წვდომის მენიუ

შპს „იმერ TV“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

ნომერი: 420 / 18

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 14, 2018 17:56

მიღების თარიღი ივლისი 26, 2018

შპს „იმერ TV-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

 I.         საქმის აღწერა 

„ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და 44-ე მუხლის პირველი პუნქტის, ასევე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 36-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტმა შპს „იმერ TV“-ს ოფისში, მდებარე ქ. ზესტაფონი, კეკელიძის ქ. N6, 2018 წლის 14 ივნისს განახორციელა შპს „იმერ TV“-ს მიერ საკაბელო ქსელში არსებული არხების შემოწმება, რომლის შედეგებიც აისახა 2018 წლის 14 ივნისის N45 შემოწმების აქტში. შემოწმებისას გაირკვა, რომ შპს „იმერ TV“ საკუთარი საკაბელო ქსელით ახდენს შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტს: „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „ტვ პირველი“, „პალიტრა ტვ“, „აჭარა“, „კავკასია“, „ერთსულოვნება“, „GDS“, „საფერავი“, „იბერია“, „რიონი“, „არგო“, „სტერეო+“, „იმერნიუსი“, „იმერვიზია“, „სტარვიზია“,“РТР планета”, „Индийское кино“, “НТВ Киносвидания”, „Мужское Кино“, „НТВ кинопремиера“, „НТВ кинохит“, „Киносерия“, „HD Life“, “Авто+”, „Бокс“, “Viasat sport”, „Матч! Планета“, „КХЛ“, „365“, “Music Box Ru”, “Ля минор”, „Шансон“, „Жара“, “Усадьба”, „Ностальгия“, „Кухня“, “TV 1000 action”, “Viasat hitsory”, “TV 1000”, “Viasat explorer”, “TV 1000 Ru”, “Da vinchi”, “Viasat Nature”.

2018 წლის 14 ივნისის N45 შემოწმების აქტის საფუძველზე, აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტმა მოამზადა 2018 წლის 12 ივლისის №შ-10/3322-18 სამსახურებრივი ბარათი, სადაც აღინიშნა, რომ 2018 წლის 12 ივლისის მდგომარეობით შპს „იმერ TV“-ს არ წარმოუდგენია შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ტრანზიტის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია: „GDS“, „РТР планета”. შესაბამისად, აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ აღნიშნული სამაუწყებლო არხების ტრანზიტი ხორციელდება არამართლზომიერად.

კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის 2018 წლის 12 ივლისის (№შ-10/3322-18) სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე, 20 ივლისს კომისიაში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება შპს „იმერ TV“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე,  მის მიერ საკუთარი საკაბელო ქსელით სამაუწყებლო არხების საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით გადაცემის გამო, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2018 წლის 26 ივლისს. აღნიშნულის თაობაზე შპს „იმერ TV“-ს 2018 წლის 20 ივლისს ფოსტით გაეგზავნა შეტყობინება (03/2389-18) და განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება. შპს „იმერ TV“-ს 2018 წლის 20 ივლისის შეტყობინება N03/2389-18 ჩაბარდა 2018 წლის 23 ივლისს.

2018 წლის 25 ივლისს, შპს „იმერ TV“-იმ კომისიაში წარმოადგინა Nშ6/3509-18 განმარტებითი ბარათი, სადაც აღნიშნულია, რომ შემოწმების მომენტში სამაუწყებლო არხი ,,GDS” გადიოდა სამაუწყებლო არხ ,,ობიექტივის“ ადგილზე, რაც უშუალოდ ჩანს ვიდეოჩანაწერში და რომელიც სააბონენტო მიმღების საპროგრამო ჩამონათვალში ჩასმულია როგორც ტელეარხი ,,ობიექტივი“, რომლის მართლზომიერ ტრანზიტს დღემდე ახორციელებს ,,იმერ TV“. აღნიშნული განაპირობა იმან, რომ ტელეარხ „ობიექტივის“ მიმღებ მოწყობილობაში (ე.წ. „სეტ-ტოპ-ბოქსი“), შპს ,,იმერ TV”-სგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ხშირია სატელევიზიო პროგრამების რიგითობის გადანაცვლებები, რაც სწორდება კომპანიის მიერ ყოველდღიური პერიოდული მონიტორინგის შედეგად. ასეთი ცვლილებებისაგან კომპანია მომავალშიც არ არის დაზღვეული. აღნიშნულ არგუმენტს ამყარებს ის ფაქტიც, რომ ტელეარხი  ,,ობიექტივი“ არ ხვდება 2018 წლის 14 ივნისს შემოწმების შედეგად შედგენილ არც წერილობით და არც ვიდეოჩანაწერში. შესაბამისად, შპს ,,იმერ TV“ ითხოვს ტელეარხ „GDS“-ის არამართლზომიერი ტრანზიტი ჩაეთვალოს საპატიოდ. განმარტებით ბარათში, ასევე აღნიშნულია, რომ სამაუწყებლო არხის - „РТР планета” ტრანზიტი ხორციელდებოდა მართლზომიერად, რისი დამადასტურებელი ხელშეკრულება შპს ,,იმერ TV“-იმ კომისიას გადაუგზავნა 2018 წლის 2018 წლის 14 ივნისს 22:17 საათზე კომისიის ელფოსტაზე:  post@gncc.ge.

2018 წლის 26 ივლისის კომისიის სხდომაზე შპს „იმერ TV“-ს წარმომადგენელმა რ. ბოგვერაძემ მხარი დაუჭირა შპს ,,იმერ TV“-ის განმარტებით ბარათს და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ შპს „იმერ TV“-ის მიერ სამაუწყებლო არხის - „РТР планета” ტრანზიტი ხორციელდებოდა მართლზომიერად, რისი დამადასტურებელი ხელშეკრულება კომისიაში წარმოდგენილია, ხოლო ტელეარხ ,,GDS“-ის ტრანზიტთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ტელეარხის მიმღებ მოწყობილობაში (ე.წ. „სეტ-ტოპ-ბოქსი“) კომპანიისგან დამოუკიდებელად მოხდა სამაუწყებლო არხების რიგითობის დარღვევა და ტელეარხ ,,ობიექტივის“  ადგილას განხორციელდა ტელეარხი „GDS“-ის ტრანსლაცია. აქედან გამომდინარე, შპს ,,იმერ TV“-ის წარმომადგენელმა ითხოვა ტელეარხ „GDS“-ის არამართლზომიერი ტრანზიტის საპატიოდ ჩათვლა.

II. კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები:   

1. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (№შ-10/3322-18, 12.07.2018) თანდართული დოკუმენტაციით;

2. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების  რეგულირების დეპარტამენტის 2018 წლის 14 ივნისის შემოწმების აქტი N45;

3. შპს „იმერ TV“-ს შემოწმების პროცესის აუდიო-ვიდეო ჩანაწერი (CD);

4. კომისიის 2018 წლის 20 ივლისის N03/2389-18 შეტყობინება შპს „იმერ TV“-ს და ამ შეტყობინების შპს „იმერ TV“-სთვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;

5. შპს „იმერ TV“-ს 2018 წლის 25ივლისის Nშ6/3509-18 განმარტებითი ბარათი;

6. მონაცემები კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან და ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმე (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან შპს „იმერ TV“-ს შესახებ;

7. შპს ,,იმერ TV”-ის წარმომადგენლის რ. ბოგვერაძის მიერ კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება;

8. კომისიის აპარატის რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ნოდარ ასპანიძის მიერ კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება.

III.       კომისიის მიერ დადგენილი  ფაქტობრივი გარემოებები:

1. შპს „იმერ TV“ არის ავტორიზებული პირი. ავტორიზაციის თარიღი: 28.06.2012; ავტორიზებული საქმიანობის სახე: A.F.2 ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა, რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი ტელემაუწყებლობის ტრანზიტი;

2. შპს „იმერ TV“-ს საქართველოს ტერიტორიაზე  სამაუწყებლო არხების უცვლელი სახით გადაცემის უფლება მოპოვებული უნდა ჰქონდეს ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საავტორო ან მომიჯნავე (მათ შორის ექსკლუზიური) უფლების მფლობელთან დადებული ხელშეკრულების ან/და სანებართვო წერილების  საფუძველზე;

3. 2018 წლის 14 ივნისს, 10:51 საათზე შპს „იმერ TV“ ოფისში მის. ქ. ზესტაფონი,  კეკელიძის ქ N6,  კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ (ზ. კვირველია, ი. ბაღაშვილი) განხორციელდა შპს „იმერ TV“-ს მიერ სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე გადაცემის მართლზომიერების შემოწმება, რის თაობაზეც გაფორმდა შემოწმების აქტი №45.  შემოწმების აქტს ხელს აწერენ კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირებების დეპარტამენტის თანამშრომლები: ზ.კვირკველია, ი.ბაღაშვილი და შპს „იმერ TV“-ს დირექტორი ვალერიანე ბოჭორიშვილი;

4. შემოწმებისას გაირკვა, რომ შპს „იმერ TV“ საკუთარი საკაბელო ქსელით ახდენს შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტს: „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „ტვ პირველი“, „პალიტრა ტვ“, „აჭარა“, „კავკასია“, „ერთსულოვნება“, „GDS“, „საფერავი“, „იბერია“, „რიონი“, „არგო“, „სტერეო+“, „იმერნიუსი“, „იმერვიზია“, „სტარვიზია“,“РТР планета”, „Индийское кино“, “НТВ Киносвидания”, „Мужское Кино“, „НТВ кинопремьера“, „НТВ кинохит“, „Киносерия“, „HD Life“, “Авто+”, „Бокс“, “Viasat sport”, „Матч! Планета“, „КХЛ“, „365“, “Music Box Ru”, “Ля минор”, „Шансон“, „Жара“, “Усадьба”, „Ностальгия“, „Кухня“, “TV 1000 action”, “Viasat hitsory”, “TV 1000”, “Viasat explorer”, “TV 1000 Ru”, “Da vinchi”, “Viasat Nature”;

5. 2018 წლის 14 ივნისს განხორციელებული შემოწმების სისწორე დასტურდება 2018 წლის 14 ივნისის №45 შემოწმების აქტით, რომელიც შედგენილია ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36–ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, ასევე, შემოწმების პროცესის აუდიო-ვიზუალური ჩანაწერით;

6. შპს „იმერ TV“-ის მიერ 2018 წლის 14 ივნისს კომისიაში წარმოდგენილ იქნა სამაუწყებლო არხის „РТР планета” მართლზომიერი ტრანზიტის დამადასტურებელი ხელშეკრულება, საიდანაც დასტურდება, რომ შპს ,,იმერ TV“-ის 2018 წლის 1 ივნისიდან აქვს სამაუწყებლო არხის „РТР планета” ტრანზიტის უფლება.

7. შპს ,,იმერ TV“-ის განმარტებით, სამაუწყებლო არხის „GDS“ არამართლზომიერი ტრანზიტი მოხდა იმის გამო, რომ სამაუწყებლო არხის „ობიექტივი“ მიმღებ მოწყობილობაში (ე.წ. „სეტ-ტოპ-ბოქსი“), შპს ,,იმერ TV”- სგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ხშირია სატელევიზიო პროგრამების რიგითობის გადანაცვლებები, რაც სწორდება კომპანიის მიერ ყოველდღიური პერიოდული მონიტორინგის შედეგად. შემოწმების მომენტში სამაუწყებლო არხი ,,GDS” გადიოდა სამაუწყებლო არხ ,,ობიექტივის“ ადგილზე, რაც უშუალოდ ჩანს ვიდეოჩანაწერში და რომელიც სააბონენტო მიმღების საპროგრამო ჩამონათვალში ჩასმულია როგორც ტელეარხი ,,ობიექტივი“, რომლის მართლზომიერ ტრანზიტს დღემდე ახორციელებს ,,იმერ TV“. აღნიშნულ არგუმენტს ამყარებს ის ფაქტიც, რომ ტელეარხი  ,,ობიექტივი“ არ ხვდება 2018 წლის 14 ივნისს შემოწმების შედეგად შედგენილ არც შემოწმების აქტში და არც ვიდეოჩანაწერში. სატელევიზიო პროგრამების რიგითობის გადანაცვლებებისაგან კომპანია მომავალშიც არ არის დაზღვეული და ამის თავიდან აცილების მიზნით კომპანია ახორციელებს ყოველდღიურ მონიტორინგს. კომისიის აპარატის რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ნოდარ ასპანიძის განმარტებით, თეორიულად შესაძლებელია ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის მიმღებ მოწყობილობაში (ე.წ. „სეტ-ტოპ-ბოქსი“) მოხდეს ტელეარხების რიგითობის დარღვევა, რაც შესაძლებელია გამხდარიყო ტელეარხი „ობიექტივის“ ნაცვლად ,,GDS”-ის ტრანსლირების მიზეზი. მან, ასევე, აღნიშნა, რომ ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის ოპერატორის შპს „სტერეო+“-ის ტექნიკურ წარმომადგენელთან კომუნიკაციისას მიიღო ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ბოლო პერიოდში სამაუწყებლო არხების მულტიპლექსირებისას (სათაო სადგურში) რიგითობა არ შეცვლილა, თუმცა განხორციელდა სამაუწყებლო არხ „GDS“ის ტრანსლირების ხარისხის HD-დან SD-ზე გადანაცვლება, რასაც საყოფაცხოვრებო „სეტ-ტოპ-ბოქსებში“ შესაძლებელია გამოეწვია ტექნიკური ხარვეზი. ასეთი ტექნიკური ხარვეზების არსებობის გამო საჭიროა კომპანიამ მუდმივად აწარმოოს მისი საკაბელო ქსელის მონიტორინგი;

8. შპს „იმერ TV“-ს მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე მსგავსი ან იგივე დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა.

IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას;

2. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები;

3. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად;

4. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–19 მუხლის მე–2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კომისიამ უნდა დაიცვას კონფიდენციალურობა მიწოდებული ინფორმაციისა, რომელიც ითვლება კომერციულ საიდუმლოებად ან პერსონალურ მონაცემებად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად. განზოგადებული ინფორმაცია მომსახურების ბაზრის თაობაზე, ასევე მონაცემები აბონენტთა რაოდენობის, ტრაფიკის, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შესახებ არ შეიძლება იყოს კონფიდენციალური. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად,. ამავე მუხლის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო  ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები;

6. „ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” 1886 წლის 9 სექტემბრის ბერნის კონვენცია (შემდგომში „ბერნის კონვენცია“) რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის №609 დადგენილებით. ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების  მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულება (შემდგომში „ისმოს ხელშეკრულება“) რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის № 879 დადგენილებით. ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენცია (შემდგომში „რომის კონვენცია“) რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 17 თებერვლის №3344 დადგენილებით. „ბერნის კონვენციასთან“, „რომის კონვენციასთან“ და „ისმოს ხელშეკრულებასთან“  მიერთებით, საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებები;

7. „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლისა და  „ინტელექტუალური საკუთრების  მსოფლიო ორგანიზაციის საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების” მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით, თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება დართონ სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით. შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ  ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით; ამ ნორმის გამოყენებისათვის კი აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა;

8. ,,ბერნის კონვენციისა” და „ისმო-ს ხელშეკრულების”  აღნიშნულ დანაწესთან სრულ შესაბამისობაშია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ან/და უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება);

9. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა. „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად,  მაუწყებლობის ორგანიზაციას უფლება აქვს ნება დართოს ან აკრძალოს თავისი გადაცემების რეტრანსლაცია;

10. ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, რაც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ნიშნავს ნება დართოს ან აკრძალოს: ა) გადაცემის ჩაწერა; ბ) გადაცემის ჩანაწერის რეპროდუცირება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადაცემა ჩაწერილია მაუწყებლობის ორგანიზაციის თანხმობით  და რეპროდუცირება ხორციელდება იმავე მიზნით, რისთვისაც  მოხდა მისი ჩაწერა; გ) გადაცემის ერთდროულად გადაცემა ეთერში და კაბელით ხელახალი გადაცემა შესაბამისად საეთერო და საკაბელო მაუწყებლობის სხვა ორგანიზაციის მიერ; დ) გადაცემის გადაცემა ეთერში ან კაბელით; ე) გადაცემის საჯარო გადაცემა ადგილებში, სადაც შესვლა ფასიანია. ვ) გადაცემის ჩანაწერის გავრცელება საზოგადოებაში გაყიდვის ან საკუთრების სხვა ფორმით გადაცემის გზით; ზ) გადაცემის ჩანაწერის გაქირავება ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემა; თ) გადაცემის ჩანაწერის გადაცემა სადენებით ანდა უსადენო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეული ადგილიდან და დროს;

11. ამავე კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია მაუწყებლის ორგანიზაციის გადაცემის გამოყენება მისი თანხმობის გარეშე. ამავე კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირი, რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ ან/და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას;

12. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტი არის ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე-ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე-ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ არსებითად ხორციელდება მაუწყებლის ტელე ან რადიოარხის ტრანზიტი;

13. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს;

14. ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.

კომისია აღნიშნავს, რომ სამაუწყებლო არხ „GDS“ -ის ტრანსლირების ხარისხის HD-დან SD-ზე გადანაცვლებას შესაძლებელია გამოეწვია შპს ,,იმერ TV”-სგან დამოუკიდებელლად სამაუწყებლო არხების მიმღებ მოწყობილობაში (ე.წ. „სეტ-ტოპ-ბოქსი“) ტექნიკური ხარვეზი და დაერღვია სამაუწყებლო არხების გადაცემის რიგითობა, შესაბამისად, სამაუწყებლო არხის „ობიექტივი“ ადგილზე გადაცემულიყო სამაუწყებლო არხი ,,GDS”. შპს ,,იმერ TV”-ს შემოწმების ამსახველი ვიდეოჩანაწერიდან ჩანს, რომ სამაუწყებლო არხების ხელახალი ძებნისას სააბონენტო მიმღების საპროგრამო ჩამონათვალში გამოსახულია ,,ობიექტივი“, თუმცა, ძებნის დასრულებისას სამაუწყებლო არხის ,,ობიექტივის“ ნაცვლად ხდება სამაუწყებლო არხ ,,GDS“-ის კონტენტის ტრანსლირება. ამასთან, შპს ,,იმერ TV”-ს 2018 წლის 14 ივნისის შემოწმების აქტის მიხედვით, შემოწმების დროს დაფიქსირებული სამაუწყებლო არხების ჩამონათვალში და ასევე, შემოწმების ამსახველ ვიდეოჩანაწერში არ ფიქსირდება სამაუწყებლო არხი ,,ობიექტივი“, რომლის ტრანზიტის უფლება შპს იმერ-TV”-ს მოპოვებული აქვს. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ სამაუწყებლო არხის - „GDS“  შესაბამისი ხელშეკრულების გარეშე საკაბელო ქსელით უცვლელი სახით გადაცემისთვის შპს „იმერ TV“-ს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ უნდა დაეკისროს და შპს ,,იმერ TV”-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება უნდა შეწყდეს.

V.    სარეზოლუციო ნაწილი:

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, 98-ე, 99-ე მუხლების, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ” ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის „საავტორო უფლებების შესახებ“ ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45) პუნქტის, მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 45-ე მუხლის პირველი  პუნქტის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის ბ) პუნქტის,  36-ე მუხლის მე-17 პუნქტის, ასევე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავის, 103-ე, 104-ე და 105-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად 

 გადაწყვიტა:

1. შეწყდეს შპს „იმერ TV“-სთვის (ს/ნ 430024948) ადმინისტრაციული პასუხისგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება;

2. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) ამ გადაწყვეტილების შპს „იმერ TV“-სთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;

3. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „იმერ TV“-სთვის  ჩაბარების დღიდან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.,  N6) შპს „იმერ TV“-სთვის  ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

5. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას

(ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები