წვდომის მენიუ

შპს ,,მიკრონეტ“-ის წინააღმდეგ ა(ა)იპ ,,სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ საჩივრის განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე

ნომერი: 447 / 23

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 24, 2018 11:09

მიღების თარიღი აგვისტო 02, 2018

შპს ,,მიკრონეტ“-ის წინააღმდეგ ა(ა)იპ ,,სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ საჩივრის განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში შემოვიდა ა(ა)იპ ,,სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ საჩივარი (Nშ-6/3459-18; 23.07.2018) საიდანაც ირკვევა, რომ ა(ა)იპ ,,სამოქალაქო აქტივობების ცენტრსა“ და შპს ,,მიკრონეტ“-ს (ს/ნ: 204557960) შორის 2016 წელს გაფორმდა სააბონენტო ხელშეკრულება, რომლის ვადად განისაზღვრა 6 თვე. იმის გამო, რომ ა(ა)იპ ,,სამოქალაქო აქტივობების ცენტრს“ სისტემატურად აქვს შპს ,,მიკრონეტ“-თან პრობლემები ინტერნეტ სიჩქარესთან, ხშირ წყვეტასთან დაკავშირებით (აბონენტს ინტერნეტი ხშირად რამდენიმე დღის განმავლობაში არ მიეწოდება გაუგებარი მიზეზების გამო, გათიშულია რადიომაუწყებლობა, მაგრამ, თვის ბოლოს მაინც არ ხდება თანხის შემცირება), მან ზეპირი ფორმით არაერთგზის მოითხოვა კონტრაქტის განახლება, მაგრამ უშედეგოდ. აბონენტის განცხადებით, კომპანიას მასთან დღემდე ხელშეკრულება არ გაუფორმებია. აბონენტის განცხადებით, ბოლო 2 თვის განმავლობაში ინტერნეტ-მომსახურების მიწოდების სიჩქარე იმდენად დაბალია, რომ იწვევს რადიომაუწყებლობის გათიშვას და ამ დროისთვის რადიო მაუწყებლობა გამორთულია. შესაბამისად, ა(ა)იპ ,,სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ პანკისის ოფისში (ახმეტის მუნიციპალიტეტი, სოფელი დუისი), სადაც ინტერნეტ-მომსახურება მიეწოდებოდა აბონენტს, სამუშაო პროცესი შეწყვეტილია და ოფისი დაკეტილია. აბონენტის განცხადებით, მან ა/წ ივლისის თვეში რამდენჯერმე მიმართა შპს ,,მიკრონეტ“-ს კომპანიის ცხელ ხაზზე, რომელიც მხოლოდ სამუშაო საათებში ფუნქციონირებს და მიაწოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ინტერნეტი ფაქტობრივად არ ჰქონდა. ამასთანავე, ა(ა)იპ ,,სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ მოითხოვა შპს ,,მიკრონეტ“-ს მიეწოდებინა მისთვის ინფორმაცია მისთვის ფაქტობრივად მიწოდებული ინტერნეტის სიჩქარის, მინიმალური სიჩქარის, დაყოვნების, დაკარგული პაკეტების კოეფიციენტისა და ჯიტერის შესახებ, თუმცა, აღნიშნული ინფორმაცია კომპანიას მისთვის არ მიუწოდებია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ა(ა)იპ ,,სამოქალაქო აქტივობების ცენტრი“ ითხოვს კომისიამ მოახდინოს შესაბამისი რეაგირება შპს ,,მიკრონეტ“-ის მიერ კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების შესრულებისა და პანკისის სათემო რადიოს შეუფერხებლად მუშაობის მიზნით.

შპს ,,მიკრონეტ“-ის წინააღმდეგ ა(ა)იპ ,,სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ საჩივრის განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საკითხის განხილვა დაინიშნა 2018 წლის 2 აგვისტოს, 15:00 საათზე, რის თაობაზეც შეტყობინებებით ( N03/2532018; 27.07.2018; N03/2528-18; 27.07.2018) ეცნობა შპს ,,მიკრონეტ“-ს და ა(ა)იპ ,,სამოქალაქო აქტივობების ცენტრს“.

2018 წლის 2 აგვისტოს ა(ა)იპ ,,სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ წარმოადგინა შპს ,,მიკრონეტ“-თან გაფორმებული ხელშეკრულება  ინტერნეტ-მომსახურების მიწოდების თაობაზე (წერილი Nშ-6/3647-18; 02.08.2018).

2018 წლის 2 აგვისტოს სხდომაზე გამოცხადდა შპს ,,მიკრონეტ“-ის წარმომადგენელი სალომე ამაღლობელი. კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდა ა(ა)იპ ,,სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ წარმომადგენელი, მიუხედავად იმისა, რომ შეტყობინება სხდომის ჩატარების თარიღის, დროისა და ადგილის შესახებ ა(ა)იპ ,,სამოქალაქო აქტივობების ცენტრს“ ჩაბარდა 2018 წლის 30 ივლისს (შპს ,,საქართველოს ფოსტა“; გზავნილის NAP01004815099). ამასთანავე, მომჩივანს კომისიაში არ შემოუტანია შუამდგომლობა საკითხის განხილვის გადადების თაობაზე. აღნიშნულისა და ასევე, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კომისიის 2018 წლის 2 აგვისტოს სხდომაზე განიხილებოდა შპს ,,მიკრონეტ“-ის წინააღმდეგ ა(ა)იპ ,,სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ საჩივრის განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საკითხი და არა თავად საჩივარი, კომისიამ მიიჩნია, რომ უფლებამოსილი იყო განეხილა საკითხი ა(ა)იპ ,,სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ წარმომადგენლის დაუსწრებლად.

კომისიის 2018 წლის 2 აგვისტოს სხდომაზე შპს ,,მიკრონეტ“-ის წარმომადგენელმა ს. ამაღლობელმა აღნიშნა, რომ ინტერნეტ-მომსახურების ხარვეზით მიწოდებასთან დაკავშირებით ა(ა)იპ ,,სამოქალაქო აქტივობების ცენტრიდან“ შპს ,,მიკრონეტ“-ში პირველად ზარი შევიდა ა/წ 20 ივლისს. მისი  განცხადებით, ფიქსირდებოდა ხარვეზი, რის  თაობაზეც ინფორმაცია გადაეცა ტექნიკურ სამსახურს. ა/წ 21 და 22 ივლისს კომპანიის ტექნიკოსი გამოცხადდა მომხმარებლისთვის მომსახურების მიწოდების ადგილზე, თუმცა ოფისი დაკეტილი დახვდა. ა/წ 23 ივლისს, შპს ,,მიკრონეტ“-ის ქოლცენტრში კვლავ შევიდა ზარი ა(ა)იპ ,,სამოქალაქო აქტივობების ცენტრიდან“ და მხარეთა შორის შედგა შეთანხმება, რომ იმავე დღეს 13:00 საათზე ტექნიკოსი მივიდოდა ადგილზე პრობლემის იდენტიფიცირებისთვის, თუმცა, დათქმულ დროს ტექნიკოსს არავინ არ დახვდა ადგილზე. შპს ,,მიკრონეტ“-იდან ტელეფონით დაუკავშირდნენ ა(ა)იპ ,,სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ ერთ-ერთ წარმომადგენელს, რომ მისულიყო ოფისში, თუმცა მან უარი განაცხადა ოფისში მისვლაზე. იმავე დღეს, 16:00 საათზე შპს ,,მიკრონეტ“-ის ტექნიკოსმა დარეკა ა(ა)იპ ,,სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ სხვა წარმომადგენელთან, რომელმაც გაუთიშა ტელეფონი იმ მიზეზით, რომ მასთან ზარი დაფარული ნომრით შევიდა. ს. ამაღლობელის განცხადებით, შპს ,,მიკრონეტ“-ის დირექტორმა  ა(ა)იპ სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ წარმომადგენელს განუმარტა, რომ ხარვეზის აღმოსაფხვრელად აუცილებელი იყო სპეციალისტის ადგილზე დაშვება. თუმცა, მიუხედავად ამისა, ტექნიკოსის დაშვება ადგილზე ვერ მოხერხდა. ს. ამაღლობელმა ასევე აღნიშნა, რომ ა(ა)იპ ,,სამოქალაქო აქტივობების ცენტრს“ გაეგზავნა წერილი, რომლითაც მომხმარებელი გაფრთხილდა მითვის სააბონენტო ხელშეკრულების მოსალოდნელი შეწყვეტის თაობაზე, 10 კალენდარული დღის განმავლობაში ტექნიკოსის ადგილზე დაუშვებლობის შემთხვევაში. ს. ამაღლობელმა შუამდგომლობით მიმართა კომისიას შეესწავლა შპს ,,მიკრონეტ“-ის მიერ კომისიაში ა/წ 2 აგვისტოს წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც, მისი განმარტებით, ადასტურებს შპს ,,მიკრონეტ“-ის მიერ ა(ა)იპ ,,სამოქალაქო აქტივობების ცენტრისთვის“ მომსახურების ხელშეკრულების პირობების დაცვით ინტერნეტ-მომსახურების მიწოდების ფაქტს.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის თ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში. ამავე კანონის 62-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების  დაცვას ზედამხედველობს კომისია. აღნიშნული კანონის 63-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მომხმარებელთა განცხადებებსა და საჩივრებს კომისია განიხილავს ზეპირი მოსმენით, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესით, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი გამონაკლისებისა და იმ შემთხვევებისა, როდესაც დავის გადაწყვეტა არ მოითხოვს ორგანიზებული პროცედურების განხორციელებას.

კომისიის 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილებით დამტკიცებული ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 32–ე მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, მომხმარებელთა განცხადებებისა და საჩივრების, ასევე მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის განცხადების საფუძველზე მომსახურების მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის დავა განიხილება  კომისიის მიერ ზეპირი მოსმენით, ფორმალური ადმინისტრაციულ წარმოების წესით, ხოლო მე–4 პუნქტის შესაბამისად, მომხმარებელსა და მომსახურების მიმწოდებელს შორის დავის განხილვისას კომისია ხელმძღვანელობს “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების შესაბამისად.

ა(ა)იპ ,,სამოქალაქო აქტივობების ცენტრი“  წარმოადგენს შპს ,,მიკრონეტ“-ის აბონენტს, რაც დასტურდება ა(ა)იპ ,,სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ 2018 წლის 23 ივლისის საჩივრით, რომელშიც ის უთითებს, რომ მიუხედავად მომსახურების ხარისხით უკმაყოფილებისა, ის მაინც რჩება კომპანიის აბონენტად. აღნიშნული ფაქტი ასევე დასტურდება შპს ,,მიკრონეტ“-ის წარმომადგენლის ს. ამაღლობელის ახსნა-განმარტებებით და ა(ა)იპ ,,სამოქალაქო აქტივობების ცენტრსა“ და შპს ,,მიკრონეტ“-ს შორის 2016 წლის თებერვალში გაფორმებული ხელშეკრულებით ინტერნეტ მომსახურების მიწოდების თაობაზე, რომლის 9.2 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების მოქმედება გაგრძელდება ავტომატურად ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადით, თუ დამკვეთი, ხელშეკრულების ვადის დასრულებამდე 1 კვირით ადრე მაინც არ აცნობებს კომპანიას წერილობით მისი შეწყვეტის შესახებ.

შპს ,,მიკრონეტ“-ი, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენს ავტორიზებულ პირს, რომელიც ახორციელებს  ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფას, ხოლო ამავე კანონის მე-2 მუხლის ძ) ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ  ა(ა)იპ ,,სამოქალაქო აქტივობების ცენტრსა” და შპს ,,მიკრონეტ“-ს შორის არსებული დავის განხილვა კომისიის კომპეტენციას განეკუთვნება და შესაბამისად, უნდა დაიწყოს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,მიკრონეტ“-ის წინააღმდეგ ა(ა)იპ ,,სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ საჩივრის განხილვის მიზნით, ხოლო ზეპირი მოსმენა უნდა გაიმართოს 2018 წლის 16 აგვისტოს, 15:00 საათზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ვ) და ძ) ქვეპუნქტების, მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 62-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 63-ე მუხლის მე-5 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VII და VIII თავების, ასევე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 32–ე მუხლის მე–2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

:

1. დაიწყოს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება შპს „მიკრონეტ“-ის წინააღმდეგ ა(ა)იპ ,,სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ საჩივრის განხილვის მიზნით;

3. საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2018 წლის 16 აგვისტოს, 15.00 საათზე;

4. შპს ,,მიკრონეტ”-ი კომისიის სხდომაზე გაფრთხილდა კომისიის მომდევნო სხდომის გამართვის ადგილის, თარიღისა და დროის შესახებ;

5. დაევალოს კომისიის  ადმინისტრაციას:

ა) აღნიშნული გადაწყვეტილების ა(ა)იპ ,,სამოქალაქო აქტივობების ცენტრისთვის“ და შპს ,,მიკრონეტ“-ისთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

ბ)  საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ნ, ჯანელიძე);

6. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე  მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;

7. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების  მე-5 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა);

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების (მე-5 და მე-8 პუნქტების გარდა) შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (პ.ბერია).

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები