წვდომის მენიუ

შპს „ევრო ტელეკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

ნომერი: 448 / 18

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 17, 2018 17:37

მიღების თარიღი აგვისტო 02, 2018

შპსევრო ტელეკომისთვისადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ 

I.    აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის  (Nშ-10/2860-18, 14.06.2018) სამსახურებრივი ბარათისა და კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის (Nშ-10/2902-18, 18.06.2018) სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, 2018 წლის 10 ივლისს, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ევრო ტელეკომისთვის“  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის გამო.

კომისიის აპარატის   ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტისა და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის სამსახურებრივი ბარათებიდან ირკვევა, რომ შპს „ევრო ტელეკომს“ (ძველი სახელწოდება: შპს „ჯორჯიან ტელეკომი) „შპს „ჯორჯიან ტელეკომისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2018 წლის 17 მაისის N288/18 გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულებები არ შეუსრულებია და კომისიაში წარმოსადგენი აქვს  რეგულირების საფასურის გაანგარიშებისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები. ამასთან, რეგულირების საფასურის გაანგარიშებების წარმოუდგენლობის გამო რეგულირების საფასურის დავალიანება ვერ დგინდება.

საკითხის განხილვა დაინიშნა 2018 წლის  26 ივლისს, რის თაობაზეც შპს „ევრო ტელეკომს“  ეცნობა წერილობითი შეტყობინებით (N03/2318-18; 10.07.2018) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით, მას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება.

კომისიის 2018 წლის 26 ივლისის სხდომაზე შპს „ევრო ტელეკომის“ წარმომადგენელი არ გამოცხადდა. შესაბამისად, საკითხის განხილვა გადაიდო 2018 წლის 2 აგვისტოსთვის, რის თაობაზე შპს „ევრო ტელეკომს“ ეცნობა კომისიის შეტყობინებით (N03/2536-18, 27.07.2018), რომელიც კომპანიას ჩაბარდა 2018 წლის 27 ივლისს.

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა  გაიმართა კომისიის 2018 წლის 2 აგვისტოს სხდომაზე.  კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდა  კომპანიის წარმომადგენელი, მიუხედავად იმისა, რომ  შეტყობინება (N03/2536-18, 27.07.2018) სხდომის ჩატარების თაობაზე კომპანიას  ჩაბარდა (ჩაბარების თარიღი: 27.07.2018; ჩაიბარა: ე.ცაავამ). საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია  ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. ვინაიდან, კომისიამ შეასრულა კანონით მასზე დაკისრებული ვალდებულება კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი შპს „ევრო ტელეკომის“  წარმომადგენლის დაუსწრებლად.

კომისია აღნიშნავს, რომ 2018 წლის 2 აგვისტოს მდგომარეობით შპს „ევრო ტელეკომმა“ სრულად შეავსო და წარმოადგინა სტატისტიკური ანგარიშგების ელექტრონული ფორმები და რეგულირების საფასურის გაანგარიშებები. წარმოდგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების შესაბამისად, კომპანიას რეგულირების საფასურის დავალიანება არ ერიცხება.

II.   ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები

  1. კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (Nშ-10/2860-18, 14.06.2018);
  2. კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის სამსახურებრივი ბარათი (Nშ-10/2902-18, 18.06.2018 );
  3. „შპს „ჯორჯიან ტელეკომისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2018 წლის 17 მაისის N288/18 გადაწყვეტილება და აღნიშნული გადაწყვეტილების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
  4. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „ევრო ტელეკომის“ (ძველი სახელწოდება: შპს „ჯორჯიან ტელეკომი“)  შესახებ მონაცემები;
  5. კომისიის შეტყობინება (N03/2318-18, 10.07.2018) და აღნიშნული შეტყობინების შპს „ევრო ტელეკომისთვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
  6. კომისიის შეტყობინება (N03/2536-18, 27.07.2018) აღნიშნული შეტყობინების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი.

III. დადგენილი  ფაქტობრივი გარემოებები

  1. შპს „ევრო ტელეკომი“ (ძველი სახელწოდება: შპს „ჯორჯიან ტელეკომი“)  2017 წლის 7 აგვისტოდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს (ავტორიზებული საქმიანობის სახე: B.F.2 ინტერნეტ მომსახურება: ბოლო მომხმარებლების ინტერნეტ ჰოსტინგის მომსახურება);
  2. შპს „ევრო ტელეკომი“, როგორც ავტორიზებული პირი, ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
  3. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებით  ყველა იმ პირს, ვისაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე ან მაუწყებლობაზე, ასევე ვინც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ან მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზიას, დაევალათ ამ გადაწყვეტილების დანართი N1–ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით;
  4. „შპს „ჯორჯიან ტელეკომისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2018 წლის 17 მაისის N288/18 გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, კომპანიას დავალებული ჰქონდა შემდეგი: 2018 წლის იანვარის, თებერვლის და მარტის თვეების სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა 10 სამუშაო დღის ვადაში და 2018 წლის იანვარის, თებერვლის და მარტის თვეების  რეგულირების საფასურის გაანგარიშების კომისიაში წარმოდგენა და მათ შესაბამისად, რეგულირების საფასურის გადახდა 10 სამუშაო დღის ვადაში;
  5. შპს „ევრო ტელეკომს“   წარმოსადგენი ჰქონდა 2018 წლის იანვრის, თებერვლის, მარტის, აპრილის, მაისის და ივნისის თვეების  სტატისტიკური ანგარიშგების ელექტრონული ფორმები და რეგულირების საფასურის გაანგარიშებები;
  6. ამ გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის შპს „ევრო ტელეკომმა“  სრულად წარმოადგინა  2018 წლის იანვრის, თებერვლის, მარტის, აპრილის, მაისის და ივნისის თვეების  სტატისტიკური ანგარიშგების ელექტრონული ფორმები და რეგულირების საფასურის გაანგარიშებები. წარმოადგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშებების შესაბამისად, კომპანიას რეგულირების საფასურის დავალიანება არ ერიცხება;
  7. „შპს „ჯორჯიან ტელეკომისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2018 წლის 17 მაისის N288/18 გადაწყვეტილებით შპს „ჯორჯიან ტელეკომს“ მიეცა წერილობითი გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების,  „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის  2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების და კომისიის  2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“  კომისიის  2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების  დარღვევის გამო.

IV.  გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

  1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ამავე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, ხოლო ლ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია გადაიხადოს რეგულირების საფასური;
  2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის ოდენობას შეადგენს, ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,75 პროცენტი.  ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის დადგენილებით დამტკიცებული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის შესახებ და კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური;
  3. „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების მე-6 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირები და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირები ვალდებულნი არიან ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული ფორმით (დანართი №1) ელექტრონულად, კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის (http://stats.gncc.ge) ფორმა 1.9-ის (რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმა) საშუალებით, წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია საანგარიშო თვის გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური;
  4. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების  შესაბამისად, კომისიამ დაადგინა ავტორიზებულ ან/და ლიცენზიის მფლობელ პირთა მიერ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსებისა და პერიოდულად კომისიაში წარმოდგენის ვალდებულება და გადაწყვიტა, რომ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ/ლიცენზიის მფლობელ ყველა პირს და ასევე ყველა მაუწყებელს დაევალოთ ამ გადაწყვეტილების დანართი №1–ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების ელექტრონულად  შევსება და კომისიაში წარმოდგენა ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით;
  5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში დენადი ხასიათის დარღვევის აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არაუმეტეს 30000 ლარისა.

კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ევრო ტელეკომის“ (ძველი სახელწოდება: შპს „ჯორჯიან ტელეკომი“) მიერ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების და რეგულირების საფასურის გაანგარიშებების წარმოდგენასთან დაკავშირებით ვადების დარღვევა სახეზეა, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნები და ვალდებულებები შესრულებული იქნა (დარღვევა აღმოფხვრილი იქნა)  ნებაყოფლობით, კერძოდ,  შპს „ევრო ტელეკომის“  მიერ ამ გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის შესრულებულია  ყველა ის კანონისმიერი ვალდებულება, რომელიც მას, როგორც ავტორიზებულ პირს გააჩნდა ადმინისტრაციული წარმოების დაწყებამდე,  კომისია უფლებამოსილია დარღვევის აღმოფხვრის ფაქტის გათვალისწინებით, გაათავისუფლოს შპს „ევრო ტელეკომი“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან და  შეწყვიტოს დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება შპს „ევრო ტელეკომისთვის“  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე.

V.    სარეზოლუციო ნაწილი

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის   მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის,  მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების,   45-ე მუხლის პირველი პუნქტის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე 98-ე და 99-ე მუხლებისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-17 პუნქტის,  „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“  კომისიის  2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებისა შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

:

  1. შეწყდეს შპს „ევრო ტელეკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება;
  2. დაევალოს კომისიის  ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ევრო ტელეკომისთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;
  3. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „ევრო ტელეკომისთვის“ ჩაბარების დღიდან;
  4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) შპს „ევრო ტელეკომისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
  5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები