“ თვითრეგულირების მექანიზმის საჩივარი გაასაჩივრეს თვითრეგულირების სააპელაციო ორგანოში, რომელმაც ძალაში დატოვა თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილება.
ა(ა)იპ ,,მედიის განვითარების ფონდი“ და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები თავიანთ განცხადებაში უთითებენ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლზე, რომელიც ითვალისწინებს, რომ მაუწყებელი ვალდებულია ქცევის კოდექსის საფუძველზე შექმნას თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას. განცხადების ავტორები ასევე ეყრდნობიან ,,მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ მე-11 მუხლს, რომლის თანახმად, საჩივრის განხილვისას მაუწყებელმა (სააპელაციო ორგანომ) უნდა უზრუნველყოს ყველა დაინტერესებული პირის დასწრება.
მოთხოვნა:
შპს „სტუდია მაესტროს“ მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის ფაქტის შესწავლა კომისიის მიერ და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება.
განსახილველ განცხადებაში მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტი, რომლის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ფუნქციას წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება, ასევე ამავე კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომელიც ითვალისწინებს გაფრთხილებას მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის, სალიცენზიო/ავტორიზაციის პირობების დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „სტუდია მაესტროს“ წინააღმდეგ ააიპ „მედიის განვითარების ფონდისა“ და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციათა განცხადების განსახილველად მიღების საკითხზე კომისიამ იმჯელა 2018 წლის პირველი თებერვლის სხდომაზე. კომისიის სხდომაზე გამოცხადდნენ ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდის“ წარმომადგენელი მ.პატარიძე, ა(ა)იპ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ წარმომადგენელი მ.კაპანაძე და შპს „სტუდია მაესტროს“ წარმომადგენლები ა.ლაშხი, რ.მაჭავარიანი. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს კომისიაში წარმოდგენილ განცხადებას და განაცხადეს, რომ განცხადების განხილვა შედის კომისიის კომპეტენციაში და კომისიამ აღნიშნული განცხადება უნდა მიიღოს განსახილველად. შპს „სტუდია მაესტროს“ წარმომადგენელმა ა.ლაშხმა განმარტა, რომ სადავო გადაცემასთან მიმართებაში არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებმაც მიმართეს შპს „სტუდია მაესტროს“ თვითრეგულირების ორგანოს არ წარმოადგენენ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაინტერესებულ პირს, თვითრეებულირების ორგანოს არ მიუღია გადაწყვეტილება მათ საჩივართან დაკავშირებით, არამედ გაუგზავნეს წერილი და აცნობეს, რომ სადავო გადაცემასთან მიმართებაში არ წარმოადგენენ დაინტერესებულ პირს. შპს „სტუდია მაესტროს“ წარმომადგენელმა ა.ლაშხმა აღნიშნა, რომ „მუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 591 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების სასამართლოში, კომისიაში ან რომელიმე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში გასაჩივრება დაუშვებელია. აღნიშნულის გათვალისწინებით ა.ლაშხმა განაცხადა, რომ კომისიამ არ უნდა მიიღოს არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი განსახილველად.
წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია ქცევის კოდექსის საფუძველზე შექმნას თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას;
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა, გარდა ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმებისა, აგრეთვე სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას ან სასამართლოს (შენიშვნა: საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით (10.10.2009 N1/3/421,422) არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–14 მუხლის მე–2 პუნქტის სიტყვები ,,გარდა ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56–ე ... მუხლებით გათვალისწინებული ნორმებისა" იმ ნაწილში, რომელიც ეხება 56-ე მუხლის მე–4 პუნქტის სიტყვებს „...ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამის ან რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავს უხამსობას“, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით);
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად, დაინტერესებული პირი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მაუწყებლის საქმიანობა;
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საჩივრის მიღებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში კომისია იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას საჩივრის განსახილველად მიღების ან საჩივარზე უარის თქმის შესახებ და დაუყოვნებლივ ატყობინებს ამის თაობაზე მომჩივანს;
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მომხმარებელთა განცხადებებსა და საჩივრებს კომისია განიხილავს ზეპირი მოსმენით, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესით, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი გამონაკლისებისა და იმ შემთხვევებისა, როდესაც სადავო საკითხების გადაწყვეტა არ მოითხოვს ორგანიზებული პროცედურების განხორციელებას. მომხმარებელთა იმ განცხადებებსა და საჩივრებს, რომლებიც შეეხება პირთა ფართო წრის ინტერესებს, კომისია განიხილავს მხოლოდ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით;
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის შესაბამისად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს კომისია;
- „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციას წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება;
- კომისიის 2009 წლის 12 მარტის N2 დადგენილებით დამტკიცებული „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს გადაწყვეტილების მიღება მიუკერძოებელი და სამართლიანი პროცედურის საფუძველზე და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად უზრუნველყოს საჩივრის განხილვის გამჭვირვალე პროცესი;
- „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჩივრის განხილვისას მაუწყებელმა (სააპელაციო ორგანომ) უნდა უზრუნველყოს ყველა დაინტერესებული პირის დასწრება, ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად, მიღებული გადაწყვეტილება ეგზავნება ყველა დაინტერესებულ მხარეს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ ა(ა)იპ ,,მედიის განვითარების ფონდი“ ასაჩივრებს შპს „სტუდია მაესტრო“-ის მიერ, თვითრეგულირების ორგანოს პროცედურულ დარღვევებს, ხოლო შპს ,,სტუდია მაესტრო” წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის თარიღი: 13.07.2012 მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა, მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა) და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი მას, როგორც მაუწყებელს ავალდებულებს „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ საფუძველზე შექმნას თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას, ხოლო „მაუწყებელთა ქცევის კოდექსი“ განსაზღვრავს იმ პროცედურებს, რა პროცედურების დაცვითაც მაუწყებელი ვალდებულია განახორციელოს რეაგირება თვითრეგულირების ფარგლებში შესულ საჩივრებთან დაკავშირებით და დავის საგანს წარმოადგენს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტით მაუწყებელზე დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობა, კომისიას მიაჩნია, რომ ა(ა)იპ ,,მედიის განვითარების ფონდისა“ და არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადების განხილვა შედის კომისიის უფლებამოსილების სფეროში, შესაბამისად, უნდა დაიწყოს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება ა(ა)იპ ,,მედიის განვითარების ფონდის“, ა(ა)პ „თანასწორობის მოძრაობის“, ა(ა)იპ „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“, ა(ა)იპ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივისა“ და ა(ა)იპ „შავი და ბალტიის ზღვის ალიანსის“ განცხადების განხილვის მიზნით, ხოლო ზეპირი მოსმენის თარიღად, განისაზღვროს 2018 წლის 22 თებერვალი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ე) ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, მე-14 მუხლის,კომისიის 2009 წლის 12 მარტის N2 დადგენილებით დამტკიცებული „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ მე-10 და მე-11 მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დაიწყოს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,სტუდია მაესტრო“-ს წინააღმდეგ ა(ა)იპ ,,მედიის განვითარების ფონდის“, ა(ა)პ „თანასწორობის მოძრაობის“, ა(ა)იპ „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“, ა(ა)იპ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივისა“ და ა(ა)იპ „შავი და ბალტიის ზღვის ალიანსის“ განცხადების განხილვის მიზნით;
2. საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2018 წლის 22 თებერვალს, 15:00 საათზე;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას:
ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება (ნ.ჯანელიძე) ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
ბ) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მხარეებისთვის გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით.
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა);
|
კომისიის თავმჯდომარე |
|
კახი ბექაური |
|
კომისიის წევრი |
|
ვახტანგ აბაშიძე |
|
კომისიის წევრი |
|
ელისო ასანიძე |
|
კომისიის წევრი |
|
გიორგი ფრუიძე |
|
კომისიის წევრი |
|
მერაბ ქათამაძე |
